ციურიხის საოპერო თეატრში ჯუზეპე ვერდის „სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერა გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ პარტიას ქართველი ტენორი – ოთარ ჯორჯიკია ასრულებს.
ციურიხის ცნობილ საოპერო თეატრში პრემიერები, როგორც წესი, გადაჭედილ დარბაზში, დახლოებით 1100 მაყურებლისთვის იმართება. დეკემბრის დასაწყისში, ჯუზეპე ვერდის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერაზე, პანდემიით გამოწვეული მკაცრი შეზღუდვების გამო, მხოლოდ 60 მაყურებელი დაუშვეს. ამდენად, სპექტაკლზე მოხვედრილ მელომანებს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით გაუმართლათ.
ARTE TV-ის პირდაპირი ტრანსლაციის წყალობით, ოპერის მოყვარულებს მაინც შეეძლოთ ამ სპექტაკლის ტელეეკრანზე ნახვა. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ანრეას ჰომოკის დადგმაში გაბრიელე ადორნოს პარტიას ქართველი ტენორი, ოთარ ჯორჯიკია ასრულებს.
გერმანული გამოცემა Das Opernmagazin სპექტაკლისადმი მიძღვნილ რეცენზიაში აღნიშნავს: „ქართველი ტენორი და ციურიხის საერთაშორისო საოპერო სტუდიის ყოფილი წევრი, ოთარ ჯორჯიკია ციურიხის საოპერო სცენას კარგად იცნობს. აქ უკვე იმღერა რამდენიმე ცნობილი პარტია და აი, კიდევ ერთი ნამუშევარი – გაბრიელე ადორნო „სიმონ ბოკანეგრაში“. მან ამ სპექტაკლშიც შეძლო მაყურებლის დარწმუნება: ძლიერი, ემოციური და შესაფერისი ხმით, რომელიც ოპერის მოყვარულებს კარგად დაამახსოვრდებათ“.
როგორც წესი, რეჟისორები და მათ შორის ანდრეას ჰომოკიც, ჯუზეპე ვერდის ამ ოპერის დადგმისას მეორე, გვიანდელ ვერსიას ირჩევენ, რომლის პრემიერა მილანის „ლა სკალაში“ – 1881 წლის მარტში გაიმართა. ლიბრეტოს ავტორია ფრანჩესკო მარია პიავე, ანტონიო გარსია გუტიერესის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
„სიმონ ბოკანეგრა“ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პირქუში, მძიმე და გამორჩეული პოლიტიკური შინაარსის ოპერაა ვერდის შემოქმედებაში. გენუის რესპუბლიკის დოჟის, სიმონ ბოკანეგრას პირადი ტრაგედია პოლიტიკური ინტრიგებისა და შეურიგებლობის ფონზე, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფონს ქმნის. ამდენად, თითქოს მეორე პლანზე რჩება მისი ქალიშვილის, მარიასა და ახალგაზრდა ვენეციელის, გაბრილე ადორნოს სასიყვარულო ისტორია.
როგორც წესი, რეჟისორების კონცეფცია უფრო უკავშირდება მთავარი პოლიტიკური მეტოქეების – სიმონ ბოკანეგრასა და იაკოპო ფიესკოს შეურიგებელ დაპირისპირებას. ამდენად თითქმის ყველა დადგმაში აქცენტირებულია ვარსკვლავური დუეტი თუ დუელი ბარიტონსა და ბანს შორის.
ანდრეას ჰომოკის დადგმაშიც სწორედ ორი მთავარი გმირია: ევროპაში ცნობილი გერმანელი ბარიტონი კრისტიან გერჰაჰერი, რომელიც სიმონ ბოკანეგრას პარტიას ასრულებს და კრისტოფერ ფიშესერის (ბანი), რომლის წარმატებული დებიუტის შესახებ იაკოპო ფიესკოს პარტიაში, ასევე აღნიშნულია Opernmagazin-ის რეცენზიაში. რაც ოპერის მოყვარულებს შთამბეჭდავ იმედებს უსახავს მომავალშიც… ცხადია, ციურიხის ოპერაში მიღწეული წარმატების გათვალისწინებით.
პირველად ციურიხის საოპერო თეატრში მაყურებელმა იხილა ამერიკელი სოპრანო ჯენიფერ როული, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მარია-ამელიას პარტიას. ასევე მნიშვნელოვანი დებიუტი ჰქონდა ამერიკული წარმოშობის ახალგაზრდა გერმანელ ბას-ბარიტონს, ნიკოლას ბრაუნლის (ის პაოლო ალბიანის საკმაოდ რთულ პარტიას ასრულებს), რომელსაც კრიტიკოსები მომავალში წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ანდრეას ჰომოკის დადგმაში მოქმედება გადატანილია მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ხოლო მხატვარი და დიზაინერი კრისტიან შმიდტი მბრუნავი სცენითა და შთამბეჭდავი განათებით ნაირგვარი ტრანსფორმაციისა და აღქმის საშუალებას იძლევა. სასახლის სცენებში იშვიათადაა გამოყენებული რეკვიზიტები და ცარიელი ოთახები თუ თეთრი კარებები რაღაცით ედვარდ ჰოპერის ფერწერულ ნამუშევრებს მოგაგონებთ…
ვიტყოდი, ეს უფრო უცნაური, კამერული და კონცეფტუალური დადგმაა, რომელიც გერმანულ ფსიქოლოგიურ დრამას უფრო ჰგავს. გუნდი მუდმივად სცენის მიღმა მღერის და ფაქტობრვად, მოქმედების გარეშეა დარჩენილი. რაც ოპერას აშკარა უკარგავს ეპიკურობასა და პოლიტიკურ კონტექსტს. მით უმეტეს, დოჟებისა და პატრიცების დაპირისპირების სცენაში, რომელიც ოპერის მიხედვით, ვენეციის პარლამეტში ხდება. გამუდმებით მბრუნავი სცენა და ოთახები კი ცოტა თავბრუსხვევის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ პანდემიის გამო გუნდის დაშვება სცენზე რეალურად შეუძლებელი იყო.
ასეა თუ ისე, „სიმონ ბოკანეგრას“ წარმატებულ პრემიერაში საკმაო წვლილი შეიტანა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ, რომელიც უკვე კარგა ხანია ევროპის ცნობილ საოპერო სცენებს იპყრობს. ხოლო ამას წინათ, შორეულ ავსტრალიაში, სიდნეის ცნობილ საოპერო სცენაზე, ვერდის „ტრავიატაში“ ჟორჟ ჟერმონის პარტია შეასრულა.