თბილისის 21-საჯარო სკოლის და სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორები ამბობენ, რომ მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო განათლების სამინისტრომ ისინი დირექტორობის კანდიდატებად სკოლებში არ წარადგინა და მათი სასკოლო სივრცედან ჩამოშორება პოლიტიკური მიზნებით იყო მოტივირებული.
შორენა შამათავა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი 2014 წლიდან იყო. 2023 წლიდან კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.
როგორც შორენა შამათავა „პუბლიკას“ უყვება, მან გაიარა სამინისტროში კომისიის წინაშე გასაუბრება, თუმცა მისი კანდიდატურა სამინისტრომ სამეურვეო საბჭოს აღარ წარუდგინა. სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატურა – ნანა ჯგერენაია სკოლის სამეურვეო საბჭომ არ აირჩია. თუმცა როგორც შორენა შამათავა ჰყვება, მოგვიანებით ჯგერენაია მინისტრმა დისკრეციული წესით დანიშნა სკოლის დირექტორად.
ნოქალაქევის სკოლის დირექტორის მინისტრის დისკრეციული ბრძანებით დაინიშნას ადასტურებენ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც.
შორენა შამათავა ამბობს, რომ მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, რადგან ის „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის მხარდამჭერია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ემუქრებიან, ავიწროებენ მას და მისი ოჯახის წევრებს.
„უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მის მხარდამჭერ პოსტებს ვწერდი სოციალურ ქსელში, სკოლაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი ღონისძიებაც ჩავატარეთ. მე თვითონ აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია რუსეთთან ომის თემა. მაშინ სოფლის დეპუტატი მოვიდა და გამაფრთხილა სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებული სოლიდარობის პოსტები აღარ გამომექვეყნებინა, ადგილობრივი თვითმმართველობიდან შემომითვალეს, რომ მმართველ პარტიას არ მოსწონს აქტიურობა უკრაინის სოლიდარობისთვისო….
ერთი თვის წინ უკვე მთელმა რაიონმა იცოდა, რომ მე სკოლის დირექტორი აღარ ვიქნებოდი. „ოცნების“ შტაბში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვის წარადგენდნენ ჩემს ადგილას. ამ გადაწყვეტილებით წინასაარჩევნოდ ჩემი მასწავლებლები დააშინეს, აჩვენეს, რომ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო დამატოვებინეს თანამდებობა.
ბოლო სამი წელია, ადგილობრივი თვითმმართველობა ზეწოლას ახდენს ჩემზე და ჩემს ოჯახზე. რამდენჯერ მიფიქრია, საერთოდ დამეტოვებინა სენაკი, წავსულიყავი უცხოეთში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი“.
შორენა შამათავა ამბობს, რომ არ ელოდა მინისტრის მხრიდან დისკრეციის უფლების გამოყენებას და დირექტორის ამგვარად დანიშვნას. მისი მოლოდინი ეფუძნებოდა მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ დისკრეციის უფლებას ის არ გამოიყენებდა, რადგან სამინისტროს სურდა, სკოლებს თავად გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა დირექტორი.
გასულ წლის დეკემბერში მინისტრმა ერთ-ერთ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ მართალია კანონი მინისტრს დისკრეციის უფლებას ანიჭებს და შეუძლია დირექტორის დანიშვნა სკოლაში, მაგრამ ამ უფლებას მიზანმიმართულად არ გამოიყენებდა, რადგან არ სურდა, სამინისტროს „შეხედულება და გემოვნება სკოლებისთვის მოეხვია თავს“ და დისკრეციას გამოიყენებდა მხოლოდ „უკიდურესი აუცილებლობის“ შემთხვევაში.
შორენა შამათავა კვლავ რჩება სკოლაში ისტორიის მასწავლებლად და როგორც თავად ამბობს, საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი გზებით ბრძოლას აპირებს. ის ამბობს, რომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით უკვე გასაჩივრებული აქვს სამინისტროს 2023 წლის გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაცია, როცა ის სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს. შამათავა გეგმავს მინისტრის გადაწყვეტილება, დისკრეციით დაენიშნა ახალი დირექტორი, ამჯერადაც გაასაჩივროს, როგორც უსამართლო, შერჩევითი და არაობიექტური.
მინისტრმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და დირექტორი დანიშნა თბილისის 21-ე საჯარო სკოლაშიც.
სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი თამარ ამზაშვილი, რომელიც 10 წელია, სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა სამინისტრომ სკოლის დირექტორის კანდიდატად სამეურვეო საბჭოს არ წარუდგინა.
თამარ ამზაშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ დირექტორობის შესარჩევი კონკურსიდან სამინისტროს მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო გამოთიშეს.
„კრიტიკული აზროვნება და კრიტიკული დამოკიდებულება, ჩემი პოლიტიკური გემოვნება შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზი სამინისტროსთვის, რომ არასასურველი კანდიდატი ვყოფილიყავი.
ვიყავი აბსოლუტურად არაანგაჟირებული პოლიტიკურად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ყოველთვის პრინციპულად ვიცავდი ჩემს თავისუფალ არჩევანს, ვისთან მეთანამშრომლა და ვისთან – არა, ვისი ინტერესი გამეტარებინა და ვისი – არა. არასდროს მითანამშრომლია იმ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ვთვლი, რომ სკოლასთან არაფერი ესაქმებათ და დარწმუნებული ვარ, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პარტიული გავლენისგან.
ასეთი დამოკიდებულება მქონდა წინა ხელისუფლების დროსაც, ისინიც კრიტიკულად განწყობილად აღმიქვამდნენ, იმიტომ, რომ მქონდა გარკვეული პროტესტი მათ საგანმანათლებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.
მისი თქმით, მინისტრმა დისკრეციული წესით სკოლის დირექტორობა შორენა ბუნტურს ჩააბარა. შორენა ბუნტური წლების წინ მანდატური იყო, შემდგომ კი 157-ე საჯარო სკოლის დირექტორად გახდა. ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს კი მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საუკეთესო სკოლის დირექტორის ჯილდო გადაეცა.
თამარ ამზაშვილი ამბობს, რომ 21-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი მოწინავე სკოლა იყო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების კუთხით, ყოველთვის თანამშრომლობდა განათლების სამინისტროსთან, როგორც დირექტორი და ამავდროულად ყოველთვის იცავდა სკოლას პოლიტიკური გავლენისგან.
„მოსწავლემ და მასწავლებელმა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის იდეები არ უნდა გაატაროს – ამას ვემსახურებოდით მე და ჩემი მასწავლებლები განუხრელად და პედაგოგიური სტრატეგიებით მოსწავლეს თავისუფალ აზროვნებას, შრომისმოყვარეობას ვასწავლიდით.
ის, რომ წარმატებული სკოლის კარი ღია არ არის ნებისმიერი პარტაქტივისთვის, აღიზიანებს ბევრს. ამიტომ არის, რომ დამიწუნეს კანდიდატად, ეს არის მთავარი მიზეზი.
ნებისმიერი რამ, რაც ჩვენთან სკოლაში ხდებოდა, წარმატებული ღონისძიებები იქნებოდა თუ წარმატებული პროექტები, არ ვიწვევდი, გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა არავის. ამით თავს ვარიდებდი სკოლაში მათ გავლენას, ჩემი ღრმა რწმენით, არასდროს არცერთ პარტიას, არცერთ სხვა ორგანიზაციას თავისი ინტერესი არ უნდა გაეტარებინა სკოლაში და ახლაც ამ იდეის ერთგული ვრჩები“, – ამბობს თამარ ამზაშვილი.
თამარ ამზაშვილი ამბობს, რომ ამჟამად იურისტებთან კონსულტაციებს გადის და არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რადგან, მისი თქმით, სამინისტრომ გამოიყენა შერჩევითი დისკრეციის უფლება და არსებობს ძალიან ბევრი ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება სუბიექტურია და არასამართლიანი.
