პანდემიის არათანაბარი გენდერული გავლენები ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.

ესმა იმერლიშვილისა და ელენე ქაიხოსროშვილის პოდკასტი:

ჩვენი პოდკასტით გვინდა, მოგიყვეთ ამბავი კოვიდ-19-ის გენდერულ მხარეზე, რომელიც ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მას, ის ყველგან არის: ოჯახში, სამსახურში, სამეზობლოში, სოფელში, ქალაქში, ჩვენს სოციალურ, კულტურულ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი არსებობა გამოიხატება, მაგალითად, ქალების ჩაგვრით, მათი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღქმით, რაც ჩვენი სოციალური ნორმებიდან და გენდერული როლებიდან გამომდინარე, პანდემიამდე პერიოდშიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ვიდრე კოვიდ-19-ით გამოწვეულ გენდერული უთანასწორობის ზრდაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ჩაგვრა გენდერული ნიშნით.

გენდერული ნიშნით ჩაგვრა პატრიარქალურ საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების შედეგია, რომელიც სოციუმში გენდერულ როლებს და მათ შორის არათანაბარ, მჩაგვრელ ურთიერთკავშირებს აყალიბებს. ასეთ გარემოში, პრივილეგირებული, დომინანტი ჯგუფები ახდენენ ჩაგრული ჯგუფების მარგინალიზებას, გარიყვას, ან მათთვის სხვა სახის ზიანის მიყენებას. ასეთი ჩაგვრა სისტემურია, რომელიც შესაძლოა, ვლინდებოდეს კანონით დაწესებულ შეზღუდვებში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, რელიგიურ რიტუალებში, სოციალურ კავშირებსა და ტრადიციებში. სწორედ, ასე ყალიბდება პატრიარქალური საზოგადოება, სადაც ძალაუფლებრივი იერარქია ისეა გადანაწილებული, რომ სცდება მხოლოდ გენდერის ჩარჩოს და ჩაგრავს ყველას, გარდა კონკრეტული დომინანტური ჯგუფებისა.

კოვიდ-19-ის გავრცელების პანდემიად გამოცხადებამ, მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ინსტიტუციები მის არათანაბარ შედეგებზე აალაპარაკა, რაც წინა პანდემიების შედეგად მიღებული გამოცდილებითაცაა გამყარებული. კარანტინმა, სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან ერთად, შეიძლება შეამციროს ქალთა ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, ამასთან – გაზარდოს მათი სიღარიბის დონე. მიმდინარე კრიზისის დროს, მოხდა ისე, რომ დასაქმებული ქალების უდიდესი ნაწილი, ან სამსახურის გარეშე დარჩა, ან მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა სამუშაოს გაზრდილი მოცულობით და საათებით.

აღსანიშნავია, რომ იმ სფეროებში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც კარანტინის დროს არსებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მძიმე პრობლემები შეუქმნა, უმეტესწილად ქალები წარმოადგენენ. ეს სფეროებია ტურიზმი, სარესტორნე სექტორი, სხვადასხვა ტიპის სერვისები, არაფორმალური სამუშაოები, ზრუნვის სფეროში შემავალი საქმიანობები (როგორებიცაა, აღმზრდელობა, მომვლელობა, დამლაგებლობა), თვითდასაქმებულები და ა.შ. ნეგატიური გავლენები, განსაკუთრებით მძიმედ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე აისახა, სადაც სამსახურის მქონე ქალების დაახლოებით 70%, სწორედ ზემოაღწერილ ე.წ. „მოწყვლად“ სფეროებშია დასაქმებული.

გადაადგილების შეზღუდვის და სოციალური დისტანციის, როგორც ვირუსისგან დაცვის, ამჟამად არსებული ყველაზე ეფექტიანი პრევენციული საშუალების შესახებ აქტიურმა მოწოდებამ, სხვა პროფესიებთან ერთად, ზრუნვის სფეროში დასაქმებული ადამიანებიც შემოსავლის და სახელმწიფო კომპენსაციის გარეშე დატოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას, სწორედ ქალები წარმოადგენენ. მაგალითად, მომვლელები, კერძო რეპეტიტორები, აღმზრდელები, დამხმარეები და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის, პანდემიის პერიოდამდე არსებული შემოსავლების ფლობის დასაბუთება რთული აღმოჩნდა, უმრავლესობამ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში ჩართვა ვერ მოახერხა. ეს პრობლემა უკვე გამოიკვეთა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც.

გენდერული ჩაგვრის პირისპირ აღმოჩნდნენ ის ქალებიც, რომლებმაც სამსახურის შენარჩუნება პანდემიის პირობებშიც მოახერხეს. კარანტინის განმავლობაში, სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვების შედეგად, საშინაო საქმეების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სწორედ არსებული გენდერული ნორმებიდან გამომდინარე, ბავშვებზე, მოხუცებზე, შშმ პირებზე და ზოგადად, ოჯახის წევრებზე ზრუნვა ქალებს დააწვათ ტვირთად. ბუნებრივია, აღნიშნული პრობლემა პანდემიამდე პერიოდშიც არსებობდა, რაზეც გაეროს მონაცემებიც მეტყველებს; რომლის თანახმადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საშუალოდ, ქალებს, კაცებთან შედარებით საშინაო საქმეების კეთება 3-ჯერ მეტი მოცულობით უწევდათ.

ქალების მდგომარეობაზე პანდემიის გავლენებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის მატება მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპაში პარტნიორის მხრიდან ქალზე ძალადობის შემთხვევების მიმართვიანობა პანდემიის პირობებში 60 პროცენტით გაიზარდა. მრავალმა ქვეყანამ უკვე მიიღო ზომები აღნიშული გამოწვევის დასაძლევად, იქნება ეს მსხვერპლთა თავშესაფრებისთვის მეტი რესურსის გამოყოფა, თუ სხვადასხვა აპლიაკაციებისა და განახლებული მეთოდების შემუშავება სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვის გასაადვილებლად.

