„ნარკოტიკი კლავს!“ – საქართველოში და არამხოლოდ მსგავსი ლოზუნგები არაერთხელ გვსმენია, თუმცა, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ამგვარ კამპანიებს პრევენციული შედეგი არ აქვს. მკითხველს შესაძლოა, შეკითხვა გაუჩნდეს – „განა რა არის ამაში ცუდი?! ნარკოტიკი ხომ ცუდია; რაც უფრო ხშირად გაიგონებ ამას, მით უკეთესი“.
თუმცა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა სხვა რამეს ამბობს – ერთი შეხედვით კეთილი მიზნების მქონე ანტინარკოტიკული კამპანიები უშედეგო ან უკუეფექტის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარი გზავნილი კი ერთია – პრევენციის მიზნით მომზადებულ სხვადასხვა აქტივობას შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ამაზე დაფუძნებით, პროფესიული დაგეგმვა სჭირდება. ამაში კი PR-პროფესიას არ ვგულისხმობთ მხოლოდ: პრევენციული კამპანია, უპირველეს ყოვლისა, პრევენციის სპეციალისტმა უნდა დაგეგმოს.
სტატიაში მიმოვიხილავთ ქართულ თუ უცხოურ ანტინარკოტიკულ კამპანიებს და ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან ერთად გავაანალიზებთ, თუ რა იყო მათი მთავარი შეცდომა. ვისაუბრებთ იმ პრინციპებზე, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია უნდა აკმაყოფილებდეს.
1 – JUST SAY NO to drug
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მცდარი ანტინარკოტიკული კამპანია ამერიკაში 1980-იანი წლებში დაიწყო და მისი სახეები აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, როლანდ რეიგანის მეუღლე, ნენსი რეიგანი და ჰოლივუდის იმდროინდელი ვარსკვლავი, კლინტ ისტვუდი იყვნენ.
„ნენსი რეიგანს უნდოდა, „გადაერჩინა“ ახალგაზრდობა, თვითონ ყოფილიყო გადამრჩენელის როლში და შეიამხანაგა იმ პერიოდში ძალიან პოპულარული კინოვარსკვლავი – „აგენტი 007-ის“ როლის შემსრულებელი, კლინტ ისტვუდი. ისინი ერთად გამოდიოდნენ ამერიკის ცისფერ ეკრანებზე და ამბობდნენ – Just say no to drug, მერე კი ხსნიდნენ, რატომ იყო ნარკოტიკის მოხმარება ცუდი. საბოლოოდ, შედეგი რომ გაიზომა, აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის პოპულარიზაცია გაუწევიათ. უნდოდათ, გაეკეთებინათ ძალიან კეთილი საქმე, გამოუვიდათ ფაქტობრივად დამაზიანებელი. ასე რომ, ყველას არ შეუძლია პრევენცია, ამას პროფესიული ცოდნა ესაჭიროება“, – ამბობს ჯავახიშვილი.
როგორც ილიაუნის გზამკვლევში – „ნარკოტიკები“ – ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს, ნარკოტიკების მოხმარების თავიდან აცილების ნაცვლად, კამპანიამ პოპულარიზაცია გაუწია მოხმარებას, რადგანაც ნარკოტიკებზე საუბარი შეწყვილდა ქვეყნის ორი წარმატებული ადამიანის გამოსახულებასთან, და შესაბამისად, წარმატებასთან. ეს კამპანია ასევე შეფასდა, როგორც „ეპიკური მარცხი“.
მისივე თქმით, ხშირად საღი გონების პოზიციიდან გვეჩვენება, რომ პრევენციაში ესა თუ ის აქტივობა ეფექტიანი იქნება, მაგრამ გაზომვის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას უკუეფექტი მოჰყვა.
2 – „ქალაქში მკვლელი დადის”
2005 წლის ნოემბერში თბილისის რამდენიმე ცენტრალურ გამზირზე, ქალაქის მოსახლეობას დახვდა დიდი თეთრი პლაკატები წარწერით – „ქალაქში მკვლელი დადის“.
