რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა „მოჩვენებები“ თავისუფალი თეატრის სცენაზე დადგა.
ფრანსუაზა საგანის ცნობილი რომანის სათაურს – „მზის ნამცვრევი ცივ წყალში“, ცხადია არაფერი აქვს საერთო ახალი დრამისა და „მოდერნიზმის მამის“, ჰენრიკ იბსენის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ პიესასთან, „მოჩვენებები“… რომ არა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის მიერ დადაგმული, სრულიად ახლებური და ამავე დროს, ფსიქოანალიტიკური შრეებით გამდიდრებული „მოჩვენებები“ თავისუფალ თეატრში. თუმცა მზის, სიცივისა და მოჩვენებების გადაძახილსა და რითმაზე ოდნავ ქვემოთ.
თავის დროზე აკრძალული, შეჩვენებული და მკაცრად გაკრიტიკებული პიესა, რომელიც იბსენმა 1881 წელს დაიწერა და რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი „ერჩოდა“ (მათ შორის ილია ჭავჭავაძე, რომელმაც დაწერა კიდეც „იბსენ–მიბსენთა“ მავნებლური გავლენის შესახებ საზოგადოებაზე), მეოცე საუკუნეში ლამის ახალგაზრდა თაობის ხელოვანთა და რეჟისორთა შთაგონების წყაროდ, საპროტესტო არტ–მანიფესტად იქცა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ იბსენის პიესებში მკაცრადაა გაკრიტიკებული ფასეულობებისგან განძარცვული საზოგადოება, ფარისევლობა ოჯახურ ურთიერთობებში, კავშირის გაწყვეტა თაობათა შორის, ეკლესიის მსახურთა მანკიერება, ძალაუფლების და ფულის ტოტალური გავლენა საზოგადიებაზე და ა.შ. ამდენად, საბა ასლამაზიშვილის მცდელობა ახლებურად წაეკითხა იბსენის პიესა ტექნოლოგიურ 21-ე საუკუნეში სრულიად ლოგიკურია.
ახალგაზრდული, ექსპერიმენტული, ექსპრესიული, ვიტყოდი ოდნავ შლეგურ–მოდერნისტული ხეტიალის შემდეგ სხვადასხვა სივრცეებში (ილიაუნის თეატრის ფოიე, ახალგაზრდული კლუბი თუმანიშვილის თეატრის ზოში, საბურთალოს სასაფლაო, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ნაგავსაყრელი), სადაც თეატრალური ენა და სათქმელი განუწყვეტლივ იცვლებოდა, საბა ასლამაზიშვილი უბრუნდება აკადემიურ სცენას და კლასიკური წარმოდგენის ჩარჩოს.
დეკორაციებისგან თითქმის განძარცვულ სპექტაკლში (დიდი ხის ჯვარი ავანსცენაზე, ხის მაგიდა სცენის შუაში და მის ზემოთ დაკიდებული ოვალური სარკე, რომელიც პერსონაჟებსაც ირეკლავს და დარბაზსაც) მუდმივი დეპრესიის, სისველის, სიცივის პირქუში და აქრომატული ატმოსფერო იგრძნობა. ეს ანდრია ვაჭრიძის, როგორც მხატვრისა და სცენოგრაფის დებიუტია, რომელსაც თეატრალები კარგად იცნობენ როგორ მესხეთის თეატრის მსახიობს. ის დიდი ხანია თანამშრომლობს საბა ასლამაზიშვილთან და შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად უკვე ახალ ამპლუაში.
დამთრგუნველი და დეპრესიული ატმოსფეროს საპირწონედ რეჟისორი მონატრებული სამხრეთული მზის, წითელი ღვინისა თუ გამოუცხადებელი ვნებების მხურვალებას გვაზიარებს. ამ მხურვალების მთავარი შემოქმედი და გენერატორი ახალგაზრდა მხატვარი, ოსვალდ ალვინგია (გივიკო ბარათაშვილი), რომელიც ბოჰემური პარიზიდან ნისლიან ნორვეგიაში, გარდაცვლილი მამის სახლში ბრუნდება და რომელსაც არტისტული თუ ნამდვილი ფსიქოლოგიური ტრავმები – მოჩვენებები ტანჯავენ.
პიესისგან განსხვავებით, სპექტაკლი ნახევარად შიშველი ოსვალდის შემოსვლით იწყება, რომელიც თეთრ ტრუსებსა და თეთრ გეტრებში გეი–ტუსოვკიდან მოსულს უფრო წააგავს, ვიდრე პარიზიდან ჩამოსულ მოდერნისტ მხატვარს. ის მთვრალია, ხელში ღვინით სავსე ბოთლი უჭირავს, თან ცეკვავს და უზარმაზარ თეთრ ტილოს წითელი ღვინით „აფერადებს“ აბსტრაქტული ნახატივით… და ეს ერთადერთი წითელი, ფერია ამ აქრომატულ, შავ–თეთრ სცენურ გარემოში.
