არაფერი ისე ნათლად არ სიმბოლიზირებს ძამის ხეობაში მიმდინარე პროცესის არსს, როგორც „კეთილგონიერი ავაზაკის“ სახელობის ტაძარი – როგორც კომპლექსში შემავალი ბერთა საცხოვრისის სრულიად უგემოვნო, არატრადიციული, რუსული არქიტექტურითა და მდებარეობით, ასევე არსებული მდგომარეობის უდიდესი შეუსაბამობით სახელდებულ იდეალთან.
მაინც რა არის ის მთავარი აცდენები, რომელთაც გარდასახვის მაძიებელი, გზააბნეული ადამიანები უარეს სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს ან, სულაც, ახალი დონის კრიმინალურ კარიერას აწყებინებს?
მოქცევა თუ გაქცევა?
ქრისტიანული მოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეზაა, რომ არანაირ ცოდვას არ შეუძლია, წარხოცოს ადამიანში უფლის ხატება და მსგავსება (შესქ.1,26).
აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია, კვლავ აამოქმედოს უფლის ბოძებული თავისუფალი არჩევანის უნარი, შესაბამისად, შეცვალოს თავისი თავი, ცხოვრება და გარემოც კი.
თუ როგორ შეიძლება, ეს მოსაზრება პრაქტიკაში განხორციელდეს, კულტუროლოგიური თვალსაზრისით, ორ მნიშვნელოვან ფენომენს უკავშირდება. პირველი არის ჯერ კიდევ შუმერებიდან წამოსული წარმოდგენა, რომ საკუთარი ალაგის დატოვება, წასვლა, ხეტიალისას გარესამყაროს განაზრება და მრავლის ნახვა, აუცილებლად შეცვლის ადამიანს შინაგანად.
„მსხემობა“ – ებრ. თეშუბაჰ (תְּשׁוּבָה) – ძველ აღთქმაში იქცა აბრაამის შთამომავლების, საღვთო ერის (გალ 3,29) მიერ განვლილი გზის სიმბოლოდ და მაგალითად, რომელსაც შეიძლება, ყველამ პიროვნულადაც მიბაძოს. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ამ წარმოდგენის არსში ძევს სათუთად განცდადი თვითგანსაზღვრის გზა: მიჯაჭვულობებიდან მოშორებისას პირადი ცხოვრების სრულიად უფლისადმი მინდობა. შინაგანი შემობრუნების, მოქცევის აღმნიშვნელი ეს ცნება ებრაულიდან ბერძნულ ენაში გადმოვიდა, როგორც მეტანოია – μετάνοια, რაც ქართულად მონანიებას, უფრო კონკრეტულად კი, რეალობისა და შინაგანი სამყაროს ახლიდან გააზრების შედეგად შეხედულებების შეცვლას, მიწიერებით მოცული გონების მიღმა ჭვრეტის უნარს ნიშნავს.
სწორედ ეს იყო უფალი იესო ქრისტეს ერთ-ერთი ძირითადი მოწოდება (მათ.4,17) ადამიანთა მიმართ. სწორედ ეს შინაგანი ფერიცვალების მიღწევა დაისახა მიზნად ქრისტიანობიდან ამოზრდილმა, ბერ-მონაზვნურმა მოძრაობამ, რომელიც წარმოიქმნა, როგორც პროტესტი იმპერიის მეტროპოლიებში აშკარად ხილვადი ეკლესია-სახელმწიფოს მახინჯი სიმბიოზის წინააღმდეგ.
ეულად (μοναχός) მოღვაწე, პიროვნული ხსნის მაძიებლების პარალელურად განვითარდა საძმოების (κοινὸςβίος) სახის, კინობიტური თანაცხოვრების წესი. მჭვრეტელობითი (Vita contemplativa) ცხოვრების პარალელურად გამომუშავდა, შუადღის, მცონარების დემონის (ἀκήδεια) დამმარცხებელი აქტიური ცხოვრების წესი, რომლის წყალობითაც, მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ბევრი ნივთიერი და ინტელექტუალური საუნჯე შეემატა. მათ შორის – საქართველოშიც, რომლის ისტორიაშიც ბერმონაზვნობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სამუშაო გასწია და ძლიერი კულტურშემოქმედებითი საერთაშორისო ქსელი შექმნა.
ჟამთა სიავისაგან განადგურებული სამონასტრო ცხოვრების აღდგენა იყო კომუნისტური რეჟიმისაგან გათავისუფლებული საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მიზანიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ საამისოდ თავიდანვე არასწორი სტრატეგია შეირჩა. რაოდენობაზე ორიენტირების გამო, ბერად აღკვეცდნენ ყველას, ვინც კი ინტერესს ოდნავ მაინც გამოხატავდა.
