„ირაყლის“ გამო დაკავებულების საქმე - სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო

ქეთი გოგუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბანერებზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 5 პირის საქმეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი განიხილავს.

წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის შეურაცხყოფის/დაუმორჩილებლობის მუხლებით წარმოება მიმდინარეობს „დემოკრატიული ინიციატივის“(GDI) თავმჯდომარის, ედურად მარიკაშვილის, „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ იურისტის, საბა ბრაჭველის, აქტივისტების: ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის მიმართ.

შსს სამართალდარღვევად აფასებს ოთხი პირის შემთხვევაში აქციაზე „შეურაცხმყოფელი და უცენზურო“ ბანერებით, ხოლო გრიგოლ ფრანგიშვილის შემთხვევაში უხამსწარწერებიანი მაისურით დგომით „საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევას“, ასევე, პოლიციელებისთვის, კანონიერ მოთხოვნაზე, შეწყვიტონ სამართალდარღვევა, „მონას“ და „ნაძირალას“ წოდებას.

ბრალდებებს არ იზიარებს დაცვის მხარე. GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მას დაკავების დროს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა. ბანერის წარწერით „ირაყლი“ ჭერის ფაქტს უარყოფს, ასევე, ნოდარ სიხარულიძე. ნიკა რომანაძის, საბა ბრაჭველისა და გრიგოლ ფრანგიშვილის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, პოლიციელების მიმართ სამართალდარღვევა კი საერთოდ არ ყოფილა.

23 ივნისის სხდომაზე მხარეებმა საქმეებზე ახსნა-განმარტება წარადგინეს და დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს, რის შემდეგაც საბა ბრაჭველის საქმეზე მოწმის სახით წარდგენილი პოლიციელი, დავით ქეშელაშვილი გამოიკითხა. შსს-ს მტკიცებით, სწორედ მან დააკავა ბრაჭველი აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით.

აღსანიშნავია, რომ როგორც თავად საბა ბრაჭველი და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა გასცა და ამ დროს დავით ქეშელაშვილი პარლამენტთან საერთოდ არ იმყოფებოდა. ბრაჭველის თქმით, ისინი ერთმანეთს პირველად პოლიციის განყოფილებაში შეხვდნენ. ამის დასამტკიცებლად, ადვოკატებმა წარადგინეს შუამდგომლობა, გამოთხოვილიყო ქეშელაშვილის ტელეფონის ზარების ამონაწერი.

„აღნიშნული ინფორმაცია, ვფიქრობ, საქმისთვის არ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, ამ საკითხზეც ჰქონდეს დასაბუთებული პოზიცია. „ბატონი დავით ქეშელაშვილი მოწმის სახით დაიკითხება ფიცის ქვეშ, პირადად დაადასტურებს“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ადვოკატების განცხადების მიუხედავად, რომ ფიცის ქვეშ ყოფნა ვერ დააზღვევს ცრუ ჩვენების მიცემის საფრთხეს, ამ ეტაპზე სასამართლოს არც ქეშელაშვილის ტელეფონის ამონაწერის და არც სერგი ბზიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბზიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობაზე დავით ქეშელაშვილის მოსმენის შემდეგ იმსჯელებდა.

რა თქვა პატრულ-ინსპექტორმა

პირველი მოწმე, რომელიც საქმეზე გამოიკითხა, სწორედ საბა ბრაჭველის საქმეზე წარდგენილი პატრულ-ინსპექტორი დავით ქეშელაშვილია.

პატრულ-ინსპექტორი დავით ქეშელაშვილი

დავით ქეშელაშვილი ამბობს, რომ 2 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. წვიმიანი ამინდის გამო, ფორმაზე ზემოდან ლაბადა ეცვა, სამხრე კამერა კი ჩართული არ ჰქონია.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა „უცენზურო სიტყვებით“ პლაკატები აწიეს, პოლიციელები აქტივისტებთან მივიდნენ და „უცენზურო სიტყვებისა და შეძახილების“ შეწყვეტა სთხოვეს. პოლიციელი ამბობს, რომ აქტივისტები თხოვნას დაემორჩილნენ და პლაკატები ჩამოსწიეს, მაგრამ, როცა სამართალდამცველები უკან გაბრუნდნენ, ისევ ასწიეს. მისივე თქმით, სამართალდამცველებს ამ თხოვნის გამეორება რამდენჯერმე მოუწიათ, რის შემდეგაც აქტივისტებმა მათ მიმართეს სიტყვებით: „მონებო, ნაძირალებო, პუტინის პოლიციელებო“.

