მეგობარი ცხოველები, სახორცე ცხოველები და ეთიკა

პუბლიკა

ავტორი: თამაზ თოხაძე,

ფილოსოფიის დოქტორი 

ახალი წლის პერიოდში, ქართულ საჯარო სივრცეში ცხოველთა მიმართ მოპყრობის საკითხების განხილვა იწყება ხოლმე. განხილვის წამომწყები მიზეზი ფოიერვერკების ხმაურის შედეგებია ცხოველებისთვის, განსაკუთრებით ძაღლებისა და კატებისთვის. თუმცა, ცხოველების გამაყრუებელი ხმაურით შეშინებისა და ტრავმირების გარდა, ამ დროს სხვა ზოგადი საკითხების განხილვაც იწყება ხოლმე ცხოველთა მორალური სტატუსისა და მათი დაცვის შესახებ:

აქვთ თუ არა ცხოველებს უფლებები?

რომელ ცხოველებს უნდა იცავდეს კანონი და როგორ?

რას ნიშნავს ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და როგორ უნდა ისჯებოდეს ამგვარი ქმედება?

მსგავსი საკითხების საჯარო განხილვისას, დებატების ორივე მხარეს, ხშირად ვხედავთ აზრობრივ არევ-დარევასა და გაურკვევლობას. ეს გასაკვირი არ არის. ცხოველთა მიმართ მოპყრობის საკითხები წამოჭრის ეთიკის ფუნდამენტურ კითხვებს და ამ დარგის სპეციალისტებსაც კი – ეთიკოსებსა და ფილოსოფოსებს ზოგადად – მრავალი საუკუნე დასჭირდათ, რომ ასეთ კითხვებს საკმარისი სიღრმითა და სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ.

ადამიანთა ჩაგრული ჯგუფებისთვის უფლებების მოთხოვნა ხშირად ხდებოდა პაროდირებული მათი უფლებების საკითხის შედარებით ცხოველთა უფლებების საკითხთან. მაგალითად, მერი უოლსტონკრაფტის ნაშრომი „ქალთა უფლებათა დაცვა“ (1792) მე-18 საუკუნის ცნობილმა კემბრიჯელმა ფილოსოფოსმა, თომას ტეილორმა ანონიმურად გააშარჟა ტექსტით „მხეცთა უფლებათა დაცვა“. ტეილორი წერდა, რომ თუ უოლსტონკრაფტის არგუმენტი სწორია ქალების უფლებებზე, მაშინ აქედან ისიც უნდა დავასკვნათ, რომ ძაღლებს, ცხენებს, კატებს და სხვა ცხოველებსაც აქვთ უფლებები, რაც ტეილორის აზრით აშკარად აბსურდული დასკვნა იქნებოდა.

ცხოველთა მიმართ მოპყრობის და ზოგადად ცხოველების ეთიკურად გათვალისწინების საკითხის სტატუსი დასავლურ ფილოსოფიაში მნიშვნელოვნად იცვლება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცხოველთა უფლებების მოძრაობების ჩამოყალიბებას.

ამ წერილში მსურს განვიხილო და ავხსნა რამდენიმე გაუგებრობა, რომელსაც ცხოველთა უფლებების საკითხის განხილვაში ვაწყდებით ქართულ საჯარო სივრცეში (თუმცა, მსგავსი გაუგებრობები, სამწუხაროდ, ყველგან გავრცელებულია) და ასევე წინა პლანზე წამოვწიო უფრო ფუნდამენტური პრობლემები, რომლებსაც ცხოველების მიმართ მოპყრობის ეთიკა წამოჭრის.