ჯანა ჯავახიშვილი სახელმძღვანელოში იხსენებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიდამოებში ასფალტზე დატანილი იყო სისხლისფერი ნაფეხურებიც…
„ქალაქი დაიზაფრა… საღამოს კი, როდესაც მოქალაქეებს ტელეეკრანებიდან ამცნეს, რომ ეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების ანტინარკოტიკული აქცია იყო, რომელიც რამდენიმე ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა, ვნებები ჩაწყნარდა, თუმცა რეაქცია სხვადასხვა იყო: მოსახლეობის ნაწილი თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა; ნაწილს გაეცინა; ის ნაწილი კი, რომელმაც იცოდა, რომ ნარკოტიკების პრობლემის მოვლა არა ხმამაღალი აქციებით, არამედ სკრუპულოზური რუტინული შრომითაა საჭირო, აქციის ავტორთა არაკომპეტენტურობამ გააღიზიანა.
რომ გავაანალიზოთ, რა გზავნილები იდგა ამ აქციის მიღმა, აზრი შესაძლებელია, ორი მიმართულებით წავიდეს: პირველი – „ნარკოტიკი მკვლელია“, მისი უნდა გვეშინოდეს და მეორე – „ნარკოტიკი მტერია“ და ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ“, – წერს ის და შემდეგ დასძენს, რომ არცერთი ამგვარი გზავნილი პრევენციული შედეგის მომტანი არაა.
3 – „ამ სახლში სუბუტექსის გამსაღებელი ცხოვრობს“
სულ მალე თბილისის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე სახლზე გაჩნდა წარწერა – „ამ სახლში სუბუტექსის გამსაღებელი ცხოვრობს“. როგორც სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, არავის აუღია პასუხისმგებლობა ამ წარწერების გაკეთებაზე, ამიტომ, მოსახლეობას, შესაძლოა „ქალაქში მკვლელიას“ აქციის ზეგავლენით, ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ეს კამპანიაც სახელმწიფო უწყების ინიციატივა იყო.
„სუბუტექსის შემოდინება ქვეყანაში იმხანად მართლაც პრობლემა იყო…, მაგრამ რის მიღწევა შეიძლებოდა ამ წარწერების გაკეთებით?.. ნარკორეალიზატორის შერცხვენა? მაგრამ ეს შენს სახლზე გაკეთებული წარწერებით არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც არ იცი, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას ხალხის მხრიდან – გაკიცხვა?.. თუ დარბევა?…“, – წერს ავტორი.
4 – ჯგუფი „ანტისუბუტექსი“
ჯანა ჯავახიშვილი იხსენებს, რომ ამავე პერიოდში ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები (მსახიობები, ლიტერატორები), ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობით, სუბუტექსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
მათ დაიწყეს სკოლებში სიარული, უფროსკლასელებთან შეხვედრა და საუბარი იმაზე, რომ სუბუტექსის მოხმარება არ შეიძლება… შესაბამისი ინფორმაცია რომ მოეძიებინათ, ეცოდინებოდათ, რომ სუბუტექსი სკოლის მოსწავლეების მიერ არ მოიხმარებოდა.
„უეჭველია, რომ „ანტისუბუტექსის“ ჯგუფის წარმომადგენლები სავსებით გულწრფელად და კეთილი ზრახვებით მოქმედებდნენ, მაგრამ, უნებლიედ ზიანს აყენებდნენ სკოლის მოსწავლეებს, იმის გამო, რომ არ ჰქონდათ პრევენციული საქმიანობისთვის სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები. იყო ასეთი გზავნილებიც – „თუ შენი მეგობარი სუბუტექსს მოიხმარს, უთხარი, რომ ეს კლავს და შეწყვიტოს; თუ არ შეწყვიტა კიდევ ერთხელ უთხარი; თუ კიდევ არ შეწყვიტა – გაარტყი“… შესაბამისად, „ნარკოტიკებთან ომის“ რეჟიმში ეს ყოველივე ძალადობის ტირაჟირებამდე მიდიოდა“, – ამბობს ჯავახიშვილი.
„ყველაფერი, სუბუტექსის გარდა”
ჯანა ჯავახიშვილი იხსენებს კიდევ ერთ ოდიოზურ ლოზუნგს, რომელიც საქართველოს ანტინარკოტიკული კამპანიების სიაშია – „ყველაფერი, სუბუტექსის გარდა“.