აღსანიშნავია, რომ ჩვენების მიცემის დროს მოსამართლემ და ადვოკატებმა მოწმეს რამდენჯერმე მიუთითეს, რომ ზოგად კონტექსტში საუბრის ნაცვლად უშუალოდ საბა ბრაჭველის შესაძლო სამართალდარღვევაზე ესაუბრა.

პატრულ-ინსპექტორი უმეტესად საუბრობდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებზე ზოგადად, მრავლობით პირში, და მხარეებს უწევდათ შეკითხვების დაზუსტება, გულისხმობდა თუ არა ის საბა ბრაჭველსაც მათ შორის.

მაგალითად, ადვოკატმა ივანე ჩიტაშვილმა წაიკითხა დაკავების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბა ბრაჭველს ეჭირა პლაკატები წარწერებით და მოწმეს ჰკითხა, რამდენი პლაკატი ეჭირა ბრაჭველს და რა წარწერებით, რაზეც ქეშელაშვილმა თქვა, რომ ეს იყო ერთი პლაკატი წარწერით „ირაყლი“ და მრავლობითი რიცხვი ოქმში გრამატიკული შეცდომაა.

მოწმის ჩვენების დაზუსტებას შეეცადა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვიც.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი: ბატონი საბას მხრიდან რა ქმედებას ჰქონდა ადგილი? ეს გასაგებია, საერთო სურათზე ვსაუბრობთ…

დავით ქეშელაშვილი: პლაკატი, პატივცემულო მოსამართლევ, ყველას ეჭირა. აბსოლუტურად ყველას ეჭირა. იქ ეწერა „ირაყლი“ და ასევე – შეძახილები.

მოსამართლე: ვის მიმართ?

დავით ქეშელაშვილი: ქუჩაში ყვიროდნენ „ირაყლი! ირაყლებო!“

მოსამართლე: უშუალოდ ბატონი საბას მხრიდან?

ქეშელაშვილი: აბსოლუტურად ყველა იძახდა, ბატონი საბაც და ვინც იყო აქციის მონაწილე, სუყველა.

მოსამართლე: ბატონი საბას მხრიდან, თქვენ რაც დაასახელეთ, ჰქონდა თუ არა ამ შეძახილებს ადგილი? რას განმარტავდა? თქვენ მიმართ ვსაუბრობ…

ქეშელაშვილი: კი ბატონო – მონებო. პუტინის მონებო. ნაძირალებო. ჩემ მიმართ, პოლიციელების მიმართ საზოგადოების თავშეყრის ადგილზე.

მოსამართლის შეკითხვების შემდეგ  პატრულ-ინსპექტორს შეკითხვები ადვოკატებმა დაუსვეს.

ადვოკატი: პროტესტი რას შეეხებოდა, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

ქეშელაშვილი: იმდენი პროტესტია გამოხატული… ხანდახან ისეთი დაღლილები ვართ, რომ, შენი ჭირიმე, ხანდახან მწყურვალები და მშივრები ვართ რა, პირდაპირ გეტყვი, რა. ახლა მე ვერ დავიწყებდი… გასაგებია, რომ რაღაც პროტესტი არის და ყველას აქვს თავისი უფლება გამოხატვის… ბოდიშს ვიხდი, თუ სასაცილო რამე ვთქვი.

ადვოკატ ივანე ჩიტაშვილის რეპლიკაზე, რომ სასაცილო კი არა საგანგაშოა, თუ პოლიციელი მშიერ-მწყურვალია სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს, პატრულ-ინსპექტორმა დააზუსტა: „განა იმიტომ, რომ არ გვაქვს, უბრალოდ, დრო არ არის“.

