„გვეუბნებიან, მთაში დაბრუნდითო, მაგრამ ჩვენი ადგილი იქ აღარ რჩება და სად წავიდეთ?!“, – ხადის ხეობაში მოსახლეობის ნაწილი ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილ მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს.
ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება – ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.
„აბა, შვილო, რა უნდა ვთქვა, ეხლა თუ გზა წამოვა, მიწებს რომ მიითვისებენ, ხალხს რაღა დარჩება?! რაღა უნდა გააკეთო?! უნდა უყურო მარტო გზას. ახლა სათიბად ვიყენებთ მიწებს [თუ ეს შესაძლებლობა წაგვერთმევა], მერე რა უნდა გავაკეთოთ? არაფერი. კორპუსში უნდა დაჯდე და იჯდე, იყო პენსიის იმედზე და შვილები ვის როგორი ეყოლება, რომ რაღაც შემოსავალი ხომ უნდა გვქონდეს“, – გვიყვება ხადის მკვიდრი.
მისი თქმით, ის და მისი თანასოფლელები მიწებს სათიბად იყენებენ, ჰყავთ საქონელი, თესავენ კარტოფილს – ეს არის მათი საარსებო წყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი.
რა იგეგმება ხადაში?
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. ის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.
მათი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1-საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. პროექტის ზემოქმედების ზონაში 9 სოფელი ხვდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთი დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. მათი პოზიციით, ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2019 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო დასრულება 2023 წელს.
რა არგუმენტები აქვს მოსახლეობასა და სპეციალისტებს
გიორგი როსტიაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც მაგისტრალის აშენების შემთხვევაში მისი მშობლიური კუთხე დადგება. მისი თქმით, ხეობაში მაგისტრალის გაყვანის შემთხვევაში გამონაბოლქვი და გზის პირას დაყრილი ნაგავი ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევს. ამასთანავე, მაგისტრალი ხეობაში ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობას მოკლავს. მას კი მიაჩნია, რომ ხადის რეალური, ერთადერთი პოტენციალი ტურიზმი და მეურნეობაა…
„გარდა ამისა, გვირაბების გაყვანა და აფეთქება იწვევს ვიბრაციას და ანგრევს აქ არსებულ სახლებს, კოშკებს, ტაძრებს, რადგან ნაგებობები მშრალი წყობით არის აშენებული“, – გვეუბნება როსტიაშვილი.
გიგა ჩოხელიც ხადის მკვიდრია. ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისიდან ხადაში საცხოვრებლად წასვლა გადაწყვიტა, დედაქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. ამ მაგისტრალის აშენებით კი ხადასაც იგივე საფრთხე ემუქრება.
„გზის მშენებლობის პროცესში, რომელიც 4-5 წელი უნდა გაგრძელდეს, დასაქმებული უნდა იყოს 600 ადამიანი და 150-მდე მძიმე ტექნიკა, რაც ამ მომცრო ხეობისთვის ძალიან ბევრია. პლუს, ექსპლუატაციის პერიოდში, გაწერილია, რომ 5 000-დან 15 000 მანქანის გამავლობა უნდა ჰქონდეს მაგისტრალს. ამ ეტაპზე 3 მანქანა შეიძლება ამოვიდეს დღეში, 5 000 მანქანა კი, გამონაბოლქვის ფონზე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება. ახლა ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, სიმშვიდე, სიწყნარე, ვიზუალური ჰარმონია, რაც შემდგომ, ფაქტობრივად, აღარ იქნება. მეორე საკითხია ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოყვანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. იმიტომ, რომ მაგისტრალის ახლოს, საერთაშორისო სტანდარტებით, 200 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოყვანილი პროდუქტი არის უვარგისი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო“, – ამბობს გიგა ჩოხელი.
მლეთის მკვიდრი ზურა ბურდული „პუბლიკასთან“ მიწების რეგისტრაციის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მიწის რეგისტრაცია აქ მცხოვრებთათვის სერიოზული პრობლემა მას შემდეგ გახდა, რაც გზის მშენებლობაზე დაიწყო საუბარი.
