„ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი“, – ეს საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებია, რომლებიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. თეა წულუკიანი საუბრობს ხელოვნების მუზეუმიდან „დაკარგული“ და ეროვნული გალერეიდან საელჩოებში გატანილი ფერწერული ნამუშევრების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, უკან არ დაბრუნებულა.
კულტურის მინისტრი სატელევიზიო ეთერებში ბრალდებებს ბრალდებებზე აჟღერებდა – „დაიკარგა“, „გამოიშიგნა“, „არ ჩაუტარებიათ ინვენტარიზაცია-აღწერა“ და ა.შ. რა ხდება სინამდვილეში – აქვს თუ არა მინისტრის ამ ხმამაღალ განცხადებებს საფუძველი? ბრალის დადებისას რატომ არ ასახელებს მინისტრი კონკრეტულ თარიღებს, კონკრეტულ ნამუშევრებს? და რა კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს?
სამუზეუმო საქმიანობა, ექსპონატებთან ურთიერთობა რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც ღრმა, კვალიფიციურ, პროფესიონალურ ცოდნასა და ასევე ფიზიკურ სამუშაოებსაც გულისხმობს. მუზეუმში დასაქმებულ ადამიანს, რომელსაც ფონდებში დაცულ ექსპონატებთან უწევს მუშაობა, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, რადგან ხშირად საქმე ეხება ძველ ექსპონატებს და მათთან მუშაობისას თანამშრომლებს უწევთ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებასთან შეხება. სწორედ ამიტომ ფონდის კურატორს, თუ სხვას, ფონდში დასაქმებულ ადამიანს ფონდებსა და საცავებში დროის შეზღუდულად გატარება უწევს.
ეს პროცესები, ფონდებში დაცული ექსპონატების აღწერა/შეჯერება კი საქართველოს მუზეუმებში, მათ შორის ხელოვნების მუზეუმში წლების წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება ჩამოყალიბდა. თავიდან მუზეუმების ფონდებში უფრო რთული და მძიმე პირობები იყო, რადგან შენობები საჭიროებდა რემონტს.
ფონდის კურატორი აწარმოებს შემდეგ საქმიანობებს – ფონდში დაცული ექსპონატების მოვლა-პატრონობა, მართვა, პოპულარიზაცია, გამოფენების მომზადება, ექსპონატების შესწავლა, დაზიანებული ექსპონატების გამოვლენა და რესტავრატორების საქმის კურსში ჩაყენება, რესტავრატორებთან ერთად გეგმიური სარესტავრაციო სამუშაოების განსაზღვრა, სამეცნიერო კვლევა და პუბლიკაციების მომზადება, დარგის მეცნიერებთან ურთიერთობა – საკვლევი მასალის შერჩევა-მიწოდება, ფოტომასალით და დოკუმენტური ცნობებით უზრუნველყოფა, ფონდში დაცული ექსპონატების აღწერა-ინვენტარიზაცია და შეჯერება.
რა არის შეჯერება?
მაგალითად, შეჯერება – ეს არის პროცესი, როდესაც ხდება ფონდში დაცული ნივთების შედარება ყველა იმ დოკუმენტთან, რომლებიც ასახვას მუზეუმში ამ კონკრეტული ექსპონატის შემოსვლის ფაქტს, მისთვის შემოსულობათა თუ საინვენტარო ნომრის მინიჭებას და მათ გატარებას შესაბამის სამუზეუმო წიგნებში (შემოსულობათა და დარგობრივი საინვენტარო დავთრები), რათა დადგინდეს, რომ ფონდში არსებობს ყველა ის ნივთი, რომლებიც მუზეუმში შემოვიდა. ასევე ესაა პროცესი, რომლის დროსაც შეისწავლიან ყველა იმ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ ექსპონატთანაა დაკავშირებული, რაც მძიმე, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ფონდებში ათასობით, ასიათასობით და მილიონობით ექსპონატია დაცული.
რა პროცესს გადის ექსპონატი, რომელიც მუზეუმში შედის?
მუზეუმში შემოსული ნივთი თავდაპირველად ფიქსირდება შემოსულობათა წიგნში, შემდეგ მას შესაბამის ფონდში აგზავნიან. მაგალითად, ქართულ ფერწერას – ქართული ფერწერის ფონდში, ქართულ გრაფიკას – ქართული გრაფიკის ფონდში, რელიეფს – ქვის ფონდში, ხატს – ხატების ფონდში ა.შ. თითოეულ ფონდს აქვს თავისი საინვენტარიზაციო წიგნი, ანუ აღწერილობათა წიგნი, სადაც ხდება ნივთის შესახებ არსებული ინფორმაციის ჩაწერა და შესაბამისი კოდის მინიჭება.
საქართველოს მუზეუმების ისტორია 1852 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში პირველი კავკასიის მუზეუმი დაარსდა. მუზეუმი თანდათან გაფართოვდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა ექსპონატების დაცვა-აღრიცხვის ერთიანი სისტემა. შესაბამისად, მუზეუმში დასაქმებული ადამიანები და ფონდის კურატორები თავიანთი ძალებით, ინდივიდუალურად ცდილობდნენ ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვას, მართვასა და შენარჩუნებას.
საბჭოთა პერიოდში აპრობირებული პრაქტიკა იყო, რომ ექსპონატების ნაწილი დროებით ან მუდმივად რეგიონულ მუზეუმებს გადაეცემოდა. ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ და მსგავს შემთხვევებში ჩანაწერები ხშირად ხელით კეთდებოდა.
90-იან წლებში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა იყო და ამასთან ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაშინდელი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების ნაწილი სახელმწიფომ შეისყიდა. სურათების გალერეაში შენახვის საკმაოდ მძიმე პირობები იყო და ადგილიც არ იყო საკმარისი ამ ექსპონატების შესაბამისად შესანახად. ამ მიზეზის გამო და ასევე თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზიციის მიზნით, ისინი დროებით საქართველოს საელჩოებში გაიტანეს საგამოფენოდ.
2005 წლიდან შეიქმნა ეროვნული მუზეუმების გაერთიანება. გაერთიანებაში შევიდა რამდენიმე, ქვეყნის მთავარი მუზეუმი, მათ შორის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და ეროვნული გალერეა. დაიწყო მუზეუმებში თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების დანერგვა. ფონდების კურატორებს წინ მძიმე, ხანგრძლივი, და დაუსრულებელი სამუშაო ელოდათ.
ერთი მხრივ, მათ უნდა დაეცვათ ექსპონატები, ემუშავათ გამოფენებზე და მეორე მხრივ, უნდა დაწყებულიყო შეჯერების პროცესი, ანუ 1800-იანი წლებიდან დაწყებული ყველა ნივთის შესახებ უნდა მოეპოვებინათ სრული ინფორმაცია. უნდა მოეძიებინათ, სად რა ექსპონატი იყო გასული, ან დაბრუნებული, რომელს არ ჰქონდა პასპორტი/საინვენტარო ნომერი და ა.შ. რის გამოც თანამშრომლებს უწევდათ ძველ, საუკუნოვან წიგნებთან და ჩანაწერებთან მუშაობა, მათი გაშიფრვა, წაშლილი ჩანაწერების აღდგენა, ერთმანეთთან შედარება და ა.შ.
იმისთვის, რომ გაგვეგო, ზუსტად რა პროცესებს მართავს კურატორი, რა სირთულეების გადალახვა უწევს მას და რატომ მიიჩნევენ მუზეუმებში დასაქმებული ადამიანები, ფონდების მცველები, კურატორები მინისტრის ბრალდებებს უსამართლოდ და აღიქვამენ მტკივნეულად – ვესაუბრეთ წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ ნინო ხუნდაძეს. მან დეტალურად აღწერა პროცესი და უპასუხა ბრალდებებს.
რა დაიკარგა და რა დაბრუნდა?
ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში 2015 წლიდან ფერწერის ფონდის კურატორი იყო. თუმცა ის მანამდეც მუშაობდა მუზეუმში და ახსოვს, როგორ დაიწყო შეჯერებისა და აღრიცხვის პროცესი, ნამუშევრების გაციფრულება და ელექტრონული სიების გაკეთება.
„ხელოვნების მუზეუმის ქართული ფერწერის ფონდი დღეს 9 დარბაზშია განთავსებული. ეს ექსპონატები 2006 წლამდე განთავსებული იყო მხოლოდ 2 ოთახში. წარმოიდგინეთ, როგორი სივიწროვე იყო, შეუძლებელი იყო ექსპონატის სრულად დათვალიერება. მახსოვს, ძალიან გამოცდილი პროფესიონალი და დიდი ხნის განმავლობაში მუზეუმში მომუშავე კურატორები ამბობდნენ, რომ ბედნიერება იყო, რაღაც ექსპონატები პირველად ნახეს, მაგ; დავით კაკაბაძის ერთ-ერთი ნამუშევარი. იმიტომ კი არა, რომ ძველი კურატორები თავიანთ საქმეს კარგად ვერ ასრულებდნენ, უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ სივიწროვის გამო ექსპონატების დათვალიერება და სრულყოფილი შეჯერება“, – გვითხრა ხუნდაძემ.
როგორც ნინო ხუნდაძე გვიხსნის, როდესაც ექსპონატი საგამოფენოდ გადის, მასზე დგება მიღება-ჩაბარების აქტი. სწორედ ამგვარი აქტებით დგინდება, წარსულში რომელი რეგიონული მუზეუმისთვის, თუ კულტურის სახლისთვის იყო გადაცემული ესა თუ ის ექსპონატი სამუდამოდ.
„მაგალითად, 1950-იან წლებში ერთ-ერთ რეგიონულ კულტურის სახლს ერთდროულად 87 ექსპონატი გადაეცა. ამ დოკუმენტს თან არ ახლავს სია, ამიტომ შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რომელი 87 ექსპონატი გადაეცა სამუდამოდ ამ დოკუმენტის მიხედვით. ამას ჭირდება ყველა ჩანაწერის გადახედვა და დადგენა ამ წელს რომელი ექსპონატები გავიდა მუზეუმიდან და შემდგომ უნდა შედგეს გადაცემული ექსპონატებვის სავარაუდო სია. ამ დროს ყველაფერი ხელით იწერებოდა, დრო ჭირდება ამ ჩანაწერების წაკითხვას, მათ შედარებას საინვენტარო წიგნებთან. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ძველ კურატორებს, შეიძლებოდა, გამორჩენოდათ საინვენტარო წიგნში შეეტანათ შენიშვნა, რომ ესა-თუ ის ექსპონატი მაგ. სამუდამოდ გადაეცა რომელიმე რეგიონალურ მუზეუმს. ესეც გზადაგზა არის გასასწორებელი. ყველაფერს კი ართულებდა ამ წლების განმავლობაში ის, რომ კოლექციის სრულყოფილი შეჯერება ფონდში 2006 წლამდე არ ჩატარებულა ანუ ფონდი შეჯერების საფუძველზე არც ერთ კურატორს არ ჩაუბარებია. შესაბამისად, უკვე ახალ კურატორს შეჯერების პროცესში მთელი ამ დოკუმენტაციის შესწავლა და დანაკლისების სიზუსტით დადგენა მოუწია.
