26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ამცნო კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესახებ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან მთელ რიგ შეზღუდვებთან ერთად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან გადაადგილება ეზღუდებათ. თუმცა, მათივე გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა არ ეხება ახალი წლის ღამეს, 31 იანვარსა და 6 იანვრის ღამეს, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია შობას აღნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქრისტიანული გაერთიანება შობის აღნიშვნას 24 დეკემბრის ღამით იწყებს. 5 იანვრის ღამეს სომხური სამოციქულო ეკლესიაც აღნიშნავს შობას.
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად აფასებენ.
„ჩვენი გულისწყრომის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ თავის რიტორიკაშიც კი არ გააჟღეარა, რომ ის არამხოლოდ ერთი რელიგიური თემის ან ეთნიკური თემის ხელისუფლებაა, არამედ ის არის მთელი ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის გულდასაწყვეტი“, – გვითხრა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება და პრემიერის განცხადებები მათთვის უცხო არ ყოფილა, იგივე რიტორიკა და დამოკიდებულება იყო რელიგიური გაერთიანებების მიმართ გაზაფხულის ჩაკეტვის დროს „ვნების კვირის“ პერიოდში. რუსუდან გოცირიძის თქმით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ყურს დაუგდებდა რელიგიური გაერთიანებების რეკომენდაციებს, მაგრამ ასე არ მოხდა.
მეორე მხრივ, რუსუდან გოცირიძე კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ზოგადად აფასებს და აცხადებს, რომ ვირუსმა არ იცის ახალი წელი და შობა, ამიტომ შეზღუდვების ამ 2 დღით მოხსნა ლოგიკას არ ექვემდებარება.
მისი განცხადებით, ის, როგორც სასულიერო პირი ზრუნავს თავის მრევლზე, ამიტომაც უკვე მესამე კვირაა ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში მსახურება შეწყვეტილია და ონლაინრეჟიმზე არიან გადასული.
„პრემიერს რომ ეთქვა, შობის აღსანიშნავად 24-შიც არ შეიზღუდება მოძრაობა სხვა ქრისტიანული კონფესიებისთვისაც, ჩვენ, როგორც ეკლესია, ამ ღამის აღნიშვნას მაინც არ ვაპირებთ მსახურებით. მიმაჩნია, რომ თუ რელიგიური თემი ხარ, უნდა ზრუნავდე შენი მრევლის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენი გულისწყრომას ის კი არ იწვევს, რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო ამის საშუალებას, არამედ ჩვენი გულისწყრომის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ თავის რიტორიკაშიც კი არ გააჟღერა, რომ ის არამხოლოდ ერთი რელიგიური თემის და ერთი ან ეთნიკური თემის ხელისუფლებაა, არამედ ის არის მთელი ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის გულდასაწყვეტი“, – თქვა გოცირიძემ.
ასპინძის მუნიციპალიტეტში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი აკაკი ჭელიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც რელიგიური გაერთიანებების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს, არახალია.
„ნამდვილად დასაფასებელია, რომ მთავრობა ზრუნავს უმრავლესობის გრძნობებზე და უმრავლესობის რელიგიურ საჭიროებებზე. სასურველი იქნებოდა ასევე ეგრძნო, რომ უმცირესობაშიც აქვთ ადამიანებს მსგავსი რელიგიური გრძნობები“, – განაცხადა აკაკი ჭელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, 6 იანვრის ღამეს, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია შობას ღამისთევით აღნიშნავს, შეზღუდვის მოხსნა სხვა რელიგიურ გაერთიანებებს „შესაძლო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს“.
„რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა“, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ 6 იანვრის ღამის მსგავსად, განიხილოს გამონაკლისის დაშვება სხვა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამისთევას ითვალისწინებს.
ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, მოსახლეობის უმრავლესობა შედგება მართლმადიდებელი საზოგადოებისგან და უქმე დღეებიც რელიგიურ დღესასწაულებზე ამის გათვალისწინებითაა დაწესებული.
რაც შეეხება სხვა კონფესიებს – მისი თქმით, გაზაფხულის შეზღუდვების დროს საკოორდინაციო შტაბსა და რელიგიის სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან. ვიცე-პრემიერის თქმით, მაშინ ამ ადამიანების უფლებების დაცვა საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდით იქნება გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებებისა და მათი მრევლის ინტერესები და დაცული იქნება მათი უფლებები, რომ თავიანთ რელიგიურ დღესასწაულებზე მსახურებას დაესწრონ.
„რაც შეეხება სხვა კონფესიებს, გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდე, როცა გადაადგილების შეზღუდვა იყო ბევრად უფრო მკაცრი, გაზაფხულზე. მაშინაც, როგორც რელიგიის სააგენტო, ასევე ჩვენი საკოორდინაციო შტაბი ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ უკვე საკოორდინაციო შტაბის მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანების უფლების დაცვა“, – თქვა მან.
„პუბლიკა“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში ამბობენ, ისინი არ აპირებენ ამ თემაზე დამატებითი განმარტების გაკეთებას და განცხადების გავრცელებას. სააგენტოში აცხადებენ, რომ ვიცე-პრემიერმა დეტალური განმარტება გააკეთა საკითხის ირგვლივ.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC წარმომადგენელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამორიცხავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას. მისი თქმით, გაზაფხულის პერიოდში მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მკვეთრად ლოიალური განხცადებები კეთდებოდა საპატრიარქოს მისამართით.
„მიუხედავად იმისა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ხელისუფლებამ გარკვეული შემამსუბუქებელი რეჟიმი დააწესა კომერციული და ეკონომიკური ობიექტებისთვის, რატომღაც მთავრობამ სხვა რელიგიური ორგანიზაციების ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები ვერ დაინახა“, – თქვა მან.
თამთა მიქელაძემ შეაფასა მაია ცქიტიშვილის განცხადებაც საკითხთან დაკავშრებით. მისი თქმით, კალენდარზე აპელირება მინისტრის მხრიდან პრობლემურია, რადგან თავად კალენდარი არაინკლუზიურია.
„მნიშვნელოვანი იქნება ნამდვილად, თუ მთავრობა ამ საკითხს გაითვალისწინებს, თუმცა სიმბოლურ დონეზე თანასწორობა და არაინკლუზიური პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ განცხადებით, მთავრობა ღია გულგრილობას იჩენს სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერის განცხადებაც, სადაც მან თქვა, რომ საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოა, რაც კონსტიტუციურად შეუსაბამო განცხადებაა“, – თქვა მან.