ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი ჯეიმს ლევაინი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარული დირიჟორი ჯეიმს ლევაინი, რომელიც მელომანებისთვის „მეტროპოლიტენ ოპერის“ დიდებულ წარსულსა და სახელთან ასოცირდება, კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ პალმ სპრინგსში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დირიჟორის სიკვდილი სამშაბათს დაადასტურა მისმა ექიმმა, ლენ ჰოროვიცმა, თუმცა მიზეზის შესახებ არაფერი არ უთქვამს. არც ისაა დადასტურებული, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, კორონავირუსი იყოს. მით უმეტეს, რომ ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები და გამოცემებიც არაფერს წერენ.
„Met-ის 137-წლიან ისტორიაში არც ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი, როგორც ჯეიმს ლევაინი“ – აღნიშნულია თეატრის აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ გელბის განცხადებაში – „თითქმის 47 წლის განმავლობაში, როდესაც „მეტროპოლიტენში“ მუშაობდა, ლევაინმა მუსიკისა და საშემსრულებლო ოსტატობის სტანდარტები ახალ და წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აიყვანა. ჯეიმს ლევაინი ათწლეულების განმავლობაში ასევე იკავებდა მუსიკალური დირექტორის თანამდებობას ბოსტონისა და მიუნხენის ორკესტრებში.
ლევაინის თაობის დირიჟორების უმეტესობამ საერთაშორისო კარიერა მაინც სხვადასხვა საოპერო თეატრსა და ორკესტრთან თანამშრომლობით აიწყო. ისინი დიდხანს არ ყოფილან მიჯაჭვულნი რომელიმე თეატრთან ან ორკესტრთან, მაშინ, როცა მაესტრო ლევაინის ერთგულება „მეტროპოლიტენისადმი“ სრულიად განსაკუთრებულია. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, სახელოვანი დირიჟორი ჯორჯ სელია, რომელიც 24 წლის განმავლობაში კლივლენდის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო.
2018 წელს მისი კარიერა „მეტროპოლიტენ ოპერაში“ სკანდალით დასრულდა, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებით. დიდი ხნის განმავლობაში წერდა ყვითელი პრესა მისი სექსუალური თავგადასავლების შესახებ ახალგაზრდა მამაკაცებთან, თუმცა ბოლო წლებში მისტერ ლევაინის სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობების გამოძიების შემდეგ Met-მა ჯერ კონტრაქტი შეუჩერა და შემდეგ, 2018 წელს გაათავისუფლა თანამდებობიდან.
სკანდალის დაწყებამდე ლევაინი საყოველთაოდ აღიარებული მაესტრო იყო და ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა „მეტროპოლიტენის“ საშემსრულებლო ხელოვნების მაღალ დონეს, რეპერტუარსა და უმაღლესი კლასის ორკესტრის ხარისხს. თითქმის შვიდი წლის განმავლობაში, 2004 წლიდან მოყოლებული, იგი ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელიც იყო, რომელმაც კრიტიკოსებისა და პუბლიკის დიდი მოწონება დაიმსახურა პირველსავე მუსიკალურ სეზონებში. მან ააღორძინა კლასიკური და თანამედროვე მუსიკის რეპერტუარი და ამავე დროს, ხშირად ასრულებდა ცოცხალი კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც, რაც ასე იშვიათია ცნობილი სიმფონიური ორკესტრების რეპერტუარში.
1973 წლის 5 ივნისიდან მოყოლებული, როდესაც პუბლიკამ 29 წლის ლევაინის სენსაციური სადირიჟორო დებიუტი იხილა პუჩინის „ტოსკაში“, მისი კარიერა ბუნებრივად დაუკავშირდა „მეტროპოლიტენის“ საოპერო სცენასა და ორკესტრს. სწორედ ამ სპექტაკლის შემდეგ დაწერა ცნობილმა კრიტიკოსმა, ალან ჰიუზმა: „მისტერ ლევაინი შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო დირიჟორია „მეტროპოლიტენის“ ისტორიაში…“ და მართლაც, ამ დღიდან მოყოლებული ის ყოველ სპექტაკლში თითქოს საკუთარ შესაძლებლობებს ეჯიბრებოდა და განუწყვეტლივ ამტკიცებდა, რომ შესანიშნავი დირიჟორია.
მისი კარიერა „მეტროპოლიტენში“ დაახლოებით 2600 საოპერო სპექტაკლსა და 1500-ზე მეტ სიმფონიური მუსიკის კონცერტს მოიცავს – ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა დირიჟორების ნამუშევარი ამ თეატრის ისტორიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩანაწერებისა და ვიდეოების ვრცელ კატალოგზე. თავდაჯერებულობითა და სიმწიფით შეასრულა როგორც მოცარტის ადრეული ოპერები, ისე მძიმე და პირქუში ვაგნერი, ვნებიანი ვერდი, ექსტაზური რიჰარდ შტრაუსი თუ ეკლიანი შონბერგი. მან გარისკა, შემოიტანა „მეტროპოლიტენის“ რეპერტუარში თანამედროვე ოპერაც – ალბან ბერგის „ვოცეკი“, რომელიც ძალიან იშვიათია ამერიკული საოპერო თეატრების რეპერტუარში.
გარდა ამისა, ჯეიმს ლევაინმა საგრძნობლად გააფართოვა საზოგადოების შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ოპერა და დირიჟორი თანამედროვე საზოგადოებაში. მისი ძალისხმევით შეიქმნა სატელევიზიო პლატფორმა Live From the Met, რომლის საშუალებითაც, მილიონობით მაყურებელმა მთელ მსოფლიოში იხილა საოპერო პრემიერები მისი დირიჟორობით „მეტროპოლიტენ ოპერიდან“. ამ დიდი ლაივ-პრემიერების ხიბლი 80-იან წლებში ახლაც მახსოვს: რიჰარდ შტრაუსის „არიადნა ნაქსოსზე“ (სწორედ ამ ოპერაში ვნახე და მოვისმინე პირველად ჯესი ნორმანი) და ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი (ლუჩანო პავაროტისა და კატია რიჩარელის მონაწილეობით).
მისი დირიჟორობა ყოველთვის მკაფიო, ცოცხალი და რიტმულად მგრძნობიარე მონახაზით გამოირჩეოდა, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა მკაცრი და სტრუქტურირებული ფორმებით გამყარებული. მელოდიურობის მძაფრი და დრამატული გრძნობა კი ემყარებოდა ბუნებრიობას. არაფერი „იძულებით“ არ ჟღერს, იქნება ეს ვაგნერის ოპერების ბობოქარი, ეპიკური საწყისი თუ მალერის სიმფონიების ფართო სუნთქვა და სიმშვიდე…
დასრულდა დიდი საოპერო ფანტომები, დაუსრულებელი გამოძახებები პრემიერის შემდეგ, მუსიკალური ექსპერიმენტები, სასამართლო დავა, სექსუალური სკანდალები და პოლიტკორექტულობით ნაკარნახევი სიგიჟეებიც. სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც 1973 წელს, „ტოსკას“ პრემიერაზე, რომელმაც მაესტრო ჯეიმს ლევაინს მუსიკალური ოლიმპისკენ გაუხსნა გზა.