ეს არის ურთულესი დოკუმენტაცია, ძველი, ხელით ნაწერი, ხან მელნის ქაღალდით, ე.წ. კაპიროვკით გაკეთებული ასლები, რომელთა გარჩევა ძალიან რთულია. ეს სამუშაო ძალიან შრომატევადია და როდესაც ერთი კურატორია ფონდში, მას შეჯერების პროცესში კი ეხმარებიან რესტავრატორები, ტექნიკური პერსონალი და ა.შ., თუმცა ამ დოკუმენტაციასთან უშუალოდ მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს. ამიტომ დროში ძალიან ხანგრძლივდება ამ ყველაფრის კეთება“, – განმარტავს ხუნდაძე.
როგორც ფერწერის ფონდის ყოფილი კურატორი გვიხსნის, ფონდში მუშაობა მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, რადგან ხელოვნების მუზეუმის ფონდებში მკაცრი პირობები იყო. ამასთან ერთად, მისი თქმით, შეუძლებელია ექსპონატის ფონდიდან გამოტანა და ისე მუშაობა.
ხუნდაძის განმარტებით, ერთჯერადი აღწერა, რა დევს ადგილზე, რა დევს თაროებზე – ეს არ არის საკმარისი სრული სურათის შესაქმნელად. იმისთვის, რომ სრული სურათი დაიდოს, საჭიროა შემოსულობათა წიგნის ჩანაწერებთან შედარება, საინვენტარო წიგნის ჩანაწერებთან და ათწლეულების წინ შექმნილ დოკუმენტებთან მუშაობა. ექსპონატის ირგვლივ ყველა გარემოების შესწავლა და ყველა ინფორმაციის ერთად თავმოყრა. მისი თქმით, შესაძლებელია, ზოგიერთ ექსპონატთან მიმართებით ძალიან სწრაფად წავიდეს პროცესი, ზოგიერთთან კი – გართულდეს.
როგორც ხუნდაძე იხსენებს, შეჯერების პროცესზე დაყრდნობით დანაკლისების გამოვლენა 2009 წლიდან დაიწყო და მუზეუმის გუნდმა გამოვლენისთანავე დაიწყო მუშაობა ექსპონატების დაბრუნებაზე, რაც წლების განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა.
„ჩემს ფონდში ფერწერის 4 200-ზე მეტი ექსპონატია. არის ნაწილი ექსპონატებისა, რომლებზეც გვაქვს დოკუმენტაცია, რომ, მაგალითად, მხატვრებმა წაიღეს, 60-იან წლებში, 70-იან წლებში, თავიანთ პერსონალურ გამოფენებზე და არის შემთხვევები, რომ უკან აღარ დააბრუნეს. როდესაც მოვიძიეთ და დავადგინეთ, რომ ეს ექსპონატები საინვენტარო წიგნში გატარებულია, ოღონდ ადგილზე არ დევს, მერე მოვიძიეთ უკვე მიღება-ჩაბარების დოკუმენტები – სად წავიდა და ვინ წაიღო. გვქონდა მოლაპარაკება მხატვრებთან. იყო შემთხვევები, როცა მხატვრები უკვე გარდაცვლილი იყვნენ, ოჯახს კი არ ჰქონდა ინფორმაცია ფერწერული ტილოს შესახებ. იყო შემთხვევა, რომ მხატვარი იყო ცოცხალი, თუმცა სურათები, რომლებიც ჩვენი მუზეუმის კუთვნილება იყო, 80-იან წლებში გამოფენიდან გაიყიდა“, – ამბობს ის.
ნინო ხუნდაძის თქმით, შეჯერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ასევე გამოვლინდა, რომ ექსპონატების ნაწილი საბჭოთა პერიოდში მოსე თოიძისა და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმებში გავიდა. ასევე, ელენე ახვლედიანის ერთ-ერთი ნამუშევარი დროებით გადაცემული იყო კახეთში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმისთვის, რომელიც უკან დაბრუნდა. მისივე თქმით, 1991-1992 წლებში, როცა თბილისში ომი იყო, დაიწვა მხატვრის სახლი და ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა განადგურდა.