გიგა ჩოხელიც აღნიშნავს, რომ აზომვის პროცესში შეცდომები იყო დაშვებული. მაგალითად, თუ გვერდიგვერდ ორი მოსახლის ადგილი იყო, აზომვის დროს ნახაზზე ამ ორ ნაკვეთს შორის სიცარიელე იყო დატოვებული, ეს სიცარიელე მოზომეს და საბოლოო ჯამში საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაეცა.
„ასეთი ადგილები რომ ავზომე, მთელი ხადის ხეობის, არახვეთისა და ქვეშეთის მასშტაბით, 845 000 კვ.მ. გამოვიდა. როცა შეხვედრა მქონდა, ეს არის ჩვეულებრივ მიწების მიტაცება-მეთქი. არ არის მიტაცება, რაც იურიდიულ მფლობელობაში არ არის, ის არის სახელმწიფოს მფლობელობაშიო. არადა, ხადაში ერთი კვ.მ-იც არ არის, ტრადიციულ მფლობელობაში რომ არ იყოს“, – ამბობს გიგა ჩოხელი.
რაც შეეხება კომპენსაციებს, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია და მხოლოდ ყურმოკვრით იციან, რომ ხადის ხეობაში კვადრატული მეტრი 5 ლარად და 60 თეთრად შეაფასეს.
„არახვეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფომ, რატომღაც, 64 ლარი დაადო კვადრატულს. აქეთ, დიდველში, სადაც გზა გამოივლის – 8 ლარი. და რაც შეეხება ამ უნიკალურ ხეობას – ხადის ხეობას, აქ კვადრატულის ფასი გაზომეს, რატომღაც, 5 ლარი და 60 თეთრი. დათვლის მომენტიც ძალიან საინტერესო იყო. ერთ კვადრატულ მეტრზე თურმე რამდენი გაითიბებოდა და რა მოსავალი მოვიდოდა – ასე დათვალეს და გამოვიდა ეს 5.60, ანუ ერთი სიგარეტის ღირებულებად შეაფასა სახელმწიფომ აქ არსებული მიწის ნაკვეთი“, – ამბობს ზურა ბურდული.
დაგეგმილ ტერიტორიაზე მაგისტრალის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არქიტექტურის ისტორიკოსი, Icomos-ის წევრი მანანა სურამელაშვილი.
ხელოვნებათმცოდნე „პუბლიკას“ უყვება, რომ ხადის ხეობის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა განუზომლად დიდია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. მისი თქმით, ხეობაში ძეგლების ისეთი სიმრავლეა, რომ ვერ შეარჩევ მონაკვეთს, რომელზეც რაღაც არ დაზიანდება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ხეობაში ყველაფერი გამოვლენილი და აღნუსხული არ არის და მისი უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, შეუსწავლელია.
„80-იან წლებში ფეხით გვაქვს შემოვლილი ეს ხეობა და შემდეგ გამოვეცით პატარა წიგნი „ხადა“. ამ პერიოდის შემდეგ სპეციალური კვლევა ხეობაში აღარ ჩატარებულა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენივე მოგზაურობის დროს, შემთხვევით, ბოსლის კარის თავზე ვიპოვეთ მე-10 საუკუნის წარწერიანი ქვა. ასე რომ, შემთხვევითი აღმოჩენები ძალიან ბევრია ხეობაში და ასე, ფეხდაფეხ რომ იარო, იმდენი გამოვლინდება და ისეთ დიდ სიმდიდრესა და ცოდნას შევიძენთ, რომელსაც ვერანაირი მაგისტრალი ვერ აანაზღაურებს, თავისი ეკონომიკური შემოსავლით, თუმცა იმაზეც კითხვები არსებობს“, – ამბობს სურამელაშვილი.