„პუბლიკამ“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს შეკითხვებით მიმართა. დავინტერესდით მიზეზებით – რატომ გამოიყენა მინისტრმა აღნიშნულ სკოლებში დისკრეციის უფლება. ასევე დავინტერესდით – სულ რამდენ სკოლაში დაინიშნენ დირექტორები დისკრეციით. ჩვენ მიერ გაგზავნილ შეკითხვებში ასევე გვსურდა, გაგვეგო სამინისტროს საპასუხო განცხადება დირექტორების კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
მცდელობის მიუხედავად, ჩვენს შეკითხვებსა და სატელეფონო ზარებზე სამინისტროში პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რა შეკითხვები და კრიტიკა არსებობდა სკოლის დირექტორთა კონკურსთან დაკავშირებით
სკოლის დირექტორთა კონკურსი ბოლო თვეების განმავლობაში კონკურსის მონაწილეების, პედაგოგებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ იმ სკოლებში, რომლებშიც რამდენიმეთვიანი კონკურსის შემდეგაც ვერ აირჩიეს ახალი დირექტორები, კონკურსი ხელახლა გამოცხადდებოდა. აპრილში ტესტირება და გასაუბრების ეტაპი გაიმართა. კონკურსი გამოცხადდა იმ 1000-მდე სკოლაში, სადაც დირექტორი წინა კონკურსის შედეგებით ვერ აირჩიეს.
მანამდე მოვლენები კი ასე განვითარდა:
დირექტორის არჩევნები საქართველოში მოქმედ 2074 სკოლაში ვერ ჩატარდა, რადგან კონკურსის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 1409 კანდიდატი მონაწილეობდა და 2074 სკოლიდან არჩევნები 1276 სკოლაში დაინიშნა.
1267 სკოლიდან კი, 894 სკოლაში – მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გამოხატა ინტერესი, 382 სკოლაში კი მონაწილეობა სურდა 2/ან და მეტ კანდიდატს. ანუ არსებობდა სკოლები, სადაც კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა იყო, მაგრამ უმეტესობაში მხოლოდ ერთი კანდიდატი გაიგზავნა.
იმ სკოლებშიც კი, რომლებშიც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10-ს აჭარბებდა, ასარჩევად მხოლოდ ერთი კანდიდატი გაიგზავნა.
სკოლების უმეტესობაში ასარჩევად დირექტორობის თითო კანდიდატის წარდგენას სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
მათი შეფასებით, არჩევანის გარეშე რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა სკოლებს არ ექნებოდათ და შეკითხვებს ბადებდა ის გარემოება, რატომ არ წარადგინა ერთზე მეტი კანდიდატი სამინისტრომ თუნდაც იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ერთზე მეტ კანდიდატს ჰქონდა წინასწარ გაცხადებული.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) განათლების სისტემაში მიმდინარე დირექტორების შერჩევის პროცესს თვალს ადევნებდა და ჩართული იყო კონკურსში მონაწილე კანდიდატთა უფლებების დაცვის პროცესში.
ორგანიზაციის შეფასებით, კონკურსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს. რიგ შემთხვევებში, სახეზეა კონკურსის გამოყენებით დამსახურებული სკოლის დირექტორების განდევნა სისტემიდან; სამეურვეო საბჭოებისთვის კანდიდატების წარუდგენლობის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და იწვევს უკმაყოფილებას სასკოლო საზოგადოებაში.
გასული წლის ბოლოს მინისტრმა დააანონსა, რომ კონკურსს 1000-მდე სკოლის დირექტორისთვის თებერვალში გამოაცხადებდნენ.
როგორც მინისტრმა თქვა, კრიტიკა კონკურსის მიმართ იყო არასამართლიანი და 840 სკოლაში დირექტორები სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს.
სწორედ მაშინ თქვა მინისტრმა, რომ ამ პროცესში დისკრეციის უფლებას, რომელიც აქვს მას და შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დანიშნოს დირექტორად, შეგნებულად არ იყენებს. მისი თქმით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება მისი მხრიდან ამ უფლების გამოყენება.