საოპერო დივას დაბადების 100 წლისთავს მსოფლიო მრავალფეროვანი არტ–აქციებით, გამოფენებით, ფილმებით და სპექტაკლებით შეხვდა.
რამდენიმე დღის წინ, 2 დეკემბერს (ზოგიერთი მონაცემით კი 4 დეკემბერს) მსოფლიომ საოპერო ხელოვნების ალბათ ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერლის, მარია კალასის დაბადების 100 წლისთავი აღნიშნა. საიუბილეო სამზადისი 2023 წლის დადგომისთანავე დაიწყო, როდესაც დიდი მომღერლის საპატივცემულოდ მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქებში დაიდგა სპექტაკლები, მოეწყო გამოფენები, აღადგინეს დოკუმენტური კადრები და გამოფინეს სარქივო მასალები…
მაგალითად, ჩილელი წარმოშობის რეჟისორი, პაბლო ლარაინი, რომელმაც კარგად აითვისა ჰოლივუდის სტანდარტები, მალე დასრულებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას სახელწოდებით „მარია“. ფილმში მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო პრესის ირონიის ობიექტი და სამიზნე გახდა. ამის მიუხედავად, ლარაინმა განაცხადა, რომ კარგა ხანია სურდა საკუთარი რეჟისორული ვნების დაკმაყოფილება, გაეერთიანებინა კინო და ოპერა: „მიხარია, რომ შევძელი ჩემი ოცნებისა და შესაძლებლობის გაერთიანება ანჯელინასთან, ამ უაღრესად გაბედულ და ცნობისმოყვარე ხელოვანთან, რაც ნამდვილი საჩუქარია“. ფილმი სავარაუდოდ, 2024 წლის თებერვალში გამოვა მსოფლიოს ეკრანებზე.
მოვლენებს არც კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი ჩამორჩა, რომელმაც ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარის ბოლოს, ნიუ–იორკის ცნობილ „Beacon Theatre-ის სცენაზე, მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ საოპერო დივას როლი შეასრულა. თუმცა პრესამ კრიტიკის ნიაღვარი არც მას დააკლო.
58 წლის ტალიელმა კინომსახიობმა კალასისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნე ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც აკროპოლისის კიბეებზე ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში თამაშობდა კალასის როლს. ბრიტანელი რეჟისორის, ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ტომ ვოლფის ტექსტის მიხედვით დადგმულ მონოსპექტაკლში მან კალასის წერილები სცენაზე გააცოცხლა.
ეს სწორედ ის ტომ ვოლფია, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი Maria by Callas („მარია კალასის შესახებ“). ამ ფილმში მაყურებლისთვის აქამდე უცნობი, კერძო კოლექციებში დაცული ვიდეომასალა და იშვიათი ფერადი კადრები შევიდა. მაგალითად, 1958 წლის 19 დეკემბერს, პარიზის „გრანდ ოპერაში“ გამართული დაუვიწყარი კონცერტი, რომელიც აქამდე მხოლოდ შავ–თეთრი სატელევიზიო ჩანაწერით იყო ცნობილი; ასევე, 1964 წელს, ლონდონის „კოვენტ გარდენის“ სცენაზე, ძეფირელის მიერ დადგმული „ტოსკას“ საარქივო კადრები.
მომღერლის დაბადების 100 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის ეროვნული სინემატეკის არქივში აღადგინეს და გააფერდეს სწორედ 1958 წლის დეკემბერში გამართული კონცერტი, რომელსაც ბევრი ცნობილი მწერალი, მომღერალი, მსახიობი თუ პოლიტიკოსი ესწრებოდა – ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე, ჟან კოქტო, ბრიჯიტ ბარდო, ივ მონტანი, სიმონა სინიორე… ფერად ფილმად ქცეული საკონცერტო ვერსია იმდენად შთამბეჭდავია, ხოლო მარია კალასის იუბილესადმი ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ აღდგენილ ფილმ–კონცერტს პარიზის კინოთეატრში რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩვენებენ.
მილანის „ლა სკალამ“ სადაც მარია კალასი ლამის 11 წლის განმავლობაში მღეროდა, „ლა დივინას“ კოსტიუმების, მისი აფიშების და უნიკალური მასალების გამოფენა მოაწყო, რომელიც თეატრის საცავებში და მუზეუმში ინახებოდა. ნიუ–იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“, რომლის მაშინდელ სამხატვრო ხელმძღვანელთან, რუდოლფ ბინგთან კალასს არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და რამდენიმე სპექტაკლი და კონცერტი ჩაშალა კიდეც, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა მოაწყო.
მოკლედ, მსოფლიომ სათანადო პატივი მიაგო მე-20 საუკუნის გამორჩეულ საოპერო მომღერალს, რომლის შესახებაც საოპერო ჟანრში ყველაზე მეტი სტატია და წიგნი დაიწერა, გადაიღეს უამრავი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები… და რომლის არტისტული სახელი თუ სკანდალებით გამორჩეული ცხოვრება დღემდე დიდ ინტერესს იწვევს.
კლასიკური მუსიკის საკმაოდ შეზღუდული და ხშირად კონსერვატიული შეხედულებები კალასმა მთლიანად შეცვალა; დაარღვია წარმოდგენა იმის შესახებ, რასაც მანამდე ისმენდნენ და ელოდნენ საოპერო შემსრულებლისგან. რა თქმა უნდა, ოპერის ისტორიაში მანამდეც და მის შემდეგაც ბევრი დიდი მომღერალი იყო (თუნდაც მარია მალიბრანი – ტრაგიკული ბედის საოპერო მომღერალი, რომლის პორტრეტიც კალასს პარიზის ბინის საძინებელში ეკიდა), მაგრამ მსგავსი ტრაგიკული ტემპერამენტის, თავისებური ტემბრის ხმისა და არტისტული პერფეციონიზმის მქონე მომღერლის მოძებნა ოპერის ისტორიაში შეუძლებელია.
მისი ხმის ტემბრი აშკარად გამორჩეული, „უწესო“, არატრადიციული და დასამახსოვრებელია, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება სტანდარტულ შეფასებას. თუმცა კალასი, როგორც ხელოვანი, ფენომენალურია. მისი თანდაყოლილი მუსიკალურობა და ექსპრესია ისე ერწყმის დრამატულ განცდებს, რომ გეგონებათ მისი ჟესტები, პლასტიკა და მოძრაობა სიმღერის ნაწილია. მაშინაც კი, როდესაც ის უბრალოდ დგას სცენაზე, მუსიკას უსმენს, ან ელოდება როდის დაიწყება არიის საორკესტრო შესავალი, ის ცოცხლობს პერსონაჟით, რომლის ჯერარგანცდილი განცდების წინასწარ გჯერათ…
კალასმა სამუდამოდ შეცვალა ოპერის სამყარო, რომელიც აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ის არის და იქნება ერთადერთი La Divina („ღვთაებრივი“), როგორც „ლა სკალას“ აღფრთოვანებულმა მსმენელმა უწოდა!