მატარებლის დაღუპული მექანიკოსი - ოჯახი შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე მიუთითებს

ნათია ამირანაშვილი

2020 წლის 20 მარტი – ზესტაფონთან სატვირთო მატარებლის ვაგონში ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანების შედეგად დაიღუპა მექანიკოსი – 37 წლის ზვიად რობაქიძე. მას მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, სალომე და ირაკლი დარჩა. 16 და 10 წლის.

ოჯახი მომხდარში დამსაქმებლის, „საქართველოს რკინიგზის“ ბრალეულობას ხედავს. „პუბლიკასთან“ საუბრისას დაღუპულის ძმა, გიორგი რობაქიძე ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, რამაც მისი ძმის სიკვდილი გამოიწვია.

„დილა იყო. ჩემი ძმის ხელმძღვანელმა დამირეკა, ასეთი რამ მოხდაო. წინა დღეს მოულოდნელად გამოიძახეს სამსახურში. თბილისიდან უნდა ჩასულიყვნენ ფოთში, იქ გაყინული ტვირთით უნდა დატვირთულიყო მატარებელი და შემდეგ მიდიოდნენ უზბეკეთში თუ ტაჯიკეთში… რკინიგზაში მუშაობდა უკანასკნელი 10 წელი, ძალიან გამოცდილი კადრი იყო. მცოდნე სპეციალისტი… “, – ისხენებს გიორგი რობაქიძე.

ზვიადი „საქართველოს რკინიგზაში“ რეფრიჟერატორული (სამაცივრე) სექციის მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობდა. მას შესაბამისი მექანიზმების, ასევე სამაცივრო დანადგარების გამართულობის უზრუნველყოფა, ასევე, მალფუჭებადი ტვირთების ხარისხიანი გადაზიდვა და ა.შ. ევალებოდა.

„ამ ვაგონში მოხდა დაკვამლიანება. მარტო იყო. მარტო არ უნდა ყოფილიყო, ესეც დარღვევაა. კვამლისგან არის გარდაცვლილი. გაიგუდა. დაახლოებით დილის 7 საათი იყო. ბოლი რომ გამოდიოდა, გაჩერდა მატარებელი. მერე აღმოაჩინეს… შეამტვრიეს კარები და უკვე გარდაცვლილი იყო.

უსაფრთხოების ნორმები იყო რკინიგზის მხრიდან დარღვეული. ელემენტარული კვამლის დეტექტორიც კი არ ეყენა იმ ვაგონში, სადაც ოპერატორები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ“, – ამბობს დაღუპულის ძმა.

გიორგი რობაქიძეს შენიშვნები გამოძიების მიმდინარეობასთან და ტემპებთან დაკავშირებითაც აქვს.

„8 თვე გავიდა მომხდარიდან და გამოძიებას ამ ეტაპამდე არაფერი აქვს დადებული. ძალიან ჭიანურდება, წესიერ პასუხს არ გცემენ. იძახიან, ვიკვლევთ, ვიკვლევთო… არაფერი არ არის გამოკვლეული. დაზარალებულად დაახლოებით 1 თვის წინ მცნეს, თუმცა ამის შემდეგ, ტელეფონსაც აღარ პასუხობენ.

საქმის მასალებს რომ გავეცანი, ექსპერტიზით შესწავლილია მხოლოდ ის, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება. წერია, რომ CO სისხლში ჰქონდა 78%. არაა შესწავლილი ვაგონის ტექნიკური მდგომარეობა, უსაფრთხოების ექსპერტიზა ადეკვატურად არ ჩატარებულა და არ გამოუკვლევიათ მნიშვნელოვანი გარემოებები“, – ამბობს დაღუპულის ძმა.

ზვიად რობაქიძის ოჯახი საქმის ობიექტურ და დროულ გამოძიებას მოითხოვს. კომპენსაციის მოთხოვნით „საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებენ. სასამართლოში მათ ინტერესებს „გაერთიანებული პროფკავშირების“ იურისტი სერგო მახარაძე წარადგენს.

ადვოკატის თქმით, სარჩელის საფუძველზე მოითხოვენ სარჩოს დაკისრებას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, „რომ დამსაქმებელმა ბავშვებს სრულწლოვანების მიღწევამდე ყოველთვიურად დაღუპულის ხელფასის შესაბამისი სარჩო გადაუხადოს“.

რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების ნორმებს, ადვოკატი ყურადღებას რამდენიმე მიმართულებით ამახვილებს:

„მიგვაჩნია, რომ არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების წესები. ჩვენი მოსაზრებით, მას არ გაუვლია სათანადო ინსტრუქტაჟი, ასევე სამუშაოს დაწყების წინ არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება. ჩვენი ინფორმაციით, არ იყო სათანადოდ აღჭურვილი და რეალურად ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც მოხდა… ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო მაღალკვალიფიციური მუშაკი, წლებია იქ მუშაობდა და მისი ბრალეულობა არ იკვეთება“, – აღნიშნავს ადვოკატი და დასძენს, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მხარის სტრატეგიული მიდგომიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვეღარ ისაუბრებს.

სერგო მახარაძე დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ პრობლემა შეექმნათ ასევე გამოძიებიდან დოკუმენტაციის მიღებაზე. მისი თქმით, სარჩელს სასამართლოში, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს შეიტანენ და შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიღებასაც მოითხოვენ, „რომელიც ჩვენი აზრით, დამსაქმებლის, რკინიგზის ბრალეულობას დაამტკიცებს“, – ამბობ ის.

რას ამბობენ „საქართველოს რკინიგზაში“

კომპანია მის მიმართ გამოთქმულ თითოეულ ბრალდებას უარყოფს. რკინიგზაში ამბობენ, რომ მათი მხრიდან დაცული იყო კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა გონივრული ნორმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და რომ მომხდარში გარდაცვლილის წინდაუხედაობა იკვეთება.

მათივე თქმით, ზურაბ რობაქიძეს შესაბამის საკითხებში ინსტრუქტაჟი/სწავლება ჰქონდა გავლილი. გარდა ამისა, სამომსახურეო ვაგონში განთავსებული იყო 2 ცალი, ე.წ. „ხანძარმაქრი“. „საქართველოს რკინიგზის“ თქმით, სამომსახურეო ვაგონი აკმაყოფილებდა შრომის უსაფრთხოების, მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო ყველა სტანდარტს, რაც, მათი თქმით, სათანადო დოკუმენტაციითაა დადასტურებული.

რაც შეეხება მომხდარს, მათი თქმით, კომპანიაში დაუყოვნებლივ შეიქმნა უბედური შემთხვევის მოკვლევის კომისია და „შიდა მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო თავად გარდაცვლილის უყურადღებობით“.

მათივე თქმით, კომპანია ელოდება გამოძიების შედეგად მიღებულ საბოლოო დასკვნას.

„მიმდინარე ეტაპზე მოკვლევის მასალებით იკვეთება წინდახედულობის ნორმების დაუცველობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ნაადრევი დასკვნებისაგან თავს შევიკავებთ და გამოძიების შედეგებს დაველოდებით“, – ამბობენ „საქართველოს რკინიგაში“

ადვოკატი სერგო მახარაძე ამბობს, რომ კომპანიამ უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რაში გამოიხატება დაღუპულის დაუდევრობა.

„დაუდევრობა – ეს ფართო ცნებაა. რა არ გააკეთა მან – რაღაც ევალებოდა და არ გააკეთა? რაში გამოიხატება დაუდევრობა? – ამას ვერ ასახელებენ. იქ, ჩვენი ინფორმაციით, არათუ ღუმელი, არამედ ვაგონიც ექსპლუატაციიდან იყო გამოსული, პიროვნება არ ყოფილა აღჭურვილი და ა.შ. ბევრი ნიუანსია. ჯერ გამოძიების მასალებთან არ გვაქვს წვდომა და ამის შემდეგ კიდევ უფრო დამაჯერებლად შეგვეძლება მტკიცება. ერთი ვიცით, რომ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა და მის სისხლში არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური ნივთიერება არ აღმოჩნდა, რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ დაუდევრობას ადგილი არ ჰქონია.

დაუდევრობასთან დაკავშირებით მათზეა მტკიცების ტვირთი. ჩვენ თუ რაღაც დავარღვიეთ, გავაკეთეთ ისე, რამაც ეს შემთხვევა გამოიწვია, მათ უნდა ამტკიცონ ეს“, – აცხადებს ადვოკატი.

„პუბლიკა“ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა.

უწყებაში მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო – გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.