ხმის მიცემის შესაძლებლობა თუ ფორმალური უფლება? — რა შედეგს მოიტანს „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეფორმა დიასპორისთვის

სოფო აფრიამაშვილი

მიუხედავად წასვლის მიზეზისა, ემიგრანტებს ერთი რამ აერთიანებთ: მათ არასდროს შეუწყვეტიათ კავშირი საქართველოსთან და არასდროს უთქვამთ უარი ეზრუნათ მის განვითარებაზე.

თუმცა, დღეს ქართველ ემიგრანტთა ეს ფუნდამენტური უფლება საფრთხის წინაშეა“, – წერდნენ ქართველი ემიგრანტები გასული წლის ნოემბერში, პეტიციაში, რომელსაც 4000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციიდან ერთ თვეში კი „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აეკრძალათ.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ემიგრაციაში მყოფ მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდებოდა, რადგან ახალი კანონით, მათ ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეუძლიათ.

თუმცა კანონის ინიციატორების მიერ ამ გზის ასე მარტივად წარმოჩენას არ ეთანხმებიან თავად ემიგრანტები. ისინი მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ ხმის უფლება წაართვა. ბევრი მათგანისთვის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ეკონომიკური თუ ბიუროკრატიული ფაქტორების გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ხშირად ემიგრანტები სამშობლოში ვიზიტს პირადი ტრაგედიების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროსაც  ვერ ახერხებენ. 

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კანონი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება, თუმცა ბოლო ათწლეულებში საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლებებს არათუ ზღუდავენ, არამედ პირიქით აფართოებენ. 

ვის შეუზღუდა ხმის უფლება „ქართულმა ოცნებამ“

„ქართული ოცნების“ თანახმად, არაოფიციალური მონაცემებით საქართველოს საზღვრებს გარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია. აღნიშნული რიცხვი საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გასულ წელს, 2025 წლის გაზაფხულზე დაასახელა. 

თუმცა მონაცემები ოფიციალური არაა, რადგან, როგორც მინისტრის მოადგილემ თავად თქვა, „ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ლეგალური სტატუსის გარეშეა უცხოეთში“, ძირითადად კი ევროპის ქვეყნებში. 

მანამ, სანამ “ქართული ოცნება” საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემას შეზღუდავდა, კანონით უცხოეთში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებსაც ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ახლა, ასეთი ადამიანებისთვის საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რადგან საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დეპორტაცია ემუქრებათ. 

მართალია, საქსტატი არ აწარმოებს სტატისტიკას იმის თაობაზე, თუ რა მიზეზით ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ შექმნილი 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის თანახმად, საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები და საზღვარგარეთ განათლების მიღების უკეთესი შესაძლებლობები. 

„სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მიზეზით გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა საქართველო, რადგან რაღაცის გაუმჯობესება სურდა, იქნება ეს ეკონომიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან განათლება. თუმცა საქართველოს ყველა ამ მოქალაქეს რაც გვაერთიანებს, არის ხმის მიცემის უფლება და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს ამ უფლების რეალიზაცია ან შეზღუდვა.

როდესაც ეს უფლება გვეზღუდება, გამოდის, „ქართული ოცნება“ გვსჯის იმისთვის, რომ რაღაცის გამოსწორება გვინდა ჩვენს ცხოვრებაში“, – გვეუბნება 39 წლის გეოგრაფი, ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრები დათო გოგიშვილი. ის ბოლო რამდენიმე წელია ლოზანის უნივერსიტეტში უფროს მკვლევარად მუშაობს.  

დათო გოგიშვილი

 

დათომ საქართველოდან წასვლა პირველად 2010 წელს გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკეთესი განათლების მიღებასთან ერთად მაშინდელი პოლიტიკური ვითარებაც იყო. 

„ამ დროს ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა მთავრობაში. 

ძალიან გამოუვალი პოლიტიკური მდგომარეობა იყო, ასე ჩანდა და არ მქონდა იმედი, რომ ეს ვითარება შეიცვლებოდა“, – ამბობს დათო.