„რა დაშვებაა ამ ლოზუნგში, ოღონდ სუბუტექსი არ მოიხმარო და მოიხმარე ჰეროინი? ფარული გზავნილი, სავარაუდოდ, აქაც არ ჰქონდათ გაცნობიერებული ორგანიზატორებს. ის, ფაქტობრივად, ყველა სხვა ნარკოტიკის მოხმარებისკენ მოწოდებას მოიცავდა“, – ამბობს ის.
„ქალაქში მკვლელი დადის”; „ამ სახლში სუბუტექსის გამსაღებელი ცხოვრობს“; ჯგუფი „ანტისუბუტექსი“; „ყველაფერი, სუბუტექსის გარდა“ – ეს ის გზავნილებია, რომელთა დახმარებითაც ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება არც მაშინ იყო შესაძლებელი და არც დღეს. ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი საერთაშორისოდ კარგად ცნობილი „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის“ ჟანრიდანაა, რომელიც საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, ნარკოტიკების მომხმარებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა. ამგვარი მიდგომა დღესაც გვაქვს.
5 – „არა ბიონარკოტიკს“
„არა ბიონარკოტიკს“ – ამგვარი ლოზუნგი ვიხილეთ უკვე 2014 წელს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების წინააღმდეგ. მომდევნო წელს კი სამთავრობო უწყებებმა საზოგადოებას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 90%-ით შემცირების შესახებ ამცნეს. სფეროს ექსპერტებმა ეს მონაცემი შეაფასეს, როგორც არასანდო.
რაც შეეხება უშუალოდ კამპანიის გზავნილის შეფასებას, „მართალია, ეს ბევრად უფრო კონსტრუქციული სლოგანია, ვიდრე „ყველაფერი სუბუტექსის გარდა“, მაგრამ მისი ფარული გზავნილი მაინც შეიცავს დაზიანების რისკს: თუ ადამიანს დადებითი დამოკიდებულება აქვს ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მიმართ, მაშინ ეს სლოგანი ადეკვატურია; მაგრამ, თუ ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ნარკოტიკული საშუალებების მიმართ, სლოგანი მას მოუწოდებს, შეცვალოს ეს დამოკიდებულება, რაც, დარწმუნებული ვარ, ვერ იქნებოდა კამპანიის ავტორთა მიზანი“, – აღნიშნავს ჯანა ჯავახიშვილი.
ანტინარკოტიკული კამპანიების მთავარი შეცდომები
„ჩვენთან პრევენციაში ძალიან ხშირია შეცდომები, ეს უნდა ვაღიაროთ. თუ არ ტარდება პრევენციული ღონისძიებები, ხომ ცუდია, მაგრამ თუ ტარდება, ხშირად უარესია ხოლმე. ზოგჯერ იმაზეც დაფიქრდები – რომელი ჯობია, ჩატარდეს თუ საერთოდ არ ჩატარდეს.
გვქონია კამპანიები, რომლებზეც იცი, რომ შეიძლება საზიანო იყოს, თუმცა ვერ აჩერებ, რადგან რომელიმე კონკრეტული უწყება წარმართავს და უნდა კარგი, როგორც ნენსი რეიგანს, თუმცა არ გამოსდის, ვინაიდან არ იცის, როგორ გააკეთოს ეს“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, დამაშინებელი, დასჯაზე ორიენტირებული კამპანიები არ მუშაობს როგორც უფროსების, ასევე მოზარდების შემთხვევაში და ამ ტექნიკაზე აწყობილი კამპანიები საქართველოს მსგავსად არც ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებისთვის ყოფილა უცხო.
ამის მაგალითად ის იყენებს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ვიზიტით მყოფ ინგლისელ ექსპერტ-პოლიციელს, რომელიც ინგლისის დედოფალს ორდენითაც კი დაუჯილდოებია პრევენციულ პროგრამებში შეტანილი წვლილისთვის.
„პრევენციული პროგრამა კი მდგომარეობდა იმაში, რომ ის დადიოდა სკოლებში და მოსწავლეებს მოუწოდებდა, არ მოეხმარებინათ ნარკოტიკი, რადგან ეს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა და თანაც ესა და ეს სასჯელი ელოდებოდათ და ა.შ…“, – ამბობს ჯავახიშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან კეთილი მიზნები ჰქონდა, მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.
