შპრიციდან ამოფხეკილი 0,001116 გრ. მეტამფეტამინი და 0,001035 გრ. ამფეტამინი – მსჯავრდებული როინ ჩიხრაძე 6-წლიან საპატიმრო სასჯელს უკვე 2 წელზე მეტია იხდის.
ციხიდან აპროტესტებს მოხმარებისთვის უვარგის ოდენობაზე 6-წლიან სასჯელს. აგვისტოდან 4 თვე მას სრული შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. იღებდა მხოლოდ სითხეებს, უარს ამბობდა მედიკამენტოზურ დახმარებაზე, ინფუზიურ თერაპიაზე, რაც ავადმყოფის ორგანიზმში დიდი რაოდენობის სითხის შეყვანას გულისხმობს.
მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაემატა ისიც, რომ ნოემბერში ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის გადაყვანილია ტუბცენტრში. პენიტენციური სამსახურის ცნობით, გუშინ, 2 დეკემბერს, მან შეწყვიტა შიმშილობა, თუმცა გარკვეული პერიოდი უარს აცხადებდა ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე.
რას აპროტესტებს როინი?
„პუბლიკას“ მსჯავრდებული თავდაპირველად N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან დაუკავშირდა.
როინ ჩიხრაძის თქმით, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკის იმ რაოდენობის „ფლობისთვის“, რომელიც „მოხმარებისთვის გამოუსადეგარია, რომელიც ვერ მოიხმარება ხელმეორედ და ჰიპოთეტურადაც არ შეიძლება მისი გაყიდვა, გასაღება და ზიანის მიყენება საზოგადოებისთვის“.
„ეს დახვრეტაა ადამიანის, ეს მკვლელობის მუხლია. სად 150 დოზა და სად ერთი დოზაც რომ არაა. განსხვავება ხომ უნდა იყოს?! შესაბამისი ლოგიკა სადღაც ხომ უნდა იყოს?! სამართლიანობა ლოგიკიდან გამომდინარე ხომ უნდა იყოს, არა?! არაადეკვატურობაა.
რაც მე გითხარით, მთავრობას და პარლამენტარებს კვირაში 5-ჯერ ვწერ. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ვერ მივაღწიე მათ გულამდე ჩემი აქედან მიწერ-მოწერითა და ტელეფონის ზარებით.
ხან ვურეკავ ხოლმე აკაკი ზოიძეს, ინიციატორია ამ კანონპროექტის. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ – მაიმედებს, რომ ამ სესიაზე უნდა დავაყენო საკითხიო, მაგრამ პოლიტიკური ნება არაა, თორემ ერთ დღეში მიიღებენ. დაღეჭილი აქვთ…“, – ამბობს როინ ჩიხრაძე.
დაპირებები, რომელიც დაპირებად დარჩა
ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ახსენებს და მის მსგავსად სხვა ადამიანები ციხეში თუ მის გარეთ ელიან, პარლამენტში 2017 წლის 22 ივნისს დარეგისტრირდა. ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის ძირითადი არსი ის იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ყველაზე მწვავე პრობლემის – ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრას. რეფორმის კონცეფცია ასევე ითავალისწინებდა, ე.წ. გადამისამართების კომისიების შექმნასაც, სადაც მულტიდისციპლინური გუნდი ადამიანს შესაბამის დახმარებას გაუწევდა.
რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს? – ინიცირებიდან ორ წელიწადნახევარი გავიდა და კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ გასულა. მასზე კენჭიც არ უყრია წამყვან იურიდიულ კომიტეტს. კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, საბოლოოდ შეჯერებულიყო პოზიციები.
დღეის მდგომარეობით, ამ კანონპროექტის ხუთივე ინიციატორიდან არცერთი აღარ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. მათგან ორმა – აკაკი ზოიძემ და სოფიო ქაცარავამ, საპარლამენტო მანდატიც დატოვა. დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინა ფრუიძე პარლამენტში რჩებიან, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ლევან კობერიძე კი ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებში“ გაწევრიანდა.
სამუშაო შეხვედრები ოდენობებთან დაკავშირებით – ამ პერიოდის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათ შორის იყო იუსტიციის სამინისტროში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც განხილვის მთავარ თემას სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების საკითხი წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო განსაკუთრებული წინააღმდეგობა ძალოვანი უწყებების მხრიდან.
