ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლისა და ქვეყნის თალიბანის ხელში გადასვლის პროცესს საქართველოში განსაკუთრებული დრამატიზმით აღიქვამენ. უმრავლესობა ამას ნეგატიურად უყურებს.
მართლაცდა, სტრატეგიული პარტნიორი გავიდა ქვეყნიდან, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, 20 წელი და არნახული რესურსი შესწირა. რას უნდა ელოდოს ამის მერე საქართველოსნაირი ქვეყანა?
პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოსა და ავღანეთს შორის პარალელის გავლება არც ისე ლოგიკურია. და საერთოდაც, ავღანეთთან რომელიმე ქვეყნის შედარება არანაირად არ ჯდება ლოგიკაში. ავღანეთი იმპერიათა სასაფლაოდაა ცნობილი, სადაც ვერავინ იკიდებს ფეხს. თავის დროზე ეს თავის თავზე გამოცადა ბრიტანეთმა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა. ამ უკანასკნელის დაშლაში სწორედ ავღანეთმა ითამაშა დიდი როლი, თუმცა, ამავე დროს, სწორედ საბჭოთა ინტერვენციას მოჰყვა ავღანეთში ისლამის რადიკალიზაცია, რის შედეგებსაც დღემდე იმკის მსოფლიო.
ამერიკა ავღანეთში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შევიდა. დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ აჯობებდა, ამერიკელებს ალ-ქაიდას ბაზების განადგურებისთანავე დაეტოვებინათ იქაურობა, მაგრამ მაშინ ვაშინგტონიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. ამერიკა თავისი ძლიერების პიკზე იდგა (რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შოკიდან კვლავაც არ გამოსულიყო, ჩინეთი კი კვლავაც ჩამორჩენილ ქვეყანას ჰგავდა), პრეზიდენტ ბუშს კი ე.წ. ნეოკონსერვატორები ეხვივნენ თავს, რომლებიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებაზე ოცნებობდნენ.
ამერიკელები ავღანეთში დარჩნენ. თუკი მათ შეძლეს გერმანიისა და იაპონიის დემოკრატიზაცია, რატომ ვერ შეძლებდნენ ავღანეთის (და ერაყის) დემოკრატიზაციას. მართალია, იაპონიისა და, მით უმეტეს, გერმანიის ავღანეთთან შედარება, ისევ და ისევ, ლოგიკაში რთულად ჯდებოდა, მაგრამ 2001 წელს ამერიკა არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ თითქმის ყველას თვალში ყოვლისშემძლედ მოჩანდა – კოლონიიდან ზესახელმწიფომდე აღზევებული ერი, რომელმაც ჯერ ორი მსოფლიო ომი, შემდეგ კი ცივი ომიც მოიგო.
გავიდა დრო და ცხადი გახდა, რომ ავღანეთში ყოფნამ ამერიკისათვის კარგი არაფერი მოიტანა. დემოკრატიის მშენებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ის კი არა, ქვეყანაში მშვიდობაც კი ვერ დამყარდა. ავღანეთი, რეალურად, მეორე ვიეტნამად იქცა და, შესაბამისად, რაც უფრო მალე გავიდოდა ამერიკა იქიდან, მით უკეთესი მისთვის. როგორც იტყვიან, დაუსრულებელ საშინელებას საშინელი დასასრული სჯობს.
მაგრამ ზესახელმწიფოსათვის გამოსვლა შესვლაზე უფრო რთულია. გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ნებისმიერი მთავრობისათვის მეტად დამაზიანებელი იქნებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ გასვლაზე პირველად ტრამპი ალაპარაკდა – თავისი როყიოობით ცნობილი, ყველაზე არატიპური და არასისტემური პრეზიდენტი. ალბათ, გავიდოდა კიდეც, მეორე ვადითაც რომ აერჩიათ. პირველი ვადის დროს იგი ბოლომდე თავისუფალი არ ყოფილა თავის ქმედებებში.
ახლა კი ბაიდენს ელის კრიტიკის არნახული ნიაღვარი იმის გამო, რომ მან გაბედა ის, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბაიდენისათვის, ალბათ, შოკი იყო ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი ავღანური ჯარების თალიბთა მხარეს გადასვლა. მას აშკარად იმის იმედი ჰქონდა, რომ ეს ჯარები რამდენიმე თვე მაინც შეაკავებდნენ თალიბანს და ამერიკელთა გასვლას ნაკლებად მტკივნეულად აქცევდნენ, მაგრამ… არ არის ავღანეთი არც იაპონია და, მით უმეტეს, არც გერმანია.
რა იქნება ამის შემდეგ? ამის შემდეგ ავღანეთი რუსეთისა და ჩინეთის თავსატეხად იქცევა. განსხვავებით ამერიკისგან, ორივენი ახლოს არიან და ორივეს ტერიტორიაზე უამრავი მუსლიმი ცხოვრობს. ჩინელების მხრიდან გაისმის, რომ ისინი ავღანეთში ცხვირის შეყოფას (და სხვების შეცდომის გამეორებას) არ აპირებენ. ვნახოთ, – ასე ხომ არც საბჭოთა კავშირი აპირებდა თავიდან იქ შესვლას. რაც შეეხება რუსებს, ისინი აშკარად ცდილობენ, თალიბანთან საერთო ენა გამოძებნონ. ამას ადასტურებს ის ფაქტები, რომ ქაბულიდან საელჩოს ევაკუაცია არ მოუხდენიათ და ასევე მათი განცხადება, რომ მზად არიან, „ავღანეთის დროებით მთავრობასთან“ ითანამშრომლონ. აქაც ვნახოთ. როგორ გამოდის ავღანეთთან თანამშრომლობა, ეს ჯერ კიდევ ინგლისელებმა იწვნიეს 1840-იანებში.
აშკარაა, რომ არც მოსკოვში და არც პეკინში ამერიკელთა გასვლას არ ზეიმობენ. აქამდე ამერიკა ხომ მათ ნაცვლად ასრულებდა შავ სამუშაოს ავღანეთში. დღეს თუ არა ხვალ თალიბები შუა აზიას დაადგამენ თვალს, იქიდან კი რუსეთი არც ისე შორსაა.
ავღანეთიდან გასვლის შემდეგ კი ამერიკას უდიდესი რესურსი გამოუთავისუფლდება, რაც საქართველოსნაირი ქვეყნისათვის ცუდი ნამდვილად არ არის. საერთოდაც, რომ არა ავღანეთი და ერაყი, ამერიკა ახლა კიდევ უფრო ძლიერი და გავლენიანი იქნებოდა, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.