„გაეროს ნარკოტიკებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ოფისის მიერ ინიციირებული კვლევის თანახმად (UNODC, 2015), პოლიციელის სკოლაში მისვლა, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ სასჯელსა და რისკზე საუბარი არ მუშაობს, რადგან ვერ ცვლის მოზარდის ქცევას. ინგლისის დედოფალსაც შეეშალა და ამერიკის პრეზიდენტსაც, ანუ სულაც არ არის უხერხული, ვაღიაროთ, რომ შეცდომები ჩვენთანაც ხდება“, – ამბობს ჯავახიშვილი.
ამ მიზნით საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA-იმ) ევროპის პრევენციის კურიკულუმი შექმნა.
„ეს კურიკულუმი შეიქმნა, რათა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა იცოდნენ, რა მუშაობს, რა არ მუშაობს; რომ აღარ წამოაყენონ ვარაუდებზე (და არა სამეცნიერო მტკიცებულებებზე) დაფუძნებული პრევენციული ინიციატივები, რომლებმაც შეიძლება, დააზიანონ ჩვენი შვილები, რითაც საზოგადოებაში პრევენციის დისკრედიტაციაც ხდება“, – ამბობს ის.
რა არ მუშაობს პრევენციაში
დამაშინებელ-შემაშინებელ, დასჯაზე ორიენტირებულ მოწოდებებს პრევენციული ეფექტი არ აქვს – ამას გვკარნახობს სამეცნიერო მტკიცებულება. შეიძლება ითქვას, რომ პრევენციული კამპანიები საქართველოში ხშირად მხოლოდ პიარზეა გათვლილი, რაც რეალურ პრევენციასთან შედარებით მარტივად განსახორციელებელია, საზოგადოების თვალში მეტად ეფექტიანი და „პოლიტიკურადაც მომგებიანი“.
„საფუძველშივე მცდარია მიდგომა, რომ პრევენცია ე.წ. კატასტროფაზე რეაგირება და „გადარჩენაზე“ მუშაობაა. პრევენციას არ უნდა ჰქონდეს კამპანიური ხასიათი, ეს არის ყოველდღიური, რუტინული, დიდი შრომა, თანმიმდევრული და სისტემატური ნაბიჯები – ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის კეთილდღეობისთვის ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომების ცხოვრებაში გატარება.
სამწუხაროდ, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა ბევრად უფრო ნაკლებ რომანტიკულია, ვიდრე ქუჩებში გაკრული პლაკატები იმის თაობაზე, რომ „ნარკოტიკები კლავს“, – ამბობს ჯავახიშვილი.
მოშერი & აკინის ნაშრომში პოპულისტური კამპანიების მიზანი ასეა განმარტებული:
„სახელმწიფო მოხელეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაჭიროებათ ეს (ნარკოტიკების წინააღმდეგ) ომი, რათა შექმნან გმირები და ბოროტები, მტრები, რათა საზოგადოების ყურადღება მოაცილონ იმ საკითხებს, რეალურად რაც უწყობს ხელს მოხმარების გავრცელებას. სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობას ესაჭიროება მტრის ხატი ნარკოტიკების სახით, რათა დაასაბუთოს თავისი უწყების ბიუჯეტისა და სხვა რესურსების სოლიდური ზრდა..“.
სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ყველა სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებას (და შესაბამისად, ნარკოტიკს) შორის ალკოჰოლის მოხმარებას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის სახმელეთო ავარიებისა და ძალადობის ფაქტებში. ჯანა ჯავახიშვილის თქმით, არც საქართველოში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი და ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტებაა ამ მხრივ გამონაკლისი. ამიტომ, მოზარდებში ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების პრობლემებზე თვალის დახუჭვა, და ლოზუნგები – „ვუთხრათ უარი ნარკოტიკებს“ – არ იმუშავებს. ე.წ. ლეგალური ნარკოტიკების (თამბაქოს, ალკოჰოლის) მოხმარების პრევენცია უნდა გულისხმობდეს, უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი არჩევანის ხელშეწყობას.
