„არა ნარკოტიკს!“ – რატომაა წყალში ჩაყრილი მსგავსი ძალისხმევა „პრევენციაში“

ნათია ამირანაშვილი

„არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი კლავს“, „უთხარი უარი ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ – გიფიქრიათ, სკოლის კედლებზე გამოკრულ ამ ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე მოწოდებებს მოაქვს თუ არა შედეგი? რას ფიქრობთ, რამდენად საკმარისია სასკოლო ძალისხმევა და საერთოდ, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა?

სტატიაში ვისაუბრებთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე – რა არის პრევენცია; როდის და როგორ უნდა დაიწყოს ის; როგორი მიდგომაა ეფექტიანი შვილების მიმართ; სადაა სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფოს როლი ამ ჯაჭვში.

რადგან საკითხი მრავალმხრივია, თემას ორ ნაწილად გავყოფთ. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სასკოლო პრევენციის ზოგად პრინციპებზე, რაც სასარგებლო უნდა იყოს მშობლებისა და სასკოლო თემისთვის, მეორე ნაწილი კი პრევენციის კამპანიის გაანალიზება/კრიტიკას დაეთმობა – თუ რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები; ვისაუბრებთ, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო შედეგიანი პრევენციისთვის.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სასკოლო სივრცეში ქმედითი პრევენციის პრინციპებზე საუბრობს:

დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის მკვლევრის, ირმა კირთაძის მოდერაციით წარიმართა.

ჯანა ჯავახიშვილი: ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია ძალიან ჰგავს პედაგოგიკას. პედაგოგები ჩივიან ხოლმე, რომ მათი პროფესია ისე აღიქმება, თითქოს ყველას შეუძლია მასწავლებლობა; ასე ჰგონიათ პრევენციაზეც.

სინამდვილეში კი, პრევენცია მეცნიერებაა, დაფუძნებული მტკიცებულებებზე. თუ ქვეყანაში, სკოლებში, რეგიონში, თემში, პრევენცია არ ხდება, პრობლემაა, მაშინ მოსახლეობა დაუცველია, ხოლო თუ არასწორად კეთდება, კიდევ უფრო მეტი პრობლემაა, რადგან ის ზიანის მომტანია, რასაც ძალიან ხშირად ვერც ვამჩნევთ.

ძალიან ბევრ სკოლას, ინდივიდუალურ დონეზე, გარკვეული შიშიც აქვსრად მინდა ახლა ნარკოტიკების პრევენცია, ჩვენთან არავინ მოიხმარსდა თითქოს ცდილობენ დისტანცირებას. მართებულია ასეთი დამოკიდებულება

ამბივალენტურს ვეძახით ხოლმე ასეთ ვითარებას – თან რომ გვინდა და თან არ გვინდა. არ გვინდა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ხშირად ვისმენთ სკოლის პედაგოგებისგან, ადმინისტრაციისგან, რომ ეს უფრო მშობლებისა და ოჯახის საქმეა, რომ ეს არ არის სკოლაში სალაპარაკო ამბავი. ოჯახში კი, პირიქით – რომ ამაზე სკოლა უნდა ზრუნავდეს, რადგან თანატოლთა გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სიმართლე კი, ალბათ, სადღაც შუაშია – ოჯახიც, სკოლაც, თემშიც, სახელმწიფოს დონეზეც, ოღონდ მტკიცებულებაზე დაფუძნებით, იმის ცოდნით – რა არის პრევენცია, რა არ არის; რისი გაკეთება შეიძლება, რისი არ შეიძლება.

საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, ძალიან ხშირად პრევენციის საკითხები დელეგირებულია ბიოლოგიის მასწავლებლებზე, ეს კი საბჭოთა ინერციაა.

ცხადია, ინსტიტუციურად, ვიღაც ამაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ ბიოლოგიის პედაგოგზე დელეგირება, ნიშნავს, რომ ჩვენ ნარკოტიკებისა და ზოგადად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას ვუყურებთ როგორც ბიოლოგიურ მოვლენას და არ ვითვალისწინებთ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.

ეს ბიო-ფსიქო-სოციალური ამბავია – გასათვალისწინებელია სამივე რიგის ფაქტორი. შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ბიოლოგიის პედაგოგზე მინდობილი. ვიცი შემთხვევები (მართალია, არ არის ბოლოდროინდელი და იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ აღარ ხდება), როდესაც ბიოლოგიის მასწავლებელს წაუყვანია მოსწავლეები პათანატომიურ ცენტრში, რომ ენახათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად „დამახინჯებული“ ნაყოფი. არ არის ეს სწორი, ვინაიდან დამაშინებელი ტექნიკა არ მუშაობს.

