მოხალისე მასწავლებლები

კოვიდ 19-ის პანდემიამ განათლების სისტემა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა. სწავლებისთვის ონლაინპლატფორმების ეფექტური გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პრობლემებს აწყდებოდნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები და მათი მშობლები.

ონლაინსწავლებამ მოსწავლეთა მხარდაჭერის არაერთი პროექტის შექმნა განაპირობა, რომლის ინიციატორები სამოქალაქო საზოგადოების წევრები არიან.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო „მოხალისე მასწავლებელი“.

„მოხალისე მასწავლებელი“ – გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია. პროექტის მიზანი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი ონლაინგანათლების შესაძლებლობაა.

პროექტის ფარგლებში მოხალისე მასწავლებლები სხვადასხვა თემაზე ქმნიდნენ ონლაინკურსებს, შემდეგ ამ კურსებზე რეგისტრაციას გადიოდნენ მოსწავლეები და კონკრეტული საკითხის გარშემო დისტანციურად იღებდნენ ცოდნას.

პროექტი 17 ივნისს დასრულდა. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სექტემბრიდან პროექტის გაფართოებას გეგმავენ, რათა მეტი საინტერესო კურსი შესთავაზოს მოსწავლეებს.

„პუბლიკა“ სკოლის დირექტორს, ავთო აბდუშელიშვილს ესაუბრა.

როდის გაჩნდა პროექტის იდეა?

პროექტის იდეა ონლაინსწავლებაზე გადასვლის პირველივე დღეებში გაჩნდა, როდესაც მიმოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ბევრს დაბნეულობა ეტყობოდა. ეს სიტუაცია იყო რეგიონებში, ზოგიერთ კერძო და საჯარო სკოლაში. თან მაშინ ტალღაც ისეთი იყო, რომ ყველას უნდოდა ერთმანეთისთვის კეთილი საქმე ეკეთებინა. ამიტომ ვთქვით – მოდი, წამოვიწყოთ ჩვენ ეს პროექტი, გავერთიანდეთ და მოვუწოდოთ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს, რომ გაერთიანდნენ ჩვენ გარშემო და ასე უსასყიდლოდ, წრფელი გულით, ვასწავლოთ ბავშვებს, გავულამაზოთ და საინტერესო გავხადოთ მათი ყოველდღიურობა. მალევე  17 მარტიდან შევუდექით პროექტს „მოხალისე მესწავლებელი“.

რით განსხვავდებოდა თქვენი პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სერვისები იმისგან, რასაც საჯარო სკოლის სისტემა სთავაზობდა ბავშვებს კოვიდპანდემიის დროს ონლაინსწავლებისთვის?

ჩვენ არც გვიფიქრია, რომ სკოლას ჩავანცვლებდით. სკოლას აქვს თავისი ფუნქცია და მიზნები. საგაკვეთილო პროცესს თავისი მიზნები აქვს. ამ პროექტს დამატებით ის ფუნქცია ჰქონდა, რომ ბავშვების ინტერესები მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა. აქ იყო ძალიან ცნობილი მასწავლებლები – გვერდში დაგვიდგნენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი და ფინალური ათეულის წევრი მასწავლებლები, რათა საინტერესო გაკვეთილები ჩაეტარებინათ.

რას აკეთებდნენ მოხალისე მასწავლებლები პროექტის ფარგლებში და როგორ აკავშირებდით მათ მოსწავლეებთან?

მასწავლებელი, რომელიც პირობითად იტყოდა, რომ მზად ვარ რომელიმე კლასის მოსწავლეებს ვასწავლო მათემატიკაში რაღაც კონკრეტული თემა, ან, ვთქვათ, იტყოდა, რომ მინდა ვასწავლო სახალისო ინგლისური, ან ბიოლოგია ვასწავლო, ასახლებდნენ კონკრეტულ თემას, ქმნიდნენ კურსებს და შემდეგ ეს მასწავლებლები ამ კურსებს არეგისტრირებდნენ სისტემაში. კურსის შესახებ ინფორმაციას ჩვენს საიტზე, ჩვენი სოციალური არხებით ვავრცელებდით. აქ რეგისტრირდებოდნენ მოსწავლეებიც. შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი უკავშირდებოდა ბავშვებს, უტარებდნენ ინსტრუქტაჟს,  როგორ ჩართულიყვნენ მასში. ზოგმა ონლაინპლატფორმების გამოყენებაც კი არ იცოდა და ამაშიც ვატრენინგებდით.

პროექტის მონაწილეთა გეოგრაფიული განაწილების შესახებ რომ მომაწოდოთ ინფორმაცია – რამდენი პედაგოგი მონაწილეობდა და ვინ რომელ რეგიონში საქმიანობს? [იგივე ინფორმაცია მოსწავლეებზე.]

პროექტში ჯამში 506 მოსწავლე ჩაერთო. რეალურად საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან 506-მა მოსწავლემ მიიღო განათლება. გვყავდა 54 მოხალისე მასწავლებელი. იყვნენ მასწავლებლები თბილისიდან, ხაშურიდან, ბორჯომიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან, ბაღდათიდან, მარნეულიდან, გორიდან და რუსთავიდან.

ხელმისაწვდომია თუ არა პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები სხვა პირებისთვის?

პროექტში ფარგლებში შექმნილი რესურსები სხვებისთვის ხელმისაწვდომია. მასწავლებელები მათ ქმნიდნენ და დაინტერესებულ პირებს უზიარებდნენ.

რომელი ინდიკატორებით ზომავთ პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგს?

ვუყურებთ რაოდენობრივ მაჩვენებელს, ბევრმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ეს პროექტი ვერ შედგებოდა, თუ მოსწავლეების მხრიდან მას არ ექნებოდა მოწონება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მასწავლებლის ჩართულობა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტი მასწავლებელი ერთვებოდა პროცესში. ერთ-ერთი ინდიკატორია მოსწავლეებისა და მათი მშობლების უკუკავშირი. იმდენად კარგი და საინტერესო პროექტი გამოვიდა, რომ ეს ხალხი დღესაც კი გვთხოვს პროექტის გაგრძელებას. ამ პროექტმა აუცილებლად უნდა იარსებოს.

რას გეგმავთ მომავალში?

მომავალში ვგეგმავთ პროექტის გაფართოებას. გვინდა, რომ პროექტმა უფრო მდგრადი სახე შეიძინოს და გაავააქტიუროთ სოციალური კამპანია. მეტ მასწავლებელს მოვუწოდოთ რომ ჩაერთონ, რათა  თავიანთი ცოდნა, უნარები და გამოცდილება მოსწავლეებს მოახმარონ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის გვერდზე.

————————————-

მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინიციატივების” ფარგლებში.