ორსახოვანი ქალი

დავით ბუხრიკიძე

150-მდე რადიკალურად განსხვავებული როლი კინოში, თეატრსა და სატელევიზიო ფილმებშიასეთია სახელოვანი ფრანგი მსახიობის, იზაბელ იუპერის მრავალგანზომილებიანი შემოქმედების არითმეტიკა, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა.

ორსახოვანი ქალი“ – ასე ეწოდება ჯორჯ კიუკორის ცნობილ  ფილმს, რომელშიც გრეტა გარბომ თავისი უკანასკნელი როლი განასახიერა. ეს სათაური ყოველგვარი დათქმის გარეშე, ალბათ, ყველაზე ზუსტ შეფასებად, ან მეტაფორად გამოდგება ფრანგი კინოვარსკვლავის, იზაბელ იუპერის შემოქმედებისთვის, რომელსაც 16 მარტს 70 წელი შეუსრულდა. 

შემთხვევითი არაა, რომ სახელოვანმა თეატრალურმა რეჟისორმა, რობერტ ვილსონმა სწორედ გარბოს ცნობილი ფოტოს იმიჯი მოარგო იზაბელ იუპერს, თავის ცნობილ პროექტშივიდეოპორტრეტები“, რომელშიც მან სხვა ცნობილ კინოვარსკვლავებთან ერთად, იუპერიც გადაიღო.

1972 წლიდან მოყოლებული დღემდე, ფრანგმა კინოვარსკვლავმა მოასწრო ეთამაშა დაახლოებით 150 ფილმსა და სპექტაკლში, რომლებშიც სრულად წარმოაჩინა საკუთარი არტისტული მრავალფეროვნება პერსონაჟების მრავალფეროვნებით. ეს როლები წარმოუდგენელ დიაპაზონს ქმნიან; თანამედროვეფემ ფატალ“-ით დაწყებული, მეძავებით მკვლელებით, ინტელექტუალებით, მუსიკოსებით, თუ მაზოხისტებით დამთავრებული. 

მისი პერსონაჟები ყოველთვის რაღაცით ტრავმირებულები და სენსიტიურები არიან; ან პირიქითსრულიად უგრძნობები და რაციონალურები. თუმცა არასოდეს არიან ცხოვრებით განებივრებულივარდისფერი ფრიკები“, რომლებიც სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. მათში თავმოყრილია ტკივილის, დეპრესიის, სისასტიკის ურჩობისა თუ ამბოხის მოტივები, რომელსაც მსახიობი დისტანციით, სიცივითა თუ მიზანდასახული უგრძნობლობით თამაშობსდა ეს კიდევ ერთი პარალელია გარბოსთან, რომელმაც სწორედ ასეთიმხურვალე სიცივითადასფინქსისებურითამაშის მანერით გაითქვა სახელი.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში იგი მრავალი დიდი კინორეჟისორის მუზა და შთაგონების წყარო გახდა. ზოგიერთი კრიტიკოსი იმდენად აღფრთოვანებულია მისი შემოქმედებით, რომ მას მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო კინომსახიობად მიიჩნევს. ამის ერთგვარი დასტური იყო ჯერ კიდევ პანდემიის ჟამს, 2022 წელს, ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე მისთვის საპატიოოქროს დათვისგადაცემაკინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.  

თუმცა კინოროლებმა მას სხვა მრავალი ჯილდოებიც მოუტანა: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფრანგულისეზარი“, ევროპული კინოპრემია, ბერლინისვერცხლის დათვი“, კანის კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, „ოქროს გლობუსი“… ალბათ, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის კოლექციას აკლია, ეს არისოსკარი“, რომელზეც იუპერი პირველად იყო ნომინირებული პოლ ვერჰოვენის ფილმშიის“ (2017).

მხოლოდ რეჟისორებისა და ფილმების ჩამონათვალიც ცხადყოფს მისი შემოქმედების მასშტაბსა და დიაპაზონს: ბერტრან ბლიე – „თავგადასავლები“, ჟანლუი ბერტუჩელი – „ექიმი ფრანსუაზა გაიალი“,  ბერტრან ტავერნიე – „მოსამართლე და მკვლელი“, კლოდ გორეტა – „მაქმანების მქსოველი“, კლოდ შაბროლი – „ვიოლეტა ნოზერი“, „მადამ ბოვარი“, „ცერემონია“, ანდრე ტეშინე – „დები ბრონტეები“, მარტა მესაროში – „მეორე ცოლი“, მორის პიალა – „ლულუ“, ჟანლუკ გოდარი – „ვნება“, ანჯეი ვაიდა – „ეშმაკნი“,  მაურო ბოლონინი – „ქალი კამელიებით, ნამდვილი ისტორია“, ბენუა ჟაკო – „ყალბი მოსამსახურე“, „ევა“, მიხაელ ჰანეკე  პიანისტი ქალი“, „სიყვარული“, მარკო ბელოკიო – „მძინარე მზეთუნახავი“, გიიომ ნიკლუ – „მონაზონი“, პოლ ვერხოვენი – „ის“, ფრანსუა ოზონი – „ჩემი დანაშაული“.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ იზაბელ იუპერი, რომელიც მხოლოდ 157 სმ სიმაღლისა და 49 კილოგრამს იწონის, ყოველთვის სავსეა დიდი შინაგანი ძალით, ენერგიითა და ირონიული შთაგონებით. წელიწადში მას რამდენიმე ფილმში იღებენ და სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმებში. მართალია ბოლო პერიოდში მისი სრულყოფილ არტისტიზმს  კრიტიკოსები უფრო შტამპებად აღიქვამენ და მოულოდნელ წიაღსვლებსაც მის თამაშში ვეღარ ხედავენ, მაგრამ ფაქტია 70 წლის ასაკში იუპერი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ფრანგი მსახიობია მსოფლიოს მასშტაბით 

დაბოლოს, ის ერთდაერთია კინომსახიობთა შორის, რომელმაც ფრანგული კლასიკური ლიტერატურის არქეტიპული როლებიმარგარიტა გოტიე („ქალი კამელიებით“) და მადამ ბოვარი („მადამ ბოვარი“) კინოში განასახიერა. აღარაფერს ვამბობთ უამრავ თეატრალურ როლებზემედეათი დაწყებული (ევრიპიდესმედეა“), ბლანშ დიუბუათი (ტენესი უილიამსისტრამვაისურვილი“) და მადამ დე მერტეით (შოდერლო დე ლაკლოსსახიფათო კავშირები“) დამთავრებული.

რეჟისორმა მიხაელ ჰანეკემსიყვარულის“ (2012) გადაღებისას (ამ ფილმში იზაბელ იუპერმა თავისი ერთერთი საუკეთესო როლი განასახიერა) განაცხდა: „იუპერი საოცარი პროფესიონალია, რამდენადაც მას შეუძლია ტანჯვის განსახიერებისას მართლაც დაგაჯეროთ თავისი გამომსახველობით და მეორეს მხრივ, ეს ტანჯვა ყინულოვანი და ინტელექტუალური მზერით გააბათილოს. ვერც ერთი სხვა მსახიობი ვერ შეძლებს ამ ორი პოლუსის გაერთიანებას, გამთლიანებას ასეთი არტისტული ძალით.“