დიახ, როგორც ვასიკო კეჟერაძე იყო დაბადებული დიდი ლიტერატურისათვის და იძულებით ფოტოატელიეში მუშაობდა (მაინც გავიხსენოთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“), ისე ბუბა კიკაბიძე არტისტული ფრენისთვის იყო დაბადებული, ვითარცა ვალიკო მიზანდარი…
მან შეძლო შთამბეჭდავი არტისტული კარიერის განმავლობაში ურიცხვი თაყვანისმცემლებითა და ლარისა ივანოვნებით მოოჭვილი საბჭოთა ქალაქები უიარაღოდ დაეპყრო, ხოლო თავის დროზე მოსკოვში გახსნილ რესტორან „მიმინოში“ ემასპინძლა ყველასათვის – როსტრიპოვიჩ–კობზონებით დაწყებული, ელვარე ქურდული სამყაროთი დამთავრებული. ალბათ იმიტომ, რომ ის ყველას თავისებურად უყვარდა და მასთან ურთიერთობა ბევრს სურდა სხვადასხვა მიზეზის გამო: ეს კი ძალიან თავისებური და იშვიათი ტალანტია!
ბოლომდე წლებამდე გაუხუნარი სცენური ქარიზმა, ლირიკული თუ ძველბიჭურ–ძველთბილისური იმიჯი, კომედიანტისა და არტისტის თანდაყოლილი ნიჭი, კინემატოგრაფიულ ვნებაში ამოვლებული ხიბლი, ყველაფერში ეხმარებოდა და ყველგან იგრძნობოდა. თუმცა რატომღაც, მაინც ვალიკო მიზანდარი და „მიმინო“ იქცა ვახტანგ კიკაბიძის სიმბოლოდ.
არადა, არსებობდნენ გია (ნიკოლოზ სანიშვილის „შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი (გიორგი დანელიას „არ იდარდო“), მედროგე პავლე (გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“), კინტო (ქართულ–სომხური ფილმი „ხათაბალა“), დაუვიწყარი ჰერცოგი (გიორგი დანელიას „ჰელკბერი ფინის თავგადასავალის“ ეკრანიზაცია), ან თუნდაც, 80-იან წლებში განსახიერებული თეთრკოსტიუმიანი, არტისტულ–პაროდიული ჯონ გლები – ამერიკის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ( საბჭოთა ტელევიზიით ნაჩვენები შპიონურ სერიალში “TACC უფლებამოსილია განაცხადოს“, რეჟისორი ვლადიმირ ფოკინი). მთლიანად, ვახტანგ კიკაბიძის არტისტული კარიერა ორმოცამდე რადიკალურად განსხვავებულ კინოროლს მოიცავს.
კინემატოგრაფიული იპოსტასის მიღმა არსებობდა ესტრადა – კვარტეტი
„დიელო“, სადაც პირველად გამოჩნდა და შემდეგ სახელოვანი „ორერა“, რომელმაც მას აღიარება და დიდება მოუტანა ნანი ბრეგვაძესთან ერთად.
70-80-იან წლებში ტელეეკრანებზე ახალი იმიჯით გამოჩნდა – ჭაღარა და წვერმოშვებული ბუბა კიკაბიძე ლამის ყველაზე პოპულარული საბჭოთა საესტრადო მომღერალ კაცად იქცა, ალექსანდრ ეკიმიანის სიმღერებით. განსაკუთრებით კი პოპულარული იყო ვიდეოკლიპი და სიმღერა МОИ ГОДА.
90-იან წლებში საბჭოეთის ნგრევამ და პოლიტიკურმა ცვლილებებმა საქართველოში, ვახტანგ კიკაბიძეს ცხოვრებასა თუ არტისტულ კარიერაში დიდი გამოცდები მოუწყო. როგორც ახლა ამბობენ, „უნებურად აღმოჩნდა ისტორიის ცუდ მხარეს“. მაგრამ რა ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მისი აქტიური გამოსვლები და „მხედრიონის“ ჟამს მისი კავშირი ჭრელ და იარაღიან ხალხთან, აშკარა, დრამატული, ან გაუაზრებელი შეცდომა იყო.
ცხადია, ბუბა კიკაბიძე ამ „შეცდომასთან“ მარტო არ მისულა. ქართული ინტელიგენციისა და მოაზროვნეების უდიდესმა ნაწილმა 1991 წლის დეკემბერში საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ეგზისტენციალურ მომენტში მოქალაქეობრივი პოზიცია დაივიწყა. შემდეგში, ვინ რა გზას დაადგა, ვის ბანაკში აღმოჩნდა, სად გაიქცა, მოინანია თუ გამოსწორდა, ისტორიული გადასახედიდან არსებითი მნიშვნელობა აღარა აქვს, რადგან ის შეცდომები თავისი პოლიტიკური გავლენებით და ფსიქოლოგიით დღემდე საბედისწეროდ მოგვყვება…
თუმცა, პარტიული დაყოფითა და განსხვავებებით ქვეყნის წინაშე ჩადენილი გაუაზრებელი და საბედისწერო შეცდომების გამო დღეს მხოლოდ ბუბა კიკაბიძის გახსენებაც არასწორია, რადგან დაახლოებით იგივე ითქმის სხვა ხელოვანების მიმართ, რომელთა გვარ–სახელებს აქ აღარ ჩამოვთვლით.
ისტორიის დინამიკა ამავე დროს, არ გულისხმობს შეფასებების კატეგორიულობას, დადგენილ აჩემებას, ან ერთხელ და სამუდამოდ ჩაბეჭდილი შეხედულებებით ცხოვრებას (ფსიქოლოგიაში ამ მოვლენას რიგიდულობა ეწოდება). ბუბა კიკაბიძის პოლიტიკური ნაბიჯი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ – როცა მან უარი თქვა რუსეთში არამხოლოდ საკონცერტო ტურებზე, არამედ უბრალოდ, სტუმრად მოსკოვში ჩასვლაზეც კი (და მართლაც, ის სიცოცხლის ბოლომდე არ ჩასულა რუსეთში!) ყველაზე ზუსტი და მკაფიო მოქალაქეობრივი განაცხადი იყო, რამაც წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მისცა და რითაც ერთგვარი, არტისტულ–პოლიტიკური ინდულგენციაც შეიძინა,
2020 წელს ის ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი გახდა. რაც ერთგვარი პასუხიც აღმოჩნდა ოპონენტებისთვის წარსულის ცოდვების მუდმივ შეხსენებაზე – „მოი გოდა, მოიო ბაგატსტვა“ („ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრეა“). ამ სიმდიდრით, წინააღმდეგობებით, არტისტულობის მარადიული შეგრძნებებით ვემშვიდობებით თბილისელ არტისტს, ბუბა კიკაბიძეს, რომლის ფრენა ცხადში 84 წლის ასაკში დასრულდა. უფრო ზუსტად, მიმინოს, რომლის ფრენა მარადისობაში სწორედ ახლა იწყება.