ადვოკატი თამთა კახიძე შეეცადა დაედგინა, ვინ იყვნენ ხელმძღვანელი პირები. მოწმე დავით ქეშელაშვილმა აღნიშნა, რომ იქ მისი რამდენიმე ხელმძღვანელი იყო, თუმცა მათ შორის ვერ იხსენებს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სერგი ბზიშვილს. მისივე თქმით, საბა ბრაჭველის დაკავების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

შეკითხვაზე, რატომ შეაფასა მან „ირაყლი“ შეურაცხმყოფელ წარწერად და უცენზურო სიტყვად, მოწმე პასუხობს:

„ქართულ ლექსიკონში ასეთი სიტყვა – „ირაყლი“ არ გვიწერია ჩვენ. ეს არის უცენზურო სიტყვა. შეძახილები იყო. [დააზუსტებინეს] საბა ბრაჭველზე ვსაუბრობ. [შეძახილები იყო] დაკავებამდეც და დაკავების მომენტშიც“.

ადვოკატი: ირაყლის ნაცვლად რომ ყოფილიყო „ირაჯლი“ მაგალითად, მაინც დააკავებდით თუ არა?

დავით ქეშელაშვილი: „ირაჯლი“, ახლა რაშია საქმე, იცით? არ გამოხატავს „ირაჯლი“ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რა…

დავით ქეშელაშვილის თქმით, საბა ბრაჭველს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია და მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. „ძალიან წესიერად იქცეოდა“, – ამბობს ის.

პატრულ-ინსპექტორს არ ახსოვს, ვინ იყო მეორე პოლიციელი, ვინც მას ბრაჭველის გადაყვანაში დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბრაჭველს ოჯახსა და ადვოკატებთან კომუნიკაცია არ მოუთხოვია.

პოლიციელის თქმით, საბა ბრაჭველის 48-საათიან პატიმრობაში დატოვება საფუძვლიანი იყო, რადგან ის ანალიტიკური დეპარტამენტიდან სხვა სამართალდამცველების მიერ აღბეჭდილ ფოტო-ვიდეომასალას ელოდებოდა.

„შეიძლება, არ დამეკავებინა. რომ ეღიარებინა, ხელწერილის საფუძველზე გავუშვებდი, რომ ეთქვა, რომ აი, ბიჭებო, რაღაცა… არ აღიარა“, – განაცხადა ქეშელაშვილმა.

საბა ბრაჭველსაც მიეცა შესაძლებლობა, დავით ქეშელაშვილისთვის შეკითხვები დაესვა.

მოწმე დავით ქეშელაშვილი და საბა ბრაჭველი

საბა ბრაჭველი: ბატონო დავით, თქვენ არ მეთანხმებით, მაგრამ ჩვენ შევხვდით პირველად პოლიციის დეპარტამენტში.

ქეშელაშვილი: თქვენთან ვიყავი მე, უბრალოდ იმ მომენტში არ გვქონდა ურთიერთობა, იმავე მანქანით არ გამოგყოლილვართ.

ბრაჭველი: პოლიციის დეპარტამენტში ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

ქეშელაშვილი: ახლაც [გვაქვს].

ბრაჭველი: ახლაც. წინა პროცესზე რომ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით, კარგი რაღაცები ვუთხარით ერთმანეთს.

ქეშელაშვილი: კი ბატონო, უბრალოდ, იმ მომენტში არ გააკეთეთ… განა ცუდი ბიჭი ხართ…

ბრაჭველი: იქამდე მე გეძახდით იმ სიტყვებს, რაც თქვენ თქვით და პოლიციის დეპარტამენტში რომ მივედით, იქ მეგობრები ვიყავით?

ქეშელაშვილი: ახლა გეტყვი პასუხს. იქ მარტო მე კი არ მეძახდი, პოლიციას ეძახდი, ჩემზეც, მეც იქ ვიყავი…

ბრაჭველი: რამდენი წუთი დაგვჭირდა პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე?

ქეშელაშვილი: 15-20 წუთი.

ბრაჭველი: 15-20 წუთის წინ გეძახდით იმ სიტყვებს და მერე ვიყავით საუკეთესო მეგობრები?

ქეშელაშვილი: ახლა რა გინდა? ხომ იცი, რომ იძახდი, არა? ხომ იცი, რომ პლაკატი გეჭირა, ხომ ყველაფერი იცი, არა? კარგი რა!

