23 ივნისს, სასამართლო პროცესის დროს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაპატიმრების შემდეგ გაუარესებულია.
მაია მწარიაშვილმა აქცენტი მხედველობაზე გააკეთა.
ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატმა კიდევ ერთხელ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მათ მიერ საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით – ერთი მხრივ ამაღლობელის დაკავებამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტები და მეორე მხრივ დაკავების შემდგომ უკვე კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელს „მხედველობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს.“
ადვოკატი განმარტავს, რომ მზია ამაღლობელს კერატოკონუსის დიაგნოზი აქვს, რომელიც ძალიან „ცუდი, მძიმე და პროგრესირებადი თავლის დაავადებაა.“
კერატოკონუსი რქოვანას დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება იწვევს მისი ოპტიკური ფუნქციის ცვლილებას, რის შედეგადაც ხდება მხედველობის გაუარესება – ვითარდება მიოპია და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი
როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დაავადების გამო მზია ამაღლობელს დაკავებამდეც ცალ თვალში მხედველობა ჰქონდა მხოლოდ 2% , მეორე თვალში 30% და იყო შანსი რომ სათვალით გაზრდილიყო ეს მხედველობა 90%-მდე.
მისივე თქმით, თებერვალში, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევით, 30%-დან, მხედველობა 10%-მდე შემცირდა, რომელიც შესაძლებელია სათვალის გამოყენების შემთხვევაში გაიზარდოს მხოლოდ 40%-მდე.
მაია მწარიაშვილი ამბობს, იმასაც რომ დაკავებამდე მზია ამაღლობელს კერატოკონუსი მხოლოდ ერთ თვალზე ჰქონდა, თებერვალში სახალხო დამცველის მიერ შედგენილი კომისიის დასკვნის თანახმად უკვე ორივე თვალზე აქვს.
„თებერვლის შემდეგ, არავინ არ იცის როგორია მისი ამ თვალის მდგომარეობა. თავად ეს მოცემულობაც თებერვლის, არის ძალიან მძიმე, მას მერე [მზია ამაღლობელს] არც რაიმე კვლევა ჩატარებია ამ თვალსაზრისით და არც რაიმე მკურნალობა.
თავიდანვე, ვინაიდან მზიას არ უნდოდა რომ ჩვენ მეტი ხაზგასმით გვესაუბრა მის ჯანმრთელობაზე, არც მაშინ როდესაც ის შიმშილობდა, არასოდეს ასე აქცენტირებას არ ვაკეთებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის რაღაც საზღვარი.
ჩვენ თუ არ მივუთითეთ ამ დოკუმენტებზე ასე ხაზგასმით სასამართლოს და ბრალდებას, ისინი არასოდეს არ ნახავენ ამ დოკუმენტებს და არასოდეს არც საზოგადოებას არ ეცოდინება სინამდვილეში რა მძიმე მდგომარეობა აქვს მას“,- თქვა მაია მწარიაშვილმა.
საიას ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ამჟამად ადვოკატები ექიმებთან კონსულტაციებს გადიან, იგეგმება რომ კიდევ ჩატარდეს კვლევები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამაღლობელს თებერვლის შემდგომ რაიმე მკურნალობა არ ჩატარებია პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ.
„ეს საკითხი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ მზია ამაღლობელს პატიმრობაში ტოვებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ თუკი მზია ამაღლობელი თუნდაც გირაოს ან ნებისმიერი სხვა აღმკვეთი ღონისძიების სახით გათავისუფლდება, იგი ჩაიდენს ახალ დანაშაულს და მომეტებული რისკი არსებობს თურმე ამის.
ამას ამბობენ ადამიანზე რომელსაც ცალ თვალში 10% აქვს მხედველობა და მეორეში 2%. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოს წინაშე როდესაც ამის საშუალება გვაქვს ვაყენებთ შუამდგომლობას და წარვადგენთ არგუმენტებს თუ რატომ უნდა იყოს პატიმრობა შეცვლილი და რატომ არ არის პატიმრობა აუცილებლად გამოსაყენებელი.
თუმცა სასამართლო ამ არგუმენტებზე არ გვპასუხობს, თავის დროზე როდესაც ეს საკითხი [მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები] კვლევებით დადგინდა ჩვენ სასამართლოს მაშინაც მივმართეთ როგორც ახალგამოვლენილი გარემოება, რომ აღმკვეთი შეიცვალოს თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, პატიმრობა გამოიყენება რეპრესიული მიზნით მზია ამაღლობელის მიმართ და სასამართლო დღევანდელ დღემდე არ ითვალისწინებს ამ საკითხს“,- უთხრა „პუბლიკას“ ჯუბა ქათამაძემ.
მისივე თქმით, ექიმებთან კონსულტაციის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები საჭიროებებიდან გამომდინარე, ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სამედიცინო კონსილიუმი გახდეს საჭირო.
23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა. მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდების მხარე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე აპელირებს.
ადვოკატები მზიას გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის პატიმრობა აუცილებელი არ არის. მათ ხაზი გაუსვეს მზია ამაღლობელის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას და აღნიშნეს, რომ მზია ქართული მართლმსაჯულების ტყვეა.
_______________________________________________________________________
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.