იმავე საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდა მთელი ფენა ადამიანებისა, რომელთაც თვითრეალიზება იმხანად პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელ კრიმინალურ სფეროში სცადეს, თუმცა, მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლეს ან ბოლომდე მათი მოწოდება არ აღმოჩნდა. ამ ადამიანთა რიგებს შეემატნენ ისინიც, ვისაც, უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების მოძლიერების გამო, კრიმინალურ კარიერაზე უარის თქმამ მოუწია. ინერცია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ე.წ. „ქურდული გაგება“ ეკლესიას ერთგვარ მოკავშირედ მოიაზრებდა, განსაკუთრებით წამახალისებელი აღმოჩნდა ამ გზაზე.
მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო ბიბლიური, კეთილგონიერი ავაზაკის საქციელი, რომელმაც ჯვარცმულ, უაღრესაც დამცირებულ მდგომარეობაშიც კი შეიცნო ჭეშმარიტება ქრისტეს სახით და აღიარა იგი, ანუ განახორციელა გონების მყისიერი ცვლა, შინაგანი მოქცევა (მთ. 27,44 ლკ. 23,39-43), ის, რაც მთელმა ისრაელის მღვდელმთავრებმა და რჯულისმცოდნეებმა ვერ შეძლეს. უფრო მეტად ეს იყო ე.წ. ესკაპიზმი, რეალობიდან გაქცევა. ამგვარად, შინაგანი მოთვინიერების გარეშე, ეკლესიის წიაღში მოსულმა ადამიანებმა, თან მოიტანეს კრიმინალური ცნობიერება შესაბამისი ლექსიკით და ქცევებით, რომელიც უბრალოდ შეერწყა ქრისტიანულ ფოლკლორს.
შესაბამის ეგზემპლარულ მაგალითებს ამ ბოლო დროს ხშირად სასულიერო იერარქთა საჯარო გამოსვლებისასაც კი ვისმენთ. სწორედ ამ ისტერიული „აღკვეცების“ ყველაზე ცუდ მაგალითს წარმოადგენდა წლების განმავლობაში რუის-ურბნისის ეპარქია, რომლის გაყოფის შემდეგ „ყოფილი“ ავაზაკები ძამის ხეობაში კონცენტრირდნენ.
„დიდი დათვის თანავარსკვლავედი“
ხსენებულ ხეობაში გაჩაღებული „აღმშენებლობა“ საერთაშორისო მედიაში არა არქიტექტურული ვანდალიზმის გაუგონარი მასშტაბებით ან ბერმონაზვნების კაცთმოყვარეობის მაგალითებით, არამედ სრულიად უჩვეულო ამბის გამო მოხვდა. კერძოდ კი, მონასტრების საძმოები ადამიანების გარდა იფარებდნენ დათვებსაც. ვრცელდებოდა ფოტოები, როგორ მიუძღვიან ისინი წინ მის მაღალყოვლადუსამღვდელოსობას ან როგორ ტრაპეზობენ საძმოს წევრებთან ერთად და ა.შ.
შემთხვევითი არაფერია და ეპარქიაში გაბატონებულ წარმოდგენებს ქრისტიანობის შესახებ სწორედ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ამ ცხოველთან დაკავშირებული მეტაფორები გამოხატავს. თუ უფრო დავკონკრეტდებით, ესაა საქართველოს მთიანეთში არსებული რელიგიური შეხედულებების მაგიური სქემები, რომლებიც გამდიდრებულია თანამედროვეობის მიმართ შიშით და გეოპოლიტიკური შეფერილობის რელიგიური ბოდვებით.
მაგალითად, მეუფე იობს სწამს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ ნასროლი ბომბები სინამდვილეში უფლის მიერ მოვლენილი ციური ჭურვები იყო, რომელთაც საქართველო გარყვნილ დასავლეთთან ინტეგრაციიდან უნდა დაეცვა ან – სიმბარათები სინამდვილეში „მე ვარ დემონი“ გზავნილია, რომელსაც მასში არსებული მიკროჩიპის საშუალებით ჩვენზე ბოროტი ზემოქმედება შეუძლია და ა.შ.
ქრისტიანული მოძღვრების საუნჯე, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ ძალას, რათა ადამიანი ავაზაკობიდან კეთილგონიერებისკენ მიიდრიკოს, ამ შემთხვევაში ჩანაცვლებულია პარანოდიული ფსიქოზით. ასეთი ფსიქოლოგიური წნეხი არათუ პრობლემური წარსულის, არამედ ჯანსაღი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანსაც კი უკიდურეს შინაგან ამღვრეულობამდე მიიყვანს.
სხვა ყველაფერთან ერთად მორღვეულია ბერმონაზვნური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც: ეულობაში თანასწორობა სამონასტრო ძმობაში. რადგან ქართულ რეალობაში რელიგიური საზრისები განპიროვნებულია, მთავარი აქცენტი გადატანილია, არა მონასტრებზე, როგორც თანასწორობის გარანტზე, არამედ პირველიერარქთან დაახლოებაზე.
