ირაკლი აბსანძე
2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ აქციაზე ხალხის მასას, რომელიც სკანდირებდა: „ბი-ძი ნა, ბი-ძი-ნა!“, ივანიშვილმა მოუწოდა – სჯობს „საქართველოთი“ ჩავანაცვლოთო.
დიდად არც არავინ შეიმჩნევდა, ასე რომ არ მოქცეულიყო – ჯერ კიდევ ყველა არხზე გადაიცემოდა „მიშა-მიშა!“ თავყრილობები.
29 აპრილს პარლამენტის წინ სრულიად საქართველოდან ორგანიზებულად და პოლიტიკური შანტაჟით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეების აქციაზე კვლავ გაისმა ქვეყნის არაფორმალური მმართველის სახელის სკანდირება.
2012 წელს, არჩევნებამდე 3 დღით ადრე ბორის პაიჭაძის სტადიონზე ენმ-ის ჩატარებული აქცია ორგანიზების ფორმითა და ესთეტიკით ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ 29 აპრილის ღონისძიებას.
ამასობაში, ერთმანეთს დაემსგავსა ქართული პოლიტიკის ორივე საჩვენებლად დაპირისპირებული პოლუსიც. სააკაშვილი საკუთარ თავს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს უწოდებდა და უწოდებს, ივანიშვილი კი – „ჭარბი ნდობისგან“ გათავისუფლების მსურველი მესიიდან ქართული სახელმწიფოს მომავლის ერთადერთ განმჭვრეტამდე ემანსიპირდა.
როგორ იწყებოდა ივანიშვილის „ქართული ოცნება“
ფრაგმენტები კოალიცია „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამიდან:
„ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის.
…
დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას;
უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში;
დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებასა და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს;
უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან;
არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან.
…
პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. იგი განასახიერებს ქვეყნის ერთიანობას, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ასრულებს კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებულ მოვალეობას. პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის საქმიანობაში ჩარევის უფლება, მაგრამ მას აქვს საკმარისი უფლებამოსილება, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად. ამ მიზნით იგი ახორციელებს არბიტრის ფუნქციას სახელმწიფო ხელისუფლების განშტოებათა შორის, აგრეთვე სახელმწიფოსა და საზოგადო- ებას შორის. მაგალითად, პრეზიდენტს უფლება ექნება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ მან ვერ შეძლო მთავრობის შექმნა, აგრეთვე, თუ პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმის შემდეგ, პარლამენტმა ვერ გამოუცხადა უნდობლობა კონსტრუქციული ვოტუმის წესით, ხოლო იგი ვალდებული იქნება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ მან საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში ვერ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და არც მთავრობას გამოუცხადა უნდობლობა. პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს, უფლება ექნება, მოიწვიოს და უხელმძღვანელოს მთავრობის სხდომას ქვეყნის თავდაცვის საკითხთა განსახილველად, აგრეთვე საგანგებო და ომის მდგომარეობის დროს.
…
ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევათა უმრავლესობა, როგორც წესი, ხელისუფლების მოქმედებას უკავშირდება. ასევე ხშირია ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნების უგულებელყოფა. ამიტომ, იმისათვის, რომ მმართველმა უმრავლესობამ ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება, კონსტიტუციით დადგინდება ადამიანის უფლებათა და პეტიციის საკითხთა კომიტეტების შექმნის ვალდებულება, რომელთა თავმჯდომარეები და წევრთა უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.
ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო ოპოზიციის როლს და საპარლამენტო უმრავლესობას აიძულებს მასთან თანამშრომლობას, რაც მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკური დაპირისპირებისა და ოპოზიციის მოსაზრებათა იგნორირების ხარისხს.
…
უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა. დადგინდება საქმის განხილვის ღიაობის მკაფიო წესი და პროცესის გაშუქების უფლება. მოწესრიგდება სასამართლოში დაცული მასალების დამუშავებისა და დაუბრკოლებლად გაცემის წესი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების გზით. განისაზღვრება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ღიაობა.
…
საქართველოს რეგიონებში მოქმედებს გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელიც მმართველი ოლიგარქიის რეგიონულ განშტოებად ჩამოყალიბდა. საჯარო უფლებამოსილებები, ფაქტობრივად, არ არის დეკონცენტრირებული რეგიონის დონეზე – რეგიონები არ სარგებლობენ ტერიტორიული ერთეულის სტატუსით, ხოლო გუბერნატორებს კანონით მინიჭებული აქვთ მხოლოდ უმნიშვნელო უფლებამოსილება. იმავდროულად, გუბერნატორები სცდებიან კანონის ფარგლებს და ისინი, რეალურად, უხეშად იჭრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა სფეროში. შედეგად, დღეს მხარეებში ფუნქციონირებს მოსახლეობის მხრიდან უკონტროლო გუბერნატორის ინსტიტუტი, როგორც ცენტრალიზებული ვერტიკალის ნაწილი, რომელსაც არა აქვს ბიუჯეტი და კონკრეტული პასუხისმგებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.
მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემითაა შესაძლებელი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.
…
ყოველივე ამის უზრუნველმყოფი ნორმები აისახება კონსტიტუციაში, რაც შექმნის ზემოაღნიშნულის განხორციელების სამართლებრივ გარანტიას.
ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა მხოლოდ საპოლიციო და უშიშროების სამსახურებთან არის გაიგივებული. საპოლიციო და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების შერწყმით შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. გამჭვირვალეა მხოლოდ პოლიციის შუშის შენობები, თავად სისტემა კი – გაუმჭვირვალე. შინაგან საქმეთა მინისტრი უშუალოდ ერევა საპოლიციო და უშიშროების ფუნქციების განხორციელებაში, რის გამოც ეს სამსახურები მმართველი გუნდის პოლიტიკურ წნეხსა და დიქტატს განიცდიან“.
ამ დოკუმენტის ავტორებიდან დღეს „ქართულ ოცნებას“ აღარავინ წარმოადგენს. უფრო მეტიც – მათი უმრავლესობა ან ბიძინა ივანიშვილის მოსისხლე ოპონენტია, ან პოლიტიკას საერთოდ განრიდებული.
არადა, პროდასავლურ კოალიციას ამოფარებულ ივანიშვილს საკუთარი სკურილური განზრახვები დიდად არასოდეს დაუმალავს – ხან განზრახ, ხან წამოცდენით ლაპარაკობდა ამ თემებზე, მაგრამ ბოლო ჟამის სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმით გათანგული საზოგადოება ცვლილებისთვის იმდენად იყო მომწიფებული, რომ 2011 წელს არსაიდან გამოჩენილ ივანიშვილს წაუყრუა და ფორა მისცა. მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, მაშინ ის არ იყო მარტო – ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან როტაციას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც უჭერდნენ მხარს.
შუა უნდა გაიკრიფოს
ია ანთაძე „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობდა, როცა ივანიშვილისგან ინტერვიუზე შეთავაზება მიიღო. ოღონდ, რადიო არაფერ შუაში იყო, – როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბიძინამ, უბრალოდ, თავის მაშინდელ გარემოცვაში გაიკითხა – ამ ქვეყანაში ყველაზე კარგი ჟურნალისტი ვინ არისო და მაშინდელმა გარემოცვამ იასკენ მიასწავლა.
„ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე.
შუა უნდა გაიკრიფოს.
იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება.
მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ“, – უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ია ანთაძეს 2011 წლის ოქტომბერში.
რეალობა „ოცნების“ არჩევიდან 12 წლის შემდეგ
მედია
2012 წლის გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში ტელე-მედია დღევანდელობისთვის წარმოუდგენლად დიდ როლს თამაშობდა.
იმ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის სულ 15-17%-ს ჰქონდა სტაბილური ინტერნეტი, შესაბამისად, არ მიუწვდებოდათ ხელი დასავლური ფონდებიდან დაფინანსებულ კვალიფიციურ ონლაინ-გამოცემებზე, ნაციონალური ტელეარხები კი ერთ ხმაში და ერთი „ვიორსტკით“ მაუწყებლობდნენ.
ივანიშვილი ამ მედია-დილემას მაშინაც ფულით შეება: ხელახლა გახსნა 90-იანებში მიძინებული „მეცხრე არხი“ და „მაესტროს“ საინფორმაციო მაუწყებლობა ფინანსურად უზრუნველყო.
„მეცხრე არხი“, მისივე გადაწყვეტილებით, 2013 წლის აგვისტოში დაიხურა. „მაესტრო“, მფლობელებს შორის მრავალწლიანი დავიდარაბის შემდეგ, „იმედის“ ქოლგის ქვეშ ვეგეტირებს.
ივანიშვილის სამსახურშია „ოცნების“ ხელისუფლების პირველ წლებში ყველაზე მსხვილი კრიტიკული ტელევიზია „რუსთავი 2“. ტელეკომპანიის შინაარსი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძველ მფლობელსა და ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
სამოქალაქო სექტორი
2014 წლის 4 თებერვალს ბიძინა ივანიშვილისგან გავიგეთ, რატომ გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება.