რა მიზანი უნდა დაისახოს პრევენციამ
ჯანა ჯავახიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პრევენცია არარეალისტურ შედეგებს არ უნდა ისახავდეს მიზნად. პრევენციით ჩვენ ვერ მივაღწევთ არარეალისტურ მოლოდინს, რომ არავინ არასდროს გასინჯოს, არავინ არასდროს მოიხმაროს. ამას არც უნდა ვისახავდეთ მიზნად, რადგან მუდმივად იმედგაცრუებულნი დავრჩებით.
„ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალი გარემო, სამწუხაროდ, უტოპიაა. სწორედ ამ არასწორ დაშვებაზე იყო დაფუძნებული ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის მიდგომა, როცა ზრუნვის ნაცვლად ადამიანი ციხეში აღმოჩნდება ხოლმე, რაც არაა მართებული, ვინაიდან პენიტენციური სისტემა წამალდამოკიდებულების პრობლემის მოგვარებას ვერ შველის.
რა შეუძლია შედეგიან პრევენციას? – შედეგიანმა პრევენციამ შესაძლოა, გადაავადოს გასინჯვა – ძალიან ადრეულ ასაკში არ გასინჯოს ბავშვმა ნარკოტიკული საშუალება და შესაბამისად, შემცირდეს მოხმარების პერიოდიც… რეალისტური შედეგი არის ის, რომ ნაკლები იქნება გავრცელება; ვინც გასინჯავს, უფრო გვიანდელ ასაკში გასინჯავს და უფრო ნაკლები დროის ინტერვალით, ვიდრე ეს პრევენციის გარეშე იქნებოდა. ამას თუ მივაღწევთ, ბევრად უფრო დაცული იქნება ადამიანი“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
რა მუშაობს პრევენციულად?
შედეგიანია პრევენცია თუ ის ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს, ჩვენი საზოგადოების წევრებს აწვდის ჯანსაღი არჩევანის შესაძლებლობებს – უბანში დგომის ნაცვლად: ივარჯიშო, იცურაო, იარო სხვადასხვა განმავითარებელ წრეზე, თეატრსა და კინოში.
მშობლები უნდა ჰქონდეთ საშუალება, საკმარისი დრო დაუთმონ შვილებს, ჰქონდეთ მათთან კონტაქტი, იყვნენ საქმის კურსში მათი პრობლემების თაობაზე და ხელმისაწვდომნი, როდესაც შვილებს ესაჭიროებათ მათი თანადგომა. ნამდვილ პრევენციას ესაჭიროება მუშაობა სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების მიმართულებით, რათა მშობლებს ემიგრაციაში წასვლა და შვილების დატოვება არ მოუწიოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლა იყოს ის გარემო, სადაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის ყოფნა იქნება უსაფრთხო და განათლების საუკეთესო შესაძლებლობები ხელმისაწვდომი. ამიტომ, შედეგიანი განათლების რეფორმა პრევენციის საუკეთესო გზაა – კარგი სკოლა მუშაობს პრევენციულად, ქცევითი პრობლემების თავიდან აცილების თვალსაზრისით.
და მაინც, დასაქმების, კარგი განათლების შესაძლებლობების, მოზარდთა განმავითარებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ფონზეც მაინც გვექნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გვეყოლება დისფუნქციური ოჯახები და ის მოზარდები თუ ახალგაზრდებიც, ვინც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით ექსპერიმენტირებენ.
ამიტომ – პრევენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის პრევენციული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ამოქმედება, სახელმწიფოს მხრიდან მათი დაფინანსება, რათა პრობლემის შემთხვევაში ოჯახს შეეძლოს მიმართვა კვალიფიციური დახმარების მისაღებად.
რომ შევაჯამოთ – პრევენცია არ უნდა დავიყვანოთ კამპანიურ ღონისძიებებზე, არც მარშ-გარბენებზე, რომელიც ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღ წესს, არც ფსიქოაქტიური ნივთიერებების რისკის თაობაზე ინფორმირებასა და შესაბამის ლოზუნგებზე. პრევენცია უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი იმისათვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, სკოლა იყოს კარგი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის იყოს ხელმისაწვდომი განვითარების შესაძლებლობები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, არსებობდეს ფსიქოლოგიური და სოციალური ზრუნვის სერვისები.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.