დავიწყოთ კითხვით: აქვთ თუ არა ცხოველებს უფლებები? ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის დამცველები, ხშირად უსვამენ ხაზს ვალდებულების ან პასუხისმგებლობის ქონის აუცილებლობას უფლებების მინიჭებისთვის. მართლაც, ძაღლს ან კატას მორალურ პასუხს ვერ მოვთხოვთ ქონების დაზიანებისთვის. ცხოველებს არ აქვთ რაციონალურობის ის უნარი, რაც აუცილებელია პასუხისმგებლობის ქონისთვის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ, საბოლოო ჯამში, ცხოველების მორალური გათვალისწინება არ უნდა მოხდეს? ან, თუ უფლებების ენით საუბარი გვსურს: ნიშნავს თუ არა ეს, რომ ცხოველებს უფლებები არ აქვთ?

პოზიცია, რომ ანგარიშვალდებულება აუცილებელია უფლებების ქონისთვის, პრობლემას მალევე აწყდება, რაც თანამედროვე ფილოსოფიურ ლიტერატურაში კარგად არის გაცნობიერებული. მართალია, ბევრ ადამიანს შეგვიძლია დავაკისროთ პასუხისგებლობა მათი ქმედებებისთვის, თუმცა ეს ყველა ადამიანზე არ ვრცელდება. განვიხილოთ დაბადებიდან კოგნიტური უნარებით შეზღუდული ადამიანები ან სიბერის გამო ანალოგიურად შეზღუდული ადამიანები.

ყველასთვის ცხადია, რომ მსგავსი ადამიანები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი თავიანთ საქციელზე ისე, როგორც კოგნიტურად ტიპური ადამიანი. თუმცა, აჩვენებს თუ არა ეს განსხვავება, რომ მათ ფუნდამენტური უფლებები არ აქვთ? მაგალითად, აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს უფლება, არ მიადგეთ არასაჭირო ზიანი და ტანჯვა ან არ იყვნენ გამოყენებული სამედიცინო ექსპერიმენტებში? ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ პასუხისმგებლობის უნარის მნიშვნელოვანი ან სრული შეზღუდვის პირობებშიც კი, ამგვარი ადამიანები ამ უფლებებს არ დაკარგავენ.  აზრი, რომ ბაზისური უფლებები უნდა ექვემდებარებოდეს და იცვლებოდეს ადამიანის კოგნიტური უნარების მიხედვით ფართოდ და სამართლიანად არის უარყოფილი. ამგვარად, თუ გვინდა უფლებების ენით ვისაუბროთ ადამიანებზე, მაშინ ამ უფლებების დაფუძნება კოგნიტურ უნარებზე (რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაა რელევანტური ტიპის ანგარიშვალდებულება) არ უნდა მოვახდინოთ.

ანალოგიური არგუმენტის გასავითარებლად, წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია ადამიანისა, რომელიც ფიზიკურად და მენტალურად მუდმივად სამი წლის ბავშვის მდგომარეობაში იქნება. ასეთ ადამიანს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს თუ ზრდასრულ ორანგუტანგს ან თუნდაც ძაღლს? ორანგუტანგთან შედარებით მაინც, ჩემთვის ცხადია, რომ – არა. ნიშნავს ეს, რომ მსგავს ბავშვს ფუნდამენტური უფლებები არ გააჩნია? ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ყველასთვის აშკარაა. და თუ მუდმივად სამი წლის ბავშვებს აქვთ ბაზისური უფლებები, რატომ არ აქვთ ეს უფლებები ანალოგიური ან აღმატებული კოგნიტური და ემოციური უნარების მქონე სხვა არსებებს?

ეთიკოსები იყენებენ ტერმინს “სახეობიზმი” (Speciesism) იმ გაუმართლებელი მიკერძოების აღსანიშნად, რომელიც ადამიანებს აქვთ საკუთარი სახეობის მიმართ (ან, ზოგადად, ერთი სახეობის მიმართ, მეორესთან შედარებით).  თუ რასიზმი არის დისკრიმინაცია მხოლოდ კანის ფერის გამო, და სექსიზმი მხოლოდ სქესის გამო, სახეობიზმი არის დისკრიმინაცია მხოლოდ სახეობის გამო. სწორედ სახეობიზმი ხსნის იმას,  თუ რატომ მიგვაჩნია დაუშვებლად კოგნიტურად შეზღუდული ადამიანის ჩაგვრა, თუმცა დასაშვებად მიგვაჩნია მსგავსი კოგნიტური და ემოციური უნარების მქონე სხვა არსებების ტანჯვა და ჭამა.

მსგავსი მოსაზრებები სერიოზულ პრობლემას უქმნის ცხოველების უფლებების მოწინააღმდეგეთა პოზიციას. დარწმუნებული ვარ, ზოგ მკითხველს მოაფიქრდება შეპასუხებები ზემოთ აღნიშნული არგუმენტების მიმართ. მათი განხილვა შედარებით ვრცელ და აკადემიურ განხილვას მოითხოვს. ამიტომ, დაინტერესებულ მკითხველს, ვურჩევ თანამედროვე ეთიკოსის, ელესთერ ნორკროსის (2004) უკვე კლასიკურ სტატიას: “ლეკვები, ღორები და ადამიანები”, სადაც, დიდი ალბათობით, ნახავს პასუხებს საკუთარ  შედავებებზე.

ახლა მსურს აღვნიშნო აშკარა პრობლემები, რომლებიც ჩვენს საჯარო დისკურსში ცხოველთა უფლებების ქომაგებსაც ახასიათებთ.

მართალია აქ ზოგადად ცხოველებზე ვსაუბრობ, მაგრამ, ცხოველთა უფლებების საჯარო განხილვის ფოკუსი სრულიად არის ხოლმე კომპანიონი ცხოველები, ძირითადად ძაღლები და კატები. თუმცა, ცხოველების დისკომფორტი ახალი წლის გამაყრუებელი ხმაურის გამო ახლოსაც ვერ მივა იმ წარმოუდგენელ სისასტიკესთან, რომელსაც ყოველწლიურად ათობით მილიარდი, კომპლექსური კოგნიტური და ემოციური უნარების მქონე ცხოველი განიცდის ინდუსტრიულ ფერმებში და სასაკლაოებზე, მათ შორის საქართველოშიც. განვიხილოთ ღორების მაგალითი, რომელთა როგორც გონებრივი ისე ემოციური უნარები მინიმუმ ისევე დახვეწილია, როგორც ძაღლების.

ღორის ხორცის, ისევე როგორც სხვა ტიპის ხორცის, სრული უმრავლესობა იწარმოება დიდი ზომის ინდუსტრიულ ფერმებში (საქართველოშიც ინდუსტრიული ფერმები ხორცის უდიდესი ნაწილის მომარაგებას აკეთებს). ამ ქარხნებში ასობით და ათასობით ღორი არის გამოკეტილი ბეტონის შენობებში. ღორები მჭიდროდ არიან მოთავსებული ვიწრო, ბინძურ გალიებში, სადაც ღორებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ქმედებების განხორციელების საშუალება არ აქვთ.

ქვეყნების უმრავლესობაში (მათ შორის დასავლეთში), ლეგალურია ორსული ღორების მოთავსება ვიწრო გალიებში, სადაც ღორებს შემობრუნების საშუალებაც კი არ აქვთ. გოჭებს აჩენენ ამ ვიწრო, ბინძურ, ექსკრემენტებიან გარემოში, სადაც არ ეძლევათ საშუალება დედობრივი ინსტინქტი ისე გამოავლინონ, როგორც ეს ღორებისთვის დამახასიათებელია. მათ გოჭებს სამი კვირის ასაკში ართმევენ, ხოლო ბუნებრივად, დედა ღორები 17 კვირის განმავლობაში უვლიან თავიანთ გოჭებს. ამიტომ, დედა ღორები, როგორც სხვა ბევრი ძუძუმწოვარი, ემოციურად იტანჯებიან შვილებთან განშორების გამო.