მისივე თქმით, ისტორიკოსმა თემო ჯოჯუამ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაკვირვებით შესწავლისა და დათვალიერების დროს ერთ-ერთ ეკლესიაზე შეამჩნია ნალესობაზე ნაკაწრი წარწერა, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ასეთივე, ნალესობაზე შესრულებული წარწერები მან ნახა ქალაქეთის ქედის (თავისთავად, ტოპონიმიც როგორი საინტერესოა) ბოლოს, სამლოცველოზე, სადაც ასევე მე-14 საუკუნის ნაკაწრ წარწერებს მიაკვლია და აღმოაჩინა. „ანუ, ძალიან ბევრია დღემდე უცნობი პალეოგრაფიული, არქიტექტურული, მემორიალური ძეგლები, სასაფლაოები, ძალიან საინტერესო და ძველი“, – ამბობს სურამელაშვილი.
რაც შეეხება ხეობაში არსებულ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობებს, მისი თქმით, მათი ნაწილი მე-9, მე-10, მე-11 საუკუნის ძეგლებია და ადვილი მისახვედრია, რომ ისინი ძალიან მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია. სურამელაშვილის თქმით, ნებისმიერი აფეთქებით წარმოებული სამუშაო სერიოზულ საფრთხეს უქმნის [ძეგლებს].
„ერთი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლიც გვაქვს ხადის ხეობაში – ქოროღოს ეკლესია. რითი გამოირჩევა იცით?! სრულიად უნიკალური სივრცითი და გეგმარებითი გადაწყვეტა აქვს. მეორე ასეთი არ გვაქვს. ამას გარდა, ასევე უნიკალურია მისი დასავლეთ ფასადზე, კარნიზზე გაყოლებული მშენებლობის ამსახველი სცენები – ხარები როგორ მიათრევენ ქვებს, ადამიანები, რომლებსაც ზურგზე აქვთ მოკიდებული ქვა. ასეთი ძეგლი მეორე არ გვაქვს. ასეთი რელიეფები სხვაგან არ გვაქვს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – ამბობს სურამელაშვილი.
რაც შეეხება არქეოლოგიურ აღმოჩენებს, როგორც სპეციალისტი ამბობს, ხეობაში თანმიმდევრული არქეოლოგიური კვლევა არ წარმოებულა და ხეობა ამ კუთხითაც საჭიროებს შესწავლას.
„ნეოლითის ხანიდან არის ამოსული მასალები. ადრე ბრინჯაოს ხანისა და მტკვარ-არაქსის პერიოდის მასალები მოიძებნა კაიშაურის ველზე. ასევე, გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულიც მოინახა იქ, სადაც ვლინდება საერთო კულტურული სივრცის მთლიანობა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ანუ ჩვენი იდენტობის დამადასტურებელი ძეგლებით არის დატვირთული ეს უნიკალური ხეობა. აქ არის, ასევე, ცეცხლისჯვრის ციხე, რომელიც ახლა გადის პროცედურას, ეროვნულ ძეგლად აღნუსხვის. ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ციხეა. გარემო და ლანდშაფტი როგორი ჯადოსნურია, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, თავადაც ხედავთ. ეს ყველაფერი არის მთლიანობაში შესანარჩუნებელი და დასაცავი“, – ამბობს სურამელაშვილი.
სურამელაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზის გამოძებნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტს, არქიტექტურის სპეციალისტს, მიმაჩნია, რომ ეს იქნება დანაშაულის ტოლფასი“.
ალტერნატივა
პიტერ ნეისმითი „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ წევრი და ბრიტანეთში „საქართველოს ეროვნული ფონდის“ დამფუძნებელია. ის აქტიურად არის ჩართული პროექტის ალტერნატივის შესწავლაში.
„საქართველოს ეროვნული ფონდის“ მიერ აზიის განვითარების ბანკისადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ არასაკმარისად ნაკვლევი გარემოს გავლენის შეფასების შედეგად საქართველოს მთავრობის გზების დეპარტამენტს არამართებული რჩევები მიეცა, რამაც ტრანსპორტისთვის არასწორი გზის შერჩევა განაპირობა და რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმის ინდუსტრიაში.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ გზა საჭირო არ არის, მაგრამ ვამტკიცებთ, რომ არსებობდა უკეთესი ვერსიები, რომლებიც საერთოდ არ განხილულა (როგორიცაა ხადის გვერდითა ხეობა, ლაკათხევი) ან ძალიან მალე იქნა უარყოფილი“, – ვკითხულობთ წერილში.