ბრაჭველი: რომ დამერეკა, არ მითხოვია? არც ოჯახთან, არც ადვოკატთან? არც სახალხო დამცველთან?

ქეშელაშვილი: არა.

ამის შემდეგ სხდომაზე გამოიკვლიეს 2 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეო, რომელიც საბა ბრაჭველის დაკავებას ასახავს და რომელშიც, დაცვის პოზიციით, არ ჩანს დავით ქეშელაშვილი.

მოწმე დავით ქეშელაშვილი საბა ბრაჭველთან და ადვოკატებთან ერთად ვიდეომასალის გამოკვლევისას

დავით ქეშელაშვილმა ვიდეოში თავისი თავი ვერ დაინახა, თუმცა ამტკიცებდა, რომ საბა ბრაჭველის დაკავების დროს იქ იმყოფებოდა.

საბა ბრაჭველი: ბატონო დავით, ამ კადრებს როცა ვუყურებდით მოსამართლესთან, თქვენ განაცხადეთ, რომ ვართ მეც და თქვენც იქ, უბრალოდ, კამერა ვერ გვამჩნევს. ადასტურებთ?

დავით ქეშელაშვილი: ამ კადრებში არ ვარ.

საბა ბრაჭველი: კადრებში არა, სიტუაციურად იქ ხართ?

დავით ქეშელაშვილი: აი, ამ მომენტში არ ვიცი. მე პასუხისმგებელი არ ვარ და საერთო ჯამში… მე თქვენი დაკავების დროს ვიყავი.

საბა ბრაჭველი: ბატონო დავით, თქვენ თქვით და ოქმშიც აისახება, რომ აი, ამ მომენტისთვის, მეც იქ ვარ და თქვენც იქ ხართ. ადასტურებთ?

ქეშელაშვილი: არა, არ ვადასტურებ, რატომ არ ვადასტურებ, კარგად გამიგეთ, როცა თქვენი დაკავება მიმდინარეობდა, ხელმეორედ რომ მოვტრიალდი, აი, იმ მომენტში მე ვიყავი თქვენთან, ჩემ გარშემო ხდებოდა თქვენი დაკავება.

მოსამართლე: როდესაც ხდებოდა დაკავება, იმყოფებოდით თუ არა ადგილზე და კადრებში ამოიცანით თუ არა თავი?

ქეშელაშვილი: ეს არ ვიცი, რომელი კადრებია დაკავების, ვისი დაკავებაა, ეგეც არ ვიცი. ეს რომ დაკავდა, მე უკვე წავედი, რომ დამეწერა ადმინისტრაციული დაკავება.

ადვოკატი თამთა კახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენ ადგილზე იმყოფებოდით თუ არა, ამის იდენტიფიცირება, ამიტომ ვსვამთ ამ კითხვას, იქ ერთ-ერთ წუთზე თქვენი თავი  შენიშნეთ?

დავით ქეშელაშვილი: არა, მე იქ არ ვარ, მაგრამ პირველ კადრებში დავინახე, თავიდან რომ დაიწყო დაკავება და პირველი ვინც დაკავდა, ჩემო კარგო, მე  ვგულისხმობ აი, ამ ორ ადამიანს [მიუთითებს საბა ბრაჭველსა და ედუარდ მარიკაშვილზე], ჩემი თვალის არეში ხდებოდა დაკავება.

საბა ბრაჭველი: ბატონო დავით, იცით თუ არა, რომ მე ოცი წუთით ადრე დამაკავეს, ედუარდ მარიკაშვილს სანამ დააკავებდნენ?

ქეშელაშვილი: ჩემი თვალთახედვის არეში ხდებოდა.

საბოლოოდ, მან დაადასტურა, რომ მარიკაშვილის დაკავება დაინახა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროს მოშორებით იდგა და ხელმძღვანელს ესაუბრებოდა.


რატომ არის „ირაყლი“ უცენზურო სიტყვა

სიტყვა „ირაყლის“ შინაარსისა და აღქმის გარკვევა ადვოკატებმა მოწმის გამოკითხვის დაწყებამდე შსს-ს წარმომადგენლებთანაც სცადეს.

