ქალაქ ბარსელონაში დასრულდა ცნობილი ესპანელი ტენორის, ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა 57-ე საერთაშორისო კონკურსი, სადაც ქართველმა მეცო-სოპრანომ, ნატალია ქუთათელაძემ მეორე პრემია (15 ათასი ევრო) და სამახსოვრო ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
„მისმა ხმამ და არტისტულობამ მოხიბლა ჟიურიც და პუბლიკაც ფინალურ საკონცერტო საღამოს“ – აღნიშნულია ფესტივალის პრეს-რელიზში. საოპერო სამყაროში აღიარებულ პრესტიჟულ, ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში, ასამდე მონაწილეს შორის ქართველმა მომღერალმა სულ ცოტა ხმით დაუთმო გამარჯვება რუს მეც-სოპრანოს ვიქტორია კარკაჩოვას, რომელიც 2020 წლის კონკურსის გამარჯვებული (25 ათასი ევრო) და საპატიო ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
კონკურსში გამარჯვებულს ბარსელონის საოპერო თეატრ „ლესეუს“ ფონდი მომავალ წელს კონტრაქტსაც გაუფორმებს და რამდენიმე საოპერო დადგმაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. მესამე პრემია (11 ათასი ევრო) გადაეცა ჩილელ სოპრანოს იარიცა ველიზ აკვეაზს.
ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა მომღერლებისთვის ერთგვარი ტრამპლინია დიდ საოპერო სცენებზე მოსახვედრად. ასე რომ, ნატალია ქუთათელაძეს (რომელსაც უკვე აქვს ნიუ-იორკის ცნობილ ჯულიარდის სკოლაში, საოპერო სცენაზე გამართულ სპექტაკლებში და მიუხენის ცნობილ „შტატსოპერაში“ მონაწილეობის გამოცდილება) კონკურსში მონაწილეობისა და ლაურეატობის შემდეგ, დიდი პერსპექტივა აქვს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისით უკვე დაინტერესდნენ საოპერო აგენტები და ოპერების დირექტორები.
ნატალია ქუთათელაძე ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის შვილია, თუმცა როგორც ხშირად ამბობს, ეს უფრო ტვირთია, რაც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. ნატალიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, „ნიჭიერთა ათწლედი“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ნიუ-იორკის, ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში, სადაც შეასრულა ფედრას პარტია ჟან-ფილიპ რამოს ოპერაში „იპოლიტე და არისი“ (1733).
შემდეგში მისი კარიერა დაკავშირებულია უკვე მიუნხენთან, სადაც ის მეუღლესთან, აჩიკო ჯაფარიძესთან ერთად ცხოვრობს. სწორედ მიუხენის ცნობილი Bayerische Staatsopera გახდა მისთვის ერთგვარი საოპერო „ეპიცენტრი“, სადაც რამდენიმე მეორე პლანის პარტია იმღერა: მოცარტის „ფიგაროს ქორწინებაი“ (რეჟისორ კრისტოფ ლოის ბრწყინვალე დადგმა), ვერდის „ტრავიატა“ (ფლორა ბენუა), ვაგნერის „პარსიფალი“, ჩაიკოვსკის „იოლანტა“, იანაჩეკის „იენუფა“. ასევე მონაწილეობს კამერულ მუსიკალურ საღამოებსა და კონცერტებში.
ფრანსისკო ვინიასის სახელობის კონკურსში წარმატების შემდეგ, ნატალია ქუთათელაძეს სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი კონტრაქტები ექნება. ქართველი მსმენელი მას არამხოლოდ თბილისის საკონცერტო დარბაზში ელის (სადაც ხშირად მღერის დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის თანხლებით), არამედ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზეც. რაც ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერლისთვის ერთგვარი გამოცდაც იქნება.