კანის ფესტივალზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ნამუშევარი წელს მთავარ კონკურსს გარეშე ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი, „ოთახი 999“ იყო, რომელიც ერთგვარი სიქუელია 1982 წელს გადაღებული მსგავსი სახელწოდების ფილმისა „ ოთახი 666“.
40 წლის წინ ვიმ ვენდერსმა კანის სასტუმრო მარტინესში იმ დროისთვის 16 ყველაზე გავლენიანი საავტორო კინოს რეჟისორი შეკრიბა და კინოს მომავალზე ალაპარაკა. მათ რიცხვში იყვნენ: ჟან-ლუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიონი, სტივენ სპილბერგი, ვერნერ ჰერცოგი, შანტალ აკერმანი და სხვები. მათ შორის იყო თავად ვიმ ვენდერსიც. რეჟისორი ამ გადაწყვეტილებას ასე იხსენებს:
„1982 წლის კანის კინოფესტივალი საყოველთაო უიმედობას მოეცვა. ყველას იმის შეგრძნება ჰქონდა, რომ კინოს დასასრული გარდაუვალი იყო. ამიტომ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ ჩემს კოლეგებში გამოკითხვას გავაკეთებდი კინოს მომავალთან დაკავშირებით. ყველანი დავპატიჟე სასტუმრო მარტინესის ნომერ 666-ში. ოთახში ერთი კამერა იდგა, შეკითხვა კი მაგიდაზე იდო. ჩემს კოლეგებს მხოლოდ მაგნიტოფონისა და კამერის ჩართვა მოუწევდათ. კითხვა ასეთი იყო: „რა არის კინო, ენა, რომელშიც თავი უნდა დაკარგო, თუ მომაკვდავი ხელოვნება?“
ოთხი ათეული წლის შემდეგ ფრანგმა რეჟისორმა და მსახიობმა, ლუბნა პლოუსტმა გადაწყვიტა იდეა თავიდან გაეცოცხლებინა და მსგავსი პროექტი შეექმნა. კინოს მომავალზე დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ, რადგან ციფრულ ეპოქაში ყველაფერმა სახე იცვალა და ხელოვნების მომავალიც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. „ოთახი 999“-ში ვედნერსი ამჯერად უკვე მხოლოდ რესპონდენტის როლშია და ფილმი მისი ინტერვიუთი იწყება.
ფილმში თანამედროვე კინოს 30 რეჟისორი მონაწილეობს, ესენი არიან: რუბენ ოსტლუნდი, იოაჰიმ ტრიერი, ალბერ სერა, კლერ დენი, დევიდ კრონენბერგი, პაოლო სორენტინო, ჯეიმს გრეი, ოლივიე ასაია, ნადავ ლაპიდი, ასგარ ფარადი, არნო დესპლეჩინი, ალიჩე როხვახერი, ოდრი დიუვანი და სხვები.
რეჟისორები გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს და შეფასებებს, როგორი იქნება კინო ციფრულ ეპოქაში, რა გავლენას მოახდენს ინტერნეტი და სოციალური ქსელები ამ მედიუმზე, როცა ყურადღების ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირებულია და ახალგაზრდების უმეტესობისთვის სტანდარტი ტიკ ტოკის რამდენიმე წუთიანი ვიდეოებია.
ზოგი მათგანი იმედიანად უყურებს მომავლის კინოს, ზოგი კი მის სრულ ტრანსფორმაციას და მნიშვნელობის რადიკალურად შემცირებას წინასწარმეტყველებს.
საინტერესოა თავად ფილმის ფორმაც, ინტიმური ურთიერთობა რეჟისორსა და კამერას შორის, რომელსაც ისინი თავიანთ გაუფილტრავ, დაუმონტაჟებელ მოსაზრებებს ანდობენ. „ციფრული რევოლუცია სასიკვდილოა“, აღნიშნავს ვენდერსი, ხოლო ალბერტ სერა უფრო შორს მიდის და სტრიმინგ პლატფორმებს „სრულიად სულელურს“ უწოდებს. ოდრი დიუვანი შეშფოთებას გამოხატავს რიტმის ცვლილების შესახებ. „თითქოს ჩემი ფილმები არ ემთხვევა მათ ტემპს“- ამბობს ის თავისი შვილების თაობაზე საუბრისას.
თუმცა, ფილმში მხოლოდ პესიმისტურ მოსაზრებებს არ ვხვდებით. მაგალითად, 29 წლის ბრიტანელ-ნიგერიელ კინორეჟისორი აიო აკინგბადი სხვაგვარ მომავალს ხედავს. ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები და დასძენს, რომ „ძალიან ბევრი რამ არის შესასწავლი“. აკინგბადი დადებითად აფასებს ასევე ფილმის გადაღების დემოკრატიზაციის პროცესს.
რეჟისორების შეფასებები განსხვავებულია, თუმცა, ყველას საუბარში იგრძნობა, რომ კინო მათთვის ყველაზე მთავარია და მისი მომავლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ. „ოთახი 999“-ის ჩვენების შემდეგ ფესტივალის საპრესკონფერენციო დარბაზში დისკუსია გაიმართა, სადაც ფილმის ავტორი – ლუბნა პლოუსტი და რეჟისორი, ალბერტ სერა მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა კინორეჟისორები და კინოპროდიუსერებიც და რა თქმა უნდა, ჟურნალისტები. აქტიური განხილვებისა და პოლემიკის გამო, დისკუსია იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. თუმცა, რა გასაკვირია, კანის ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტს კინოზე საუბრობენ და ყველაზე აქტუალური თემაც ეს არის. მით უმეტეს, კინემატოგრაფის სიკვდილი თუ მისი ფორმის ცვლილება უკვე ათწლეულებია აქტუალური დებატების თემაა და ამ საკითხზე მანიპულაციები და შიშები თაობიდან თაობას გადაეცემა. მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ უკვე თუნდაც აქ, კანში უკვე 76 წელია, ყოველი წლის მაისში ორი კვირა მთიანად კინოს ეთმობა და ფილმების ნაკადიც არასდროს წყდება. კარგი იქნება, თუ ამ ფილმს ყველა ფესტივალი აჩვენებს.