ნინო ხუნდაძის განმარტებით, მისი კურატორობის ქვეშ არსებულ ფერწერის ფონდში 2012 წლისთვის 25 ექსპონატის შესახებ ვერ მოიძებნა დოკუმენტაცია და ვერ დადგინდა, სად იყო ნამუშევრები.
„შემდეგ ხანებში გზადაგზა ჩვენ 25 ექსპონატიდან 7-ის დოკუმენტები აღმოვაჩინეთ. დადგინდა, რომ ისინი სამუდამოდ გადაცემული გახლავთ სხვადასხვა რეგიონული მუზეუმისთვის. ერთ-ერთი არის ელენე ახვლედიანის სურათი. ის 2000 წელს გადაეცა ზუგდიდის მუზეუმს. ეს ის სურათია, რომელზეც აპელირებს მინისტრი. ასევე აღმოვაჩინეთ გორგაძის „რუსთავი“, რომელიც 1960 წლისთვის გაიცა და ა.შ“, – თქვა მან.
ნინო ხუნდაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია დარჩენილი 18 ექსპონატის ბედი, თუმცა შესაძლებელია, რომ მათი მდებარეობაც დადგინდეს, რასაც დრო და მუშაობა სჭირდება.
მისი თქმით, ამ 18-ს შორის არის გიგო გაბაშვილის 2 მცირე ზომის ნამუშევარი და ერთი მე-19 საუკუნის ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუში, ასევე გიგო ზაზიაშვილის მიერ შექმნილი ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტი და ა. შ. არ არის გამორიცხული ეს სურატებიც რეგიონალური მუზეუმებისთვის იყოს თავის დროზე გადაცემული.
„ყველა მათგანი არის ექსპონატი და არის მუზეუმის საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება. რასაკვირველია, არ უნდა იყოს გაურკვევლობა – სად არის, რატომ დაიკარგა, ამაზე ინფორმაცია უნდა იყოს, მაგრამ დანარჩენი ექსპონატები ისეთებია, რომლებიც შეიძლებოდა მთავარ მუზეუმს პერიფერიული მუზეუმისთვის გადაეცა და გაცემის დროს დოკუმენტაცია ან ვერ შედგა შესაბამისად ან უბრალოდ დოკუმენტს ვერ მოვაგენით ჯერ-ჯერობით.
არიან მხატვრები, რომელთა ხელოვნებაც აღიარებულია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად, ისეთი, როგორიც არის ფიროსმანი. ფიროსმანის ნამუშევრებს ძეგლის სტატუსი აქვს. ასეთი ძეგლის სტატუსის მქონე ნამუშევარი ამ 18 ექსპონატს შორის არ შედის და ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლებელია ისინი რეგიონული მუზეუმებისთვის იყოს გადაცემული“, – ამბობს ის.
საელჩოებში ნამუშევრების გამოფენა აპრობირებული პრაქტიკაა
ის ასევე საუბრობს საელჩოებში გასულ ფერწერულ ტილოებზე, რომლებზეც კულტურის მინისტრმა არაერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საელჩოებში ფერწერული ტილოები ეროვნული გალერეიდან 1992 წლიდან 2005 წლამდე, ეროვნული მუზეუმის ჩამოყალიბებამდე გავიდა. მისი თქმით, საელჩოებსა და სხვა საჯარო, სახელმწიფო უწყებებში ნამუშევრების გამოფენა არის აპრობირებული პრაქტიკა და ამაში უცხო და ახალი არაფერია.
„მისი თქმით, ეროვნულ გალერეაში შეჯერების პროცესი 2011-2012 წლებისთვის დასრულდა და დაიწყო მოლაპარაკებები, რომ ნამუშევრები უკან დაგვებრუნებინა. ამ დიდი და მრავალწლიანი მუშაობის შედეგად 552 ექსპონატი მუზეუმში დაბრუნდა – საელჩოებიდან თუ მხატვრების ოჯახებიდან“, – თქვა მან.