ბავშვებს ჩვენი დახმარება სხვა მხრივ სჭირდებათ, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ, რომ ჰქონდეთარასთქმის უნარჩვევები, როგორ შეძლონ პრობლემების მართვა, მის დაძლევაზე მუშაობა, რათა შეძლონ ემოციების მართვა, უცხო, სოციალურ სიტუაციაში არ ჰქონდეთ შიში, შფოთვა, რასთან გამკლავებასაც ხშირად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით ცდილობენხელი რომ დააკავონ, სიგარეტს ეწევიან; შფოთვა რომ ჩააცხრონ, ალკოჰოლს სვამენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ბიოლოგიიდან ამის შეხედვა, არ გვიშველის

თუ ვინმეზე უნდა იყოს დელეგირებული ეს საკითხები, ვიტყოდი, რომ ეს სამოქალაქო განათლების სპეციალისტი იქნებოდა, მაგრამ ესეც არ იქნება სწორი; უნდა იყოს ჯგუფი სკოლაში, რომელიც თითოეული სკოლის ნარკოპოლიტიკას, მოხმარების პრევენციის პოლიტიკას განსაზღვრავს და განახორციელებს.

მაშ, ვინ უნდა გაატაროს ეს პრევენციული ღონისძიება ჩვენს მოზარდებთან; ვინ არის ის და რა კომპეტენციის ადამიანზე ვსაუბრობთ?

გააჩნია, რა პროგრამას ვახორციელებთ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ევროკავშირის მტკიცებულებითი პროგრამა – ე.წ. Unplugged პროგრამა – ეს არის ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამა. ეს მიდგომა ნიშნავს, რომ თვითონ სკოლა არის თვითკმარი, ჰყავს მომზადებული პედაგოგები, რომლებიც ბავშვებთან 12-13 წლის ასაკში მუშაობენ.

რატომ ამ ასაკში?

ეს არის საუკეთესო ასაკი, ვინაიდან ჯერ არ არის დაწყებული ე.წ. ბუნტი, რაც მოზარდობის ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ამ ასაკის შემდეგ, რასაც ვეტყვით არასრულწლოვანს, შეიძლება, პირიქით აღიქვას.

ამიტომ, სანამ ეს 180-გრადუსიანი წინააღმდეგობა არ გვხვდება, უნდა ვიზრუნოთ ბავშვების ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე; ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ამ პროგრამის ქვაკუთხედი არის ისიც, რომ ნორმალიზებული არ უნდა იყოს ნარკოტიკების მოხმარება.

რას ნიშნავს ნორმალიზების ფენომენი? – როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ  „ყველა მოიხმარს“, „კატასტროფა ხდება ქვეყანაში“, რასაკვირველია, ასე არ არის. სასკოლო გამოკითხვის ბოლო კვლევითაც ჩანს, რომ მოხმარების დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელი გვაქვს, როგორიც ევროპის საშუალო მაჩვენებელია, ანუ კატასტროფა არ ხდება. თუმცა, როგორც კი ჩვენ ამას კატასტროფად წარმოვაჩენთ და ვამბობთ, რომ „მიმდინარეობს ერის გენოციდი“, სინამდვილეში გამოდის, რომ ჩვენი გზავნილი არის – „ყველა მოიხმარს“, ანუ ნორმალიზებას ვაკეთებთ. როცა ვამბობთ – „ყველა მოიხმარს“, გამოდის, ვამბობთ – „ეს ნორმალურია; შენც მოიხმარე“.

სკოლაში, ერთი მხრივ, შესაძლოა, დაინერგოს აღნიშნული პროგრამა; ამასთან, სასკოლო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ უწყობდეს ხელს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მაგალითად, სკოლის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია ძალიან კარგად უნდა იცნობდნენ იმ ფაქტს, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია იწყება ლეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციით – ალკოჰოლისა და თამბაქოს.

თუ თქვენს მოსწავლეებთან ერთად ექსკურსებზე მიირთმევთ ღვინოს, მოსწავლეები თვრებიან და თქვენ ამას წყნარად უყურებთ, უნდა იცოდეთ, რომ აქ ჩაიშალა და ჩამოიშალა ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია.