„ოდენობებზე ჭიდილის“ პროცესში კანონპროექტის ავტორებსაც მოუწიათ კომპრომისზე წასვლა. თუმცა, ძალოვანი უწყებების თანხმობა არც ამ შუალედურ ვარიანტს მოჰყვა.
ამ პროცესების პარალელურად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რამდენი სხდომის შემდეგ, 2018 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 8 ნარკოტიკის ოდენობაზე პარლამენტში ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტირებდა. ის უნდა შეხებოდა შემდეგი ნივთიერებების ოდენობებს: ამფეტამინი, დეზომორფინი, მდმა, LSD, მეთადონი, ეფედრონი, მეტამფეტამინი, ჰეროინი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივას დარგის ექსპერტები და აქტივისტები არაეფექტურს უწოდებდნენ და მას რეფორმის გახლეჩად და დანაწევრებად აფასებდნენ, პარლამენტში მთავრობის მხრიდან ამ ინიციატივის წარდგენაც არ მომხდარა.
ინიცირებული კანონპროექტისა თუ ზოგადად, ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის ირგვლივ მსჯელობა და დისკუსიები მიმდინარეობდა საზოგადოებაში. კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდა როგორც საეკლესიო პირებისგან, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან. ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ირგვლივ არაერთი მითი გავრცელდა, დეზინფორმაცია თუ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაცია (პორტუგალიის მიღწევების შესახებ). 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ გამართულ უმრავლესობის სხდომას, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „პოზიციების დამაახლოებლის როლში“, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
რაც შეეხება ნარკოტიკის გამსაღებლებთან ბრძოლის მოტივით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდგომ აქციებს, რომელიც კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობდა, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა დაპირება, რომ გაიმართება შეხვედრები და „ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით“.
გახარიას ამ დაპირების შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილი აქცია დაიშალა, მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს.
2018 წლის 14 მაისს შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი იმუშავებდა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, მეორე – 12 მაისის სპეცოპერაციის თემაზე. თუმცა, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მას შემდეგ ამ ფორმატში არც სამუშაო ჯგუფი შექმნილა და არც შეხვედრა გამართულა. გახარიას დაპირება ახლა უკვე „მორიგ გადაგდებად“ ფასდება.
მიუხედავად იმისა, რომ გახარია განხილვებში უწყებათაშორისი კომისიის ფორმატშიც იყო ჩართული, მან 2018 წლის იანვარში თავად მოუწოდა იუსტიციის მინისტრს, რომ მოეწვია კომისიის სხდომა. ასევე, 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ გაკეთებული დაპირებისა, ამ მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ მან განაცხადა – „შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს?!“.
ნაცვლად ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირეული ცვლილებებისა, 2018 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით პარლამენტს წარედგინა მცენარე კანაფის კულტივირების კანონპროექტი, რაც ინიციატორის თქმით, სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით კანაფის წარმოებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ეკლესიის მხრიდან შეხვდა. საპატრიარქოში გამართული ვიზიტის მიუხედავად, მმართველ გუნდს კანონპროექტის უკან გაწვევა მოუხდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის შექმნა. მის შექმნაზე იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა. ცენტრი, რომელიც შეისწავლიდა ქვეყანაში არსებულ ნარკოსცენას, ექნებოდა რეაგირება ყველა საყურადღებო საკითხზე, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში მწვავედ დგას სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირების შემთხვევები, წვლილს შეიტანდა მომხმარებელთა ინფორმირებაზე, პასუხისმგებელი იქნებოდა სტატისტიკის შეგროვებასა და მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომების დაფუძნებაზე – დღემდე არ შექმნილა.
კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ჰქონდათ, ეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს ნარკომომხმარებლების მიმართ შეწყალების პოლიტიკის ჰუმანური მიდგომა იყო. ნაკლებად სავარაუდოა ამგვარი და ამ მასშტაბის მიდგომა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. მისი საჯარო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ასეთი – მას „არ მიაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან საშიშ „სენზე“. მისი თქმით, სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრს სფეროს. ესაა რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთხილება, საინფორმაციო კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ა.შ”.
