რა არის ონლაინ სექსზე დამოკიდებულება, რა გამოწვევების წინაშე აყენებს ის ადამიანს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მართვა/მოგვარება – ამ საკითხებზე „პუბლიკას“ გერმანელი პროფესორი კლაუს ვოლფლინგი ესაუბრა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვოლფლინგმა ქართველ კოლეგებს ონლაინ სექს დამოკიდებულებაზე მიმართული თერაპიის მიდგომები გააცნო და გერმანული გამოცდილებაც გაუზიარა.
– საქართველოში ეს მიმართულება საკმაოდ უცხოა, არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია. მკითხველს რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს ონლაინ სექსზე დამოკიდებულება?
– ონლაინ სექსზე დამოკიდებულებაში, ძირითადად, იგულისხმება სექსის შინაარსის მქონე მასალის გადაჭარბებულად მოხმარება, მაგალითად, პორნოგრაფიის ყურება; როდესაც ეს სურვილი დაუძლეველია, ადამიანს არ შეუძლია, რომ არ უყუროს ამ შინაარსის მასალას. შესაბამისად, მას უყურებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვერ ეწინააღმდეგება სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ატყობს ნეგატიურ გავლენას.
ერთ-ერთი მთავარი ნეგატიური ზეგავლენა არის ის, რომ ასეთ ადამიანებს ერექციის დისფუნქცია ემართებათ. გარდა ამისა, ამ დამოკიდებულების მქონე ადამიანებს, შესაძლოა, ვალებიც ჰქონდეთ, რადგან ბევრი ვებგვერდი არსებობს, რომლებიც ფასიანია. ეს დამოკიდებულება გავლენას ახდენს მათ სამუშაო გარემოზეც, ურთიერთობა უფუჭდებათ პარტნიორებთან.
პანდემიის შემდეგ ძალიან მოიმატა ონლაინ სექსზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობამ. საგულისხმოა ისიც, რომ ასაკის დიაპაზონი დიდია – 20-დან 65 წლამდე, ყველა პროფესიისა თუ სოციალური წრის პაციენტი გვყავს ამ პრობლემით.
– გამოყავით ჯანმრთელობასა და სოციალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები. არის თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც საქმე მიდის არაჯანსაღ ურთიერთობამდე, კანონთან კონფლიქტამდე და ა.შ.
– დიახ, ნამდვილად არის ასეთი შემთხვევები. ადამიანს მეტად უვითარდება პორნოგრაფიული შინაარსის მასალის მოხმარების სურვილი. ეს იმდენად არ არის სიხშირეზე დამოკიდებული, რამდენადაც თვითონ კონტენტის მიმართ ვითარდება ამტანობა.
ამან ხანდახან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ქცევა, რაც ნორმაში და მორალურ დიაპაზონში არ ჯდება. შეიძლება ადამიანი შევიდეს და არალეგალური კონტენტი მოიხმაროს, დაათვალიეროს ან რაღაც გაავრცელოს კიდეც.
– გადავიდეთ თერაპიულ მიდგომებზე. რა შეიძლება იყოს მსგავსი ადიქციის ჩამოყალიბების მიზეზი?
– ონლაინ სექსზე დამოკიდებულების მიზეზებზე საუბარი ძალიან რთულია. ბევრი ინდივიდუალური მიზეზი შეიძლება იყოს: პარტნიორთან პრობლემები, არეული ურთიერთობის ფონზე სქესობრივი ცხოვრების უქონლობა და ეს ამით შეიძლება იყოს გამოწვეული ან ადამიანს ბავშვობაში შესაძლოა ჰქონდა მძიმე ტრავმული გამოცდილება და ამ შინაარსის მასალას მოიხმარს იმისთვის, რომ რაღაც გადააკეთოს ან დაიკმაყოფილოს სურვილები წარსულის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე.
– რა არის ის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მუშაობთ ონლაინ სექსზე დამოკიდებულ ადამიანებთან?
– თერაპიის მთავარი მიზანია, ადამიანმა თავი შეიკავოს ყველანაირი პორნოგრაფიის მოხმარებისგან. ბევრს ვმუშაობთ, რომ ადამიანმა რაღაცნაირად გააცნობიეროს თავიანთი სექსუალური სურვილები, მოთხოვნილებები და ისაუბროს ამის შესახებ. პაციენტები, რომლებიც პორნოგრაფიული შინაარსის მასალებს უყურებენ, ხშირად გვეუბნებიან, რომ ამ დროს თითქოს რაღაც ბურუსში არიან, რეალობის მიღმა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ნისლი გავუფანტოთ, რეალობა უფრო კარგად დავანახოთ და დავეხმაროთ მავნე ჩვევისგან გათავისუფლებაში.
– მაინტერესებს, როგორ ხდება ამ თერაპიების დაფინანსება: კერძოა თუ მთლიანად სახელმწიფო ფარავს? რა ღირს?
რაც შეეხება ონლაინ სექსზე დამოკიდებულებას, ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია. გერმანიაში სადაზღვევო ხშირად ამბობს, რომ ონლაინ სექს ადიქცია არ არის დაავადება და ამას არ დავაფინანსებთო. თუმცა, როდესაც ამ დამოკიდებულების მქონე ადამიანს ნახავ და დაელაპარაკები, მიხვდები, რომ მართლა პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.