საბოლოოდ მან ქვეყანა 2012 წლის აგვისტოში დატოვა და შვედეთში დაიწყო სწავლა. საქართველოს დატოვებამდე ის აქტივიზმშიც იყო ჩაბმული და ინტერესი ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების მიმართ არც მას შემდეგ დაუკარგავს. ამჟამად დათო “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წევრია და ემიგრანტების მიერ შედგენილი პეტიციის ინიციატორი და თანაავტორია. 

საქართველოს საარჩევნო უბანი შვეიცარიაში. 2024 წლის 26 ოქტომბერი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. ფოტო: დათო გოგიშვილი.

 

შვეიცარიაში მუშაობის მიუხედავად, საქართველოში წელიწადში ორჯერ 3 თვით ჩამოდის.

„მიუხედავად იმისა, რომ სულ სადღაც ვცხოვრობდი, ხან შვედეთში, ხან იტალიაში ხან შვეიცარიაში საქართველოსთან კავშირი არ გამიწყვიტავს არასდროს“, – გვეუბნება ის სატელეფონო საუბრისას. 

თუმცა „ქართული ოცნება“ ამ კავშირის სიმყარეს ეჭვქვეშ აყენებს როგორც დათოს, ასევე სხვა მილიონზე მეტი ქართველის შემთხვევაში და მათთვის ხმის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ იმას ასახელებს, რომ ემიგრანტები ვერ ეცნობიან თავად საქართველოში შექმნილ გარემოს და გადაწყვეტილებას მხოლოდ „გაფილტრული ინფორმაციის საფუძველზე“ იღებენ. 

ამასთან, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ემიგრანტები მეტად დაუცველები არიან “უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენების” მიმართ და საქართველო ამის პრევენციას ვერ ახერხებს სხვა მიწაზე. 

„ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს, კანონპროექტის მედიისთვის წარდგენისას. 

შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნები არ ეთანხმებიან ფორმულირებას, რომ ამ კანონით ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება წაერთვათ:

“ვისაც უნდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს სამშობლოში და მისცეს ხმა არჩევნებში. მე მგონი, ყველას შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს”, – ამბობდა შალვა პაპუაშვილი. იგივე ნარატი პარტიის მომხრეების პირით პროსახელისუფლებო მედიების ეკრანებიდანაც მრავლად ისმოდა. 

თუმცა, სურვილის მიუხედავად, ასე მარტივად ეს გზა არ ესახებათ თავად ემიგრანტებს, რომელთაც ქვეყანისა და საყვარელი ადამიანების დატოვება სწორედ იმის გამო მოუწიათ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობებით ვერც საკუთარ თავს და ვერც ოჯახს არჩენდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი ემიგრანტი ქალია პროფესიით ფილოლოგი და ყოფილი პედაგოგი ინგა ქარქაშაძე. 

თითქმის ათი წლის წინ, 51 წლის ინგა ემიგრაციაში, იტალიაში წავიდა. იქ ახალი, სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო, რაზეც, როგორც თავად ამბობს, არასდროს უოცნებია.

ინგა ქარქაშაძე რომში

 

ინგა “პუბლიკასთან” წასვლის მიზეზებზე საუბრობს და გვიყვება, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის წლების განმავლობაში სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ ქუთაისში, ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა, სადაც 300 ლარამდე ხელფასი ჰქონდა. ამასობაში ერთადერთი შვილი სტუდენტი გახდა, დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და ოჯახის ხარჯებიც გაიზარდა: ბინის ქირა, სწავლის გადასახადი, ყოველდღიური საჭიროებები დიდ ქალაქში… ცოლ-ქმრის შემოსავალი ამ ხარჯებს ვეღარ აუდიოდა. 

ინგა გვიყვება, რომ ემიგრაციაში წასვლა მისთვის ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა და პირველივე გამოსავლად ეს სულაც არ მიუჩნევია.