შეწყალების ახალი წესის დამტკიცებასაც თითქმის 1 წელი დასჭირდა. ახალი წესით ადმინისტრაციას მსჯავრდებულები ჯერ არ შეუწყალებია, რაც მომავალში დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.
აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს წვლილი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის დადებითი მიმართულების კუთხით, თუმცა განხილვას ელის არაერთი საკონსტიტუციო სარჩელი, რის მიხედვითაც რიგი ნარკოტიკული საშუალებების გარკვეულ ოდენობებზე საპატიმრო სასჯელის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს.
ამნისტია, როგორც ბოლო იმედი – ეს ინიციატივაც არ განხორციელებულა
ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 2019 წლის გაზაფხულზე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შექმნილიყო ამნისტია/შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულებისთვის, ვინც სასჯელს მოხმარებისთვის ან პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობების ფლობისთვის იხდიდნენ.
მათი თქმით, ვინაიდან პარლამენტს არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა განახორციელოს, მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადად იმ ხალხს მაინც დაეხმაროს, რომელსაც ყველაზე სწრაფად უნდა შეხებოდა ეს რეფორმა. მათი თქმით, უნდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ციხის პოპულაციას შეისწავლიდა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშავებდა შესაბამის მექანიზმს.
ამნისტიის შესახებ განცხადება გააკეთა კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა ლევან კობერიძემაც. მან პარლამენტის ტრიბუნიდან მარტის თვეში მოუწოდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაგრძელებულიყო დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვა. ხოლო თუ დაინახავდნენ, რომ „კიდევ არის საკითხები, რომელზე შეჯერებასაც დიდი ხანი დასჭირდება, მაშინ დააყენებდა საკითხს თუნდაც ერთჯერადი ამნისტიის განხილვასთან დაკავშირებით იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით გარკვეულ რაოდენობებზე არიან დაკავებულები“.
ამ სიტყვიერი განცხადებების შემდეგ ამნისტია/შეწყალების საკითხთან დაკავშირებითაც არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების ცნობით, მათი შეთავაზების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტში გაიმართა ერთი შეხვედრა, რომელსაც იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტიდანაც ესწრებოდნენ, თუმცა ამის შემდეგ ამ თემაზე მათგან კომუნიკაცია აღარ ყოფილა.
„ამნისტია/შეწყალების ინიციატივა დროებით დადებით ნაბიჯად განიხილებოდა ჩვენ მიერ. ზუსტად იმიტომ, რომ სრულყოფილი რეფორმის იმედი დავკარგეთ… არანაირი შედეგი არ დადგა ჩვენი 3-წლიანი მუშაობის შემდეგ. ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში არც გვქონია კანონპროექტის თაობაზე რაიმე კომუნიკაცია, იმიტომ რომ უბრალოდ ალბათ აზრი არ ჰქონდა, ამაში ჩვენ დავრწმუნდით“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. რაც შეეხება ამნისტია/შეწყალებას, მისი თქმით, პარლამენტში შეხვედრაზე დეპუტატებმა თქვეს, რომ საინტერესო ინიციატივაა, რომ აუცილებლად იმუშავებენ მათთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, თუმცა ამის შემდეგ არაფერი არ მომხდარა. ოთიაშვილის თქმით, ამასობაში მოხდა 20 ივნისის ღამე, რამაც გადაწია შემდეგი ნაბიჯები და მათგან პასუხი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ვეღარ მიიღეს. „მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ინიციატივაზეც ვერ მოვიპოვეთ უმრავლესობის წევრებისგან გამოხმაურება და ეს ინიციატივაც არაფრით დამთავრდა“.
