ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი ტრიუმფი კარმენის პარტიაში… ამჯერად, ვენის „შტატსოპერაში“.
როდესაც სამიოდე დღის წინ ავსტრიის მთავარი ტელეარხი ORF ვენის „შტატსოპრიდან” პირდაპირ ეთერში ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით ოპერა „კარმენს“ გადმოსცემდა, უმთავრესი შეგრძნება მუსიკალურ პერფექციონიზმთან ერთად, ცხადია, სიამაყის შეგრძნებაც იყო.
საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მეცო–სოპრანოს ხმა, თითქოს მხურვალე მზით გამთბარი, მსუყე ფორტეთი, ლირიკული პიანოებითა და ვნებით სავსე, უკვე მერამდენედ მიგვიძღვებოდა ბიზეს გენიალური მუსიკისკენ, რომელმაც მისი ცხოვრება და კარიერა 2009 წლის შემდეგ რადიკალურად შეცვალა.
სწორედ 2009 წლის 7 დეკემბერს, როდესაც ტრადიციულად იხსნება სეზონი მილანის „ლა სკალაში“, ვიხილეთ ანიტა რაჭველიშვილის ბრწყინვალე დებიუტი ამ სახელოვანი ოპერის სცენაზე… ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მომღერალმა „სკალას“ სეზონის გახსნაზე იმღერა. ახალგაზრდა მეცო–სოპრანოს „კარმენის“ პარტიაში პარტნიორობას მსოფლიოში ცნობილი გერმანელ ტენორი, იონას კაუფმანი (დონ ხოზე) უწევდა. სადირიჟორო პულტთან მაესტრო დანიელ ბარენბოიმი იდგა, რომელმაც მას დიდი საოპერო სამყაროს კარი გაუღო, ხოლო კარიერის დასაწყისში უარღესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ანიტა რაჭველიშვილმა კარმენი 12-წლიან კარიერაში ყველა სხვა პარტიაზე მეტჯერ იმღერა, ხოლო მისი შესრულების შემდეგ „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე, „ნიუ–იორკ ტაიმსმა“ ის ანა მანიანისაც კი შეადარა. ვენის „შტატსოპერის“ ახალ დადგმაში ანიტა რაშველიშვილი კარმენის სხვა შესრულების ხარისხსა და თამაშის მანერას გვაზიარებს. აქამდე უცნობი რამდენი ობერტონი, ფერი, მოქნილობა, სილბო, ელვარება, სიანცე თუ ეროტიზმი გაჩნდა მის ხმასა თუ საშემსრულებლო მანერაში.
ანიტას საოცარი მოცულობისა და სიმსუყის ხმა, რომელიც ადრე უფრო „მწიფე“გემოთი გამოირჩეოდა, ახლა უკვე „კენკროვანი“, არომატული და ერთდროულად, მომწკლარტო–მოტკბოც გახდა, როგორც თავად კარმენის ხასიათია – ამბივალენტური ბუნებისა თუ ცვალებადი „გემოსი“. სწორედ კარმენის როლით დაიწყო ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი მსოფლიოს საოპერო სცენებზე, რომელიც დღესაც გრძელდება: ნიუ–იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა, ბერლინის „დოიჩე ოპერა“ მიუნხენის ბავარიის სახელმწიფო ოპერა, პარიზის ოპერა „ბასტილი“, ლონდონის „კოვენტ გარდენი“ სიეტლის ოპერა, სან–ფრანცისკოს ოპერა, ჩიკაგოს „ლირიკ ოპერა“, რომის საოპერო თეატრი… ზალცბურგის საოპერო ფესტივალი თუ „არენა დი ვერონა“.
„კარმენი“ ვენის ოპერაში ცნობილი ესპანელი რეჟისორის, კალიქსო ბიეიტოს დადგმით ვიხილეთ. სხვათა შორის, ანიტა რაჭველიშვილის მსგავსად, მისი წარმატებული კარიერაც „კარმენს“ უკავშირება, როდესაც ეს ოპერა 1999 წელს ესპანეთში, კასტელ დე პერალადას მუსიკალურ ფესტივალზე დადგა. მას შემდეგ მისი რადიკალიზმით აღბეჭდილი, სოციალურად აქტუალური და სიახლეებით გამორჩეული საოპერო რეჟისურა დიდი წარმატებით სარგებლობს მთელს ევროპასა და ამერიკაში. არ დარჩენილა არცერთი ცნობილი სცენა მსოფლიოში, სადაც ბიეიტოს საოპერო სპექტაკლი არ დაედგა. ხშირად მისი დადგმების „კოპირებას“ (რაც უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა საოპერო ცხოვრებაში) არ ერიდებიან ყველაზე სახელოვანი თეატრებიც, როგორც, მაგალითად, „კარმენის“ შემთხვევაში.
ბარსელონის ოპერაში, 2012 -2013 წლების სეზონში დადგმულმა მისმა „კარმენმა“, მართლაც მთელი მსოფლიო მოიარა. მას შემდეგ ბიეტომ რამდენჯერმე შეასწორა და დახვეწა ეს ცნობილი დადგმა, რომელიც სიამოვნებით ინათხოვრეს, ლონდონში, პარიზში (ოპერა „ბასტილში“ ამავე დადგმაში, 2019 წელს, ანიტა რაჭველიშვილმა უკვე იმღერა) და ახლა უკვე ვენაში. კარმენი 70-იანი წლების „მერსედესების“ თანხლებით.
რეჟისორის კონცეფციით კარმენი არ არის უბრალოდ მამაკაცური ფანტაზია მაცდური ქალის თემაზე, ან თუ გნებავთ მოდური ემანსიპაციის სიმბოლო. ის ყველაზე ცოცხალი, ვნებიანი, წინააღმდეგობრივი, მოულოდნელი და ფეთქებადსაშიში პერსონაჟია ამ დადგმაში, რაც გარკვეულ სირთულეს უქმნის მთავარი პარტიის შემსრულებელს. ის სრულად შეგნებულად გაურბის გაცვეთილი ესპანური კლიშეების ჩამონათვალს: ხმაურიან და მყვირალა ბოშებს, ცეკვებით გატაცება–აქცენტირებას, სასიყვარულო ცდუნების ჩვენებას, დონ ხოზესა და ესკამილიოს დანებით შებრძოლებას…
და მართლაც, კალიქსო ბიეიტოს „კარმენი“ უფრო გენერალ ფრანკოს ეპოქისა და 70-იანი წლების ესპანეთის სოციალურ–პოლიტიკური სურათია და არაფერი აქვს საერთო მეცხრამეტე საუკუნის საოპერო ეგზოტიკასთან.
კალისტო ბიეიტო: „კარმენი სპეციფიკური პერსონაჟია, ისევე როგორც დონ ხოსე. მისი ისტორია გულისხმობს მრავალი წინააღმდეგობის დაძლევას, პიროვნების ბნელი და ნათელი ასპექტების ხაზგასმას. ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა კარმენის ფატალურ ქალად დანახვა. ის სირთულეებით გამორჩეული, წინააღმდეგობრივი ადამიანია და მრავალსახოვანიც, რომელსაც ბიზე ბრწყინვალე მუსიკალური დახასიათებით აჯილდოვებს“.
უდაბნოს ლანდშაფტი, ჩამავალი მზე თითქმის ცარიელ სცენაზე და ერთადერთი დახატული ხარის სილუეტი, რომელსაც უზარმაზარი სცენის ბოლოში პროექციით ვხედავთ, უფრო ეპიკური ხედვისკენ გვიბიძგებს. თუმცა მომდევნო სცენებში რეჟისურა მკვეთრად სოციალური და „ექშენით“ დატვირთული ხება, როდესაც კარმენის მეგობრები და მათი საყვარლები 70-იანი წლების „მერსედესის“ ფონზე აცეკვდებიან თუ ამღერდებიან.
კარმენს საინტერესო ვოკალისტი მამაკაცების გარემოცვაში ვუსმენთ და ვხედავთ. დონ ხოსეს შესანიშნავი პოლონელი ტენორი, პიოტრ ბეცალა მღერის, რომელიც იონას კაუფმანის შემდეგ, დღეს ერთ–ერთი საუკეთესოა ამ პარტიაში. ესკამილიოს – გერმანული წარმოშობის ურუგვაელი ბარიტონი, ქარიზმით, გარეგნობითა და არტისტიზმით გამორჩეული ერვინ შრიოტი (ანა ნეტრებკოს ყოფილი მეუღლე). აღსანიშნავია ასევე, ახალგაზრდა რუსი სოპრანოს, ოლგა კულჩინსკაიას დებიუტიც მიქაელას პარტიაში.
და მაინც, ამ პერფექციონისტული რეჟისორული ნამუშევრისა და შესანიშნავი ვოკალისტების ფონზე, გამორჩეულია ვენის საოპერო სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი, ვოკალური თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, შინაგანი სიძლიერითა და ვნებით სავსე კარმენი – ანიტა რაჭველიშვილი. დღვანდელი ჭირვეული და სწრაფად ცვალებადი საოპერო სივრცის ნამდვილი ვარსკვლავი, ჩვენი კულტურისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საამაყო ადამიანი.