ღორების მოკვლის სტანდარტული პრაქტიკა ინდუსტრიულ ფერმებში ითვალისწინებს რამდენიმე ღორის გალიაში ჩაკეტვას და მათ გათიშვას მხუთავი აირის მეშვეობით. ამ დროს ღორები განწირულად იბრძვიან, ეხეთქებიან გალიებს და ჭყივიან. ღორის დაკვლის პრაქტიკა საქართველოში არსებულ შედარებით პატარა სასაკლაოებზე ან სოფლებშიც არანაკლებ სასტიკია. სასაკლაო დანით ყელის გამოჭრა არსებისთვის, რომელსაც ძაღღლის მსგავსი უნარები აქვს და რომელიც გრძნობს მოახლოებულ სიკვდილს, ცხადია, ჰუმანურად ვერ ჩაითვლება. და, ზოგადად, არსებობს მსგავსი არსების მოკვლის ჰუმანური გზა?

ჩვენ გვაწუხებს ძაღლის დროებითი შიში ახალი წლის ღამეს (რაც, სრულიად ლეგიტიმური წუხილია), თუმცა არ გვადარდებს, რომ მილიარდობით ძაღლების მსგავს ცხოველს ყოველდღიურად ვკლავთ გაზის კამარებში ან მასიურ სასაკლაოებზე, ისეთი უსუსური მიზეზის გამო, როგორიც არის რამდენიმე წუთიანი გემოვნებითი სიამოვნება. მაგრამ, მართლაც არასაჭიროა ამ ცხოველების მოკვლა?

თანამედროვე მედიცინაში და ნუტრიციოლოგიაში არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ადამიანს, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე (მათ შორის ბავშვობა, ორსულობა, სიბერე) შეუძლია იყოს სრულიად ჯანმრთელი როგორც ვეგეტარიანულ ისე ვეგანურ დიეტაზე (ვეგანიზმის შესახებ უფრო დაწვრილებით სტატიის ბოლოს ვისაუბრებ). მაგალითად, ამას აღნიშნავს ამერიკის ნუტრიციისა და დიეტოლოგიის ასოციაციის ოფიციალური პოზიცია. მეტიც, როგორც ამავე წყაროში ნახავს მკითხველი, მცენარეული კვება დაკავშირებულია მთელ რიგ მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ჯანმრთელობისა და დაავადებების პრევენციის კუთხით.

ასე რომ, მილიარდობით ცხოველის ტანჯვა და მოკვლა ვერ გამართლდება ხორცის მიღების აუცილებლობით. პირიქით, არსებობს მზარდი მტკიცებულება განსაკუთრებით წითელი ხორცის მიღების მნიშვნელოვან უარყოფით გავლენაზე ჯანმრთელობისთვის.

ამგვარად, რეალური მიზეზები რაც ცხოველური პროდუქტების მასიურ მოხმარებს განაპირობებს არის (1) მოსახერხებულობა – ხორცი თითქმის ყველაგან არის ხელმისაწვდომი – და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, (2) ხორცის გემოთი მიღებული სიამოვნება.

საქართველოშიც კი, ცხოველური პროდუქტების კვების რაციონიდან სრული ამოღება არ წარმოადგენს დიდ პრაქტიკულ სირთულეს. ბევრ კულტურას (მათ შორის საქართველოს) აქვს ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი მცენარეული კერძების ტრადიცია. მცენარეული კვება მნიშვნელოვნად უფრო ეკონომიურიც არის, რადგან ხორცისა და რძის პროდუქტი საგრძნობლად ძვირი და მალფუჭებადია ისეთ მცენარეულ საკვებთან შედარებით, როგორებიცაა პარკოსნები (ლობიო, ცერცვი, ოსპი, სოიო, მუხუდო და ა.შ.) და ბურღულეულები. ამგვარად, გემოთი მიღებული სიამოვნების გარდა, თითქმის არასდროს არსებობს სხვა მიზეზი რის გამოც მილიარდობით ცხოველს ყოველწლიურად ვკლავთ და ვჭამთ.