…პატარა რომ ვიყავი, მამა ყოველთვის მაყოფინებდა ენას ღვინის ჭიქაში და ეს ნორმალური იყო მაშინ. ბოლო წლებში წარმოებული კვლევების მიხედვით, ქართულ ოჯახებში, განსაკუთრებით რეგიონებში, თუ ბიჭი 9 ან 12 წლის ასაკში დათრობამდე სვამს, მამას ამაზე შეიძლება ჰქონდეს დადებითი რეაქცია – „ბიჭი მომესწროო“ – იტყვის. თუ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბიჭი თვრება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაში წვლილი შეგვაქვს; წახალისებულია ეს სოციალურად – კარგ ბიჭად რომ იგრძნოს თავი, ე.ი. უნდა დალიოს.

სად არის მშობლების როლი? რა უნდა იცოდნენ მათ?

მშობლები ამ მტკიცებულებითი პროგრამის (ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამა) ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია. მათთან პროფესიონალურად ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ – სულ სამ პრევენციული სახის შეხვედრაზეა საუბარი. მოზარდთან მოხმარების, ქცევის რისკების თავიდან აცილებაზე, დაცვითი ფაქტორების გაძლიერებაზე. როცა პრევენციაზე ვლაპარაკობთ, არის გარკვეული რისკფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდს, რომ მოიხმაროს, მაგალითად – მშობლის მხრიდან არასაკმარისი ლიმიტის დაწესება და არასაკმარისი ყურადღება ან ჭარბი ლიმიტის დაწესება და გადამეტებული ყურადღება. ამ ნიუანსებს ცოდნა უნდა.

რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს – ესაა ისეთი ურთიერთობა შვილთან, როდესაც მუდმივად კომუნიკაციაში ხარ და მას შეუძლია (რამდენადაც იცის, რომ მის გვერდით ხარ), გაგიზიაროს თავისი პრობლემა. არ უნდა ეშინოდეს, რომ მას ვერ გავუგებთ; რასაკვირველია, ლიმიტიც უნდა დავუწესოთ.

იმისთვის კი, რომ დამცავი ფაქტორი  ვიყოთ შვილებისთვის, ცოდნა და კომპეტენცია უნდა ავიმაღლოთ ამ საკითხზე. მშობელიც და პედაგოგი უნდა იყოს წიგნიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საკითხში და ეს მარტო მავნებლობის შესახებ ინფორმაციით არ შემოიფარგლება.

ამასთან, საინფორმაციო თუ მედიაკამპანიების გზავნილი არის ხოლმე იმაზე აგებული, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარება. მტკიცებულება კი გვაჩვენებს, რომ მოზარდი ან ზრდასრული შესანიშნავად შეიძლება იყოს ინფორმირებული, თუ რა რისკთან არის ხოლმე დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ მაინც მოიხმარს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებს სჩვევიათ Risk-taking behavior, სარისკო ქცევა. ამით ის თავს ავლენს, თვითდამკვიდრებას ცდილობს.

აი, დიაბეტის შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ შაქრიანი საკვები გვნებს, მაგრამ არის ეს ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი? სამწუხაროდ, ქრონიკულად ვარღვევთ დიეტას. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ რისკზე აგებული საპრევენციო კამპანია საქმეს არ შველის.

არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი მომენტი – მოზარდს არ აქვს მომავლის ცნობიერება ისე, როგორც ჩვენ, ზრდასრულებს. ჩვენც კი ნაკლებად გვაქვს ეს; რამდენი ეწევა და რომ ეტყვი, შეიძლება, ფილტვების სიმსივნე განგივითარდეს, ფიქრობს, ეს როდის იქნება, რომ ეს მას არ დაემართება. ანუ მოზარდს არ აქვს მომავლის ცნობიერება და რომც იცოდეს, რომ გარკვეულ ასაკში ამას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს, ეს ინფორმაცია აქ და ამჟამად არ შველის იმას, რომ თავი შეიკავოს მოხმარებისგან;

ქცევის ცვლილებას ან ქცევის თავიდან აცილებას ბევრად უფრო ყოველმხრივი მიდგომა სჭირდება. საუბარია სოციალურ და ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებზე.

არსებობს პრევენციის სხვადასხვა ფორმა და განსხვავებულია დანიშნულებაც. რომ ვისაუბროთ ამ მიდგომებზე:

არსებობს უნივერსალური და მიზნობრივი პრევენცია. უნივერსალური არის ყველასთვის, ანუ სკოლებში თუ დაიგეგმება უნივერსალური ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამა, ყველა ბავშვი მიიღებს სიკეთეს აქედან.