რაც შეეხება ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესს და მის შეფასებას, ოთიაშვილი ამბობს, რომ:
„რაც მოხდა, მე ამას დავარქმევდი სახელს – ეს იყო მორიგი მოტყუება ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, მიუხედავად ბევრი დაპირებისა, რაც გაკეთდა ამ დროის განმავლობაში, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რეალურად ნაბიჯები ხელისუფლებამ ვერ გადადგა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს უთანხმოება შიგნით, ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგობა, და ა.შ. ფაქტია, რომ პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ ვერ გამოვლინა იმისთვის, რომ ნამდვილი ცვლილებები განეხორციელებინა ამ მიმართულებით. ეს მიზეზები ბევრი ფაქტორისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი ნამდვილად არის ძალოვანი უწყებების წინააღმდეგობა და სურვილის არქონა, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს და მათ ხელიდან წავართვათ ადამიანების კონტროლისა და დევნის ინსტრუმენტი“, – ამბობს ოთიაშვილი.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი იხენებს ანტიკამპანიას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისა და ასევე, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრების მიმართ. მისი თქმით, როდესაც ამ პროცესის მიმართ მასიური უარყოფითი ხასიათის შტურმი წამოვიდა, ცხადი იყო, რომ შანსები კანონპროექტის გატანის თითქმის აღარ არსებობდა.
„იანვრიდან მაისის ჩათვლით, უკუკავშირი თითქმის აღარ იყო, და ჩვენც შიგნით, მოძრაობაში ვხვდებოდით, რომ ფაქტობრივად შანსი აღარ იყო ამ კანონპროექტის გატანის. ეს ყველამ რთულად გადავიტანეთ, დემორალიზება გამოიწვია შიგნით – გვქონდა თუ არა რაიმე რესურსი, რომ კიდევ გაგვეაქტიურებინა საკითხი და იმ ვითარებაშიც, როდესაც მუდმივად გრძელდებოდა შავი კამპანია ჩვენ წინააღმდეგ. მაისის მოვლენებმა კი, კიდევ ერთხელ გახადა შესაძლებელი, რომ დაგვეყენებინა ეს საკითხები დღის წესრიგში. ამის შემდეგ კი იყო გახარიასგან დაპირება. შემდეგ შედგა ერთი შეხვედრა ფორმატთან დაკავშირებით, მეორე შეხვედრა, სადაც საპოლიციო ღამესა და უფლებამოსილების კანონიერებას განვიხილავდით, ხოლო ის შეხვედრა, რომელიც ნარკოპოლიტიკას უნდა მიძღვნოდა, აღარ შედგა.. აღარ გამოვიდა სამინისტრო კავშირზე. დაპირება იყო, რომ უნდა ჩართულიყო ჯანდაცვის მინისტრი, გვეუბნებოდნენ, რომ იმ დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა და შემდეგ საერთოდ ჩაიკეტა კომუნიკაცია და ცხადი გახდა, რომ გახარიას დაპირება გადაგდება იყო“, – ამბობს წიქარიშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2 საარჩევნო ციკლში – 2012 და 2016 წელსაც იყო ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე დაპირება. დაპირება ასევე იყოს მაისის მოვლენების შემდეგ, თუმცა ამდენი უარყოფის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც არ აპირებს კანონპროექტის მიღებას, არ აპირებს ცვლილებებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. „აღარც იძულების მექანიზმები დარჩა, ასე ვთქვათ“.
მისი თქმით, მაისის მოვლენების შემდეგ მწვავედ დადგა სარალიძის, მაჩალიკაშვილის, პანკისის ოპერაციის ამბები, შემდეგ იყო „გავრილოვის ღამე“, ამ მოვლენებმა კი სახელისუფლებო კრიზისის საკითხები უფრო ცხადი გახადა.
„ფაქტობრივად, მანამდე არსებული ყველა ინიციატივა, რაც სამოქალაქო საზოგადოებიდან ყოფილა, აქ საუბარი არაა მხოლოდ ნარკოპოლიტიკაზე, სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც განათლების საკითხებზე მუშაობდა, შრომის საკითხებზე მუშაობდა და ა.შ. ყველაფერმა განიცადა კრახი. სისტემა შეუვალი აღმოჩნდა ცვლილებებისთვის და ქვევიდან წამოსული ინიციატივებისთვის. უკვე რაღაც ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცხადი ხდება, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისის საკითხი. ამას ვერ გადაჭრი, თუ არ მოხდა სახელისუფლებო ცვლილება, ანუ თუ ხელისუფლება არ ცვლის რაღაც ვიწრო პოლიტიკებს, რომელსაც საზოგადოება ითხოვს, და ის ინარჩუნებს სტატუსკვოს, შენი ერთადერთი ბერკეტი არის ის, რომ შეცვალო ხელისუფლება“, – ეუბნება „პუბლიკას“ ბექა წიქარიშვილი.
პოლიტიკური ტრიბუნის გარდა, რატომ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ამნისტია/შეწყალების მიმართულებით? – ამ კითხვით „პუბლიკამ“ დეპუტატ ლევან კობერიძეს მიმართა. მისი თქმით, ამნისტიის შესახებ განცხადება მან მარტის თვეში გააკეთა, მაისში კი უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, როგორც უმრავლესობის მიღმა მყოფ დეპუტატს აღარ გააჩნია შესაბამისი ბერკეტი. კობერიძე ამბობს, რომ რაც მას ხელეწიფება – საკითხის აქტუალიზება, არ მოეშვება და ყველა შესაბამის ფორმატს გამოიყენებს ამისთვის.
რატომ არ მიეცა მსვლელობა ამნისტია/შეწყალებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას, ამ კითხვით „პუბლიკამ“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც მიმართა, თუმცა სოფო კილაძემ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ თემებს, კობერიძე ამბობს, რომ მაშინდელი შსს მინისტრის გიორგი გახარიას ხისტი პოზიციის გამო, მისი განხილვა შეჩერდა. ძირითადი „საჯილდაო ქვა“ კი სწორედ ოდენობები იყო.
„პირდაპირ შემიძლია, რომ ხელი დავადო გახარიას, მისი ამ ხისტი პოზიციის გამო შეჩერდა ამ კანონპროექტის განხილვა, მათ შორის უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში… პოლიციური მიდგომის მომხრე იყო რეალურად გიორგი გახარია. იქ ასახელებდა ისეთ ოდენობებს, რაც რეალურად არაფერს შეცვლიდა“, – ამბობს კობერიძე.
„მე პარლამენტს ისე არ დავტოვებ, რომ არ გავაკეთო ამ მიმართულების ბოლომდე ლობირება. თუ არადა, ასევე განვაცხადებ, რომ არ გამოვიდა, ჩაიშალა ეს რეფორმა, ვერ შევასრულეთ ეს დანაპირები და შესაბამისად, ინიციატორები პარლამენტიდან კანონპროექტს გამოვიწვევთ, როგორც დემონსტრაციულ აქტს იმისას, რომ ეს რეფორმა არ ხორციელდება“, – ეს განცხადება აკაკი ზოიძემ „პუბლიკასთან“ მანდატის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.
ის ამბობდა, რომ კვლავ ხედავს ფანჯარას, რომ 2019 წლის ბოლომდე საკითხი კვლავ დაიძრას. ის ასევე განიხილავდა ამნისტია/შეწყალებასთან დაკავშირებით ინიციატივის დაყენებასაც.
„ფანჯარა საბოლოოდ დაიხურება ამ წლის ბოლომდე, თუ ამის დაძვრა უწყებათაშორისი კომისიის დონეზე მაინც არ მოხდა. ანუ ოდენობებთან მიმართებით… ორივე წინადადებას დავაყენებ, რომ დეკემბრის ბოლომდე მივიღოთ გადაწყვეტილება – ან იქეთ, ან აქეთ. ასე უსასრულოდ, ამის გაწელვა და იმედის მიცემა…“, – ამბობდა აკაკი ზოიძე.
რაც შეეხება მანდატის დატოვების შემდეგ მის პოზიციას, facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში ის წერდა – „ცუდია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა, რიგი ბარიერების გამო, ვერ შევძელით თანამოაზრეებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება“.
მანდატის დატოვების შემდეგ „პუბლიკასთან“ სატელეფონო საუბრისას ზოიძე ისევ იმ პოზიციაზეა, რომ ძალაში რჩება მისი წინა განცხადება.