თავი, რომ გავანებოთ „საქმიანი“ სახით დაახლოებულ პირებს, სახეზეა „შვილობილების“ ინსტიტუტი, მონაზვნური ცხოვრების წესის ძირეული აცდენა. ამის გარდა მსგავსი ფენომენი, იმთავითვე საფუძველს უქმნის ფავორიტიზმს, იერარქიული „თანავარსკვლავედების“ ჩამოყალიბებას, პიროვნული კონფლიქტების მნიშვნელოვან წყაროს. სწორედ ამ განზომილებაში უნდა ვეძიოთ შეიარაღებული გარჩევების საფუძველთა საფუძველი, რომელსაც ქონებრივი ცენზით გაჯიბრებაც შეიძლება აძლიერებდეს.
უპოვარება – უმთავრესი საცდური
ეულობა არ არის ერთადერთი, რომლის გააზრების გარეშეც ხდება ავაზაკების კეთილგონიერებისკენ „მოქცევა“ – რეკურტირება. ამ გზაზე ყველაზე დიდი საცდური უპოვარების აღთქმის დაცვა აღმოჩნდა, თუმცა ეს იმთავითვე სავარაუდებელი იყო.
ისტორიულად, ბერმონაზვნური ტრადიციის დასაწყისში მონასტრების წესდებები იყო შექმნილ ერთობათა ერთგვარი კონსტიტუციური უსაფრთხოების გარანტი. ამ წესდებების მიხედვით, წინამძღვრის არჩევა ხდებოდა დემოკრატიული ხმის მიცემის გზით, იქმნებოდა საერთო ბიუჯეტი, რომელსაც, ასევე, საერთო შეთანხმების საფუძველზე განკარგავდნენ და მონასტერი პასუხისმგებლობას იღებდა წევრების პირველადი მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში არსად მოიპოვება მონასტერი, ეკონომიკური მოწყობის ამ მოდელს რომ სრულად შეესაბამებოდა. პირადი საკუთრების საჭიროებას, ერთი მხრივ, ქმნის, ზოგადად, ეპოქის სულისკვეთება და ამავე დროს, დაუცველობის უკიდურესობის განცდა, ვინაიდან მონასტრებში საერთოობის (დემოკრატიული) მექანიზმები სრულიად მოშლილია. საძმოს თითოეული წევრის კეთილდღეობა სრულიადაა დამოკიდებული ზემდგომის კეთილგანწყობაზე.
ალბათ, სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩვენში „შავი“ სამღვდელოების წარმომადგენლები, ფლობდნენ სუპერმარკეტებს, ავტოსამრეცხაოებს, წვრილ თუ მსხვილ ბიზნესებს, სასოფლო სავარგულებს, საძოვრებსა და ტყეებს.
ეს პიროვნულად. თუმცა ძამის ხეობის შთანთქმის პროცესში მეუფე იობს სხვა პრობლემა შეექმნა. უპირველეს ყოვლისა, მას არ აჩუქეს ძამის მთლიანი ხეობა, რასაც, ალბათ, ელოდა კიდეც „ქართული ოცნების“ მთელი ეპარქიის მხრიდან მხარდაჭერისა და არჩევნების დროს გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ. ამ იმედგაცრუებას შედეგად მოჰყვა მისი პროექტის ჩავარდნა, ექცია საქართველოში ეს ადგილი ახალ ათონის მთად, ბერების ერთგვარ ეგზოტიკურ ნაკრძალად, რომლის ტერიტორიაზეც ქალებს ფეხის დადგმა შეეზღუდებოდათ „მეორედ მოსვლამდე“. ამიტომ ჩანაფიქრი ხეობის ნაწილ-ნაწილ მითვისების მოდელზე გადაეწყო.
თუმცა აქაც იჩინა თავი ერთგვარმა ხარვეზმა. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონით, სახელმწიფო ქონება შეიძლება, გასხვისდეს მხოლოდ საპატრიარქოზე, თუმცა ამ შემთხვევაში მისი განკარგვის უფლებაც ცენტრს უვარდება ხელში. ეპარქიებსა და მონასტრებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რაც მათ კანონის წინაშე მეტ მოქნილობას მიანიჭებდა.
გაურკვეველი მიზეზით, ეს მეთოდი საქართველოში არ გამოიყენება. შესაბამისად, მითვისებული ქონების პიროვნულად, წინამძღვრებზე გადაფორმება საკმაოდ კეთილგონივრულიც იყო და ამავე დროს ავაზაკურად ეფექტიანიც, თუმცა ამ იურიდიული ხრიკით დიდი დარტყმის ქვეშ სწორედ მონასტრები აღმოჩნდნენ.
გადამოწმებული არაა, ამ ქონების განმკარგველობით სარგებლობენ თუ არა ბერები პირადად, მაგრამ მიწათმფლობელი, პლანტატორი, მეკერმე და მონათმფლობელი ბერები უკვე არის სრული აბსურდი, რომელშიც კეთილგონიერების ადგილი საერთოდ არ რჩება.
P.S. რაც შეეხება მონასტრებში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას და მათ ფხიზელ თუ არაფხიზელ მდგომარეობაში გამოყენებას, ეს უკვე სასამართლო გამოძიების დასადგენია.
მირიან გამრეკელაშვილი – თეოლოგიის დოქტორი