ბარსელონის ოპერა „ლისეუში“ პუჩინის კვარტეტს 2992 მცენარე „მოისმენს“.
კოვიდპანდემიამ როგორც ჩანს, მთელს მსოფლიოს კრეატიული სიშლეგის ვირუსიც შეჰყარა. მაგალითად, 22 ივნისს ბარსელონის სახელოვანი ოპერის – „ლისეუს“ დარბაზი მცენარეებს დაეთმობათ და არა მუსიკის მოყვარულებს. სხვადასხვა სახეობის 2992 მცენარეს (ზუსტად ამდენი ადგილია დარბაზში) თითო სკამზე განათავსებენ, პუჩინის კვარტეტის მოსასმენად. სიმბოლურია კვარტეტის დასახელებაც – „ქრიზანთემები“, რომელიც კომპოზიტორმა 1890 წელს შექმნა. საკონცერტო თუ თეატრალური ცხოვრების აკრძალვამ კრეატიულ ავტორს, ესპანელ არტისტსა და დიზაინერს ეუჯენიო ამპუდიას შთააგონა იდეა, რომ საოპერო დარბაზი მცენარეებისთვის დაეთმო…
ამ უჩვეულო კონცერტის კონცეფციის ავტორი არ მალავს, რომ ეს საკმაოდ უცნაური იდეაა, თუმცა ამბობს, რომ მისი მიზანი იყო გამოხმაურებოდა იმ შემზარავ ცვლილებებს, რაც ესპანეთსა და მთელს მსოფლიოში მოხდა: „კოვიდ-19-ით ბუნებამ რეალურად და მრისხანედ შეძლო ჩვენთვის შეეხსენებინა რამდენად დაუცველები, სუსტები და დისჰარმონიულები ვართ სინამდვილეში…
იმ დროს, როდესაც კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაკეტილ სივრცეებში აღმოჩნდა და იძულებული გახდა მოძრაობაც კი შეეწყვიტა, ბუნება განაგრძობდა სიცოცხლეს და ზრდას. მცენარეები აღარ იყვნენ საგულდაგულოდ მოვლილები და გაკრეჭილები და გვახსენებდნენ როგორ უნდა დავუბრუნდეთ სიცოცხლესა და მიტოვებულ ადგილებს.
ბუნებამ ეს საკუთარი რიტმითა და სიცოცხლის უნარიანობით შეძლო. საკუთარი ბიოლოგიური ციკლის შესაბამისად. საინტერესოა, როგორ შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს გავაფართოოდ თანაგრძნობა სხვადასხვა სახეობების მცენარეთა მიმართ, მუსიკის დახმარებით? საამისოდ დიდებული მუსიკით დიდებული დარბაზი და ბუნება შეგვიძლია ერთდროულად ავავსოთ“.
ეუჯენიო ამპუდიას ამგვარი აღფრთოვანების მიუხედავად, მუსიკის მოყვარულები მაინც სკეპტიკურად უყურებენ იდეას და ამბობენ, რომ „ბუნების გვერდით ადამიანებიც უნდა იყვნენ, რადგან ჯაკომო პუჩინიმ კვარტეტი „ქრიზანთემები“ სწორედ ადამიანთა მოსასმენად დაწერა“…
კრიტიკულად განწყობილები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მათაც შეიძლება მოისურვონ ლამაზი, კომფორტული ქოთნებით მცენარეების მიტანა დარბაზში და ასევე, იქ გამზადებული მცენარეებისთვის წყლის დასხმაც და პარალელურად სიმებიანი კვარტეტის მოსმენაც. თუმცა, საოპერო თეატრის დირექცია დარბაზში პუბლიკის დაშვების წინააღმდეგია.
ამ უცნაური, აკვიატებული თუ ზეკრეატიული იდეის გაცნობის შემდეგ საოპერო თეატრმა მაინც გადაწყვიტა კონცერტი-სანახაობა კლასიკური მუსიკის ფანებს ტელე და რადიოტრანსლაციით შესთავაზოს, რომელიც 22 ივნისს, ადგილობრივი დროით 17.00 -ზე დაიწყება. ასე რომ, „კონცერტს ბიოცენისთვის“ (Concierto para el Bioceno, სწორედ ასეთი სახელწოდებაა მითითებული აფიშაზე) 2292 მცენარეზე და ათასობით მუსიკის მოყვარული პირდაპირი ეთერით ნახავს და მოისმენს.
„ლისეუს“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ვიქტორ გარსია დე გომარის თქმით, „კონცერტი ბიოცენისთვის“ შეიქმნა იმისთვის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და იზოლაციაზეც, როგორებიც ჩვენ ბოლო დროს გავხდით. ასევე, მიმართოს უდიტორიას, რომელსაც დიდი ხნით ჩამოერთვა აუდიტორიის შესაძლებლობა“.
…თუმცა ამ სიურეალისტური კონცერტის ფინალი გაცილებით ჰუმანისტურად გვეჩვენება, ვიდრე მხოლოდ ბუნებისადმი მადლიერების გამოხტვის იდეა: როდესაც კონცერტი დასრულდება, ყველა 2292 მცენარე ჯანდაცვის წარმომადგენლებსა და მედპერსონალს გადაეცემათ, ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის.