კორონავირუსის პანდემიის ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაზე უკვე გამოიკვეთა და გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ჩინეთია. 2020 წლის პირველ კვარტალში მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასული წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით უკვე 6,8%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, 1976 წელს მაო ძედუნის სიკვდილით დასრულებული სოციალური და კულტურული რევოლუციის დეკადის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი ეკონომიკური დაღმასვლაა. 1992 წელს ჩინეთმა მშპ-ის კვარტალური აღრიცხვა დაიწყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული ეს წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად გატარებულმა მკაცრმა ზომებმა და რამდენიმეთვიანმა კარანტინის რეჟიმმა განსაკუთრებით ჩინეთის ეკონომიკის მამოძრავებელ სამ ძირითად ფაქტორზე (სამომხმარებლო დანახარჯზე, ექსპორტსა და გრძელვადიან აქტივებში ინვესტიციაზე) იმოქმედა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ კვარტალში საცალო შესყიდვა 19%-ით, ექსპორტი 13%-ით, ხოლო გრძელვადიან აქტივებში ინვესტიცია 16%-ით შემცირდა. არასახარბიელო მდგომარეობაა ჩინეთის შრომის ბაზარზეც – უმუშევრობის მაჩვენებელმა თებერვალში პიკს მიაღწია და 6,2% შეადგინა.
ცნობისთვის, მარტში უმუშევრობის დონე გასული წლის დეკემბერთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა და 5,9%-მდე ავიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი ამ მაჩვენებელს მხოლოდ ურბანულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აღრიცხავს. ამასთან, სოფლის მცხოვრებლებთან ერთად მონაცემებში შეყვანილი არ არის არც 290 მლნ მიგრანტი მუშახელი, რომლებიც, ძირითადად, მშენებლობებზე, ქარხნებსა თუ სხვა დაბალშემოსავლიან სექტორებში არიან დასაქმებულები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექსპერტთა აზრით, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. უმუშევრობის დონის ზრდიდან გამომდინარე, პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით. 4%-ით შემცირდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალიც. თავის მხრივ კი, ამ ყველაფერმა საცალო ვაჭრობის კლებაზე იქონია გავლენა.
პანდემიამ განსაკუთრებულად დააზარალა კერძო სექტორი, რაც ჩინეთის ეკონომიკის ყველაზე პროდუქტიულ ნაწილსა და მოსახლეობის დასაქმების ძირითად წყაროს წარმოადგენს. შედარებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოები ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს შეადგენენ, მაშინ, როცა აშშ-ში მათი წილი მხოლოდ 43%-ია.
ზოგადად, მსგავსი ბიზნესი კრედიტის ასაღებად მეტწილად ჩრდილოვან საფინანსო სისტემებს მიმართავდა, რადგანაც ბანკები მათზე სესხების გაცემას გარკვეული მიზეზების გამო ერიდებოდნენ. პირველ რიგში, გადახდისუნარიანობის რისკის გამო და მეორე – სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ფირმებისგან განსხვავებით, ასეთ საწარმოებს ზურგს არც მთავრობა უმაგრებს. თუმცა ახლა, როცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა მთავრობის პრიორიტეტად იქცა, მდგომარეობა შეიცვალა. ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით შეამცირა და 2,5%-მდე დაწია. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 1,8 ტრილიონი იუენის (254 მლრდ აშშ დოლარი) ოდენობის სესხი დაუმტკიცა. თავის მხრივ, კომერციული ბანკები ამ თანხით მცირე და საშუალო საწარმოებს დააფინანსებენ.
სამომავლოდ, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ლიკვიდურობას შეინარჩუნებს. ამასთან ერთად, ეკონომიკაში ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანად გადასანაწილებლად, იგი საპროცენტო განაკვეთის რეფორმის გაღრმავებასაც აპირებს. „ჩვენ სათანადოდ უნდა ვმართოთ სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, დასაქმების უზრუნველყოფას, რისკის თავიდან აცილებასა და ინფლაციის კონტროლს შორის არსებული ურთიერთმიმართება“. – განაცხადეს ჩინეთის სახალხო ბანკში.
ჩინეთის მთავრობა კერძო კომერციულ ბანკებს მოუწოდებს, მცირე ბიზნესს სესხის პროცენტის გადახდა ივნისის ბოლომდე გადაუვადონ. ოფიციალურმა პეკინმა დიდ სახელმწიფო ბანკებს დაავალა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში მცირე საწარმოებისთვის გაცემული სესხის რაოდენობა, სულ მცირე, 30%-ით გაზარდონ.
ჩინელი ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, მოსახლეობაში ფულის ხარჯვა წაახალისონ. მათი რჩევით, ჩინეთი, აშშ-ისგან განსხვავებით, ხალხისთვის ფულის პირდაპირი დარიგებისგან თავს იკავებს. რადგან, შესაძლოა, ამ ფორმით გადაცემული ფული ადამიანებმა გამოყენების ნაცვლად შეინახონ. ამის მაგივრად, სულ მცირე, შვიდ პროვინციაში უკვე არიგებენ ვაუჩერებს, რომლებსაც ერთი კვირის ვადა აქვს. ვაუჩერები მუნიციპალური მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და ამ კუპონების მიმღებ ადგილობრივ ბიზნესს დანახარჯი აუნაზღაურდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შეზღუდვებს ნელ-ნელა ხსნის, საწარმოების ნაწილი ჯერ კიდევ არ გახსნილა. მთავრობის ბრძანებით, სამუშაო პროცესში დაბრუნებულები იძულებულნი არიან, წარმოების მოცულობა შეამცირონ. არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ჩინურ პროდუქციაზე ქვეყნის გარეთ მოთხოვნის შემცირების გამო, რიგ საწარმოებს ხელახლა დაკეტვაც მოუწიოთ.
2020 წლის პირველ კვარტალთან (იანვარი-თებერვლის ჯამური მაჩვენებელი – 17,2%-ით შემცირება, მარტი – 6,6%-იანი კლება) შედარებით, აპრილში უკეთესი მდგომარეობაა – ექსპორტის მაჩვენებელი 3,5%-ით გაიზარდა. იმავეს ვერ ვიტყვით იმპორტზე – ის აპრილში 14,2%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთის გასული თვის სავაჭრო ბალანსმა 45,34 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მარტში 19,9 მლრდ აშშ დოლარი იყო. ჯამურად, იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ექსპორტი 9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი – 5,9%-ით.
არსებობს ვარაუდი, რომ ექსპორტის ზრდა სხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელებისგან დამცავ აღჭურვილობაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. თუმცა, როგორც მოცულობის, ასევე მნიშვნელობის თვალსაზრისით, ეს სექტორი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდაზე გავლენა მოახდინოს. ცნობისთვის, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საზღვარგარეთ ჩინეთიდან ნიღბების შესყიდვა 5,9%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა იმავე პერიოდში 5,9%-ით დაეცა ელექტრონული მოწყობილობების შეძენა. რაც შეეხება ავეჯსა და ტანსაცმელს – მათი ვაჭრობა 15,7% და 20%-ით შემცირდა. ჩინელი ექსპერტები აპრილში ექსპორტის ზრდას იმით ხსნიან, რომ წლის პირველ კვარტალში მომარაგების შეზღუდვის შედეგად ექსპორტიორები პროდუქციის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. ეკონომისტები შიშობენ, რომ მომავალ თვეებში ექსპორტი კვლავ შემცირდება.
აშშ-ის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთში ამერიკიდან ექსპორტი პირველ სამ თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14,7%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ბოლო პერიოდში რიგი პროდუქტების, მათ შორის, სოიოს (აშშ-დან იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ პროდუქტზე მოდის) შესყიდვა გაზარდა, ეს მაჩვენებელი აშშ-სა და ჩინეთს შორის 2019 წლის დეკემბერში მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობების შესრულებასთან ახლოსაც კი არაა. იანვარში მხარეების მიერ ხელმოწერილი გარიგების მიხედვით, ჩინეთმა მომდევნო ორ წელიწადში აშშ-ისგან 200 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პროდუქცია უნდა შეიძინოს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი სი ძინპინს სავაჭრო შეთანხმების შეწყვეტით ემუქრება.
ჩინეთის ეკონომიკის გადატვირთვა ამჯერად უფრო რთული იქნება, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ პერიოდში. მაშინ ჩინეთმა კრიზისთან გასამკლავებლად 586 მლრდ დოლარი გამოყო. ეს თანხა მთავრობამ დიდ სამშენებლო პროექტებში დააბანდა – ფოლადის, მინისა და ცემენტის საწარმოები ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაორმაგებული ძალებით ამუშავდნენ. ჩინეთი ახლანდელ კრიზისთან საბრძოლველად დიდი მოცულობის ფისკალური ზომების გატარებას ვეღარ გასწვდება. ის ფისკალური ნაბიჯები, რაც მთავრობამ გადადგა, მშპ-ის დაახლოებით 3%-ს შეადგენს, რაც აშშ-ის (10%) და იაპონიის (20%) მაჩვენებელზე ნაკლებია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში, 2008 წლის შემდეგ ქვეყნისთვის ბევრი რამ შეიცვალა – მათ შორის ისიც, რომ ეკონომიკა ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალფეროვანი გახდა. ჩინეთს ახლა მეტი განათლებული სამუშაო ძალა ჰყავს, რომელთათვისაც მომსახურების სფეროში მუშაობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ხელსაქმე. ამასთან, უცხოური სავალუტო რეზერვების რაოდენობა, 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, 3.115 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე (4 ტრილიონი აშშ დოლარი) ნაკლებია.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ჩინეთის მთავრობისა და სამომხმარებლო ვალი, ჯამურად, ქვეყნის მშპ-ის 54,44%-ს შეადგენს. ეს დიდი ზრდაა 2014 წლის შემდგომ – მაშინ ვალი მშპ-ის 41,54%-ს შეადგენდა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთის საერთო ვალი (მთავრობა + სამომხმარებლო + კერძო სექტორი) მშპ-ის 310%-ით აღემატება.
მსოფლიოს სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკისთვის 2020 წელს 1,2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გავლენა სხვა ქვეყნებზეც ექნება, მათ შორის – საქართველოზეც. ვინაიდან ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი ნაკადი არც ისე დიდია, ეს ეფექტი, სავარაუდოდ, მცირე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გარკვეული ადგილი უჭირავს, მთლიანი ინვესტიციების გათვალისწინებით, ქვეყანა მათ წილზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არ არის.