„თავისუფალი მოქალაქეობაა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაც და ყველაზე დიდი ტვირთიც. სწორედ ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია „მოქალაქე“.
დღეს ივანიშვილის დაფუძნებული ა/ო „მოქალაქე“ საჯარო რეესტრში არ იძებნება.
მოგვიანებით ივანიშვილმა სხვა ექსპერიმენტის გამართვა გადაწყვიტა – შეკრიბა პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი, „საზოგადოება 2030“ დაარქვა და აცხადებდა, რომ მიკერძოებული და ანგაჟირებული არასამთავრობოების ნაცვლად ახალი, კომპეტენტური სპიკერების გამოზრდა სურდა.
ამ ექსპერიმენტისთვის პლატფორმად შექმნა ტელეკომპანია GDS. თავდაპირველად, ახალგამომცხვარ პოლიტიკურ ექსპერტებთან ერთად თვითონაც მონაწილეობდა საღამოობით გადაცემებში.
პირველივე გადაცემაში „ოცნების“ დამფუძნებელმა თქვა: „რა თქმა უნდა, იდეალური შეიძლება ვერაფერი ვერ იყოს, კრიტიკას დაექვემდებარება ალბათ ჩვენი გაკეთებული ანალიზი, ჩვენ მას ვუპასუხებთ. იშვიათი იქნება ალბათ შეცდომები. მე ვფიქრობ, რომ შეცდომების ალბათობა იქნება დაბალი, იმიტომ, რომ სხვადასხვა კვალიფიკაციის ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას ანალიზში, შიგნით ძალიან მკაცრად გაიფილტრება, თუმცა ეს არ არის 100%-იანი დაზღვევა იმისა, რომ ჩვენ გარკვეული ცდომილება მოგვივიდეს, რაზეც ჩვენ მომავალში მიგვანიშნებენ, მიგვითითებენ და შესაბამისად რეაქციას გავაკეთებთ“.
„ყველა გადაცემაში საჭიროების მიხედვით გამოვლენ ანალიტიკოსები. რაიმე განსაკუთრებული ხელმძღვანელი მათ არ სჭირდებათ და არც ჰყავთ. უბრალოდ, გადაცემის პროდიუსერები საჭიროების მიხედვით ეძახიან მათ, ვისაც საჭიროდ მიიჩნევენ. გადაცემაში მოწვეული ექსპერტები „საზოგადოება 20/30-ის“ წევრები არიან. მათი შერჩევა საერთო კონსენსუსის შედეგად მოხდა – ღამის საუბრებით, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეცნობოდნენ. ასევე ვიღაც ვიღაცაზე რეკომენდაციას გასცემს და ახალი ადამიანები ასე მოდიან. მათი შერჩევა და მოწვევა განუსაზღვრელი პროცესია და ეს წრე კიდევ ფართოვდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ და ამ საზოგადოების სახელით საუბრობენ. ორგანიზაციას გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, გადაცემებს კი პროდიუსერები უძღვებიან, ერთ–ერთი პროდიუსერი მე ვარ. ასევე, პროდიუსერია ვახო კომახიძე, აგერ გვერდზე მიზის და მუშაობს. ასევე ეკა შონია, ნოდარ ჭიჭინაძე“, – აცხადებდა მაშინ პროექტის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე.
ივანიშვილს ექსპერიმენტი მალევე მობეზრდა. მისი დაფრთიანებული ექსპერტების ნაწილი სამთავრობო მედიასაშუალებებში სპიკერობენ, ტელეკომპანია GDS კი „იმედის“ ჰოლდინგმა იყიდა და ახლა მხოლოდ გასართობი შინაარსით მაუწყებლობს.
თვითმმართველობა
„ჩვენი პარლამენტი და ჩვენი ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე, კანონზე. ეს მეტად რთული საკითხია. ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ, დარღვევისკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს… საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთი სახელმწიფო, ერთი ქვეყანა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, რეგიონები, ძლიერი იყო საქართველო. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული ჩვენს ხელისუფლებასთან. …მე დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ჩვენს პარლამენტს და ჩვენს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ვიჩქარებთ ამის მიღებას“, – იქადაგა პატრიარქმა ილია მეორემ 2013 წლის 4 დეკემბერს მცხეთის საკათედრო ტაძარში.