ამგვარად, როგორ შეიძლება მეგობარი ცხოველების უფლებებით შეწუხებულმა ადამიანმა გაამართლოს ძაღლებისა და კატების მსგავსი არსების მასიური მოკვლა, როცა ამას მხოლოდ გემოთი მიღებული დროებითი სიამოვნებისთვის აკეთებს? რადგან ხორცისა და სხვა ცხოველური პროდუქტების მოხმარება კულტურულ ნორმას წარმოადგენს, ადამიანთა უმრავლესობა ე.წ. „სახორცე ცხოველების“ ინტერესებზე და კეთილდღეობაზე არ ფიქრობს და სრულიად მიჯნავს ასეთ ცხოველებს ძაღლებისგან და სხვა პოპულარული კომპანიონი ცხოველებისგან. მაგრამ რა მორალურად ღირებული განსხვავება არსებობს ძაღლსა და ღორს შორის ან კნუტსა და ხბოს შორის? რატომ გვიყვარს და ვზუნავთ ერთზე და რატომ ვკლავთ მხოლოდ გემოთი მიღებული სიამოვნების გამო მეორეს?

როგორც აღვნიშნე, კულტურული ნორმალიზაციის გამო, ადამიანთა უმრავლესობა ამ კითხვებზე საერთოდ არ ვფიქრობთ ან ძალიან იშვიათად და ზედაპირულად. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. თუ ადამიანს გულწრფელად ადარდებს ისეთი ცხოველების კეთილდღეობის საკითხი, როგორიც ძაღლები და კატებია, მაშინ მსგავსი ზრუნვა უნდა გაუნაწილონ სხვა „სახორცე ცხოველებსაც“, რომლებსაც წარმოუდგენელი რაოდენობით ვკლავთ ყოველწლიურად, ტრივიალური მიზეზების გამო. ხოლო ცხოველების უფლებების ან მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური კვებითი შენაძენებით უნდა დავიწყოთ. ამიტომ არის ეთიკური ვეგანიზმი მორალურად სავალდებულო.

რა არის ეთიკური ვეგანიზმი? ეს არის ეთიკური პოზიცია, რომლის მიხედვით, ქმედებები, რომლებიც ინტერესებისა და შეგრძნებების მქონე არსებათა არასაჭირო ტანჯვას იწვევს, მორალურად დაუშვებელია. ეთიკური ვეგანიზმი, ამ აზრით, არ არის დაინტერესებული უკაცრიელ კუნძულზე მყოფი ადამიანით, რომელსაც სასიცოცხლოდ ესაჭიროება სხვა მგრძნობელობის მქონე არსების შეჭმა. აქ საქმე არასაჭირო ზიანს და ტანჯვას ეხება.  ეთიკურ ვეგანიზმს აინტერესებს არასაჭირო, არააუცილებელი ტანჯვის და ზიანის შემცირება, რომელსაც ჩვენი ქმედებებით ცხოველებს ვაყენებთ. ცხადია, რადგან მცენარეებს, სოკოებს და ქვებს არ გააჩნიათ მსგავსი მგრძნობელობა და ინტერესები (მათ არ აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემა), ამგვარი არსებების მიმართ ეთიკური ვალდებულებები არ არსებობს.

რადგან კაცობრიობის სრულ უმრავლესობას არ სჭირდება კომპლექსური გონებრივი და ემოციური უნარების მქონე არსებების ტანჯვა და მათი საჭმლისთვის დაკვლა, ამგვარი ქმედებები ამორალურად უნდა ჩაითვალოს. ეთიკური ვეგანიზმი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ცხოველების მოკვლას მათი ხორცის ჭამის მიზნით, არამედ ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის მიღებას, რაც ნაწარმოებია ცხოველების არასაჭირო ტანჯვითა და ზიანის მიყენებით. მსგავსი პრაქტიკების არასაკამათო მაგალითები იქნება: ინდუსტრიული ფერმების კვერცხისა და რძის პროდუქტების მოხმარება. დაინტერესებულ მკითხველს, შეუძლია ადვილად მოიძიოს როგორც დასავლურ ქვეყნებში ისე საქართველოში, თუ რა პირობებში უწევთ კვერცხის მდებ ქათმებსა და მერძევე ძროხებს ცხოვრება. და, ცხადია, როდესაც ეს ცხოველები სასურველ პროდუქტს საკმარისი რაოდენობით ვეღარ იმუშავებენ, ისინიც სასაკლაოსთვის არიან განწირულნი. ვინც ამ მარტივ კვლევას ჩაატარებს, ადვილად დარწმუნდება, რომ მერძევე ძროხის პირობები ინდუსტრიულ ფერმებში (აქ იგულსხიმება ქართული რძის მწარმოებლებიც) კიდევ უფრო უარესია სახორცე ძროხებთან შედარებით. ამგვარად, ეთიკური ვეგანიზმი მსგავსი ცხოველური პროდუქტების მოხმარების წინააღმდეგიც არის.