ნიკა რომანაძის ადვოკატი გიორგი მახარაძე: „განმარტავთ, რომ „ირაყლი“ შეურაცხმყოფელია? ვის მიმართაა შეურაცხმყოფელი?“

შსს: კონკრეტულად არავის მიმართ. შეურაცხმყოფელი სიტყვა შეიძლება, იყოს უმისამართოც, ამ შემთხვევაში წარწერა „ირაყლი“ მიჩნეული იქნა… მას არ ჰყავდა კონკრეტული ადრესატი“

რომანაძის ადვოკატი: თქვენც ეთანხმებით, რომ გამოგონილი სიტყვა, რომელიც არსად ლექსიკონში არ იძებნება…

შსს: იყო სიტყვა, ასე რომ ვთქვათ, კონკრეტული შინაარსის მატარებელი არ იყო. იგი არ შეიცავდა თუნდაც რაიმე პოლიტიკურ კრიტიკას, რაზეც გქონდათ საუბარი…

რომანაძის ადვოკატი: ეს მაინტერესებს, რას შეიცავდა?

შსს: ამ კითხვის დასმა გვინდა ჩვენც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, შინაარსს თუ აგვიხსნის. ჩვენი შეფასებით, ეს იყო უცენზურო სიტყვა, რომელსაც არ აქვს რამე შინაარსი, მისი ასოთა თანწყობა მიმართული იყო შეურაცხყოფისთვის

რომანაძის ადვოკატი: რომ არ იძებნება ლექსიკონში, რომ ვთქვა, საქებარი სიტყვაა-მეთქი, რამე არგუმენტი გვაქვს? რაში ეთანხმებით ოქმის შემდგენ პოლიციელს, რომ ეს სიტყვა „ირაყლი“, რომელსაც თქვენ თვითონ ამბობთ, რომ არაფერს არ ნიშნავსო, თუ რამე კონკრეტულს უკავშირებთ, ასოების წყობას, რომელიც თქვენ ბრძანეთ წეღან, ეს მაინტერესებს.

შსს: იმას, რასაც თქვენ დაუკავშირეთ. იმ უცენზურო სიტყვას, რომელიც ჰქონდა ქვეტექსტი, „ყ“ და „ლ“ ბგერათა თანწყობას.

ნიკა რომანაძე: ყ და ლ-ს თანწყობა იყო უცენზურო სიტყვაო. ყლორტიც უცენზურო სიტყვა გამოდის მაგ ლოგიკით? ან ირაჯლი რომ ყოფილიყო, უცენზურო იქნებოდა? მე ვაცხადებ, რომ ჩემი პროტესტის ადრესატი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერი იყო.

შსს: ყლორტი სიტყვა ლექსიკაში მოიძებნება შინაარსით. ეს მაგალითი არ გამოდგება. რაც შეეხება, ბგერათა სხვა თანწყობას, ამაზე ჰიპოთეტურად ვერ გიპასუხებთ.

ნიკა რომანაძე: ყლიყვზე მინდა გკითხოთ, თუ იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა, რომ მწერებოდა ეს სიტყვა?

შსს: თუ იუმორში გადავდივართ…

ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, რომელმა პატრულ-ინსპექტორმა თქვა, რომ მათ მიერ დაკავებული ტერმინებს „მონას“ და „ნაძირალას“ იყენებდა პოლიციის მისამართით.

გაირკვა, რომ ედუარდ მარიკაშვილის საქმეზე მოწმის სახით წარდგენილ პოლიციელს, კობა კაპანაძეს, სიტყვიერად არ უთქვამს, რომ მარიკაშვილი მას „მონას და ნაძირალას“ ეძახდა, მაგრამ შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ის ჟესტიკულაციით ეთანხმებოდა სხვა პატრულ-ინსპექტორებს.