„მე პარლამენტიდან წამოვალ თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს თვის ბოლომდე ან იქით გადაწყდება ან აქეთ. ეს არის ამოცანა… მქონდა კონსულტაციები, მთავრობასაც ვუთხარი, უწყებათშორის კომისიასაც მივმართე, ახლა უკვე მათი გადასაწყვეტია. ნემისმიერ შემთხვევაში – მე დავრჩებოდი თუ არ დავრჩებოდი, სცენარი იგივე განვითარდებოდა, დამერწმუნეთ… მთავრობა თუ არ დათანხმდა… აქამდეც მაგის გამო იყო გაჩერებული. შესაბამისად, მთავრობა თუ დათანხმდა, ეს იქნება უმრავლესობის მიერ მიღებული. თუ არ დათანხმდა მთავრობა, გინდა უმრავლესობის წევრი ვიყო და გინდა კომიტეტის თავმჯდომარე, აქამდე როგორც იყო გაჩერებული, ისევ დარჩება გაჩერებული“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, საკითხის ლობირებას პარლამენტში დარჩენილი მისი კოლეგები განაგრძობენ.
„რაც შეიძლებოდა და რაც შემეძლო, ლობირების გაწევა, ცალკე აღებულმა დეპუტატმა, ეს გავაკეთე, ისევე როგორც ჩემმა თანამოაზრეებმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც პარლამენტში დარჩნენ, გააგრძელებენ საჯარო დისკუსიასაც ამ თემაზე, მე პარლამენტის გარედანაც მზად ვიქნები. დამერწმუნეთ, არაფერი არ დამიტოვებია, რაც შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა“, – ამბობს აკაკი ზოიძე.
სამოქალაქო სექტორის, დარგის სპეციალისტების, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფების განწყობების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და ზოგადად, დაპირებების შეუსრულებლობის მაგალითების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაიმე დადებითი გადაწყვეტილების იმედი ამოიწურა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ მიმართულმა კანონპროექტებმა, კანონის სტატუსი უკვე მერამდენე ჯერია, ვერ მოიპოვა.
გამოწვევები, რომელიც რჩება
ზემოთ აღწერილი პროცესების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხი დღეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგში მწვავედ აღარ დგას. ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე იკლო საკითხის აქტუალიზებამ. ძალისხმევა შემცირდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც და ფრაგმენტულია ინდივიდუალური აქტივობებიც.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ანი ნასრაშვილის თქმით, თუკი ერთი პერიოდი ქვეყანაში ხილვადი იყო ნარკოპოლიტიკით დაზარალებულთა პრობლემები, ეს პრობლემები ისევ უხილავი გახდა. ეს განაპირობა გარკვეულწილად გასული წლის 12 მაისის შემდგომმა მოვლენებმა, როდესაც ამ სფეროში აქტიურად ჩართული ადამიანი ფაქტობრივად აღარ არიან ისეთი აქტიურები და ასევე იმანაც, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირებები არ შესრულდა.
ნასრაშვილის შეფასებით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფომ შეცვალა მიდგომა, მაგალითად, შემცირებულია ქუჩის ნარკოტესტირების სტატისტიკური მაჩვენებელი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობაც. ასევე, 2018 წლის პრაქტიკაზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ „დიდი ოდენობით“ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობაზე სასამართლოს პრაქტიკა უფრო იქით იხრება, რომ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი და პირდაპირ არ გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა შედარებით მკაცრი მიდგომა აქვს უკვე პირობით მსჯავრში მყოფი ადამიანების მხრიდან მსგავსი ტიპის დანაშაულის ხელახლა ჩადენაზე.
თუმცა, მისივე თქმით, არსებითად არც სასამართლოს, არც გამოძიების პრაქტიკა და არც სისხლისამართლებრივი დევნის პრაქტიკა შეცვლილი არ არის. მისი თქმით, რესპრესიული ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანები რჩებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გარდა ამისა, გარეთ არიან ადამიანები, რომელთაც ფაქტობრივად ანალოგიურად აქვთ შეზღუდული ყველა უფლება და ერთადერთი, რასაც ისინი ახერხებენ არის ის, რომ თავი დააღწიონ ზედმეტ კონტროლს და აქტიურ ცხოვრებაში ვერ ერთვებიან.
