სატელევიზიო არხმა ARTE-მ, კულტურა და პოლიტიკა კირილ სერებრენნიკოვის მიერ დისტანციურად დადგმული ვაგნერის ოპერით გამიჯნა.
2021 წლის 18 აპრილს ARTE-ზე დისიდენტი რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის მიერ დადგმული რიჰარდ ვაგნერის ოპერის – „პარსიფალის“ სატელევიზიო პრემიერა გაიმართა. ვენის სახელმწიფო ოპერამ რეჟისორს დადგმა დისტანციურად შესთავაზა, რადგან მას აკრძალული აქვს რუსეთის ტერიტორიის დატოვება. სადირიჟირო პულტთან ფრანგი დირიჟორი, ფილიპ ჟორდანი იდგა.
აღსანიშნავია, რომ მთავარ პარტიებს მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები მღეროდნენ: პარსიფალს – ალბათ, დღეისათვის ყველაზე ძლიერი და მჟღერი დრამატული ტენორი, იონას კაუფმანი, კუნდრის – არანაკლებ ცნობილი მეცოსოპრანო, ელინა გარანჩა, ხოლო ამფორტასის პარტიას ფრანგი ბარიტონი, ლუდოვიკ ტეზიე. პანდემიის გამო „პარსიფალი“ 11 აპრილს, ვენის სახელმწიფო ოპერაში აუდიტორიის გარეშე ჩაიწერა.
თეატრალებმა და არამხოლოდ მათ, იციან, რომ კირილ სერებრენნიკოვის დაკავება და შემდეგში მისი შინაპატიმრობა 2018-2019 წლებში, ლამის საერთაშორისო დონის პოლიტიკურ საკითხად იქცა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ სერებრენნკოვი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა, რეპეტიციების ჩატარება მხოლოდ ონლაინ ან ვიდეოს გამოყენებით უწევს. სწორედ ასე ატარებდა ის „პარსიფალის“ რეპეტიციებსაც, პირდაპირ საკუთარი მოსკოვის ბინიდან. „არტეს“ ევროპული საოპერო სეზონის ფარგლებში (ARTE Opera Season), მაყურებელმა მართლაც უმაღლესი დონის თანამედროვე თეატრალური დადგმა იხილა, რასაც გერმანული და ავსტრიული პრესაც ადასტურებს. ამ დადგმაში სერებრენნიკოვი მხატვრად, სცენოგრაფად და კოსტიუმების ავტორადაც მოგვევლინა.
ვაგნერის ბოლო ოპერა (1882) მოგვითხრობს გრაალის მცველებისა და რაინდების შესახებ. „პარსიფალი“ ვაგნერის ოპერებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რომელიც ბაიროითის ფესტივალებზე დღემდე რეგულარულად სრულდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი 1951 წელს, კომპოზიტორის შვილიშვილის, ვილანდ ვაგნერის რეჟისორობითაც დაიდგა. პირველად, ომის შემდგომ ფესტივალზე მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო გრაალის დარბაზისა და კლინგზორის ბაღის დეკორაციების შესახებ, რომელთა გამოსახვისთვისაც მინიმალური დეკორაცია და განათების ეფექტები გამოიყენა. თუმცა ამბობენ, მისი გადაწყვეტილება ცნობილი შვეიცარიელი მხატვრისა და სცენოგრაფის, ადოლფ აპიას ძლიერ გავლენას უკავშირდებოდა…
ვენის ოპერის დადგმაში მოქმედება გათანამედროვებულია და მთხრობელის თანდასწრებით ხდება. რეჟისორი „გრაალის საზოგადოების“ მამაკაცურ სამყაროს ბუნებრივად აკავშირებს ციხეებისა და საპატიმროების მკაცრ იერარქიასთან, ასევე ძალადობის თემასთან, რაც ცხადია, პირადი გამოცდილების ანარეკლია. თუმცა ოპერაში იკითხება რელიგიური უმცირესობების თემაც, როგორ ტოვებენ იმედგაცრუებული ადამიანები გრაალის საზოგადოებას. თავად პარსიფალი წინააღმდეგია ინიციაციის რიტუალისა, რომელშიც ძალადობა და ექსტაზი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
კუნდრი დადგმაში ერთადერთი ქალია, რომელსაც ამ ჰერმეტულ, ძალადობრივ და მამაკაცურ სამყაროში სინათლე და პოეზია შემოაქვს. როგორც აღვნიშნეთ, სერებრენნიკოვს სცენაზე შემოჰყავს მთხრობელი (შესაძლოა ესაა ჟურნალისტიც), რომელსაც ძალადობისა და ზოგადად, ციხის სტრუქტურისადმი ინტერესი ამოძრავებს. ის საპატიმრო ზონაშიც მუშაობს და პატიმართა ამბოხის თანამონაწილეც ხდება. პრესა ასევე აღნიშნავს ვენის საოპერო სცენაზე ახალგაზრდა მომღერლების დებიუტსაც: გეორგ სეპენფელდი (ბანი) გურნემანცის პარტიას მღერის, ხოლო ვოლფგანგ კოხი (ბას-ბარიტონი) – კლინგზორს.
სერებრენნიკოვის თანამედროვე და გარკვეულწილად, სასტიკი დადგმის მიღმა სიკვდილის, დასასრულისა და ზოგადად, ეგზისტენციის ქვეტექსტებიც იკითხება; თუმცა ეს ვაგნერის ოპერის მთავარი მოტივები სულაც არ არის. „მუსიკა, როგორც რელიგია ხელოვნებაში“, ვაგნერს სრული სერიოზულობით სჯეროდა, თუმცა დღეს მისი ოპერები რადიკალურად და განსხვავებული ინტერპეტაციით იკითხება და აღიქმება. კირილ სერებრენნიკოვის დადგმაც ვენის ოპერაში სწორედ ამის დასტურია.