რამდენიმეს [ინსპექტორის] აღნიშვნა იყო, რომ, ზოგადად, ასეთი ტიპის შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო: მონა და ნაძირალა. რამდენიმემ ეს კონკრეტულად დაადასტურა. კობა კაპანაძეს არ დაუდასტურებია აღნიშნული, არ გაუჟღერებია, თუმცა ეთანხმებოდა, რომ ასეთი სიტყვები იყო, ეთანხმებოდა ამ ტიპის გამონათქვამის გაჟღერებას მისი დაკავებულის მხრიდან… ეს ტერმინები სიტყვიერად გაჟღერდა ინსპექტორების მხრიდან და ვისგანაც სიტყვიერად არ გაჟღერდა, უბრალოდ, ეთანხმებოდნენ, დუმილით არა, ჟესტიკულაციით“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები

„დაცვა სჭირდება სწორედ ისეთ გამოხატვას, რომელიც აღაშფოთებს ხელისუფლების წარმომადგენელს“ 

პროცესზე აქტივისტები და მათი უფლებადამცველები ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ წარწერა „ირაყლი“ პრემიერ-მინისტრს მიემართებოდა და საზოგადოებაში პროტესტი პრემიერის „აღმაშფოთებელმა, პრორუსულმა განცხადებებმა“ გამოიწვია. მათივე თქმით, 5-ვე პირი აქციაზე სოლიდარობის გამოსახატავად მას შემდეგ მივიდა, რაც სამართალდამცველებმა იმავე ბანერის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე  დააკავეს.

ადვოკატების პოზიციით, სწორედ აქციის კონტექსტია მნიშვნელოვანი, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამართალდარღვევის შეფასებისას.

ადვოკატმა თამთა კახიძემ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის შეფასებისას მნიშვნელოვანია, ვინ გამოხატავს პროტესტს, ვის მიმართ და რა კონტექსტში.

მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილების საფუძველზე განმარტა, რომ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, პრემიერს, თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს, მის მიმართ გამოხატვის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა და დასაშვებია უხამსი გამოხატვაც კი, როცა ის სენსიტიური განცხადებებით გამოდის.

ადვოკატების თქმით, პოლიციელის მოთხოვნა არ იყო კანონიერი, რადგან წარწერით – „ირაყლი“ ბანერის ჭერა არ არის სამართალდარღვევა და ჯდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამ ნაწილში მათ მაგალითად მოიყვანეს სხვადასხვა გადაწყვეტილება, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს განმარტება „პანორამა არა *ლე“ ბანერის გამო ნატა ფერაძისა და სხვების დაკავების საქმეზე.

„დაცვა სჭირდება სწორედ ისეთ გამოხატვას და ისეთ ფორმებს, რომელიც შეურაცხმყოფელია, აღაშფოთებს კონკრეტულ – ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ პოლიტიკოსი თუ სხვა – პირს, წყენას იწვევს მასში…“, – განმარტა ადვოკატმა თამთა კახიძემ.

ადვოკატები ასევე უარყოფენ პოლიციელების გინებისა და შეურაცხყოფის ბრალდებას. ისინი ამბობენ, რომ ამის დასამტკიცებლად ვიდეომასალა აქვთ წარმოდგენილი, თუმცა სხდომაზე ჯერ მხოლოდ საბა ბრაჭველის დაკავების ვიდეო განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერები ვერ წარადგინა ნოდარ სიხარულიძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და საბა ბრაჭველის საქმეებში. ასევე, კამერის მონაცემები არ მოუძიებიათ ნიკა რომანაძის საქმეზე.

სამხრე კამერის ჩანაწერი არსებობს ედუარდ მარიკაშვილის საქმეში, თუმცა, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, ჩანაწერი წყდება მის დაკავებამდე 5 წუთით ადრე. შსს-ს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ სამხრე კამერა პოლიციელმა გამორთო, რადგან ის წყობიდან არ არის გამოსული.

ასევე, საქმეში დევს მარიკაშვილის ფოტო ხელში ბანერით – „ირაყლი“, თუმცა მარიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფოტო დაკავებამდე დიდი ხნით ადრეა გადაღებული.

საქმეებზე მოწმის სახით თითო პოლიციელია წარმოდგენილი და შსს-ს იურისტებს დაკავების პროცესში მონაწილე სხვა სამართალდამცველების ვინაობა, უმეტესად, დადგენილი არ აქვთ.

რას ამბობენ პირები, რომელთაც სამართალდარღვევას ედავებიან

სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება ხუთივე მათგანს მიეცა.

