გიორგი ოკმელაშვილი დღეს, 14 ინვარს 43 წლის გახდა. ის წელიწადი და 8 თვე ციხეშია. მისჯილი აქვს 5 წელი.

ვინ არის გიორგი ოკმელაშვილი
გიორგი ოკმელაშვილი მარკეტინგულ სფეროში მომუშავე რეჟისორი და პროდიუსერია. დაფუძნებული აქვს ვიდეოსაწარმო „ლიმონი“. მუშაობდა ვირტუალური ფროდაქშენის განვითარებაზე.

კრეატიულ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის გასულ წელს მას ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო გადაეცა.
სკოლის ასაკიდან იყო მორაგბე, თამაშობდა კლუბ „ხულიგანაში”. მონაწილეობა აქვს მოღებული ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში. იყო ქალთა რაგბის გუნდის მწვრთნელიც.

ნიკოლა და თამთა
ნიკოლა მისი შვილია. მამის დაჭერის დროს ის 3.5 წლის იყო. 4 და 5 წლის ის მამის გარეშე გახდა. სექტემბერში კი უკვე სკოლაშიც წავა.
ოკმელას დაჭერის შემდეგ ნიკოლას თავდაპირველად უთხრეს, რომ მამა ამერიკაში იყო. 9 თვის გასვლის შემდეგ მამა ციხეში ნახა.
უთხრეს, რომ ცოტა ხნით მამას იქ ყოფნა უწევს – „იცის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მამას არ ეთანხმებიან, ეწინააღმდეგებიან; არის სადღაც, სადაც უნდა დავეხმაროთ, რომ გაუძლოს; და რომ ხანდახან ნახავს“.
თამთამ და გიორგიმ ერთმანეთი 2005 წელს გაიცნეს, საერთო მეგობრების წრეში და 2008 წლიდან ერთად არიან.

რუსული კანონი და 13 მაისი
ოკმელა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს – 2024 წლის მაისში დააკავეს.
„გავათენოთ საქართველოსთვის“ – 13 მაისს პარლამენტთან ეს აქცია იმართებოდა. მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში გარეთ იყვნენ. ამ დღეს იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რისთვისაც დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა.
ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს. მას 5 წელი აქვს მისჯილი – პოლიციელს, რომელზე „თავდასხმასაც“ მას ედავებიან, იდაყვის დარტყმით ტუჩთან სისხლნაჟღენთი ჰქონდა.
„სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად“ – წერია დაზარალებულის ექსპერტიზის დასკვნაში.

მას დღემდე არ დაბრუნებია სახლიდან და ოფისიდან ამოღებული ნივთები – მობილური ტელეფონები, ლეპტოპი, ოფისიდან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და ა.შ.
გაჭიანურებული განაჩენი და წართმეული შეწყალების შესაძლებლობა
რუსული კანონის დროს დაკავებული გიორგი შანიძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში შეიწყალა.

ოკმელაშვილის განაჩენის გამოცხადება თებერვლამდე გაჯანჯლდა – ადვოკატი კობა ბარამია ამბობს, რომ ეს სასამართლომ და პროკურატურამ მიზანმიმართულად და კოორდინირებულად დაგეგმა. მიზანი კი იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში მისი შეწყალების შესაძლებლობა აღარ ჰქონოდა.

3 ოქტომბერი – მტკიცებულებები უდაოდ ცნეს.
15 ოქტომბერი – საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი პროცესზე არ გამოცხადდა, შვებულებაში გავიდა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ორი თვე სხდომა არ ჩანიშნა.
12 დეკემბერი – პროცესზე სხვა პროკურორი, როინ ხინთიბიძე მივიდა და თქვა, რომ დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ იყო.
მომდევნო სხდომა 2025 წელს ჩანიშნეს, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტად უკვე მიხეილ ყაველაშვილი ჰყავდა დანიშნული.
ქსნის ციხე და ერთი ოთახი

ის სასჯელს ქსნის ციხეში იხდის – მთელი დღის განმავლობაში ერთ ოთახშია. საკანში ოთხნი არიან. სეირნობისთვის აქვს მხოლოდ ერთი საათი.

მისი დახურული ტიპის ციხეში მოთავსება კი „საიდუმლო ინფორმაციის“ საფუძველზე მოხდა. ის დაშიფრულია და მისი შინაარსი უცნობი.

„ის გარემოება, რომ თითქოს, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გაამჟღავნოს ოპერატიული ინფორმაცია, არის იმის მცდელობა, რომ დაიფაროს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მისი უსაფუძვლოდ მოთავსების ფაქტი. სწორედ, ამიტომ დასჭირდათ საიდუმლო ინფორმაციაზე მითითება”, – ამბობს ადვოკატი.

Finita la commedia
„Finita la commedia!” [კომედია დასრულდა] – თქვა მან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ. ის ზემდგომმა ინსტანციამაც დამნაშავედ ცნო.
უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქმე სტრასბურგის სასამართლოში წასაღებად მზადდება.
