რა საკითხებია მნიშვნელოვანი, როცა ტრანსპორტის აღდგენის გეგმაზე ვსაუბრობთ და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ტრანსპორტში ქცევის წესებზე წინასწარი კომუნიკაცია – ამ და სხვა საკითხებზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.
თქვენი ინფორმაციით, გასულ წლებში მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსებში როგორი იყო მგზავრთა ნაკადი. თითოეულ ამ სატრანსპორტო საშუალებას რა რაოდენობის მგზავრი გადაჰყავდა ყოველდღე?
სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა არსებობდა. გარკვეული პერიოდულობით ავტობუსების ჩანაცვლება/განახლება ხდება და შარშანდელი მონაცემებით, რაც გარკვეულ კვლევაზეა დაფუძნებული, 2018 წლის ზაფხულში ავტობუსს ყოველდღიურად 420 ათასი მგზავრი გადაჰყავდა. 470 ათასი მგზავრი – მიკროავტობუსს და 400 ათასზე მეტი – მეტროს. ანუ მილიონზე მეტი მგზავრობს ყოველდღიურად დედაქალაქში სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით, ამ პერიოდში.
თქვენ, როგორც სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ხომ არ გიცდიათ მოდელირება, რომ გენახათ, მიახლოებით რა სიმძლავრეების დამატება გახდება საჭირო თითოეული ტიპის ტრანსპორტზე იმისათვის, რომ ამუშავდეს იმ ძირითადი წესების დაცვით, რაც უკვე ითქვა – დისტანციის დაცვას ვგულისხმობ, პირველ რიგში.
2000 სამარშრუტო ტაქსი ოპერირებდა დედაქალაქში. მათი ჩანაცვლება მოკლე პერიოდში წარმოუდგენელია, ამიტომ ვიკავებთ თავს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც არარეალისტურია მოკლე დროში განსახორციელებლად, თუმცა ვფიქრობთ, რომ პოსტკოვიდ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, თუნდაც ავტობუსის ამუშავება მოგვიწევს.
ავტობუსი ინფრასტრუქტრულად იძლევა იმ წესების დაცვის შესაძლებლობას, რომლებიც საერთაშორისო პროტოკოლით არის გაწერილი და ერთი კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა – სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტში რა წესები უნდა იქნეს დაცული. რასაკვირველია, ეს წესებიც არ არის პანაცეა, მაგრამ, თუ სწორად გამოვიყენებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას და დავსხდებით დიაგონალურად, გამოიყოფა სივრცე მძღოლსა და მგზავრს შორის და იქნება ვენტილაცია, ეს მაქსიმალურად დაგვიცავს ვირუსის გავრცელებისგან.
ჩამოწეული ფანჯრები მნიშვნელოვანია, რომ გარედან შემოდინდეს ჰაერი. ხელების დეზინფექცია, ერთი კარიდან ასვლა, მეორე კარიდან ჩასვლა და ამ ყველაფრის ადმინისტრირება, რა თქმა უნდა.
იმის თქმას, რომ არ ვიცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი როდის ამუშავდება, შეიძლება ჯობდეს, რომ პირველ ეტაპზე ავტობუსებით დაიწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა. გვესმის, რომ მგზავრთა ნაკადი იქნება, მაგრამ ზაფხულის პერიოდია და ესეც გასათვალისწინებელია. არ მაქვს მოლოდინი, რომ როგორიც სხვა ზაფხულები იყო, ისეთი დატვირთული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ავტობუსით შეიძლება დაწყება უკიდურესი გადაუდებელი მგზავრობებისთვის.
გარდა ავტობუსებისა, ჩვენ არ აღვიქვამთ სერიოზულად ველოტრანსპორტს. ბოლო პერიოდში კი დაიწყო გამოყენება უფრო ხშირად, მაგრამ მაინც მეტი აქცენტის გაკეთება შეიძლება ველობილიკებზე. უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურულად დაკავშირება, რომ შესაძლებლობა მიეცეთ ჩვენს მოქალაქეებს, უფრო აქტიურად გამოიყენონ ველოტრანსპორტი.
მხოლოდ მეტრო რომ აღდგეს და ავტობუსი, შემცირებული მგზავრთა ნაკადის მიუხედავად, სავარაუდოდ, სიმძლავრეების დამატება საჭირო მაინც გახდება. ასეა?
ზაფხულის პერიოდში ვფიქრობთ, გავართმევთ თავს, რადგან მგონია, რომ მობილობა ნაკლები იქნება. აქ კომუნიკაციას ექნება დიდი მნიშვნელობა, რომ, თუ მგზავრობა არ არის აუცილებელი, მოქალაქეებმა თავი უნდა შევიკავოთ. ტრანსპორტი ზაფხულის პერიოდში მეტ-ნაკლებად შეიძლება იყოს საკმარისი, თუ დატვირთვა მსუბუქი იქნება და გავითვალისწინებთ, რომ დიდი ნაწილი მაინც გასულია. საშემოდგომო პერიოდისთვის კი საფიქრალი იქნება რა როგორ…
ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, თქვენ ამბობთ, რომ აუცილებელი მგზავრობებისთვის ზაფხულის პერიოდში (იმიტომ, რომ მობილობა ისედაც შემცირებული იქნება) ავტობუსისა და მეტროს ინფრასტრუქტურა ეყოფა მოსალოდნელ მგზავრთა ნაკადს, ვიდრე შემოდგომამდე, მაგრამ შემოდგომაზე სხვა ტიპის გამოწვევა იქნება და საამისოდ ცალკე უნდა მოემზადოს ქალაქის მთავრობა, რომ იცოდეს, როგორ უპასუხოს გაზრდილ მოთხოვნას.