ზოგადად, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი უკიდურესი გამოვლინებაა და ის ბევრ საზოგადოებაში პანდემიამდეც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.

ამ კუთხით, პანდემიამ მდგომარეობა რამდენიმე მიმართულებით გაამწვავა. მაგალითად:

► გაუარესდა ადამიანების ისედაც არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხშირად, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი განმაპირირობებელი ან/და გამამწვავებელი ფაქტორია;

► საზოგადადოებაში გაიზარდა ზოგადი სტრესული ფონი, რაც ასევე, ხშირად ხდება ოჯახში ძალადობის განმაპირობებელი ან/და გამამწავავებელი ფაქტორი;

► „დარჩი სახლში“ მოწოდებამ ოჯახში ძალადობის ბევრი მსხვერპლი გამოკეტა სახლში მოძალადესთან იმაზე დიდი ხნით და იმაზე რთულ პირობებში, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში. ბუნებრივია, რომ აღნიშნული ფაქტორი ხელს უშლიდა ძალადობის მსხვერპლებს, მიემართათ სამართალდამცავი უწყებებისთვის ან/და იმ ორგანიზაციებისვის, რომელთა საქმიანობის პროფილი ძალადობის მსხვერპლების დახმარებაა, რადგან მათი დიდი ნაწილი დახმარებას სწორედ მაშინ მიმართავდა, როდესაც მოძალადე უკვე განრიდებული იყო მათგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახლში ჩაკეტილ ძალადობის მსხვერპლ ქალებს პანდემიამ არ დაუტოვა პირადი სივრცე, რომელსაც ისინი დისტანციურად სხვადასხვა სარეაბილიტაციო სერვისის, მაგალითად, ფსიქოლოგის დახმარების მიღებისთვის გამოიყენებდნენ;

► ძალადობის რისკის გაზრდის კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ ე.წ. „ოჯახის საქმეების“ გენდერულად განსაზღვრული გადანაწილებიდან გამომდინარე, ძირითადად, ქალებს უწევთ სახლში დარჩენილი ბავშვების დისციპლინურ ქცევასა თუ აკადემიურ მოსწრებაზე ზრუნვა, რისი „წარუმატებლობით შესრულების“ შემთხვევაშიც, ოჯახის სხვა წევრებს, სწორედ მათ მიმართ უჩნდებათ შენიშნები და პრეტენზიები, რაც რიგ შემთხვევებში, ძალადობაში ვლინდება;

► საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის ფაქტორი პანდემიის პირობებში ქალების ე.წ. „სარისკო“ საქმიანობები გახდა. მაგალითად, კვლევის თანახმად, არაერთ შემთხვევას ჰქონია ადგილი, როდესაც პანდემიის დროს, სამედიცინო დაწესებულებებში, სუპერმარკეტებში ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის სფეროში მომუშავე ქალები ოჯახის წევრებმა დაავადების მატარებლის რისკად აღიქვეს და მათ სამსახურის მიტოვება ან/და სახლიდან წასვლა აიძულეს.

კოვიდ-19-ის პანდემიით და მანამდე არსებული გენდერული უთანასწორობით განპირობებული პრობლემები კიდევ მრავალია, რომლის განსახილველად რამდენიმე ათეული პოდკასტი არ იქნება საკმარისი. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე – ეკონომიკაზე, შრომით უფლებებსა და ჯანდაცვაზე მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუციებმა უკვე გამოსცეს არაერთი რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ გენდერული ასპექტების გათვალისწინება პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დასაცავად, ასევე – ეკონომიკური აღმავლობის დასაჩქარებლად, რისი პრობლემაც ასე მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიოში.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ამას თითოეული ჩვენგანი ელის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ შეცვლილ მოცემულობაში ცხოვრების გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანი ადაპტაციური პროცესების გავლა ყველას ერთად მოგვიწევს. სწორედ ამ ადაპტაციის პირობებში მოხდება ცხოვრების წესის, სოციალური ნორმებისა და მათ შორის, გენდერული როლების შეცვლა და ახლებურად ჩამოყალიბება, რომელიც უპირობოდ კიდევ უფრო უთანასწორო იქნება, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში იყო. ამის პრევენციისთვის კი, აუცილებელია, მთავრობებმა დღესვე, როცა ასეთი თვალსაჩინოა გენდერული და სოციალური უთანასწორობა, დაიწყონ გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავება და აღსრულება. აღნიშნული პოლიტიკა უნდა გაცდეს ერთჯერად ფინანსურ კომპენსაციას  (რაც, დღეს ასევე პრობლემაა) და უნდა მოიცავდეს საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს და ზოგადად, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ყველა სფეროში გენდერული ასპექტის გათვალისწინებას.

თუ თქვენ გახდით ძალადობის მსხვერპლი, დაუკავშირდით სამართალდამცავ უწყებებს შემდეგ ნომრებზე:

112 – საპატრულო პოლიცია;

თუ დარეკვის საშუალება არ გაქვთ, გაააქტიურეთ 112-ის მობილური აპლიკაცია;

116006 – მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სააგენტო;

126 – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია;

1481 – სახალხო დამცველის აპარატი;

თუ თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა, დარეკეთ შრომის ინპექციას ცხელ ხაზზე – 1505;

თქვენი უსაფრთხოება პანდემიის პირობებში არ ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი!