Mooz-Art ფესტივალი ჟან-პოლ სარტრის „ღია ჯოჯოხეთით“ დასრულდა, რომელიც ამბასადორი კაჭრეთის საცხენოსნო მანეჟზე გათამაშდა.
ციფრული თეატრალური ფესტივალი, რომელიც ამბასადორი კაჭრეთის ეზოში, ღია ცის ქვეშ 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორ გიორგი ჩალაძის სპექტაკლით – No Exit (ჟან-პოლ სარტის ამ პიესას თეატრალები უფრო სახელწოდებით „ცხრაკლიტური“ იცნობენ), გასულ კვირას დასრულდა. ვიდრე სპექტაკლის შესახებ შთაბეჭდილებებს გაგიზარებთ, ფესტივალის გამარჯვებულებს გაგაცნობთ:
საუკეთესო რეჟისორი – გიორგი ჩალაძე.
საუკეთესო მხატვარ-სცენოგრაფი – თეო კუხიანიაძე („უბედურება“),
საუკეთესო მსახიობი ქალი – თამარ მამულაშვილი (“No Exit”),
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ირაკლი გოგოლაძე („ორთა ბოდვა“),
საუკეთესო ეპიზოდური როლი – ხათუნა ბერძენიშვილი („უბედურება“),
საუკეთესო ეპიზოდური როლი – ნიკა ფაიქრიძე („უბედურება“),
„მაყურებლის ხმა“, საუკეთესო სპექტაკლი – „უბედურება“.
პანდემიური „თეატრალური ლანდშაფტი“ ამბასადორი კაჭრეთის ღია სივრცეში, ახალგაზრდა რეჟისორებისათვის ერთგვარ გამოცდასაც ჰგავდა და მათი შესაძლებლობების, წარმოსახვისა და გარემოსადმი ადაპტაციის შემოწმებას. ცხადია, წარმოდგენილი სპექტაკლები რეჟისორებს, მსახიობებს და მაყურებელსაც (რომელიც სხვათა შორის, სანიმუშოდ იცავდა დისტანციას ღია სივრცეში) ახალი აღმოჩენებისა და შეგრძნებებისაკენ უბიძგებდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც არამხოლოდ თეატრისათვის, სრულიად უჩვეულო ვითარება შეიქმნა: პანდემიამ ცარიელი დარბაზები ლამის გაყინულ დეკორაციად აქცია, ხოლო რუტინული რეპეტიციები – გამოუცნობ, უშედეგო და ამაო გარჯად.
ახალი რეალობის გათვალისწინებით, რეჟისორებმა, მსახიობებმა თუ მხატვრებმა ახალი თამაშის წესების შესწავლა-ათვისება წარმატებით დაიწყეს. Mooz-Art Festival-ისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთობლივი ძალისხმევით (რომელიც ამ ფესტივალის თანადამაარსებელიცაა), მაყურებელს სრულიად უჩვეულო ფორმისა და ერთმანეთისგან განსხვავებული სპექტაკლების ნახვა შეეძლო. წარმოდგენების დიაპაზონი ისევე ფართო იყო, როგორც ამბასადორი კაჭრეთის უზარმაზარი სივრცე – დავით კლდიაშვილით დაწყებული, სარა კეინითა და ჟან-პოლ სარტრით დამთავრებული.
სწორედ სარტრის პიესით „No Exit” დასრულდა Mooz-Art ფესტივალი, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჩალაძემ დადგა და რომელიც კაჭრეთის ღია საცხენოსნო მანეჟზე იყო წარმოდგენილი. ჟურნალისტი გარსენი (ნიკა ჩხაიძე) ფოსტის თანამშრომელი ინესი (თამარ მამულაშვილი) და მდიდარი ახალგაზრდა ქალი ესტელი (ხატია მელქაძე) სიკვდილის შემდეგ დახშულ სივრცეში – ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან.
გარსენი ხუთი წლის განმავლობაში ცოლზე ძალადობდა და კრიტიკულ სიტუაციაში იგი საბოლოოდ გაწირა. ცინიკოსმა და გონებამახვილმა ინესმა ლესბოსური ვნებით მოხიბლა მეგობარი გოგონა, რომელმაც თავი მოიკლა, ხოლო თავად ინესი გაზით გაიგუდა. ლამაზი და მაცდუნებელი ესტელი ქმარს წლების განმავლობაში ატყუებდა, ხოლო შვილი საყვარლის გამო მოკლა…
რეალურად, სარტრი პერსონაჟთა პრეისტორიებით უკვე ჯოჯოხეთს აღწერს, რადგან სამივე საკუთარი თავის შესახებ სიმართლეს მალავს და მხოლოდ სხვების დათრგუნვითა და განადგურების სურვილითაა შეპყრობილი. ისინი მალევე აცნობიერებენ, რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა სწორედ ორმხრივ ტყუილშია. მათ არ შეუძლიათ არც აღიარება, არც ერთმანეთის დატოვება, არც შურისძიება, რადგან უკვე გარდაცვლილი არიან. შესაბამისად, სიმართლის დადგენა, ანუ სარტრის თქმით, „სხვისი წამება” სამუდამოდ გაგრძელდება… „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“ – ამბობს გარსენი, თუმცა ჯოჯოხეთი ცოტათი ჩვენც ვართ, რადგან მუდმივად საკუთარი თავის შელამაზებასა და სხვების განადგურებას ვცდილობთ.
ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის. გარკვეული დროის განმავლობაში პერსონაჟებს შეუძლიათ იმის დანახვა, თუ რა ხდება დედამიწაზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი სიკვდილთან დაკავშირებული მოვლენები ამოიწურება, ისინი სამყაროს დანახვისა და შეგრძნების უნარს კარგავენ: სამუდამოდ რჩებიან ამ მკრთალი „ნეონის ჯოჯოხეთში“; ცალ-ცალკე თუ ერთად, ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად.
სარტრის ეგზისტენციური ფილოსოფიით გაჯერებული და საკმაოდ ვრცელი პიესა რეჟისორს დაახლოებით 70 წუთამდე აქვს შემოკლებული, ხოლო პერსონაჟების მონოლოგებს მონტაჟურად და დინამიურად ანაცვლებს პარალელური „დაკითხვის“ სცენებით. სამივე მსახიობი ბოლომდე იხარჯება, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, თუმცა თამარ მამულაშვილის ინესი მაინც გამორჩეული აქტიორული ნამუშევარია მთელი საფესტივალო პროგრამის ფონზეც. მტანჯველი და ტანჯული, ცნობიერი და ირონიული, ვნებიანი და ოდნავ პათოლოგიური ინესი სარტრის ჯოჯოხეთური ტრიოს ყველაზე პირქუში და საშიში ხმაა. მუდმივი ტანჯვისა და, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთურ-ინფერნალური ცეცხლის მუდმივი ალიც. ბუნებრივიცაა. რომ სწორედ თამარ მამულაშვილმა დაიმსახურა ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული.
Mooz-Art ფესტივალი კარგი სტიმული აღმოჩნდა ახალგაზრდა რეჟისორების, მსახიობებისა და მხატვარ-სცენოგრაფებისათვის, რომლებმაც პანდემიის პირობებში შემოქმედებითი კონცენტრაცია მაინც მოახერხეს. გარდა ამისა, ამბასადორი კაჭრეთის სივრცე შესანიშნავი მიზეზია, რომ ფესტივალი მომდევნო წელს კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფერივანი გახდეს. რეჟისორები კი დროს არ დაელოდონ და აღმოჩენები, ექსპერიმენტები და გამოცდილება გაბედული შემოქმედების ენაზე თარგმნონ.