საქართველოში 2 მილიონამდე ადამიანს ბანკის ან სხვა საფინანსო ორგანიზაციის ვალი აქვს.
Ceicdata-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს ბანკებში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.2% იყო. ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო განაკვეთი 15%, უცხოურ ვალუტაში კი – 9%.
„კერდიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 44 137 358 073 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 578 082 მომხმარებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის 96 137 მსესხებელს უდასტურდება.
ევროკავშირის ქვეყნებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში 3-5%-მდე მერყეობს, ანუ ის სამჯერ ნაკლებია საქართველოს მაჩვენებელთან შედარებით.
„პუბლიკა“ ამჯერად წარმოგიდგენთ პარტიათა ხედვას საქართველოში არსებულ საპროცენტო განაკვეთსა და ზოგადად, ამ საკითხის რეფორმირებაზე.
(პარტიათა შერჩევის მეთოდოლოგიაზე განმარტება იხილეთ ბმულზე).
„გახარია საქართველოსთვის“
პარტიაში სესხებზე მაღალი პროცენტების შემცირებას შემდეგი ნაბიჯებით აპირებენ:
„ევროპული რეგულირების ამოქმედებით შევქმნით შესაძლებლობას, ქვეყანაში ევროპული ბანკების შემოსვლისთვის, რაც გააჯანსაღებს კონკურენციას სექტორში და შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს.
საბანკო სექტორს კონკურენციას გაუწევს სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომლებსაც შევქმნით კაპიტალის ბაზრის განვითარებითა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროებით: სახელმწიფო განვითარების ბანკი, ექსპორტის დაკრედიტების კომპონენტი, საფონდო ბაზარი და სხვ.
ჩვენ მიერ შექმნილი სახელმწიფო განვითარების ბანკი გასცემს კრედიტებს დაბალ პროცენტებში ახლად დაწყებულ, ინოვაციურ და სტრატეგიულ ბიზნესზე;
გაძლიერდება საბანკო რეგულირება საცალო დაკრედიტების მიმართულებით;
მოხდება ინფლაციის რეგულირება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ სხვა საშუალებებით, რაც შეამცირებს სესხის პროცენტს.
ქვეყნის განვითარების პარალელურად, გაუმჯობესდება ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რაც შეუქცევადს გახდის პროცენტების შემცირებას“, – ამბობენ პარტიაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“
კოალიციაში ფიქრობენ, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება კომპლექსური თემაა და ამისთვის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა საჭირო. ეს საქართველოს ნაკლებრისკიანი ქვეყნების რიგში გადაიყვანს და შესაბამისად, ქართული ბანკებისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება დაბალპროცენტიანი კრედიტები.
„საჭირო იქნება ეროვნული ბანკის რეფორმა და მისი პოლიტიკის ნაწილის შეცვლა, დასავლური ბანკებისთვის ბაზარზე შემოსვლის გამარტივება და რიგი სხვა ღონისძიებები, რაც რეალურს გახდის საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან შემცირებას“, – ამბობენ პარტიაში.
„ქართული ოცნება“
„ქართულ ოცნებაში“ მაღალპროცენტიან სესხებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებს და საომარ ვითარებებს უკავშირებენ. თუმცა, როგორ და რატომ აისახა ეს პროცესები განსაკუთრებულად მაინცდამაინც საქართველოზე, ამაზე არ საუბრობენ.
„ეს პერიოდი საკმაოდ არასტაბილურობით გამოირჩევა, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, შემდეგ კოვიდპანდემია, ახლა საომარი ვითარება ჩრდილოეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, რისკების გადაზღვევას ემსახურება, და სესხი საკმაოდ მაღალია ჩვენი მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს შევეცადეთ გარკვეული რეგულაციები შემოგვეტანა. თუ მივაღწევთ, რომ ლარის სესხებსა და ევროსა და დოლარში აღებულ სესხებს შორის პროცენტულ სხვაობას მინიმუმამდე შევამცირებთ, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება. ეს ალბათ მოგების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს. საპენსიო სესხებზე დავწიეთ პროცენტი, მაგრამ კიდევ ვმუშაობთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პენსიონერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – ამბობენ პარტიაში.
„ძლიერი საქართველო” – კოალიციამ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. მათ პროგრამაში კი ამ საკითხზე არაფერი წერია.
„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“
„ჩვენ დავასრულებთ საბანკო დიქტატურას, რომ ფასები დასტაბილურდეს და საბანკო პროცენტები განახევრდეს“, – ვკითხულობთ პარტიის პროგრამაში, რომელიც ამომრჩევლებს 21 ოქტომბერს, არჩევნებამდე 5 დღით ადრე წარუდგინეს.
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ეს კონკურენციაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის განვითარებით და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნით მიიღწევა.
„ამით ამოისუნთქავს ხალხიც და ქართული მცირე და საშუალო ბიზნესიც, რომელიც ვერ ვითარდება სწორედ მონოპოლიებისა და სესხებზე მაღალი პროცენტების გამო. ეს შეუქმნის მოტივაციას დასავლურ ინვესტიციას, შემოვიდეს ქვეყანაში და საწარმოები შექმნას რეგიონებში“, – წერია პარტიის პროგრამაში.
პარტიათა ხედვებს სხვა თემებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;