მოგვიანებით ოსვალდი ლურჯი ლაბადით, ჭრელი ჰალსტუხითა და საყურეებით ჩნდება სცენაზე, რაც ასევე პროსტესტის ფორმად აღიქმება: (გარემო, დაკარგული“ ბავშვობა, მოსალოდნელი ქორწინება). ოსვალდის პროტესტის თუ კომპლექსების თანაზიარი თუ თანაშემოქმედი თავად ოსვალდის დედაა, ფრუ ალვინგი, საკმაოდ ახალგაზრდა ქალი, რომლის როლსაც ანი იმნაძე ზუსტად ნაპოვნი და დამუშავებული აქცენტებით, ზომიერი ემოციურობით და რაღაცნაირი გამომშრალი დრამატიზმით თამაშობს. თუმცა ეს ზომიერება ხაზგასმული აფექტით დაიღვევა ფინალურ სცენაში, როცა ფრუ ალვინგი იძულებულია ოსვალდს მორფინის სასიკვდილო დოზას გაუკეთოს. ფრუ ალვინგი სპექტაკლში ახალგაზრდაა და ეს კიდვ უფრო ამძაფრებს ფსიქოანალიტიკურ მოტივებს, რასაც რეჟისორი ხაზგასმულად გამოყოფს ორი სცენით – ჯერ ოსვალდი დედის მუხლებზე ჯდება და ლამის პატარა, დამჯერ ბავშვს ემსგავსება; მოგვიანებით კი დედა შეყვარებულივით ჩაუჯდება ოსვალდს კალთაში…
ფრუ ალვინგი საკმაოდ გონიერი, საქმიანი და ამაყი ქალია, რომელიც გარდაცვლილი, გარყვნილი ქმრის ხსოვნის რეაბილიტაციას მისი სახელობის თავშესაფრის გახსნით ცდილობს. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში მას პასტორი მანდერსი ეხმარება, რომელიც ფრუ ალვინგის წარსულის მთავარი მოწმე და მესაიდუმლეა. ამ ურთულეს როლს არჩილ ბარათაშვილი თამაშობს – ღვთის მსახური, რომელიც მუდმივად ცოდვაზე საუბრობს, კარგად ირგებს ნიღბებს და სულ სხვათა განკითხვაშია. ის ფეხაკრეფით დადის და მიმნდობი ინტონაციით საუბრობს, თუმცა კარგად იგრძნობა მისი ფარული ვნება ფრუ ალვინგისადმი და ცუდად შენიღბული ანტიპატია ოსვალდისადმი.
სწორედ ეს არქეტიპული, ფსიქოანალიტიკური მოტივებით დატვირთული სამკუთხედი: ოსვალდი–ფრუ ალვინგი–პასტორი, განსაზღვრავს ჩემი აზრით, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის მთავარ ემოციურ და შინაარსობრივად დატვირთულ, გამდიდრებულ შრეებს. ბუნებრივად იკითხება პარალელი შექსპირის „ჰამლეტთანაც“ (ჰამლეტი–გერტრუდა–კლავდიუსი) და ჩეხოვის „თოლიასთანაც“ (ტრეპლევი–არკადინა–ტრიგორინი), რაც ერთის მხრივ, შეიძლება აღვიქვათ როგორც კლასიკური ტექსტების გადაძახილი და მეორეს მხრივ, როგორც რეჟისორული თამაში ათასჯერ ათვისებულ, მაგრამ ჯერ კიდევ გაუმარგლავ „თეატრალურ ყანაში“.
ვიქტორია ბოკერია ალვინგის უკანონო შვილს, მოახლე რეგინას თამაშობს, რომელიც ზედმეტად თავშეკავებული და ცოტა ერთფეროვანია სხვა მსახობების ფონზე. თუმცა ეს თავად როლის „დამსახურებაცაა“, რომელიც მსახიობს არ აძლევს ფართო გაქანებისა და იმპროვიზაციის საშუალებას. რეგინას მამობილის, დურგალ ენგსტრანდის როლს სლავა ნათენაძე მართლაც შესანიშნავად თამაშობს: ზუსტი სახასიათო დეტალებით, მიგნებებით და თვითირონიით. მისი მორიდებული, თავშეკავებული და ზრდილობიანი საუბრების მიღმა გაიძვერა ლოთი იმალება, რომელიც ნებისმიერი ხერხით ცდილობს სარფიანად „დაასაქმოს“ ან გაყიდოს რეგინა.
იბსენის პიესებს ძალიან მყარი სტუქტურა აქვთ. ისინი უძლებენ როგორც ნატიფი ფსიქოლოგიზმის შემოტევებს, ისე მოდერნისტულ რეჟისორულ ძიებებსა და ახირებებს. თემურ ჩხეიძის 70-იან წლების კლასიკური დადგმის შემდეგ (ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, ნოდარ მგალობლიშვილი) თეატრალებს შესაძლოა ახსოვდეთ ვანო ხუციშვილის „მოჩვენებები“ თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო სცენაზე რამდენიმე წლის წინ, ან მიხეილ ჩარკვიანის „მოჩვენებები“ მუსიკისა და დრამის თეატრში. ამ მრავალფეროვნების ფონზეც საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი გამორჩეულია.
ოსვალდის ცნობილი მეტაფორული ფრაზა -„დედა, მომეცი მზე!“, რომლიც თემურ ჩხეიძის სპექტაკლის ფინალის ემოციური წერტილი იყო, თავისუფალი თეატრის „მოჩვენებებში“ ჩანაცვლებულია თავად ოსვალდის მეტაფორა–სხეულით. სწორედ ის არის სიცოცხლისა და სიშლეგის იმპულსების ერთდროული მაუწყებელი ბნელ, სველ და ცივ სახლში; ისაა ხანძარიც (როდესაც თავშესაფრის ალმოდებული მაკეტი ლამის ფიზიკურად ეხება მაგიდაზე ედვარდის სხეულს) და მზის ნამცვრევიც ცივ წყალში… და როცა ფრუ ალვინგი სპექტაკლის ბოლოს შვილის სხეულს განათებული კარისკენ ძლივს მიათრევს, ჩაგვესმის კომპოზიტორ ვახტანგ გვახარიას მუსიკალური თემა, რომელიც ჯერ კიდევ მზითა და ახალი ტკივილთაა გაჯერებული.