არსებობს ბევრი სხვა ნიუანსი და სადავო საკითხი ეთიკური ვეგანიზმის ირგვლივ. თუმცა, ეთიკოსების მზარდი რაოდენობა თანხმდება, რომ ინდუსტრიული ფერმები და ცხოველური პროდუქციის წარმოების სხვა მსგავსი ფორმები ამორალურია. შესაბამისად, ამორალურია ამგვარად წარმოებული პროდუქციის მოხმარება. ჩვენი მორალური ვალდებულება ამგვარი ბიზნესების მიმართ ბოიკოტია, რაც, სულ მცირე, იმაში გამოიხატება, რომ არ ვისარგებლოთ მათი პროდუქციით.

ჩანაწერს დავასრულებ ჯერემი ბენთემის (1748-1832), ინგლისელი ფილოსოფოსის, იურისტისა და პოლიტიკური რეფორმატორის, ცნობილი პასაჟის ციტირებით. ბენთემი პირველი იყო ვინც ცხოველების მორალური სტატუსის ერთ-ერთი ცენტრალური თანამედროვე გაგება ჩამოაყალიბა. ბენთემის მიხედვით, მორალური სტატუსი იმაზე კი არ არის დამოკიდებულება აქვს თუ არა არსებას აზროვნების ან პასუხისგებლობის აღების უნარი, არამედ აქვს თუ არა ტანჯვისა და სიამოვნების განცდის შესაძლებლობა და ინტერესები. ეს პასაჟი (1780) ბენთემმა დაწერა როდესაც ბრიტანეთის იმპერიაში და დომინიონებში მონობა და მონებით ვაჭრობა ჯერ კიდევ ლეგალური იყო:

“შეიძლება დადგეს დღე, როდესაც დანარჩენი ცხოველები მიიღებენ იმ უფლებებს, რომლებიც ვერც ვერასოდეს ჩამოერთმეოდათ მათ რომ არა ტირანია. ფრანგებმა უკვე გააცნობიერეს, რომ კანის სიშავე არ წარმოადგენს მიზეზს გასამართლების გარეშე ადამიანი ჯალათს გადავცეთ. კაცობრიობამ ერთ დღეს შეიძლება გააცნობიეროს, რომ ფეხის რაოდენობა, კანის თმიანობა, ანდა გავის ძვლის დაბოლოება თანაბრად ცუდი მიზეზებია მგრძნობიარე არსება იგივე ბედის ანაბარა დავტოვოთ. სხვა რამ შეიძლება გაავლოს გადაულახავი ზღვარი? აზროვნების უნარმა თუ ლაპარაკის უნარმა? მაგრამ, ზრდასრული ცხენი ან ძაღლი შეუდარებლად უფრო გონიერი და კომუნიკაციურია, ვიდრე ერთი დღის, ერთი კვირის, ან თუნდაც ერთი თვის ბავშვი. თუმცა, პირიქითაც რომ ყოფილიყო, განა ეს რამეს მოგვცემდა? მართებული შეკითხვა არის არა „შეუძლიათ მათ აზროვნება?“ ან „შეუძლიათ მათ ლაპარაკი?“, არამედ „შეუძლიათ მათ იტანჯონ?” “