„შეიძლება, მეამბოხე სული მაქვს … მე უბრალოდ სიმართლეს ვიღებ. რატომ არ შემიძლია, სიმართლე ვაჩვენო?” – რიტორიკულად იკითხა ჭანგ ჭანმა მის ბოლო ინტერვიუში. იგი ერთ-ერთია იმ სამოქალაქო ჟურნალისტთაგან, ვინც კორონავირუსის გამოჩენიდან მალევე ვუხანს მიაშურა და იქ მიმდინარე მოვლენების ასახვა დაიწყო. 37 წლის ყოფილი იურისტი ადგილობრივებს ინტერვიუებს ართმევდა, იღებდა გადაჭედილ ჰოსპიტლებს და აღნიშნავდა, რომ ვირუსზე უფრო მეტად აქ ხალხს მთავრობის ეშინოდა.
2020 წლის მაისში ჭანგ ჭანი უბრალოდ გაქრა და წლის ბოლომდე მის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია. როგორც მოსალოდნელი იყო, ის პოლიციამ დააკავა. ჟურნალისტს პროვოცირებით ჩხუბის გამოწვევა ედებოდა ბრალად. სასამართლოზე ჭანი ეტლით შეიყვანეს, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. მისი ადვოკატის განმარტებით, სამოქალაქო ჟურნალისტი ბოლო 3 თვის განმავლობაში უწყვეტი წამების ობიექტი იყო. როგორც გაირკვა, მან შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ ჭანს საკვებს სპეციალური მილის დახმარებით, ძალის გამოყენებით აჭმევდნენ.
ჭანგ ჭანს სასამართლომ მაქსიმალური სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი პირველი გახდა ჩინეთის მთავრობის მიერ დაპატიმრებულ 47 ჟურნალისტთაგან, ვისაც ოფიციალურად ოფიციალურად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის თქმით, მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ერთი გაბედული ჟურნალისტის ძალით გაჩუმება ჩინეთის რეპრესიული პოლიტიკის მხოლოდ მცირე დეტალია.
კორონავირუსის გამოჩენის მომენტიდან კომუნისტური პარტია ერთდროულად ორ, სამედიცინო და საინფორმაციო ფრონტზე იბრძოდა. უცნობი ეტიმოლოგიის პნევმონიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო ხელისუფლების წარმომადგენლები ვუხანელ ექიმებს სჯიდნენ და მათ გაჩუმებას აიძულებდნენ. თუმცა, მალევე ნათელი გახდა, რომ პროცესი უკონტროლო ხდებოდა. საჭირო იყო კოორდინირებული და აქტიური მოქმედება.
კომუნისტური პარტია ოფიციალურ პროპაგანდას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ჯერ კიდევ 2013 წელს, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის იდეოლოგიური მმართველობა ზუსტადაც რომ პროპაგანდაზე დგას. პანდემიის პირობებში კომპარტიამ თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია სასამართლო სისტემა, რითაც კრიტიკის თეორიული საშუალებაც სრულად მოკლა – ყველა, ვინც ოფიციალური პეკინის ნარატივს არ ეთანხმება, ციხეში წავა. მარტივად რომ ვთქვათ: ჩინეთში კომუნისტური პარტია არის კანონი და სამართალი.
2020 წლის იანვარში კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საზღვრებს გასცდა და დასავლეთისთვის ეს განგაშის სიგნალად იქცა. შესაშფოთებლად ისტორიული გამოცდილებაც კმარა. 2002-03 წლებში, ჩინეთში SARS-ის ეპიდემიამ იფეთქა და მაშინ სახელმწიფომ აღნიშნულის მიჩქმალვა სცადა, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია – ვირუსი 29 ქვეყანაში გავრცელდა და მას 800 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით ოფიციალურმა პეკინმა აღიარა, რომ მათ მიერ გამოცხადებული ინფიცირების მაჩვენებელი რეალურ მონაცემებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. ჩინეთი მაშინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და ეპიდემიის მართვის მათმა ტაქტიკამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
სწორედ ამ დროს შეიქმნა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მწარე გამოცდილებამ ჩინეთი აიძულა, რომ ახალ საფრთხეს განსაკუთრებული ყურადღებით მოპყრობოდა.
