და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.
გამოსვლა 7.20
ძველი აღთქმის სისხლით მუქარის პერფორმანსი
ძველ აღთქმაში მოსე ეუბნება აარონს, რომ ჩემი ღმერთი ეგვიპტეში ყველა წყალს სისხლად აქცევს, ჩემს ხალხს თუ არ გაუშვებ. ამ სიტყვებს ამბობს საჯაროდ დილით მდინარის პირას გამოსული ეგვიპტის ფარაონის მიმართ ისე, რომ მუქარის სანახაობად გადაქცევის მონაწილე თავად ფარაონი ხდება – იგი თავის კვერთხს შეახებს ნილოსის წყალს, წყალი იქცევა სისხლად და ეგვიპტეში ყველა ტბასა და მდინარეში, ყველა ხესა და ქვაში სისხლი ჩადგება.
ეს არის სისხლით მუქარის ყველაზე ძველი თუ არა, ყველაზე გავლენიანი პერფორმანსი. სისხლით მუქარა დასავლურ ცივილიზაციას კოლექტიურ მეხსიერებაში აქვს გამჯდარი, როგორც ფოლკლორულ ლექსებში, თქმულებებსა თუ რელიგიურ იგავებში ჩაბეჭდილი კოგნიტიური მეტაფორა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ომს არაერთ ქვეყანაში აპროტესტებენ დაწყებიდან დღემდე. უკრაინის ომს მიეძღვნა მრავალი საჯარო მანიფესტაცია და პერფორმანსი, რომლებიც საზოგადოებასა და მთავრობებს აჩვენებდა ხალხის პოზიციას, აფიქსირებდა ომის შეწყვეტის მოთხოვნას ან არაერთ კონკრეტულ მოწოდებას სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართ.
ომის პერფორმანსის მეტაფორული სისტემა
უკრაინის მხარდასაჭერ ომის პერფორმანსებს შორის არაერთი პერფორმანსი იყო მხატვრული ღირებულებისა და გავლენის მქონე. რა მხატვრული ხერხებით „გველაპარაკება“ ომის პერფორმანსი? რა არის მეტაფორები, რომელთაც ომის პერფორმანსი იყენებს?
ამერიკელი ფილოსოფოსი და კოგნიტიური ლინგვისტიკის სპეციალისტი ჯორჯ ლაკოფი 1991 სტატიაში „მეტაფორა და ომი: მეტაფორული სისტემა სპარსეთის ყურის ომის გასამართლებლად“ წერს, რომ ომის „მეტაფორებს შეუძლიათ მოკვლა“ „Metaphors can kill.“ რადგან მეტაფორების მეშვეობით შესაძლებელია მასობრივად ადამიანების განწყობის მართვა, მასობრივად ადამიანების პოზიციის, შეხედულების ჩამოყალიბება და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, ომისადმი ინდიფერენტულობისა და დეჰუმანიზაციის გავრცელებული მეტაფორაა ომის წარმოჩენა მომგებიან საქმეთწარმოებად, ე.წ. „cost-benefit“ მიმართებად. ამ რიტორიკას ავტორიც ჰყავს, კერძოდ, პრუსიელი გენერალი კარლ ფონ კლაუზერვიტსი. ლაკოფის თქმით, ომის მწარმოებელთა პოზიცია ამ მეტაფორას ხშირად ეყრდნობა, ომის დანაკარგები რაციონალიზებულია, სტატისტიკადაა ქცეული მსხვერპლი და მონაგარი, მაშინ, როდესაც დანაკარგიც და მონაგარიც ხშირად კონკრეტული ინდივიდების სიცოცხლე შეიძლება იყოს.
იმავე სტატიაში ლაკოფი წერს, რომ მეტაფორულ დონეზე ნებისმიერ ომში ნორმაა სახელმწიფოს ლიდერის გაიგივება ქვეყანასთან („The state-as-person system” ). ლაკოფის თქმით, მეტონიმიის ეს შემთხვევები მკვეთრად განსაზღვრავს მხარის არჩევის პოლიტიკას. მათი ფორმირება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის მხარეს ვართ. სპარსეთის ყურის ომის დროს ერაყელებისთვის ეს მეტაფორა ფორმულირდებოდა, როგორც: „ჯორჯ ბუში შეიჭრა ქუვეითში“ (George Bush marched into Kuwait “), ამერიკისთვის კი ფორმულირდებოდა როგორც: „სადამი უნდა გავიყვანოთ ქუვეითიდან (We have to get Saddam out of Kuwait). ეს ორი ერთი და იმავე თანრიგის მეტონიმიაა.
