ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილები ვრცელდება

პუბლიკა

დღეს, 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე. მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სამძიმრის წერილებს ავრცელებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის უფროსი შვილის, გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი ახალი და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით. კინოში მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გმირები, ორიგინალურად შესრულებული სიმღერები რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, მის პიროვნებას დიდ პატივს სცემდა და აღფრთოვანებული იყო. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.

გამოჩენილი ხელოვანის და გულწრფელი ადამიანის ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.

ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ”, – წერია ალიევის სამძიმრის წერილში.

სამძიმრის განცხადება გაავრცელა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობარ ქართველ ერს. კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში, რომელიც თავისებურად განასახიერებს სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობას”, – ამბობს ფაშინიანი.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე წერს: „ვგლოვობ ჩემ საუკეთესო მეგობარს”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი კიკაბიძეზე წერს:

„მეგობარი, რომელიც მუდმივად ჩვენ გვერდით იყო. დიდი ერის დიდი ადამიანი. ლეგენდა, რომლისგანაც მაგალითს ყოველთვის ვიღებდით. მარადიული ხსოვნა მას და თანაგრძნობა მის ახლობლებს”.

სამძიმრის წერილები გაავრცელეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

„მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.
თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს პაპუაშვილი.

სამძიმრის წერილი გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ:

„საქართველო ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს – აღიარებულ კინოვარსკვლავს, დაუვიწყარ მომღერალსა და უბრალოდ, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს! რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში დაბადებული კაცი იქცა ასობით მილიონიანი აუდიტორიის კერპად, მას იცნობდნენ, აღიარებდნენ, უყვარდათ… ბუბა სარგებლობდა აბსოლუტური ცნობადობითა და საყოველთაო პოპულარობით ჯერ მთელ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე”, – წერს მელია.