ჯერ სხვა სამსახურის მოძებნა სცადა, რეპეტიტორობა დაიწყო, ცოტა ხანს მეორადი ტანსაცმლის პატარა ბიზნესიც წამოიწყო, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად არ მოშორებოდა ოჯახს და საყვარელ გარემოს, მაინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა:

„რა აღარ გავაკეთე, მოსწავლეები ავიყვანე, წავედი რაღაც მეორადები ჩამოვიტანე გაყიდვა დავიწყე. მინდოდა რაღაც დამატებითი შემოსავალი, ოღონდ სახლიდან არ წამოვსულიყავი. ისე არ მინდოდა… ვის უნდა. მაგრამ მივხვდი, რომ ვერ გადავრჩებოდი…“

„ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, როგორ გავბედე-მეთქი, როგორ წამოვედი… მაგრამ ვუყურებდი ჩემს მეზობლებს, ახლობლებს, ვინც წავიდა და ვიფიქრე, რომ მეც უნდა გამერისკა. 

აქ რომ ჩამოვედი  ახალჩამოსულებში ზოგი ამბობდა, მე ორ წელიწადში დავბრუნდებიო უკან… მე უფრო რეალისტი ვიყავი, ხუთ წელს ვამბობდი, მაგრამ უკვე მეათე წელია აქ ვარ“, – ამბობს ინგა ჩვენთან სატელეფონო საუბარში, პარალელურად კი 99 წლის მოხუცს პასუხობს იტალიურად. 

მის ბებიას (ასე ეძახიან ემიგრანტები მოხუც დამსაქმებლებს) ტერეზა ჰქვია. ინგა მასთან კვირაში ხუთდღენახევარს ატარებს, დასვენებისთვის კი მხოლოდ ხუთშაბათი დღის ნახევარი და კვირა დღე აქვს. იტალიაში ქალები უმეტესად სწორედ ამ გრაფიკით მუშაობენ.

ის ყოველთვიურად საქართველოში ოჯახთან დაახლოებით 800-1000 ევროს გზავნის, თავისთვის კი მინიმალურ თანხას იტოვებს.

„აქ თითქმის ყველა ემიგრანტი ქალი ასე ცხოვრობს“, – გვეუბნება ის. 

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა კანონპროექტზე საუბრისას არაერთხელ მიანიშნეს, რომ ემიგრანტები დროთა განმავლობაში სამშობლოსთან კავშირს კარგავენ, თუმცა განსხვავებულს ამბობს მათ მიერ საქართველოში გაკეთებული გზავნილების რაოდენობა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში 337 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, ხოლო სრულად 2025 წლის განმავლობაში ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი, ხოლო 2023 წელს 4.1 მილიარდი. 

შედარებისთვის, მხოლოდ 2025 წელს ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ფაქტობრივად ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის ტოლია. ეროვნული ბანკის თანახმად, ჩარიცხვები ძირითადად აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ხდება.

ფინანსური კავშირის გარდა ემიგრანტები ინარჩუნებენ კავშირს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ადევნებენ თვალყურს ახალ ამბებს და როგორც რამდენიმე მათგანმა „პუბლიკას“ უთხრა, ქართული ოცნების არგუმენტები და თავად კანონი “ყველაფერთან ერთად შეურაცხმყოფელია“ მათთვის:

„სიმართლე გითხრათ, როცა გავიგე რომ ამ კანონის მიღება უნდოდათ ცრემლები წამომივიდა. საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის მთავრობა ასე რომ გექცევა, რომ გართმევს შენს ხმას, შენს თავისუფალ არჩევანს – ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ რაღაცას, რაც ადამიანს გააჩნია… და არაფრად გაგდებს…“, – გვეუბნება ნინო ნახუცრიშილი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი. ის წლების განმავლობაში, მანამ, სანამ გერმანიამ ორმაგი მოქალაქეობა არ დაუშვა, ამ ქვეყნის მოქალაქეობის აღებაზე უარს ამბობდა, რათა საქართველოს მოქალაქეობა არ დაეკარგა. 

მოქალაქის ყველაზე ძლიერ იარაღად კი ნინო სწორედ არჩევანის უფლებას მიიჩნევს: 

„არჩევანი არის ყველაზე დიდი და ძლიერი რამ, რითაც შეიძლება მოქალაქემ გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გარემოზე და საერთოდ იმაზე, როგორ ვიცხოვრებთ, რას შევჭამთ, რამდენი ხანი გავალთ დეკრეტში და ა.შ.“, – ამბობს ის.

საერთაშორისო პრაქტიკა

„ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს, როდესაც საზოგადოებას პირველად წარუდგინა ცვლილებები.