„2018 წლის მონაცემებით, 15 000 ადამიანს აქვს ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვს დამოკიდებულების პრობლემა და სახელმწიფო დამატებით მათ მიმართ რიგ შემზღუდავ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს, რაც გამორიცხავს მათ საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას. ასევე არიან პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად მოხმარებისთვის არიან მსჯავრდებული. ამის ფონზე ფაქტობრივად ყველა ცვლილებაზე და ყველა ნაბიჯზე, ამ ადამიანების სასარგებლოდ საკანონმდებლო ორგანო და ხელისუფლება უარს ამბობს“, – ამბობს ნასრაშვილი.
რაც შეეხება ციხეში მყოფი მსჯავრდებულების შესახებ სრულ ინფორმაციას, ნასრაშვილის თქმით, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ გამოეთხოვათ პენიტენციური დაწესებულებებიდან ინფორმაცია, ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებული ადამიანების რაოდენობისა და ასევე, დანაშაულის ტიპების შესახებ – ეს იყო ფლობა, მოხმარება, გასაღება თუ სხვა ტიპის დანაშაული. „ასევე გვაინტერესებდა ფლობის შემთხვევაში რა ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებაზე და რა ტიპის ნარკოტიკის ფლობისთვის იხდიდნენ ისინი სასჯელს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყება ამგვარ სტატისტიკურ მონაცემებს არ ამუშავებს“.
იმისთვის, რომ საკუთარი ძალებით შეეფასებინათ ციხის პოპულაცია, EMC-იმ გამოითხოვა 2018 წელს ყველა ნარკოტიკულ დანაშაულზე მიღებული განაჩენები ყველა სასამართლოდან. თუმცა, ამ შემთხვევაშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, უარი თქვა ყველა განაჩენის მიწოდებაზე.
„საბოლოოდ, 2018 წელს გამოტანილი 705 განაჩენი შევისწავლეთ. ამ განაჩენებმა აჩვენა ტენდენცია, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დღემდე რჩება ციხეში, რომელთა შემთხვევაშიც აშკარაა, რომ პირადი მოხმარების მიზნით ფლობის გამო არიან ისინი მსჯავრდებული. საუბარია 260-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა ამ ადამიანებს განესაზღვრათ იმიტომ, რომ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე კანონმდებლობით განსაზღვრული არაა რა ითვლება მათ მცირე ოდენობად. განსაკუთრებით პრობლემურია, ამფეტამინის, მეტამფეტამინისთვის მსჯავრდებული ადამიანების მდგომარეობა, მათ საშუალოდ 5-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, მათ შორის ცარიელი შპრიცების გამო. 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ 50 ადამიანია, ვისაც ეს პრობლემა აქვს და ციხეში დღემდე ელოდებიან არსებით ცვლილებებს“, – ამბობს ნასრაშვილი.
ნასრაშვილის თქმით, სავარაუდოა, რომ 2017, 2016 და წინა წლებში, ასევე არიან მსგავსი ტიპის პრობლემით ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ ზუსტად რა რაოდენობის მსჯავრდებულებზეა საუბარი, მათ თქმა არ შეუძლიათ.
მისი თქმით, მას საპატიმრო დაწესებულებებიდან ყოველდღიურად უკავშირდებიან მსჯავრდებულები ერთი კითხვით – რამე ხომ არ შეცვლილა.
ნასრაშვილი ამბობს, რომ 2018 წლის ბოლო 6 თვის მონაცემით, ამ პერიოდში იყო დაახლოებით 50-მდე შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და პროტესტის ფორმად იყენებდნენ შიმშილობას.
„უპირველესი გამოწვევა, რასაც ქართული ნარკოპოლიტიკა განიცდის, არის ერთგვარი სტაგნაცია მისი რეფორმირების კუთხით. სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო წრეები, მომხმარებლები და პოლიტიკოსები ერთიანად, ერთხმად შეეშვნენ ცვლილებების შესახებ საუბარს. ამ ფონზე, თითქოს ვეღარც ვამჩნევთ, რომ ნარკოპოლიტიკა, მთელი თავისი სიმძაფრით, სიმახინჯეებით კვლავაც განაგრძობს ადამიანების გაუბედურებას და არავის უტოვებს რაიმე სარგებელს, გარდა კრიმინალური, მსხვილი დაჯგუფებების, უდიდესი მოცულობის და მუდმივად მზარდ შავ ბაზარზე და ხელისუფლებისა, რომელიც უამრავი მიზეზის გამო ძალიან ბედნიერია, რომ სწორედ ასეთი ნარკოპოლიტიკა აქვს“, – ამბობს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დათო სუბელიანი.