მათი თქმით, კვლევის ნაკლებობას მოჰყვება ისეთი შეცდომები და საერთაშორისო ფულის ხარჯვა, როგორც ეს მოხდა ბანკის მიერ დაფინანსებული გვირაბების პროექტის, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოში, 2016 წელს. ამ შემთხვევაში გვირაბები ჩაინგრა, რამაც გამოიწვია ელექტროობის შეწყვეტა პროექტის დაწყებიდან დღემდე და რაზეც ძალიან წუხს ადგილობრივი მოსახლეობა.
მისი თქმით, ხეობა გამორჩეულია თავისი ავთენტურობით, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში იზიდავს ქართველი და უცხოელი ტურისტების უფრო და უფრო მეტ რაოდენობას, სალაშქროდ. ამას ნაწილობრივ განაპირობებს თბილისთან სიახლოვე (1.25 საათი მანქანით), ნაწილობრივ კი ერთდღიანი ლაშქრობისთვის გზების მრავალფეროვნება. ხადას აქვს იშვიათი ეკოტურისტული გარემო 12-თვიანი წვდომით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის გლობალური პოპულარობის განვითარების ფონზე. გზის აშენება ამ შესაძლებლობას სამუდამოდ მოშლის.
„საქართველოს ეროვნული ფონდის“ წერილში ნათქვამია ისიც, რომ ხადის განვითარებით ეკოტურიზმი ხელს შეუწყობს გუდაურის გაცოცხლებას ზაფხულისა და შემოდგომის თვეებშიც, როგორც ეს ხდება შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო კურორტებზე. ეს არის არაჩვეულებრივი, ეკოლოგიურად ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა ხადის ხეობას და გუდაურს.
რატომ ლაკათხევის ხეობა?
„საქართველოს ეროვნული ფონდის“ განმარტებით, ლაკათხევის გზა არც განხილულა ალტერნატივად. მათი თქმით, ამ მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ძირითადი გვირაბი 500 მეტრით უფრო გრძელი იქნება ხადის გზასთან შედარებით, მაგრამ ასაშენებლად უფრო მარტივი და იაფია, რაც ამ სიგრძეში განსხვავებას გადაფარავს. ფონდი ამბობს, რომ მათ მოკვლევის მიხედვით, მაგისტრალისთვის ლაკათხევის გზა უფრო შესაფერისია, რადგან ხეობა:
1) დაუსახლებელია, გარდა რამდენიმე სახლისა დასაწყისში და მაღალმთიანი სოფლისა – ძოძონი, რომელიც გზიდან შორსაა.
- ხადაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხი ცხოვრობს. ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად შეაწუხა მშენებლობამ. ჯერჯერობით, არ გვინახავს მოსახლე, რომელსაც მოუნდებოდა ამ გზის მშენებლობა.
2) არ შეიცავს ისტორიულ მონუმენტებს, გარდა ერთი კოშკისა დასაწყისში და ერთიც – 1 კილომეტრი სიღრმეში, რომლისთვისაც გვერდის ავლა შესაძლებელია.
- ხადაში 60 კოშკია, რომელთაგანაც ბევრი ჯერ კიდევ შემორჩენილია.
3) არ მოიცავს ეკლესიებს, მხოლოდ ერთ პატარა სამლოცველოს და სასაფლაოს დასაწყისში, რომლისთვისაც გვერდის ავლა ადვილი იქნება.
- ხადაში ორი დიდი ეკლესიაა, ერთი მთავარმოწამის ბეგოთკარის, რომელიც მოსახლეების მიერ გამოიყენება. გზა პირდაპირ მის სასაფლაოზე გაივლის.