დიახ, აბსოლუტურად, მაგრამ მე უფრო აქცენტს გავაკეთებდი მხოლოდ ავტობუსზე და არა მეტროზე იმიტომ, რომ აქ ვენტილაციის მნიშვნელობა მაღალია. ავტობუსის შემთხვევაში შესაძლებელია, შუშები ჩამოწეული იყოს.
ევროკომიის რეკომენდაციები ახსენეთ, რომ თითოეულ ტრანსპორტზე გამოიცა რეკომენდაციები, როგორ უნდა იყოს ისე მოწყობილი ინფრასტრუქტურა,მგზავრთა გადაყვანა შედარებით უსაფრთხო რომ გახდეს. რას ამბობს ეს რეკომენდაციები მეტროსა და ავტობუსზე?
ძალიან კარგად მესმის თქვენი შეკითხვის არსი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არ ვიცი, ინფრასტრუქტურულად რამდენად გამართულია ზუსტად ამ გამოწვევასთან მიმართებით განიავების სისტემა საქართველოში. ესეც ფრთხილად განსახილველი საკითხია.
რომ მივუბრუნდეთ ევროკომისიის რეკომენდაციებს, რა ტიპის რეკომენდაციებია გაცემული მეტროსა და ავტობუსზე. ყველაზე ძირითადი რა არის.
ძირითადად, ის, რაც ჩამოვთვალე – დისტანცია არის ძირითადი, პირბადე და ხელის დეზინფექცია.
თქვენ მოისმენდით კალაძის განცხადებას, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არის მზად და ელოდება მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციებს. ხომ არ იცით, რას გულისხმობს ამ მზადყოფნაში? არის რაიმე გეგმა ტრანსპორტის აღდგენის ?
ჩვენ ყველამ ვიცით, მთავარ წესებს ავტობუსში გაკონტროლება სჭირდება. არ ვიცი, რაზე საუბრობს, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა – ადმინისტრირების ნაწილი დააწვება მუნიციპალიტეტს, რადგან ამ წესების შესრულების მონიტორინგსა და მგზავრთა ნაკადის დარეგულირებაზე ქალაქის მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს. ალბათ, ეს კადრები არსებობენ ამ 500-მდე ავტობუსისთვის.
ამბობენ, რომ ტრანსპორტის აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში აუცილებელია ამ სფეროს ექსპერტების მონაწილეობა. მერია თანამშრომლობს ამ სფეროში ექსპერტული გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან?
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ გავერთიანდით და განცხადებაც გავავრცელეთ, ჩვენთან ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა და არც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციას გადიან.
დანაკლისი მაქვს და არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს მოკვლევა თუნდაც იმის, სად ვდგავართ დღეს, რას დავაკმაყოფილებთ, როგორ უზრუნველვყოფთ ამ წესების დაცვას.
ანუ თქვენ მოითხოვთ ტრანსპორტის აღდგენის გეგმას, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა კომპონენტი, მათ შორის, ადმინისტრირების ნაწილი და სხვა მიმართულებებიც.
ეს გვაკლია ჩვენ და ამიტომ არის საზოგადოების მხრიდან ამ გაურკვევლობაზე აგრესია. გვესმის, რომ რთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა და ესეც მისაღები არგუმენტია, მაგრამ გრძელვადიანად რომ შევხედოთ, გამოდის, რომ წლის ბოლომდე უტრანსპორტოდ ვიყოთ?
დღეს ბატონი ცერცვაძის განცხადება მოვისმინე, რომ ერთი კვირაც დავაკვირდეთო და მერე ვიფიქროთ ტრანსპორტის გახსნაზეო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორ კვირაში აპირებენ ტრანსპორტის გახსნას, მაგრამ თუნდაც ორ კვირაში დაანონსდეს გახსნა, მე მაკლია ის წესები, რაც ამდენმა ასიათასმა ადამიანმა უნდა დაიცვას. ეს წესები ასეთი ადვილი დასამკვიდრებელი არ არის.
ანუ, პრინციპში, თუ ორ კვირაში აპირებენ გახსნას, წინასწარი კომუნიკაციის დაწყება საზოგადოებასთან დაგვიანებულიც კია.
კი, ეს გვაკლია. გვჭირდება გეგმა.
ბოლო კითხვა, ინფექციონისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნაწილობრივ კი არა, მთელი დატვირთვით უნდა ამუშავდეს ტრანსპორტი, რომ ნაკადები განაწილდეს და დისტანციის დაცვა შესაძლებელი გახდეს. ამაზე რას იტყვით?
ჩემი პოზიცია მაქვს სამარშრუტო ტაქსებზე. იქ წარმოუდგენელია, რამე დავიცვათ. იმიტომ ვამბობ, რომ დავიწყოთ ავტობუსებით, თუ იქ წესები იქნება დაცული. თუ წესებს არ დავიცავთ, მაშინ ჯობია, გაჩერდეს ტრანსპორტი.
აქ ცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გადავიდეთ ცნობიერების ფაზაში – მე თუ არ მჭირდება და არ მაქვს გადაუდებელი მგზავრობა, გითმობ შენ და შენ ისარგებლე ტრანსპორტით. აქაც საჭიროა კომუნიკაცია საზოგადოებასთან – თუ მოკლე გზაზე ხარ, წადი ფეხით. სოლიდარობა და თანამშრომლობა უნდა შედგეს საზოგადოებაში.