მართალია, აღნიშნულ ქვეყნებში ემიგრანტებისთვის ხმის მიცემა ნამდვილად შეზღუდულია, თუმცა ბოლო ათწლეულებია მსოფლიოში იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც ეს შეზღუდვები გააუქმეს. მაგალითად, International IDEA-ს თანახმად, თითქმის 20 წლის წინ, 2007 წელს არარეზიდენტ მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 115 ქვეყანა აძლევდა, 2025 წლისთვის კი ეს რიცხვი 160-ს გასცდა. მათ შორის ქვეყნების 52% შესაძლებლობას აძლევს ყველა არარეზიდენტ მოქალაქეს მისცეს ხმა არჩევნებში საზღვარგარეთ ყოფნისას. 

ამ სტატისტიკაში შედიოდა საქართველოც, თუმცა 2025 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეს შეიცვალა.

 ემიგრანტების ხმის უფლების  მნიშვნელობაზე არაერთი ორგანიზაცია საუბრობს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ სატრანსპორტო თუ საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების წყალობით სულ უფრო მეტი ადამიანი ინარჩუნებს კავშირს თავის სამშობლოსთან, თუნდაც მისგან შორს იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო.

სწორედ ამ არგუმენტს უპირისპირებდნენ “ქართულ ოცნებას” კანონის მოწინააღმდეგეები საქართველოშიც. “სამართლიანი არჩევნების” უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თანამედროვე რეალობა და კონტექსტი. კერძოდ ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში გაზრდილია გეოგრაფიული მობილობა და ადამიანებისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება სამოგზაუროდ, სასწავლებლად თუ სამუშაოდ ბევრად გამარტივებულია ისე, რომ ისინი სამშობლოსთან ბმას არ კარგავენ.

შოთა ნარსია

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებს, ნარსია განმარტავს, რომ მათი კონტექსტი საქართველოსგან სავსებით განსხვავებულია. კერძოდ, მაგალითად, სომხეთისა და ირლანდიის შემთხვევაში დიასპორის დიდმა ნაწილმა გასული საუკუნის დასაწყისში ან უფრო ადრეც დატოვა ქვეყანა და მათი რაოდენობა იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ შესაძლოა ამან გადაჭარბებული გავლენა იქონიოს ეროვნულ პოლიტიკაზე. მრავალრიცხოვანია ისრაელის გარეთ მცხოვრები დიასპორის რაოდენობაც. 

საქართველოდან კი ძირითადად  სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით განპირობებული მიგრაცია მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ემიგრანტების უმეტესობას ოჯახები, შვილები და მშობლები ახლაც საქართველოში ჰყავთ და მათთან აქტიურ, ყოველდღიურ კომუნიკაციას არ წყვეტენ. 

„ევროპის საბჭოს ერთ-ერთი რეზოლუცია მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველსაც, რომ მაქსიმალურად გაეხნსათ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობები, რომ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და გაეუქმებინათ ის შეზღუდვები, რომელიც აღარ იყო რელევანტური და აღარ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებს. დღეს-დღეობით ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ამ შესაძლებლობას არ უშვებს”, – ამბობს ნარსია. 

სომხეთის მაგალითი

ევროსაბჭოს წევრია სომხეთიც, რომელიც როგორც შალვა პაპუაშვილმა ახსენა ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. იქ ეს შეზღუდვა თითქმის 20 წლის წინ, 2007 წელს დაწესდა, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესი დაამტკიცა.

როგორც ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთის” იურისტი, მიჰრან ბულღადარიანი ჰყვება “პუბლიკასთან”, მაშინ სომხეთში ამ შეზღუდვის დაწესების სამ ძირითად მიზეზს განიხილავდნენ: 

  1. დიასპორის დიდი რაოდენობა და უსაფრთხოების რისკები 
  2. ადმინისტრაციულ ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ამომრჩეველთა იდენტიფიცირება, ორმაგი ხმის მიცემის პრევენციის მექანიზმების სისუსტე და ბიულეტენების გადაადგილების კონტროლი
  3. 2003 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მაშინდელი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ხმების სიმცირე. ეს აზრი მაშინ სომხურ მედიაში ვრცელდებოდა. 

