150-მდე რადიკალურად განსხვავებული როლი კინოში, თეატრსა და სატელევიზიო ფილმებში – ასეთია სახელოვანი ფრანგი მსახიობის, იზაბელ იუპერის მრავალგანზომილებიანი შემოქმედების არითმეტიკა, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა.
„ორსახოვანი ქალი“ – ასე ეწოდება ჯორჯ კიუკორის ცნობილ ფილმს, რომელშიც გრეტა გარბომ თავისი უკანასკნელი როლი განასახიერა. ეს სათაური ყოველგვარი დათქმის გარეშე, ალბათ, ყველაზე ზუსტ შეფასებად, ან მეტაფორად გამოდგება ფრანგი კინოვარსკვლავის, იზაბელ იუპერის შემოქმედებისთვის, რომელსაც 16 მარტს 70 წელი შეუსრულდა.
შემთხვევითი არაა, რომ სახელოვანმა თეატრალურმა რეჟისორმა, რობერტ ვილსონმა სწორედ გარბოს ცნობილი ფოტოს იმიჯი მოარგო იზაბელ იუპერს, თავის ცნობილ პროექტში „ვიდეოპორტრეტები“, რომელშიც მან სხვა ცნობილ კინოვარსკვლავებთან ერთად, იუპერიც გადაიღო.
1972 წლიდან მოყოლებული დღემდე, ფრანგმა კინოვარსკვლავმა მოასწრო ეთამაშა დაახლოებით 150 ფილმსა და სპექტაკლში, რომლებშიც სრულად წარმოაჩინა საკუთარი არტისტული მრავალფეროვნება პერსონაჟების მრავალფეროვნებით. ეს როლები წარმოუდგენელ დიაპაზონს ქმნიან; თანამედროვე „ფემ ფატალ“-ით დაწყებული, მეძავებით მკვლელებით, ინტელექტუალებით, მუსიკოსებით, თუ მაზოხისტებით დამთავრებული.
მისი პერსონაჟები ყოველთვის რაღაცით ტრავმირებულები და სენსიტიურები არიან; ან პირიქით – სრულიად უგრძნობები და რაციონალურები. თუმცა არასოდეს არიან ცხოვრებით განებივრებული „ვარდისფერი ფრიკები“, რომლებიც სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. მათში თავმოყრილია ტკივილის, დეპრესიის, სისასტიკის ურჩობისა თუ ამბოხის მოტივები, რომელსაც მსახიობი დისტანციით, სიცივითა თუ მიზანდასახული უგრძნობლობით თამაშობს… და ეს კიდევ ერთი პარალელია გარბოსთან, რომელმაც სწორედ ასეთი „მხურვალე სიცივითა“ და „სფინქსისებური“ თამაშის მანერით გაითქვა სახელი.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში იგი მრავალი დიდი კინორეჟისორის მუზა და შთაგონების წყარო გახდა. ზოგიერთი კრიტიკოსი იმდენად აღფრთოვანებულია მისი შემოქმედებით, რომ მას მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კინომსახიობად მიიჩნევს. ამის ერთგვარი დასტური იყო ჯერ კიდევ პანდემიის ჟამს, 2022 წელს, ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე მისთვის საპატიო „ოქროს დათვის“ გადაცემა – კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
თუმცა კინოროლებმა მას სხვა მრავალი ჯილდოებიც მოუტანა: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფრანგული „სეზარი“, ევროპული კინოპრემია, ბერლინის „ვერცხლის დათვი“, კანის კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, „ოქროს გლობუსი“… ალბათ, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის კოლექციას აკლია, ეს არის „ოსკარი“, რომელზეც იუპერი პირველად იყო ნომინირებული პოლ ვერჰოვენის ფილმში „ის“ (2017).
მხოლოდ რეჟისორებისა და ფილმების ჩამონათვალიც ცხადყოფს მისი შემოქმედების მასშტაბსა და დიაპაზონს: ბერტრან ბლიე – „თავგადასავლები“, ჟან–ლუი ბერტუჩელი – „ექიმი ფრანსუაზა გაიალი“, ბერტრან ტავერნიე – „მოსამართლე და მკვლელი“, კლოდ გორეტა – „მაქმანების მქსოველი“, კლოდ შაბროლი – „ვიოლეტა ნოზერი“, „მადამ ბოვარი“, „ცერემონია“, ანდრე ტეშინე – „დები ბრონტეები“, მარტა მესაროში – „მეორე ცოლი“, მორის პიალა – „ლულუ“, ჟან–ლუკ გოდარი – „ვნება“, ანჯეი ვაიდა – „ეშმაკნი“, მაურო ბოლონინი – „ქალი კამელიებით, ნამდვილი ისტორია“, ბენუა ჟაკო – „ყალბი მოსამსახურე“, „ევა“, მიხაელ ჰანეკე „პიანისტი ქალი“, „სიყვარული“, მარკო ბელოკიო – „მძინარე მზეთუნახავი“, გიიომ ნიკლუ – „მონაზონი“, პოლ ვერხოვენი – „ის“, ფრანსუა ოზონი – „ჩემი დანაშაული“.
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ იზაბელ იუპერი, რომელიც მხოლოდ 157 სმ სიმაღლისა და 49 კილოგრამს იწონის, ყოველთვის სავსეა დიდი შინაგანი ძალით, ენერგიითა და ირონიული შთაგონებით. წელიწადში მას რამდენიმე ფილმში იღებენ და სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმებში. მართალია ბოლო პერიოდში მისი სრულყოფილ არტისტიზმს კრიტიკოსები უფრო შტამპებად აღიქვამენ და მოულოდნელ წიაღსვლებსაც მის თამაშში ვეღარ ხედავენ, მაგრამ ფაქტია 70 წლის ასაკში იუპერი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ფრანგი მსახიობია მსოფლიოს მასშტაბით…
დაბოლოს, ის ერთდაერთია კინომსახიობთა შორის, რომელმაც ფრანგული კლასიკური ლიტერატურის არქეტიპული როლები – მარგარიტა გოტიე („ქალი კამელიებით“) და მადამ ბოვარი („მადამ ბოვარი“) კინოში განასახიერა. აღარაფერს ვამბობთ უამრავ თეატრალურ როლებზე – მედეათი დაწყებული (ევრიპიდეს „მედეა“), ბლანშ დიუბუათი (ტენესი უილიამსის „ტრამვაი –სურვილი“) და მადამ დე მერტეით (შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირები“) დამთავრებული.
რეჟისორმა მიხაელ ჰანეკემ „სიყვარულის“ (2012) გადაღებისას (ამ ფილმში იზაბელ იუპერმა თავისი ერთ–ერთი საუკეთესო როლი განასახიერა) განაცხდა: „იუპერი საოცარი პროფესიონალია, რამდენადაც მას შეუძლია ტანჯვის განსახიერებისას მართლაც დაგაჯეროთ თავისი გამომსახველობით და მეორეს მხრივ, ეს ტანჯვა ყინულოვანი და ინტელექტუალური მზერით გააბათილოს. ვერც ერთი სხვა მსახიობი ვერ შეძლებს ამ ორი პოლუსის გაერთიანებას, გამთლიანებას ასეთი არტისტული ძალით.“