უმცროსი ასაკის ბავშვებთან პრევენციული მუშაობისას სიტყვა „ნარკოტიკი“ შეიძლება საერთოდ არ იყოს ნახსენები, მაგრამ სწორი აღმზრდელობითი მიდგომით ნარკოტიკების მიმართ მდგრადობას სერიოზული საფუძველი შეიძლება ჩაეყაროს. აქ იგულისხმება ბავშვისათვის ზნეობრივი ორიენტირების მიცემა, თავის პატივისცემისა და ღირსების გრძნობის განვითარება, რაც მისი მხრიდან სხვისი პატივისცემისა და ღირსების მოფრთხილების საწინდარია; არჩევანის გაკეთებისა და პასუხისმგებლობის აღების გამოცდილებაში გატარება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც ფასეულობების გაცნობიერებაში დახმარება, ჯანსაღი ცხოვრების შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და ა.შ.

გვიანდელი ბავშვობისა (10-12 წელი) და მოზარდობის ასაკში უკვე მნიშვნელოვანია ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

მოზარდობის ასაკში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, აგრეთვე, ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება, უარის თქმა არასასურველ შეთავაზებაზე და ა.შ.

ხოლო მიზნობრივი არის მისთვის, ვისაც უკვე აქვს პრობლემა – ვინც ექსპერიმენტირებს ნარკოტიკებით; როდესაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, თუმცა მოზარდი ექსპერიმენტირებს/მოიხმარს.

და აქ უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები – სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა. დღეს ბავშვებისა და მოზარდებისთვის არ ფინანსდება (ერთის გარდა) არც ერთი სერვისი, რომელიც მოემსახურებოდა მათ ე.წ. გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. და რა არის ეს პრობლემები? – შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობები, ქცევითი დარღვევები, რაშიც შედის მოხმარება, ექსპერიმენტირება. ახლა არსებობს პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც საქართველოს 4 ქალაქში აფინანსებს ასეთ სერვისებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, თუ სახელმწიფომ 2 წლის თავზე, როცა ეს დაფინანსება დასრულდება, ესტაფეტა არ გამოართვა ევროკავშირს ამ სერვისების დაფინანსების, ჩავთვალოთ, რომ პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი არ გვექნება იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ გარკვეული სახის გამოწვევები.

ასევე, არსებობს გარემოზე ორიენტირებული პრევენცია – სასკოლო სივრცეში ეს შეიძლება იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი არჩევანის ხელშეწყობა. სკოლაში უნდა იყოს საშუალება, რომ ბავშვმა უფასოდ იაროს სპორტისა და ხელოვნების წრეებზე, ცეკვაზე – ჯანსაღი არჩევანი/ალტერნატივა ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ციურიხში, სადაც ყველაფერი უძვირესია, აუზის წლიური აბონემენტი ღირს 5 ევრო – რატომ? ეს არის ჯანსაღი არჩევანის ხელშეწყობა; ეს არის გარემოზე ორიენტირებული პრევენცია.

სამუშაო ადგილები მშობლებისთვისთუ ოჯახში არის უიმედობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღატაკე და აქედან გამომდინარე, დეპრესია მშობლებში და ბავშვი ამ გარემოში იზრდება, განმავითარებლად ღარიბ გარემოში და ხელი არ მიუწვდება არც სპორტზე, არც ხელოვნების წრეზე, არც ცეკვაზერაღა გამოდის? პრევენცია არ არის ქუჩასა და სკოლაში პლაკატებით მისვლა ან თქმა იმისა, რომ ამაზე დაგსჯი, ან გარკვეული წლების მერე პრობლემა გექნება, ან შეიძლება მოკვდეარა. პრევენციაა, რომ მშობლებს შევუწყოთ ხელი, ოჯახებში იყოს ნორმალური პირობები ბავშვის განვითარებისთვის

თუ პრევენციაზე ვსაუბრობთ და ბავშვს ეუბნები (გადაწყვეტილების მიმღები), არ მოიხმარო, რას სთავაზობ სანაცვლოდ? თუ ძლიერი შფოთვა აქვს, სთავაზობ დახმარებას? თუ დაწეული გუნება-განწყობილება აქვს, სთავაზობ დახმარებას?

ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამაში ასევე არის სესიები, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიის ხრიკებზე – თამბაქო იქნება ეს, ალკოჰოლი თუ ნებისმიერი სხვა, მოზარდმა შეძლოს, კრიტიკულად გაიაზროს ეს და თავისი გადაწყვეტილება დაახვედროს მათ, როგორც ფარი. პრევენცია ამ პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.