დასავლური სამყაროდან წამოსულმა მზარდმა საერთაშორისო ზეწოლამ ჩინეთს თანამშრომლობისკენაც უბიძგა: 10 იანვარს მათ ვირუსის გენომი ონლაინ პლატფორმაზე ატვირთეს. ამ ამბიდან 24 საათში უკვე დაზუსტებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ საქმე აქამდე უცნობ კორონავირუსთან უნდა გვქონოდა. დაგვიანებული და ნაძალადევი ნაბიჯების მიუხედავად, გაეროს ჯანდაცვის სააგენტო ჩინეთის ქმედებებს მაინც დადებითად აფასებდა. იგივე პოლიტიკას ატარებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO), რომელიც 2003 წელთან შედარებით განსაკუთრებით ფრთხილი და დიპლომატიური გამოდგა.
SARS-ის ეპიდემიისას WHO მკაცრი და კრიტიკული იყო, რასაც ჩინეთის ხელისუფლებამ საინფორმაციო იზოლაციით უპასუხა – ისინი ეპიდემიის შესახებ ცნობებს უბრალოდ აღარ აზიარებდნენ. მსგავსი გართულების თავიდან ასარიდებლად WHO-ს დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და სი ძინპინს პირადად შეხვდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში გადაწყდა, რომ მეცნიერთა ჯგუფი ეპიდემიის აფეთქების პირველწყაროს მოიძიებდა და მათ შორის 2 ამერიკელი მკვლევარიც იქნებოდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებო საკითხია, რადგანაც მალევე აშშ-ს ხელისუფლებამ ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაში ღიად დაადანაშაულა: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვირუსი შესაძლოა ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან „გაიპარა”.
აშშ-ს სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა გამოკვეთა, რომ შესაძლოა, ჩინეთის ხელისუფლებას ვირუსის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბერში ჰქონოდა. ამ დასკვნამდე სპეციალისტები სატელიტური სურათებისა და ლოკალური საკომუნიკაციო არხებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზით მივიდნენ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიური კათედრის პროფესორი, ჯონათან მეიერი მიიჩნევს, რომ მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი სრულიად მოსალოდნელია. იგი თვლის, რომ ამ ყოველივეს ასახსნელად რამდენიმე ვერსია არსებობს:
- ინფიცირება დროულად ვერ შეამჩნიეს;
- ინფიცირება კი შეამჩნიეს, მაგრამ გამომწვევი ვერ დაადგინეს;
- ინფიცირება შეამჩნიეს, მაგრამ რეპორტინგი შეზღუდეს;
ეს ეჭვები სრულიად მართებულია იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალში The Lancet ვუხანში მომუშავე ჩინელი მეცნიერებისა და ექიმების ავტორობით სტატია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 დეკემბერს ფიქსირდებოდა და ადამიანიდან-ადამიანზე ვირუსის გადადების პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2 იანვრისთვის იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, ჩინეთმა ვირუსის ადამიანიდან-ადამიანზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 20 იანვარს გაავრცელა.
კომპარტიამ აშშ-ს ბრალდებებს მძლავრი დეზინფორმაციული კამპანია დაუპირისპირა. სამთავრობო მედიიდან სულ უფრო ხშირად გაისმოდა ვარაუდი, რომ ეს ახალი ვირუსი პირველად ჩინეთში სულაც არ გამოჩენილა და მის ქვეყნის შიგნით აღმოჩენაში, შესაძლოა, ამერიკული კვალიც ერიოს. ინფორმაციის მკაცრი ცენზურის ფარგლებში, ყველა სამეცნიერო სტატია, რომელიც კორონავირუსის გამოჩენის პირველ დღეებთან იქნებოდა დაკავშირებული, განსახილველად ჯერ უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტს უნდა გადასცემოდა, რომელიც მისი გამოქვეყნების ნებართვას გასცემდა.
ამ ამბიდან მალევე გასაჯაროვდა ვუხანში მდებარე ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებული ნაცხების კვლევის შედეგებიც. ჩინეთის CDC-ს დირექტორმა, ჟორჟ გაომ განაცხადა, რომ არც ერთ ნიმუშში კორონავირუსი არ დაფიქსირდა. ამის შემდგომ სამთავრობო მედია აქტიურად იმეორებდა, რომ ვირუსი ამ ბაზარში გაყინული პროდუქტის დახმარებით მოხვდა. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ სამთავრობო პროპაგანდის მანქანა ამ აზრის დამკვიდრებას ჯიუტად ცდილობდა.
