ინტერესის ზონა - ჯოჯოხეთი გალავნის მიღმა

ნინო ჩიმაკაძე

კანის წლევანდელი კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული და ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი ჯონათან გლეიზერის „ ინტერესის ზონაა“. ფილმი მარტინ ამისის 2014 წელს დაწერილ რომანს ეფუძნება და ვფიქრობ, ის არ მარტო ფესტივალის, არამედ მთლიანად, მიმდინარე წლის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნამუშევარი იქნება კინოს სამყაროში. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესოა და უცნაური დამთხვევა, 19 მაისს, ზუსტად იმ დღეს, როცა ფესტივალზე „ ინტერესის ზონის“ პრემიერა შედგა, მარტინ ამისი გარდაიცვალა. 

ფილმი ნაცისტური გერმანიის პერიოდში გერმანელი ოფიცრის, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელის, რუდოლფ ჰოსის და მისი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. რუდოლფის ცოლთან, ჰედვიგთან და ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად პირდაპირ საკონცენტრაციო ბანაკის გვერდით ცხოვრობს- მათი სახლის ერთი კედელი ბანაკთან გამყოფი ხაზია.

ჯონათან გლეიზერს მანამდე რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, თუმცა ის უფრო მეტად ცნობილი მუსიკალური ვიდეოებით და რეკლამებითაა. გლეიზერი არის ავტორი ისეთი მუსიკალური კლიპების, როგორებიცაა ნიკ ქეივის “ Into My Arms”, Radiohead-ის Street Spirit, Massive Attack-ის Karmacoma და Live with me და ა შ. ის სტილი და ხელწერა, რასაც რეჟისორი ამ ვიდეოებში იყენებს, აშკარად იგრძნობა „ინტერესის ზონაშიც“. მინიმალიზმი,  სისადავე, სტატიკური და მედიტაციური კადრები. ამავდროულად ემოციური დაძაბულობა და სიმძაფრე, სიურრეალიზმის ელემენტებით. გლეიზერი ამჯერადაც  მომნუსხველ და ჰიპნოზურ ატმოსფეროს ქმნის, თუმცა ეს ყველაფერი შემზარავი და თავზარდამცემია. შემზარავია ის მონუმენტური სიმშვიდე და უდარდელობა, რომლითაც ნაცისტი ოფიცრის ოჯახის ცხოვრობს. მათ ყოველდიურობას ოდნავაც არ ცვლის ის ამბავი, რომ კედლის მეორე მხარეს სასაკლაოა და თავად ოფიცრის ხელმძღვანელობით და ზედამხედველობით იქ ადამიანებს აწამებენ. რუდოლფს და მის მეუღლეს არც ბანაკიდან შემოსული განწირული ხმები უქმნით დისკოფორტს. ხმები, რომელიც თითქმის მთელს ფილმს გასდევს ფონად და ერთგვარ საუნდთრეკს ქმნის. გლეიზერი ამ სიმშვიდისა და მონოტონურობის კონტრასტად ძალიან ზუსტად იყენებს ამ შემომავალ ხმას და ხმაურს, რომელიც მართალია, თითქოს ჩახშობილი და მოგუდულია და ხმამაღლა არ ისმის, მაგრამ იმდენად მძაფრია და მტანჯველია, რომ სუნთქვას გიკრავს. ჰოსების ოჯახში კი იდილია არ ირღვევა და ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება: ბავშვები ეზოში თამაშობენ და აუზში ბანაობენ, დიასახლისი ყვავილებს რწყავს და მოახლეების დახმარებით სახლისა და ეზოს გალამაზებასა და მოვლაზე ზრუნავს. პერიოდულად კი, ბანაკში დატყვევებული ებრაელებისთვის წართმეულ ქურქებს იზომავს. ეს სტერილურობა, ინდიფერენტულობა და ყოველდღიური რუტინის უემოციოდ გაგრძელება ღობის მიღმა არსებული ჯოჯოხეთის ფონზე გამანადგურებელია.

 „ინტერესის ზონა“ ჰანა არენდტისეული „ ბოროტების ბანალურობის“ გაგების ვიზუალური ილუსტრაციაა. არენდტის მიხედვით ხომ ბოროტება თავისუფალი ნების არგამოყენებიდან და უსიტყვო მორჩილებიდან წარმოიშობა და ამიტომ, ის შესაძლოა სწორედ იქ დაიბადოს, სადაც არ ველოდებით, ანუ იყოს ძალიან ბანალური.

ამის ერთ-ერთი ილუსტრაციაა ეპიზოდი, როცა ჰედვიგთან დედა ჩამოდის სტუმრად და ის ეზოს და ყვავილებით მორთულ ბაღს ათვალიერებს. უცებ დედა ძალიან ჩვეულებრივად, სხვათაშორის ეკითხება მას „ ეს ბანაკის გალავანია ხო?“ და ერთ-ერთ კედელზე მიუთითებს, ისე უბრალოდ, თითქოს მეზობლის სახლის საერთო გამოყოფი ხაზი იყოს. ცოტა ხანში ისიც გაიგებს მეორე მხრიდან განწირულ ხმებს, მაგრამ შვილის მსგავსად, არც მას ადარდებს ეს. ერთ მომენტში შვილი მას იმასაც კი ეუბნება სიამაყით, რომ ქმარი მას აუშვიცის დედოფალს ეძახის. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც ასევე შემზარავია, ფილმის დაწყებიდან მალევე გვხდება. ესაა სცენა, სადაც გერმანელი დამგეგმარებლები ბანაკის მესვეურებს  მშვიდად და საქმიანად უხსნიან გაზის კამერების განლაგებას ნახაზებზე.

გლეიზერის ფილმი არის შემზარავი კომენტარი ბოროტების გროტესკული ბანალურობის შესახებ. კომენტარი იმაზე, რომ ხშირად თანამონაწილეობა და გულგრილობა იმაზე არანაკლები სისასტიკეა, ვიდრე უშუალოდ დანაშაულის ჩადენა. ეს არის ფილმი, რომელიც კინოდარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ დიდხანს დაგრჩება გონებაში და უცნაური უხერხულობას განცდას შეგიქმნის. ფილმი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს.