„ზამთრის ღამის კოშმარი“, „საშინელი უხერხულობა“ – ეს გერმანული პრესის სათაურებია. ბუნდესნაკრები სახლში ბრუნდება. ზედიზედ მეორე მუნდიალზე გერმანია ჯგუფში ჩარჩა.
ბოლო ორი წინადადების შემდეგ, უხერხულობა მეც კი ვიგრძენი. ფლიკის გუნდმა კოსტა–რიკას კი მოუგო, თუმცა, ჯგუფის მეორე, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, იაპონიამ უშნოდ მოთამაშე ესპანეთს საოცარი მეორე ტაიმი შესთავაზა; ერთის საპასუხოდ ორი გოლი გაუტანა და საპატიო პირველი ადგილით ჯგუფიდან გავიდა. ის კი არა, იაპონელებისა და კოსტა–რიკელების დამსახურებით მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ რაღაც დროს, ესპანეთიც ჯგუფში ჩარჩენის რისკის ქვეშ იდგა.
აქვე, მადლობა კოსტა–რიკას საოცარი ბრძოლისა და მუნდიალის პატივისცემისთვის. აი, ასე. დრამა ისევე უხდება ფეხბურთს, როგორც დღესასწაული.
ნოიერის მხარზე იტირა ჯამალ მუსიალამ, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ 19 წლის ტალანტმა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ფლიკის შეკრებილ ფეხბურთელებს შორის. მუსიალას ევრო 2024-ზე, გერმანიაში ვნახავთ და ყველანაირი ლოგიკით, ის უკვე ნაკრების ლიდერად უნდა მოგვევლინოს.
რა უსახურადაც დაიწყო, ისე დაასრულა ბელგიის ნაკრებმა. პოსტი დატოვა რობერტო მარტინესმა. ბევრი იწერებოდა გუნდში არსებულ კონფლიქტზე და ფეხბურთელები ამას, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყოფდნენ. თუმცა, თავიდანვე შეგვექმნა შთაბეჭდილება, თითქოს სხვა გზა არ ჰქონდათ ბელგიელ ფეხბურთელებს და იმიტომ თამაშობდნენ ერთად.
ბოლო თამაშიც ასეთი ხასიათის იყო; გეგონებოდათ, სახლში ეჩქარებოდათ. ჰოდა, წავიდნენ კიდეც. მაშ, მშვიდობით, ბელგიის „ოქროს თაობავ“, რომელიც დრომ და გარემოებამ იაფფასიან ლითონად აქცია.
ერთიც ვთქვათ წასულებზე და მერე დარჩენილებზე გადავიდეთ.
უსახელოდ დატოვა კატარის ცხელი მიწა დანიის თითქოს სიმპათიურმა ნაკრებმა. დაგვემშვიდობა მექსიკა და მექსიკის ნაკრებს კი, მთავარი მწვრთნელი – ტატა მარტინო. კანადა – ერთი ტაიმის გუნდი, შეუდარებელი ალფონსო დევისითა და რეაქტიული გარემარბებით. ცრემლებით წავიდა ლუის სუარესი და ალბათ, ასე დასრულდა „მკბენარა კიჭას“ მუნდიალებზე მოგზაურობა.
ურუგვაის ნაკრებმა განას დე არასკაეტას დუბლით კი მოუგო, თუმცა, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, ჩვენი და სხვა კიმების კორეამ პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფიდან აზიელები გავიდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ, ურუგვაელებმა გერმანელი მსაჯი კინაღამ ცოცხლად შეჭამეს, კავანიმ VAR-ის ეკრანი დალეწა, მაგრამ ალბათ სჯობს, ურუგვაელებმა პრობლემები საკუთარ თავში ეძებონ, საქმე აქამდე რომ მიიყვანეს.
True Lion Never Dies
ქება და დიდება სენეგალს. აფრიკელებმა ისტორიაში მეორედ დაძლიეს ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურში, ეკვადორთან გამარჯვება სენეგალელებმა პაპა ბუბა დიოპს მიუძღვნეს, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიოპი – ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და სენეგალელთა გმირი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
გუნდის სული ახლა კალიდუ კულიბალია. მიუხედავად იმისა, რომ 1/8 ფინალში სენეგალი ინგლისს ეჯახება (ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით), მათ უნდა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. „მანეს გარეშეც ლომები არიან. ეს მსოფლიოს ჩემპიონატია – დიდი ოცნებების უნდა გვჯეროდეს“ – ამბობენ ამაყი სენეგალელები. მართალიცაა. მუნდიალის მაგიას ყველანაირი სასწაულის მოხდენა შეუძლია და 2002 წელს, სენეგალელებმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.
და მაროკო! ვალიდ რეგრაგის რკინისმკვნეტელი გუნდი ჯგუფიდან პლეი–ოფში პირველი ადგილით გავიდა. 7 ქულა – ეს აქამდე არც ერთ აფრიკულ ნაკრებს არ გაუკეთებია. მაროკო საჩუქარი არავისთვისაა და ალბათ, არც ლუის ენრიკე ელის მათთან იოლ თამაშს.
ყველაზე „უჩინარი“ გუნდი, ვან გაალის ნიდერლანდები. „ნარინჯისფერები“ ისე გავიდნენ პლეი–ოფში, ძალიან ვცდილობ, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ მათი თამაშიდან. პრესა ნიდერლანდებს ხარისხს უწუნებს და ამაზე ლუის ვან გაალი ძალიან ბრაზობს. მის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის ამაღლებულ განწყობაზე მყოფ ამერიკელებთან. მერვედფინალურ ეტაპს, სწორედ, ამ გუნდების დაპირისპირება გახსნის.
ფიფას აკრიტიკებენ არგენტინისა და ავსტრალიის ნაკრებები, რომლებიც დღეს, გვიან ღამით ითამაშებენ. პლეი–ოფის მონაწილე გუნდებს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიდან 3 დღეში უწევთ თამაში.
„ ეს არანორმალურია, მართლა არ მესმის“ – ამბობს სკალონი.
„როგორ შეიძლება ფიფა ამას უმაღლესი რანგის ტურნირზე აკეთებდეს? ფეხბურთელებს სჭირდებათ აღდგენა, აღდგენა და კიდევ აღდგენა! ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ და დასვენება გვჭირდება“ – აღშფოთებულები არიან ავსტრალიელთა ბანაკში.
რას ზეიმობენ ირანში?
იმღერეთ ჰიმნი, არ გამოხატოთ პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ – მორიგი მუქარა მიიღეს ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა აშშ–სთან გადამწყვეტი მატჩის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანში მყოფ მათი ოჯახის წევრებს დაპატიმრება და წამება ელოდათ. მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, რა ხდებოდა ირანელი ფეხბურთელების გულებში, როცა ისლამური რესპუბლიკის ჰიმნს მღეროდნენ.
ამერიკამ პულიშიჩის ერთადერთი გოლით მოიგო. კარლუშ კეირუშმა ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მატჩის შემდეგ, ირანის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრანტები გამოვიდნენ და მარცხს ხმაურიანად ზეიმობდნენ. ამერიკა მოგებას ზეიმობდა, ირანი – მარცხს.
ტვიტერზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა დემონსტრანტების პოსტები: „ირანი არის ქვეყანა, სადაც ხალხი უზომოდაა ფეხბურთზე შეყვარებული. ახლა, ეს ხალხი ქუჩაშია და თავისი გუნდის მარცხს ზეიმობს.
ჩვენ არ გვინდა მთავრობა, რომელიც სპორტს თავისი მკვლელი რეჟიმის ნორმალიზებისთვის იყენებს“.
ქალაქ ბანდარ აზალში კი, უშიშროების ძალებმა 27 წლის მეჰრან სამაკი საკუთარ მანქანაში მოკლეს. დამიზნებით ესროლეს მაშინ, როცა ახალგაზრდა გაბმული სიგნალით უერთდებოდა დემონსტრანტებს.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ირანის ნაკრების ნახევარმცველმა – საიდ ეზათოლაჰმა, რომელიც ბანდარ აზალიდანაა, ინსტაგრამზე დაპოსტა ბავშვობის ფოტო, სადაც მოკლულ მეჰრანთან ერთადაა აღბეჭდილი, ბავშვთა საფეხბურთო გუნდში.
ეზათოლაჰს კომენტარი არ გაუკეთებია ბავშვობის მეგობრის მკვლელობის გარემოებებზე, თუმცა, ასეთი რამ თქვა: „ერთ დღესაც ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება და სიმართლე გამოაშკარავდება. ეს ის არაა, რაც ჩვენმა ახალგაზრდობამ დაიმსახურა. ეს ის არაა, რაც ჩვენმა ერმა დაიმსახურა“.
ისტორიული სტეფანი!
სტეფანი ფრაპარი – ეს სახელი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთისა და მუნდიალების ისტორიაში. ქალთა სამსაჯო ბრიგადამ მამაკაცთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი პირველად იმსაჯა და თან, ძალიან პრინციპული მატჩი გერმანიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის. ფრანგ სტეფანი ფრაპარს ბრაზილიელი ნეუზა ბეკი და მექსიკელი კარენ დიასი ეხმარებოდნენ.
სტეფანი მამაკაცთა ფეხბურთშიც უკვე გამოცდილი არბიტრია. 2019 წელს, მან უეფას სუპერთასი იმსაჯა (ლივერპული Vs ჩელსი); იმუშავა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე და საფრანგეთის თასის ფინალზე.
შესაძლოა, გერმანიის ფიასკომ და სპორტულმა შედეგმა ეს ფაქტი ბევრისთვის გააუფერულა, თუმცა არა მათთვის, ვინც წლების განმავლობაში შრომობს და იბრძვის სპორტში გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად. სამუშაო კი, ძალიან ბევრია, რადგან მუნდიალზე, მამაკაცთა „შეურყვნელ“ სამყაროში ქალი არბიტრის გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელებში კვლავ უამრავი სექსისტური „მარგალიტი“ წავიკითხეთ.
ფაქტი ფაქტად რჩება – სტეფანი ფრაპარმა ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა და სპორტში ქალთა მოძრაობას ეს აუცილებლად გააძლიერებს.