ვის არ შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი – ბრძანებულება

ნათია ამირანაშვილი

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად პრეზიდენტისთვის მოამზადებს ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.

ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე:

ა) რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;

ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;

ე) რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

რაც შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომელთაც უფლება ექნებათ პრეზიდენტს მიმართონ შეწყალებისთვის, მათ შესახებ ბრძანებულებაში ზოგადი ჩანაწერია. კერძოდ, სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს შეწყალების საქმეს:

ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამათან, შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, იქმნება საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან.

ბრძანებულებაში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.