ხუნდაძის თქმით, საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ ნამუშევრებში არ არის ისეთი მაღალი რანგის მხატვრების სურათები, როგორებიც არიან, ფიროსმანი, გუდიაშვილი, ახვლედიანი და ა.შ. საუბარია, ძირითადად, თანამედროვე პერიოდის მხატვრების ფერწერულ ტილოებზე.
ის ასევე ხსნის იმ გარემოებასაც, თუ რატომ მიჰქონდა მხატვარს თავისივე ნამუშევარი მუზეუმიდან უკან, სახელოსნოში. ამის მიზეზი ძირითადად გალერეაში 2005 წლამდე არსებული შენახვის მძიმე პირობები იყო.
„როდესაც გალერეის შენობა გარემონტდა, მხატვრების ნაწილში რაღაცნაირად ნდობა აღდგა, და ნამუშევრები დააბრუნეს, თუმცა ბოლომდე დაბრუნებული არ არის. მუზეუმს ამ ხალხთან სამართლებრივი დავა არ წამოუწყია, იმიტომ, რომ შემოქმედი ხალხია. სამშობლოს წინაშე ამ ხალხს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს და არ დაგვიწყია სამართლის ენით ლაპარაკი. ვუკავშირდებოდით და ვცდილობდით, მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ეს საკითხები, რაც ხშირად წარმატებით სრულდებოდა.
ძალიან უხერხული არის ამ ციფრებით აპელირება, ხან ერთი ციფრი სახელდება მუზეუმიდან გასული ნივთების, ხან მეორე – რადგან ეს პროცესი არ არის დასრულებული და ბოლომდე არ არის დადგენილი დანაკლისი თუ გაცემული და უკან არ დაბრუნებული ექსპონატების ზუსტი რაოდენობა“, – თქვა მან.
მისი თქმით, თუ რომელიმე გამოფენაზე მხატვარმა მუზეუმიდან წაიღო თავისივე ნამუშევარი და იქ გაყიდა, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა რომელიმე ფონდის კურატორს ან მუზეუმს უნდა დაეკისროს, რადგან ამ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში გამოფენისთვის გადის ნამუშევარი, ქვეყნებს შორის იდება ხელშეკრულება, რაზეც პასუხისმგებელია კულტურის სამინისტრო. მუზეუმი არ არის ცალკე, დამოუკიდებელი ორგანიზმი, ის ყოველთვის იყო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„როდესაც ისმის ბრალდებები, რომ საზღვარგარეთ გამოფენაზე წავიდა და იქიდან დაბრუნდა ასლი, ან იქიდან არ დაბრუნებულა, ეს ადამიანები არამარტო სამუზეუმო საქმეში, არამედ იმაშიც კი ვერ ერკვევიან, რომ ეს არ არის მხოლოდ მუზეუმის და ან მხოლოდ ერთი კურატორის გადაწყვეტილება. ამაში ჩართულია უზარმაზარი გუნდი, არამარტო საქართველოდან, არამედ იმ ქვეყნიდანაც, სადაც მიდის გამოფენა“, – თქვა ნინო ხუნდაძემ.
ნინო ხუნდაძე მინისტრის ბრალდებებს უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მიუღებელია. მისი თქმით, ახლანდელი სამინისტროსგან განსხვავებით, ისინი წლების განმავლობაში არ იყვნენ დაკავებული პიარკამპანიით და არ აკეთებდნენ აფიშირებას, თუ რომელიმე ნივთი მუზეუმს დაუბრუნდებოდა.
ის მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი სამუზეუმო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია და ამაში აღსანიშნავი და განსაკუთრებული არაფერია. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა მუზეუმი მსგავს სამუშაოებს ყოველდღიურად ატარებს და ასეთია მუზეუმის მუშაობის სპეციფიკა.