თუმცა დღეს ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით, სომხური დიასპორა საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აქტიურად არ ითხოვს. იურისტის თქმით, მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, ეს თემა სომხეთში პოპულარული არაა. ამის მიზეზად ის საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტს და პოლიტიკურ რისკებს ასახელებს:

“პოლიტიკური პარტიები ხშირად არ არიან დარწმუნებული, თუ როგორ იმოქმედებს დიასპორის ხმის მიცემა საარჩევნო შედეგებზე. ეს გაურკვევლობა პოლიტიკურ აქტორებს უფრო პასიურს ხდის  — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს ძლიერი საზოგადოებრივი მოთხოვნა ან პარტიათაშორისი კონსენსუსი”, – ამბობს ის. 

ამჟამად სომხეთის ტერიტორიული საზღვრების გარეთ ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს. 

ემიგრანტების ჩართულობა და მისი გავლენა არჩევნებზე

საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA-მ 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული 38 ქვეყანაში ამომრჩეველთა ჩართულობა შეაჯამა. ორგანიზაციის ცნობით, ემიგრანტების მონაწილეობის საშუალო მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 13.2% იყო. ეს დაბალი მაჩვენებელი, როგორც IDEA განმარტავს შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის საზღვარგარეთ ხმის მიცემის ხელმისაწვდომობით, სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიით, საარჩევნო ინსტიტუტებისადმი ნდობით და მოსახლეობაში კონკრეტული არჩევნების მნიშვნელობის აღქმით. 

რაც უფრო მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტად აღიქმება არჩევნები, მით მეტია ჩართულობაც. საქართველოში 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. კერძოდ, საზღვარგარეთ სულ რეგისტრირებული იყო საქართველოს 95 910 მოქალაქე, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 34 574-მა ადამიანმა.

IDEA-ს ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულებში დიასპორის მიერ ხმის მიცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 19.5% დაფქისირდა მოლდოვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

ვინ ეწინააღმდეგება ემიგრანტებისთვის ხმის უფლებას მოლდოვაში

საქართველოში ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობებზე საუბრისას ხშირად გაიგონებთ სწორედ მოლდოვის მაგალითს. ამის მიზეზი კი საქართველოსა და მოლდოვას შორის მოსახლეობის, ემიგრანტების რაოდენობისა და ფინანსური რესურსების მიახლოებითი მსგავსებაა.

თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვამ საზღვარგარეთ დიასპორის ჩართულობას განსაკუთრებით შეუწყო ხელი. შედეგად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოლდოვის გარეთ მყოფმა 240 ათასზე მეტმა ადამიანმა, მეორე ტურში კი 328 ათასზე მეტმა ემიგრანტმა დააფიქსირა საკუთარი ხმა. 

ორივე ტურში ხმათა უდიდესი ნაწილი პროევრპულმა კანდიდატმა, მაია სანდუმ მიიღო. რეფერენდუმში კი მოლდოველებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს. ორივე შემთხვევაში ემიგრანტების ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდა. 

2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოლდოვამ ქვეყნის გარეთ საარჩევნო უბნები დაამატა და 41 ქვეყანაში 301 უბანი გახსნა. 

თუმცა ემიგრანტების ჩართულობას მოწინააღმდეგეები ჰყავდა მოლდოვაშიც. ისინი ძირითადად პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები იყვნენ. 

პრორუსული პარტიების პოზიციასა და გავლენაზე „პუბლიკა“ ესაუბრა მოლდოველ ექსპერტს, ორგანიზაცია „ვოჩდოგის“ თანადამფუძნებელს, ანდრეი კურერარუს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, მოლდოვაში დიასპორისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვაზე თუ ვინმე საუბრობს, ეს პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა და პრორუსული პარტიები არიან. მათ პარლამენტში კანონპროექტიც კი დაარეგისტრირეს, თუმცა უშედეგოდ. 

„ბოლო დაკვირვებით ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის მოთხოვნით მხოლოდ ის პარტიები გამოდიან, რომლებიც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებით დაკავშირებულნი არიან რუსულ ფულთან. დღეს მოლდოვაში არ არსებობს რეალური დემოკრატიული პარტია, რომელიც დიასპორის ხმებს უგულებელყოფს.