„პრიორიტეტული თვალსაზრისით, ნარატივის კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვა ან ეკონომიკური ვარდნა”- აღნიშნავს ლონდონის SOAS უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ჩინური ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი სტივ ცანგი.
პროპაგანდის ნარატივის ამგვარი ცვლილება საერთაშორისო კრიტიკის თავიდან აცილების მცდელობად შეიძლება გადაითარგმნოს. სკრუპულოზური მოკვლევა პანდემიის მენეჯმენტში არსებულ ხარვეზებს აუცილებლად გამოკვეთდა, რასაც, შესაძლოა, ფინანსური კომპენსაციების მოთხოვნაც კი მოჰყოლოდა.
2020 წლის მიწურულს მილანის კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი კორონავირუსის ქვეყნის შიგნით არსებობას 2019 წლის სექტემბრით ათარიღებდნენ. ჩინეთის სამთავრობო პროპაგანდამ აღნიშნული ფაქტი სათავისოდ გამოიყენა და ხაზგასმით მიუთითა, რომ ვირუსი საერთოდაც ევროპიდან მოდიოდა.
სამეცნიერო კვლევის შედეგების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას არ დაეთანხმნენ მისი ავტორები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კვლევა საერთოდ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ვირუსი პირველად აუცილებლად ჩინეთის გარეთ გამოჩნდა.
„ეპიდემიები ყოველთვის პოლიტიკური ხდება. მთავრობებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სამუშაო არაჯეროვნად შეასრულეს. არადა, შეცდომებისა და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება საშუალებას იძლევა, რომ შემდეგ ჯერზე საქმე უკეთ გაკეთდეს. ინფექციების განვითარების პირობებში კი ამგვარი შემდეგი ჯერი ყოველთვის დადგება”, – აღნიშნავს პროფესორი ჯონათან მეიერი. მის აზრს იზიარებს სიან გრიფიტსიც. წარსულში იგი ჰონგ-კონგის ხელისუფლებას SARS-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, უკან ყურება და ბრალის დადება არც ისე რელევანტურია”, – მიიჩნევს იგი.
WHO-მ წლის დასაწყისში დაგეგმილი კვლევის დაწყება 2021 წლის იანვრამდე ვერ მოახერხა. ამის მიზეზი ადამიანური რესურსების დეფიციტი და მწვავედ მიმდინარე პანდემია იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინური მხარე დიდად აღფრთოვანებული მაინც არ ყოფილა – მკვლევარები უკვე თვითმფრინავებში ისხდნენ, როცა გაირკვა, რომ მათ ქვეყანაში შესასვლელი ვიზები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ.
მიუხედავად ამ ბიუროკრატიული დაბრკოლებისა, ათკაციანმა ბრიგადამ კორონავირუსის აღმოცენების პირველწყაროს ძიება დაიწყო, თუმცა, სამეცნიერო საზოგადოება ამ კვლევას მაინც სკეპტიკურად უყურებს. როგორც ცნობილი გახდა, ჩინური მხარე მკვლევართა ჯგუფს ნედლ სამეცნიერო მონაცემებს (Raw Data) არ აცნობს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩინეთი მეცნიერებს მხოლოდ იმას აჩვენებს, რისი გაზიარებაც მას აწყობს.
მკვლევართა ჯგუფი აქტიურ მუშაობს ამ დრომდე აგრძელებს. კორონავირუსის გამოჩენიდან უკვე 1 წელზე მეტი გავიდა და ეს მათ საქმეს კიდევ უფრო ართულებს – პოტენციური, ხელჩასაჭიდი კვალი უკვე წაშლილია. თუმცა, პირველი ხმამაღალი განცხადება უკვე გაკეთებულია: დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ვუხანის ვირუსოლოგიურ ინსტიტუტს კორონავირუსის პანდემიასთან კავშირი არ აქვს. ეს არსებულ სურათს დრამატულად მაინც არ ცვლის – დასავლურ აკადემიაში ამ საკითხს სერიოზულად არც არავინ განიხილავდა.
ვუხანის ვირუსოლოგიურ ინსტიტუტთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად, გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია, რისკენაც აშშ-ს მთავრობას ჟურნალისტთა კოლეგიამ მოუწოდა კიდეც. ისინი დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვენ. ერთი რამ ცხადია: პანდემიის დასაწყისის კვლევას შეიძლება წლები დასჭირდეს და ამის მიუხედავად, კორონავირუსის პირველი დღეები, შეიძლება, სამუდამოდ გამოცანად დარჩეს.