სახელმწიფოს ლიდერის ამგვარ მოხსენიებაზე დაშენებული ნორმაა შემდგომ მისი წარმოჩენა აბსოლუტურ სიკეთედ, თავდამსხმელი ქვეყნის ლიდერის კი – აბსოლუტურ ბოროტებად.
ომის მეტაფორის სწორედ ასეთი თანრიგის პერფორმანსი იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე კვირაში პოლონეთში, ქალაქ პოზნანში შექმნილი მურალი „ზელენსკი – ჰარი პოტერი“, „პუტინი – ვოლდემორტი“. ანონიმმა სტრიტ–არტისტმა Kawu-მ 2022 წლის 8 მარტს გააკეთა და თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა კედლის მხატვრობა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოსახა ჰარი პოტერის სახით, უკრაინის დროშისა და ქალაქ კიევის სოფიის მოედნის ფონზე. ამ გამოსახულებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის შუბლზე აქვს ჰარი პოტერის შრამი „Z“ და აცვია ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში ფილმის პერსონაჟის მსგავსი სამოსი.
Kawu-ს მეორე მურალი, რომელზეც ვლადიმირ პუტინი ვოლდემორტთან არის გაიგივებული, იმავე სერიის ფილმების სცენით არის შთაგონებული და 28 თებერვლით თარიღდება, ზელენსკის მურალთან შედარებით, ამ უკანასკნელს ნაკლები რეზონანსი ჰქონდა როგორც ავტორის სოციალურ მედიაში, ისე საერთაშორისო მედიაში.
მეტაფორა „ზელენსკი არის ჰარი პოტერი“ ავტომატურად ნიშნავს, რომ ბედისწერით განსაზღვრულია, როგორ დასრულდება ვოლდემორტის ძალაუფლება.
პერფორმანსი „სისხლის ტბა“ – მეტაფორის დადგმა
ომის მეტაფორული სისტემით კეთილი–ბოროტის განსაზღვრის შემდგომ ომის პერფორმანსების რაოდენობისა და სიმძაფრის ესკალაცია ქრონოლოგიურად ემთხვევა ბუჩის ტრაგედიის შემდგომ პერიოდს. მთელი მარტის განმავლობაში ბუჩიდან მოსული დოკუმენტირებული ცნობები უწყვეტად გადმოსცემდა მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილის ვიდეო და ფოტომასალას, გაუპატიურების აქტების შესახებ ინფორმაციას.
სწორედ ამ მოვლენებზე რეაქცია იყო „სისხლის ტბის“ პერფორმანსი.
2022 წლის 6 აპრილს ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ ლიეტუველმა არტისტმა, ნერინგა რეკაშუიტემ (Neringa Rekašiūtė ) რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან თვე–ნახევრის თავზე „სისხლის ტბა“ დააყენა.
პერფორმანსის ორგანიზატორებმა ტბის ერთი ნაწილი შეღებეს ეკოლოგიურად სუფთა წითელი საღებავით. ტბაში ჯერ ლიეტუველმა ოლიმპიელმა მოცურავემ, რუტა მეილუტიტემ გაცურა, ხოლო შემდეგ თავად პერფორმანსის მონაწილეები და აქტივისტებიც შევიდნენ „სისხლის ტბაში“. პერფორმანსის ფოტო და ვიდეომასალა გამოქვეყნდა ავტორის სოციალურ მედიაში. ეს პერფორმანსი თითქმის ყველა წამყვანმა ევროპულმა მედიამ გააშუქა.
ნერინგა რეკაშუიტე აცხადებს, რომ: „სისხლიანი ტბა“ მიუთითებს რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე უკრაინელების მიმართ. ლიეტუველი ოლიმპიელის რუტა მეილუტიტეს მიერ ტბის გადაცურვა უწყვეტი ბრძოლის საჭიროების სიმბოლოა.“
„სისხლის ტბა“ არის მეტაფორის განსხეულების თანრიგის პერფორმანსი. „სისხლის ტბის“ იდეის ავტორიც და შემსრულებლებიც ქალები არიან, ისევე, როგორც პერფორმანსში მონაწილე ადამიანების უმეტესობა. ნერინგა რეკაშუიტე არის რამდენიმე ფემინისტური ორგანიზაციისა და პროექტის თანადამფუძნებელი და ავტორი და მისი ფოტოხელოვნების ობიექტებიც ხშირად ქალები არიან. ამ პერფორმანსისთვისაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ოლიმპიელ ქალს გადაეცურა „სისხლის ტბა“.