დიასპორის მონაწილეობა არღვევს პრორუსული პარტიების სტრატეგიას. მოლდოვაში არჩევნებზე ხმების ყიდვა ხშირია, მაგრამ საზღვარგარეთ ეს პროცესი ბევრად უფრო რთულდება, რადგან ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები მეტ თანხას გამოიმუშავებენ და ნაკლებად თანხმდებიან, გაყიდონ საკუთარი ხმა პრორუსული ღირებულებების მხარდასაჭერად“, – ამბობს კურერარუ და განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა, ემიგრანტები მხოლოდ პროევროპულ პარტიებს და პოლიტიკას არ უჭერენ მხარს და დიასპორაშიც არიან ისეთები, ვინც ამას ეწინააღმდეგება, თუმცა მათი რიცხვი დაბალია, რაც 2024-2025 წლების არჩევნებშიც აისახა. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებზე რუსეთში მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გახსნა, ნაცვლად ხუთისა, რომელსაც თავდაპირველად განიხილავდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის მიზეზად უსაფრთხოების რისკები დაასახელა. 

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვების განხილვისას რუსეთში უბნების არარსებობაც დაასახელა. რუსეთში საარჩევნო უბნებს საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ არ ხსნის. სწორედ ამ დროიდან საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, რასაც წინ უძღვოდა აგვისტოს ომი და მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. 

„ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციაში არასდროს არ იხსნებოდა 2008 წლიდან მოყოლებული საარჩევნო უბნები. თქვენ გახსენდებათ რომელიმე მათგანის [კანონპროექტის მოწინააღმდეგეების] წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ემიგრანტების ნახევარი მოკლებული იყო საარჩევნო ხმის უფლებას, ან თანასწორობის პრინციპი რომ ირღვეოდა? 

შეიძლება, ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია? ეს წუხილი ხომ არავისგან მოგისმენიათ? რატომ? იმიტომ, რომ მთლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს“, – თქვა მან 18 ნოემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

„რიგ ქვეყნებში“ მრავალრიცხოვანი დიასპორისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის არგუმენტი მოყვანილია “ქართული ოცნებისგან” დაკომპლექტებული დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის ოქმშიც: 

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც საქართველოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დიასპორა ჰყავს, თუმცა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მათივე სურვილის მიუხედავად, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი საარჩევნო ხმის გამოყენებას და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც რასაკვირველია, არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა სახელმწიფოებში მყოფ თანამემამულეებთან მიმართებაში“, – წერია დასკვნაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სპიკერი, დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ზარქუა აწერს ხელს. 

თუმცა არც კობახიძეს აღუნიშნავს და არც ოქმში ყოფილა მითითებული, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული აქვს და არც იმ რისკებზე ყოფილა საუბარი, რაც შეიძლება რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნამ გამოიწვიოს. 

რა გავლენა აქვს მცირე ჯგუფების ხმებს მმართველების ლეგიტიმაციაზე

ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს ტელეკმოპანია “იმედის” ეთერში ასევე უპასუხა კანონის მოწინააღმდეგეების არგუმენტს, რომ აღნიშნულ ცვლილებას “ვიწრო პოლიტიკური ინტერესი” აქვს. 

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ 2024 წლის არჩევნებში 35 ათასზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და “შესაბამისად, ვერავითარი არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში”, რის გამოც, კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება დაცლილია “ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან”. 

არჩევნები საქართველოში. 2024 წელი

თუმცა 2024 წლის არჩევნებზე, ემიგრანტები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო უბნების დამატებას საზღვარგარეთ, საბოლოოდ კი ცესკომ დამატებით მხოლოდ 30 უბანი გახსნა, მათი ნაწილი კი იმავე ქალაქებსა და შენობებში მდებარეობდა, რომელშიც უკვე არსებობდა მანამდე სხვა საარჩევნო უბნები, რის გამოც ბევრმა ემიგრანტმა ხმის მიცემა სურვილის მიუხედავად ვერ შეძლო. 

შედარებისთვის, საბოლოოდ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველომ 67 უბანი გახსნა 42 ქვეყანაში, მოლდოვას კი იმავე წელს 37 ქვეყანაში 231 საარჩევნო უბანი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მსოფლიოში ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში გადამწყვეტ შედეგებს იშვიათ შემთხვევაში იძლევა, კვლევები მიუთითებს, რომ ხელისუფლების საბოლოო ლეგიტიმაციაზე, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე, მცირე ჯგუფებიც დიდ გავლენას ახდენენ. სწორედ ამიტომ, ავტოკრატიული ქვეყნები ხშირად მიმართავენ „საარჩევნო უფლებების სისტემურ შეზღუდვას“. 

„არჩევნების გზით „სახალხო მხარდაჭერის“ დეკლარირება ავტოკრატებს საშუალებას აძლევს საკუთარი ძალაუფლებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოაჩინონ, როგორც შიდა აუდიტორიისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 

ეს ლეგიტიმაცია გადამწყვეტია მათი პოლიტიკური გადარჩენისა და რეჟიმის სტაბილურობისთვის და მას ვერ ჩაანაცვლებს მუდმივად ძალაუფლების შენარჩუნების სხვა საშუალებები, როგორიცაა რეპრესიები ან რესურსების გადანაწილება“, – განმარტებულია კვლევით მოხსენებაში, რომელიც მკვლევარმა კრისტინ აიჰჰორნმა 2025 წლის ევროპის პოლიტიკური კვლევების კონსორციუმის (ECPR) კონფერენციაზე წარმოადგინა. 

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ კონკრეტული ხელისუფლებები არჩევნების გზით მეტი ლეგიტიმაციის მისაღებად და დამარცხების რისკების შესამცირებლად “საარჩევნო თამაშის წესები საკუთარი თავის სასარგებლოდ ამახინჯებენ” და ზღუდავენ არჩევნებში ინკლუზიურობის დონეს. 

„ავტოკრატებისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის დემონსტრირება, ამასთანავე კი მკაცრი კონტროლი იმაზე, თუ ვინ აძლევს ხმას და ვინ — არა[…]

ეს არის პროცესი, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი ფაქტობრივად თავად „ირჩევს“ საკუთარ ამომრჩეველს“, – ნათქვამია კვლევაში. 

ემიგრანტების უარყოფა მათთან კავშირის შენარჩუნების კონსტიტუციური ვალდებულების ნაცვლად

„სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭირდო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“, – წერია საქართველოს კონსტიტუციაში. 

ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ცვლილება არათუ ზრუნვას ემსახურება, არამედ პირიქით, უარყოფს „ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთ უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“. 

ეს შეფასება არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ ეკუთვნის. 

ცენტრის დირექტორი, იურისტი თამთა მიქელაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ ეს კანონი კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე, თუნდაც საარჩევნო კოდექსში გატარებული ცვლილებების გზით, არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუცია საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას და არ გამორიცხავს ქვეყნის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობის არსებობას. 

„იმისთვის, რომ საარჩევნო უფლებაში ჩარევა გამართლდეს, მას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი და თავად ამ უფლებაში ჩარევა უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული”, – განმარტავს მიქელაძე. 

თამთა მიქელაძე

თავის მხრივ, სწორედ კონსტიტუციის 24-ე მუხლი მოიხმო შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას, რომელშიც წერია:

„საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა”, 

პაპუაშვილმა ეს ჩანაწერი შემდეგნაირად განმარტა:

„ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფალ გამოვლენასაც მოიაზრებს“.  

მიქელაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ეს განმარტება კანონის მიღების ლეგიტიმურ მიზნად ვერ მიიჩნევა, რადგან ეს კანონი თავად ჰგავს არჩევანის შინაარსში ჩარევას. 

„ემიგრანტებს ბლანკეტურად ჩამოართვეს ხმის მიცემის უფლება, განურჩევლად ემიგრაციაში ყოფნის ხანგრძლივობისა. ეს ბლანკეტურობა და უპირობოდ უფლების ჩამორთმევა ჩვენი აზრით არალეგიტიმური და არაპროპორციული ჩარევაა ამ უფლებაში და ბუნებრივია, მას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს“, – ამბობს მიქელაძე.