სუბელიანი ყურადღებას ამახვილებს ზიანის შემცირების სერვისების სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხზეც. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონორი – გლობალური ფონდი ქვეყნიდან გასასვლელად ემზადება და არსებულ დაფინანსებას ამცირებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სრულად შეინარჩუნოს ზიანის შემცირების არსებული მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
ექიმი-ნარკოლოგი, სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე, რომელსაც თემის წევრებთან ყოველდღიური შეხება აქვს, იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დღეს ნარკოვითარების კუთხით ქვეყანაში დგას. მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც სერვისში უნდა მისულიყო, ახლა „ნიჩბებით დადიან ინტერნეტით გამოწერილი ნარკოტიკის ასაღებად“. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ახალ რეფორმას გარკვეული რიკსები შეიძლება სდევდეს თან, „მაგრამ უარესი მივიღეთ. ადამიანები მოიხმარენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც არ იციან, რა არის“.
„დღეს პრობლემა, ძირითადად, დგას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კუთხით, თან მომხმარებლები ვერ ასახელებენ რა ნივთიერებები არის და ამბობენ, რომ ამფეტამინია, რომელიც იყიდება,. ოღონდ რა ამფეტამინია და რა მეფამფეტამინი, ამას ვერავინ ამბობს. პრობლემა არის კრისტალური მეტამფეტამინისა და ალფა-პვპ-ის მოხმარების. ამას გარდა, ძალიან გახშირდა მოხმარება დაბალ ასაკში, ე.წ. ბიოსი, ანუ სინთეტური კანაბინოიდები. კვლავ რჩება სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაც. ასევე შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ინერქციური მოხმარება გახდა ძალიან პოპულარული. ადამიანები, რომლებიც ან მეტადონს ან სუბოქსონს სვამენ, ინექციურად ამატებენ საძილეს ან მეტამფეტამინს. დამატების პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ არაინექციური ფორმით. ინექციური ფორმით ეს ტენდენცია ბოლო წლებია, რაც წამოვიდა“, – ამბობს ზურა სიხარულიძე.
მისი თქმით, „ის, რაც იყო სტრატეგიულად დაგეგმილი, არაფერი არ შესრულებულა. ყველაფერი გაყინულია, არაფერი არ იძვრის“.
რატომ არის „მცირე ოდენობების“ საკითხი პრობლემური?
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები გაწერილია შესაბამის კანონში, რომელიც ადგენს ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა უნდა იყოს მიჩნეული მცირე ოდენობად, რა დიდ ოდენობად და რა განსაკუთრებით დიდად. თუმცა, ამ სიაში შეტანილ 228 ნარკოტიკული საშუალებებიდან 160-ს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს (მათ შორის ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც ხშირად მოხმარებადია. მაგალითად MDMA, LSD, მეტამფეტამინი, ამფეტამინი და ა.შ.), ანუ არაა განსაზღვრული რა მიიჩნევა ამ ნარკოტიკის მცირე ოდენობად. რაც პრაქტიკაში ქმნის იმ პრობლემას, რომ მისი ნებისმიერი უმცირესი ოდენობით აღმოჩენაც კვალიფიცირდება, როგორც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა (ვინაიდან მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს). შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელებიც უფრო მკაცრია. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა (რომელსაც განსაზღვრული აქვს) პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა; მეორე ჯერზე – სისხლის სამართლის დანაშაული (273-ე მუხლი); თუმცა, იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული მცირე ოდენობა, მისი ფლობა პირველივე ჯერზე „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება“(260-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ითვალისწინებს.
თვალსაჩინოებისთვის, თუ პირს აღმოუჩინეს 0.1 გრამი კოდეინი, მას პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. განმეორების შემთხევაში სისხლის სამართლის კოდექსის შედარებით მსუბუქი მუხლი, ხოლო, მაგალითად, 0.1 გრ. MDMA-ის ფლობა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კვალიფიცირდება, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.