4) არ მოითხოვს გვირაბების გაყვანას.
- ხადას 4 გვირაბი აქვს (მთავარის გარდა).
5) უმნიშვნელოდ სჭირდება ხიდების მშენებლობა.
- ხადას სამი ხიდი სჭირდება. აქედან 2 საქართველოში უდიდესი იქნება.
6) თითქმის არ მოითხოვს მიწის იძულებით ჩამორთმევას.
- ხადაში ეს პროცესი უკვე იწვევს განხეთქილებებს
7) არ იქნება საჭირო მიწის კომპენსაცია და ხარჯი.
- ქვეშეთის ბევრ მოსახლეს უკვე დავა აქვს გზების დეპარტამენტთან.
8) გზის ნაწილი თითქმის იმავე მანძილის იქნება, რაც ხადის გზა.
9) ძირითადი გვირაბის შესასვლელი თითქმის იმავე სიმაღლეზე იქნება, როგორზეც ხადის გვირაბი.
10) ძირითადი გვირაბი ვულკანურ კონუსს საერთოდ არ შეეხება.
- ხადის მდებარეობა ძალიან ახლოსაა მასთან.
11) ლაკათხევის გზა მთლიანად ხეებითაა დაფარული ორივე მხრიდან, რაც თავიდან აიცილებს მეწყრისა და ზვავის რისკს.
- ხადის გზა ნაწილობრივ გადის მთებზე, რომლებზეც არ დგას ხეები და ზვავის რისკი დიდია.
12) ლაკათხევის გზის აშენება არ დააზიანებს ადგილს, სადაც ხალხი ხშირად ფეხით, ცხენით ან ველოსიპედით დადის სასეირნოდ.
13) ის მისცემს საშუალებას ხადას, შეინარჩუნოს და განივითაროს ეკოტურიზმის ხეობის სტატუსი, სადაც თბილისიდან მარტივი გასასვლელი იქნება.
14) ის დაეხმარება სასტუმროს ბიზნესს გუდაურის სამთო კურორტზე, რომ მთელი წელი იმუშაოს.
15) განავითარებს საქართველოს ტურიზმს გრძელვადიან ასპექტში მსოფლიოსთვის.
რას ამბობს გზების დეპარტამენტი
როგორც „პუბლიკას“ საქართველოს გზების დეპარტამენტში განუცხადეს, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების ეტაპზე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე შეისწავლეს 9 სხვადასხვა ალტერნატიული მიმართულება. მრავალფუნქციური ანალიზის შედეგად უპირატესობა მიენიჭა საერთშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის კვალიფიციური ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ 4 ალტერნატივას, რომლებზეც გაგრძელდა უფრო დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
სახელმწიფო სტრუქტურა ამბობს, რომ ალტერნატივების მრავალფუნქციური ანალიზი მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას – ფუნქციონალურ, ეკონომიკურსა და გარემოსდაცვით და სოციალურ კრიტერიუმებს.
„ საავტომობილო გზის ფუნქციონირებისას, ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირეს), თითოეულ მონაკვეთზე მკაცრად რეკომენდებულ იქნა შესაბამისი ალტერნატივები, მათ შორის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე „ალტერნატივა 3“ განისაზღვრა როგორც „საუკეთესო გადაწყვეტა ყველა ანალიზის თვალსაზრისით (ტექნიკური, CBA (ხარჯთეფექტიანობის ანალიზით), MCA (მრავალფუნქციური ანალიზით))“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
გზების დეპარტამენტის შეფასებით, პროექტი საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ მოძრაობის უწყვეტობა ზამთრის პერიოდში, გავაუმჯობესოთ გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა, შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი და გადაადგილების დრო.
„რუსეთის ფედერაციასთან ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდგომ აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები, რის შედეგადაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის ინტენსივობამ და მოსალოდნელია, უახლოეს პერიოდში უფრო მეტად გაიზარდოს სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ტვირთბრუნვა“, – ამბობენ გზების დეპარტამენტში.