საბა ბრაჭველი

უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ის აქციაზე შოთა თუთბერიძის მიმართ სოლიდარობის გამო მივიდა, რადგან მისი დაკავების ვიდეოს ხილვამ აღაშფოთა. მისი თქმით, პარლამენტთან „ირაყლი“ ბანერით იდგა, როდესაც მასთან მივიდა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგი ბზიშვილი და თაბახის ფურცლის გადაცემა მოსთხოვა, რადგან ზედ „არალამაზი რამე“ წერიაო. ბრაჭველის თქმით, მან ბზიშვილს განუმარტა, რომ გამოხატვის ეს ფორმა კანონმდებლობით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დაცული და მაგალითად ნატა ფერაძის საქმე საქმე მოუყვანა.

„როცა სტრასბურგი ვახსენე და პანორამა ვახსენე ბოლო ნაწილის გარეშე… ბატონმა სერგიმ ეტყობა, ეს შეურაცხყოფად მაინც მიიღო და სხვა სამართალდამცველებს უთხრა, ეს აქედან გაიყვანეთო. ამის მერე მომცვივდნენ, სცადეს ფურცლის წართმევა და ვერ მოახერხეს. შემდეგ წამაქციეს, სცადეს, რომ წაერთმიათ და არ გამოუვიდათ. მერე წამიყვანეს მანქანასთან, დამადეს ხელბორკილი და მერე წამართვეს ფურცელი“, – იხსენებს ბრაჭველი.

საბა ბრაჭველმა საქმეში მოწმის სახით წარდგენილი დავით ქეშელაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„ბატონი დავითმა, რომელიც შემოვა და ფიცის ქვეშ მოიტყუება, 6 საათის განმავლობაში არ მომცა უფლება, დამერეკა ოჯახის წევრებთან, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან… ბატონი დავითი ჩემი დაკავების დროს ვიდეოჩანაწერებში არსად არ ჩანს“, – განაცხადა მან.

ნიკა რომანაძე

აქტივისტი ნიკა რომანაძე პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. ჩართვის დროს მას კედელზე გამოკრული ჰქონდა ფოტოსურათი აქციიდან, ხელში პლაკატით „ირაყლი“, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახითაა ჩადებული. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ეს სხდომის მიმდინარეობისას მოგვიანებით შენიშნა და რომანაძეს მისი ჩამოხსნა სთხოვა. მან განმარტა, რომ ფოტოსურათზე ასახული სასამართლოს შესწავლის საგანია და მან არ იცის, ნიკა რომანაძე ამ ფორმით პროტესტს გამოხატავს თუ არა. მას შემდეგ, რაც რომანაძემ განმარტა, რომ ფოტო სამახსოვროდ აქვს სამუშაო კუთხეში გაკრული და ამიტომ მოხვდა ჩართვის დროს ის კადრში, ფოტო კედელზე დარჩა.

ნიკა რომანაძე დისტანციურად ჩართვისას

„როცა მოვიდა პოლიცია და ჩამომგლიჯა პლაკატი, ჩემი პასუხი არათუ გინება და უწმაწური სიტყვები იყო, არამედ დავიწყე საქართველოს ჰიმნი და პროცესს დავემორჩილე“, – აღნიშნა ნიკა რომანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ის არათუ შესაძლო სამართალდამრღვევია, არამედ ადამიანი, ვისი თავისუფლებაც უკანონოდ შეზღუდეს.

ნოდარ სიხარულიძე

ნოდარ სიხარულიძის ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი ამბობს, რომ სიხარულიძეს პროტესტი არ გამოუთქვამს ბანერით ხელში. მისი შეფასებით, აღნიშნული დამახინჯებულადაა ასახული სამართალდარღვევის ოქმში.

„როდესაც დაიწყო პოლიციამ წამოსვლა აქციის მონაწილეებისკენ, ნოდარ სიხარულიძემ ძირს დადებული ორი ბანერი, რომელზეც არ აღიქმება წარწერა, აიღო და გადააადგილა, გადადო სხვა ადგილას. სხვა ქმედება მას არ განუხორციელებია… იგი მღეროდა საქართველოს ჰიმნს, ამით შემოიფარგლებოდა მისი ქმედება აქციაზე… იყო თუ არა პოლიციელის ბრძანება – „ესეც დააკავეთ“ – კანონიერი, ამის შეფასებაში შევიდეს სასამართლო“, – აღნიშნა მისმა ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა.

