„პუბლიკამ“ გადაწყვიტა მკითხველისთვის შეეხსენებინა ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
გასახდელი ღვანკითში
2020 წლის 17 დეკემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები. თერჯოლის მერმა ლაშა გოგიაშვილმა სოფელ ღვანკითში საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ მოწყობილი გასახდელი გახსნა და დაათვალიერა.
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ამ ამბავს, ბევრს ხუმრობა ეგონა. „იტალიელ არქიტექტორს დაუპროექტებია“, „საუკუნის კომპლექსი“ შეიძლება უწოდო“, „როგორ გამოაგნო გარეთ?”, „დაათვალიერა არა, უფრო შეიხედა“ – წერდნენ მოქალაქეები Facebook-ზე.
„წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კი ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გასახდელის მოწყობა დაასახელეს. შესაბამისად, მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და მასალა გადავეცით. სოფლის მკვიდრებმა მერიისაგან მიღებული მასალით კონსტრუქცია თავადვე გააკეთეს და დღეიდან უკვე გუნდს ახალი გასახდელი აქვს”, – მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის კომენტარიც გაავრცელა.
საუბნო გზების მონახულება
18 დეკემბერს შუახევის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებმა კომისიის წევრებმა, უჩამბის რეაბილიტირებული საუბნო გზები მოინახულეს.
ლაგოდეხის მერი
2020 წლის 7 თებერვალს Facebook-ზე გავრცელდა ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის ფოტო, რომელიც ფოტოშოპითაა დამუშავებული. ფოტო მოქალაქე სერგი ბერიანიძემ გაავრცელა. როგორც ის წერდა, მერმა ვერ მიუსწრო გზის დაგების სამუშაო პროცესს და ფოტომონტაჟი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა.
ლაგოდეხის მერის ფოტო ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯონდო მდივნიშვილი ბევრი Meme-ის შთაგონების წყაროც გახდა.
„პუბლიკა“ ინფორმაციის გადამოწმებას ლაგოდეხის მერთან შეეცადა – მართლაც იყო თუ არა ფოტომონტაჟი პირველად გამოქვეყნებული ფოტო, მაგრამ ჯონდო მდივნიშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გვითხრა, რომ ურჩევნია, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბროს.
„ქუთაისში დროშა ისევ ვერ დაკიდეს“
ორწლიანი მცდელობისა და 6-ჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან დროშა 2020 წლის აგვისტოში დაკიდეს, მაგრამ ის მალევე ქარმა წაიღო. მოგვიანებით ისევ აღმართეს დროშა, მაგრამ ქარის გამო დაზიანდა და დახეული დროშა ფრიალებდა.
„ქუთაისიპოსტი“ 2020 წლის 7 აპრილს წერდა, რომ ზუსტად ორი წელია ქუთაისის მერია ნიკეაზე, ქალაქის შემომსასვლელთან დროშის აღმართვას ცდილობს. ხუთჯერ გამოცხადებული ტენდერი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. გამოცემის ცნობით, მერიას არ შეუსწავლია ნიადაგი, სადაც დროშა უნდა აღმართულიყო, ამიტომ შესაბამისი ინფრასრუქტურა ვერ მოეწყო. ასევე, ტენდერში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ მოგვიანებით უარი თქვა სამუშაოების შესრულებაზე. მეექვედ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ კი შპს „ნიუ იბერიამ“ გაიმარჯვა, რომელსაც სამუშაო მარტში უნდა შეესრულებინა, მაგრამ საბოლოოდ დროშის აღმართვა აგვისტოში მოხერხდა. ისიც ქარმა წაიღო. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ ადგილი სადაც დროშა აღმართეს ქალაქში ყველაზე ქარიანია და ეს უნდა გაეთვალისწინებინათ.
თეთრ ხიდზე ამოტვიფრული ლექსი
2018 წელს ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული იყო ლექსის სტროფი, ავტორად კი კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული. ამონარიდი ლექსიდან „აღსარება ქუთაისის“ ტერენტი გრანელს ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია გაავრცელეს, მერიაში თქვეს, რომ ტექნიკური შეცდომა იყო. ქუთაისის მერიაში მოქალქეებს ბოდიში მოუხადეს და პირობა დადეს, რომ შეცდომას უმოკლეს დროში გამოასწორებდნენ.
ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდამანიძე
2020 წლის 12 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდამანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. გამოცემამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ის მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ჟურნალისტი მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა.
„ბათუმელების“ ცნობით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.
განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მოუწოდა მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.
მოგვიანებით, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდამანიძემ განაცხადა, რომ ის ნანობს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს.
მიქსერები წარმატებულ ქალებს
ოზურგეთის მერიამ თებერვალში გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც 40 წარმატებული ქალისთვის 8 მარტის მისალოცად მიქსერები უნდა შეეძინათ. მაშინ ოზურგეთის მერიაში „ტაბულას“ უთხრეს, რომ 40 წარმატებული ქალი სხვადასხვა სფეროდან აირჩიეს. „მიქსერები შეირჩა იმიტომ, რომ დედები ჯილდოვდებიან. ეს არ არის მხოლოდ ქალისთვის საჩუქარი, ეს არის საოჯახო საჩუქარი და ამით შეუძლია, ისარგებლოს ყველამ”, – უთხრეს გამოცემას მერიაში.
ზუგდიდის მერიამ კი ქალებისთვის 20 ხორცსაკები მანქანის შეძენა გადაწყვიტა. ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ მსგავსი საჩუქრებით ქალები 2019 წელსაც დაასაჩუქრეს და მათ „აირ გრილები“ გადასცეს.
მუნიციპალიტეტების ამგვარ გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება და კრიტიკა მოჰყვა თავად ქალებისა და ფემინისტი აქტივისტების მხრიდან. ამგვარი საჩუქრებით გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელს უწყობენ სტერეოტიპების გამყარებას, რომ საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალის საქმეა.
ამბროლაურის მერი და „პორშე“
2019 წლის ოქტომბერში ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში ავტომანქანა „პორშე“ მოიგო. მან თქვა, რომ გათაშებისთვის 48 ბილეთი ჰქონდა შეძენილი. სპეციალისტებმა და მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ როდესაც საჯარო მოხელე მსგავს აზარტულ თამაშებშია ჩართული ეს სრულიად მიუღებელია. თავად ამბროლაურის მერმა განაცხადა, რომ „ასე მოხდა და რა ვქნა, უარს ვამბობ მანქანაზე, აღარ მინდა”.
ნინოწმინდის საკრებულოს წევრი Facebook-ლაივში
2019 წლის 26 აგვისტოს ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან” ვრეჟ მურადიანმა ფეისბუქლაივი ჩართო იმის საჩვენებლად როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას ფეუსბუქლაივის დროს ვიდეოეფექტები ჩაერთო. ვიდეო და ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.
ტორტი ზაურ დარგალის გამოსახულებით
2020 წლის სექტემბერში „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს ზაურ დარგალს სოფელ ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ტორტი მიართვეს. ტორტზე ზაურ დარგალია გამოსახული. მანამდე, როგორც მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, საკუთარ შტაბში თავისივე გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნა გამარჯვება.