მას პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „საქართველო რომ არ იყო დეცენტრალიზებული და არ ჰქონდა თვითმმართველობა, ამან აგვაცილა სეპარატიზმი აფხაზეთსა და ცხინვალში? ასე რომ, ეს არასწორად დასმული კითხვაა, რომ თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი. სეპარატიზმს, სადმე გაქცევას და სადმე გამოყოფას აღვივებს სწორედ რა? – უუფლებობა; განცდა იმის, რომ ხარ დაჩაგრული, რომ არ გაქვს საშუალება შენი საკითხები თავადვე მოაგვარო“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს იმავე 4 დეკემბერს პატრიარქის ქადაგებამდე.
საკმაოდ გაბედული და საკუთარი პარტიის კონსერვატიული მსოფლხმედველობის გამო ერთგვარად მოულოდნელი განცხადება გააკეთა „ეროვნული ფორუმის” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ:
„რომელ სეპარატიზმზეა საუბარი? ვინ გამოეყოფა საქართველოს ერთი მითხარით? თუ ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, გადავავადებთ, რაღაცებს გადავაყოლებთ. მე გარწმუნებთ თქვენ, რომ სულ ცოტა სამი წლით გადავწევთ საქართველოს რეგიონების და ჩვენი სამშობლოს განვითარების პროცესის დასაწყისს“, – მიმართა მან საპარლამენტო ტრიბუნიდან თანაგუნდელებს პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას.
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მუქარანარევი რჩევა და პროექტიდან რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი დებულება ამოიღო:
ამგვარად, გუბერნატორი აღარ არის ანგარიშვალდებული ადგილზე არჩევით ინსტიტუტებთან და პირდაპირ ცენტრალურ მთავრობას ემორჩილება; არ დაკანონდა კოდექსის თავდაპირველ პროექტში ასახული ინიციატივა, რომლის თანახმადაც, სოფლებისა და ასევე ქალაქების უბნების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი, უნდა შექმნილიყო;
ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დამაზიანებელი მანკიერება კი, რაც „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თითქმის უცვლელად წამოიღო და გაამკაცრა კიდეც – თვითმმართველობის სუსთან თანამშრომლობაა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ქალაქების არჩეულ მერებს ახლაც დანიშნული გუბერნატორები მართავენ, თავად გუბერნატორები კი – სუსისგან იმართება.
ამ შეკრულ წრეს ხელისუფლება არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისთვის იყენებს.
სულ ბოლოს უკვე კარგად შეთამაშებული მექანიზმი „ოცნებას“ 29 აპრილის პროპაგანდისტული მიტინგის ორგანიზებაში დაეხმარა.
ივანიშვილის შეუსრულებადი მისია – ევროკავშირის წევრობა
რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს ივანიშვილმა მიმართა:
„ქართულ ოცნებას“ დღეს რეალური რეიტინგი 60%-მდე აქვს და არა ის, რასაც ეს ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია – ამაზეც აქცენტი კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაში, რომ მე ამისთვის არ მოვედი – მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი. 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს აუცილებლად და გავყვებით იმ ხაზს, რომელსაც 2012 წლიდან მივყვებით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, მანამდე რაც იყო. ამ ხაზს და მიმართულებას გავაგრძელებთ“.
ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირში უმაღლესი თანამდებობის ლამის ყველა წევრმა რიტორიკა გაამწვავა. ერთობლივი ტექსტი გაავრცელეს ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა. ესტონეთის პარლამენტმა „ოცნების“ საგარეო პოლიტიკის დამგმობი რეზოლუცია მიიღო. ყველა ევროპელი პოლიტიკური მოთამაშე ფაქტობრივად გამორიცხავს ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროკავშირში წარმატებულ ინტეგრაციას.
მთავარმა და ძლევამოსილმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა ხელისუფლების წევრებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა.
ჯერჯერობით რთულია დანამდვილებით ვთქვათ, ივანიშვილი სრულიადაა გაუცხოებული რეალობისგან თუ დასავლეთთან ურთიერთობაში რაიმე გეგმას მიყვება და ვა-ბანკზე მიდის.
„რუსული კანონის“ მიღებით, რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის – ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ჩაბარებითა და ირანთან დაახლოების ტენდენციით საქართველომ პირველად, მეორე ქართული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე, დასავლური ვექტორიდან მკვეთრად გადაუხვია.
ეს არ იყო მისია, რომლის შესასრულებლადაც 2012 წელს ქვეყნის მოქალაქეებმა ივანიშვილის მიერ შეკრული კოალიცია აირჩიეს. ოქტომბერში მორიგი საეტაპო არჩევნებია, პოლიტიკური პროცესის ლოგიკით – ივანიშვილის თვითგამოცხადებული მესიობის დასასრულის დასაწყისი.