თავად სიხარულიძე ამბობს, რომ აქციაზე „პრემიერის აღმაშფოთებელმა განცხადებებმა გაიყვანა“ და მისი პროტესტის ფორმა იქ დგომასა და სიტყვიერ გაპროტესტებაში არ ყოფილა. მისი თქმით, მას არავისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ედუარდ მარიკაშვილი

ედუარდ მარიკაშვილმა საქმის სამართლებრივი შეფასების გარდა, გამოსვლის უმეტესი ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას დაუთმო.

„მწამს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის ყველა ის ნიშანი, რომ მივიჩნიოთ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარულად. ავტორიტარულ ქვეყნებში სიტყვა არის ყველაზე დიდი იარაღი მშვიდობიანი, თავისუფალი და მოაზროვნე ადამიანებისთვის და ავტორიტარული რეჟიმებისთვის სიტყვა ხდება ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე“, – განაცხადა მან.

ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ აღნიშნა, ევროსასამართლოს აქვს პრაქტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რომ არ შეიძლება, გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება.

„სასამართლო ამბობს, რომ პოლიციელები, რომლებიც ამავდროულად ბრალმდებლებიც არიან, არ შეიძლება, იყვნენ სანდო მოწმეები. გთხოვთ, მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, რომელიც არის, როგორც წესი, ცრუ ჩვენება, არ დაუდოთ საფუძვლად გადაწყვეტილებას“, – მიმართა მან მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს.

გრიგოლ ფრანგიშვილი

გრიგოლ ფრანგიშვილის უფლებადამცველი ვიქტორ კვიტატიანი ამბობს, რომ მას პოლიციამ მაისურის გახდა მოსთხოვა იმის გამო, რომ ზედ ეწერა ქართული ანბანის ასო „ყ“. მისი თქმით, ფრანგიშვილმა პოლიციას განუმარტა, რომ მას სხვა მაისური არ ჰქონდა და აქციაზე შიშველი ვერ ივლიდა, რის შემდეგაც ფრანგიშვილმა მაისური ამოატრიალა და ისე ჩაიცვა, მოგვიანებით გაიხადა და სხეულზე დროშა შემოიხვია.  მისი თქმით, სწორედ ამ დროს დააკავეს ფრანგიშვილი.

თავად გრიგოლ ფრანგიშვილი ასე ჰყვება მისი დაკავების გარემოებას:

„პოლიციელი მოვიდა და თითით მაჩვენა, ჩამოდი დაბლაო. ჩავედი. გამიყვანა მოშორებით. იქ მითხრა, გაიხადე მაისური ან დაგაპატიმრებთო. ვუთხარი, მაისური რომ გამოვიცვალო, მიმიშვით, რომ ვინმეს ვთხოვო მოსაცმელი ან რამე, რომ შევძლო მაისურის შეცვლა-მეთქი ან ვკითხე, თუ შეიძლებოდა, რომ მაისური მეორე მხრიდან ჩამეცვა. პასუხი არ გაუცია, ისე გაბრუნდა უკან. ამ დროს იწყება დაკავებები და დავინახე, რომ ერთი გოგო გახდა შეუძლოდ. მივედი იმ გოგოსთან დასახმარებლად. ის გოგო გადაიყვანეს. ვიხდი მე მაისურს და აქციის მონაწილისგან ვთხოულობ დროშას. რამდენიმე წუთის მერე პოლიციელი მოდის და მეკითხება, სად გაქვს მაისურიო. მე ვეუბნები, რომ მაისური ხელში მიჭირავს და ამის შემდეგ დამაკავეს. ორმა პოლიციელმა გადამიყვანა“.

საქმის არსებითი განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით 5 ივლისს განახლდება.

ასევე იხილეთ:

„გიჩნდება განცდა, რომ სასქესო ორგანოზეა მინიშნება“ | „ირაყლის“ საქმე სასამართლოში

არასწორი ადამიანი არის მოყვანილი“ – „ირაყლის“ საქმეზე სასამართლომ პოლიციელების გამოკითხვა დაასრულა

„ირაყლის“ საქმეზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს და დააჯარიმეს