როცა უკრაინის ომის მსხვერპლი ქალების სისხლზე პასუხს არავინ იძლევა, უფრო სწორად კი მაშინ, როცა 2022 წლის აპრილისთვის ევროპის დიდი სახელმწიფოები და მათი ლიდერები არ გამოხატავდნენ ცხად და მკაცრ პოზიციას უკრაინის ომის შესახებ, ხელოვანმა და აქტივისტმა ქალებმა პირდაპირი მნიშვნელობით სისხლით მუქარის მეტაფორა დადგეს – სისხლის ტბა დააყენეს მტრის სახლის წინ.
„სისხლის ტბის“ პერფორმანსს მოჰყვა არაერთი საპროტესტო პერფორმანსი:
- 11 აპრილს ტალინში, აქტივისტები გერმანიის საელჩოს წინ დაწვნენ. მათი სხეულის პოზები იმეორებდა ბუჩის ქუჩებში დაყრილი მოკლული ადამიანების სხეულების განლაგებას. პროტესტის მონაწილეებს თავზე შავი პოლიეთილენის პარკები ჰქონდათ შემოხვეული, ხოლო ხელები – გაკოჭილი;
- 12 აპრილს ტალინში, უნგრეთის საელჩოს წინ გაიმართა გაზის ნიღბების პერფორმანსი. აქტივისტების მოთხოვნა იყო, უნგრეთსა და სხვა სახელმწიფოებს შეეწყვიტათ რუსეთისგან გაზის შესყიდვა. ანონიმ აქტივისტებს ეკეთათ ნიღბები, რომლებსაც მომწამლავი აირებისგან თავის დასაცავად იყენებენ;
- 13 აპრილის ტალინში, რუსეთის საელჩოს წინ ქალებმა ბუჩაში გაუპატიურებების აქტები სისხლიანი საცვლების პერფორმანსით გააპროტესტეს;
- 18 აპრილს საფრანგეთის საელჩოს წინ, ტალინში აქტივისტებმა სისხლიანი საცვლების პერფორმანსი გამართეს, რადგან 13 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიან; ამ ფრაზის გამო, აქტივისტებმა ჩაიცვეს მაისურები წარწერით „ჩემმა ძმამ მომკლა“ („tué par mon frère“) და „ჩემმა ძმამ გამაუპატიურა“ („violé par mon frère“);
- 20 აპრილს რიგაში, ლატვიაში, რუსეთის საელჩოს წინ გამართეს ქალებმა სისხლიანი საცვლების პერფორმანსი, რომლითაც ბუჩაში გაუპატიურების აქტებს აპროტესტებდნენ;
- 28 მაისს ბერლინში პოლონური ფემინისტური ორგანიზაციის ორგანიზებით, რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა სისხლიანი პერფორმანსი, რომელიც, ასევე, ბუჩაში გაუპატიურების აქტებს აპროტესტებდა.
უკრაინის მხარდასაჭერი პერფორმანსებისა და აქტივიზმის შემთხვევები გვაუწყებს, რომ ომის დროს მუზები არ დუმან. ომის პერფორმანსი არის რეაქციული და მეტაფორული. იგი მიმდინარეობს ომის თანადროულად და წარმოაჩენს სამოქალაქო პოზიციას; ომის პერფორმანსი ანგრევს ძველს და აჩენს ახალ მეტაფორებს; მართავს საზოგადოებრივ განწყობას. ის ხშირად ვიზუალურად შემზარავია. ომის პერფორმანსი არქმევს ომს ომის სახელს და მსხვერპლს – მსხვერპლის; ომის პერფორმანსი არის მშვიდობიანი ძალა ძალადობის წინააღმდეგ.
1 გამოსვლა 7.14-20
2 მათ შორის, ქართულ ფოლკლორშიც იძებნება ანალოგიური მეტაფორა:
„მინდორთ რო სისხლის ტბა ბრუნავს, გადასაგდები სად არი?
შიგა წევს გველი წითელი, თავსა სძრავს, ბოლო სად არი?
ბევრსა ჰკლავს ბევრის სურვილი, მაგრამ გაგება სად არი?”
3http://www2.iath.virginia.edu/sixties/HTML_docs/Texts/Scholarly/Lakoff_Gulf_Metaphor_1.html
4 „It is this metonymy that is invoked when the President says ‘we have to get Saddam out of Kuwait’. Incidentally, the metonymy only applies to those leaders perceived as rulers. Thus, it would be strange for us, but not for the Iraqis, to describe an American invasion of Kuwait by saying, ‘George Bush marched into Kuwait’.“ http://www2.iath.virginia.edu/sixties/HTML_docs/Texts/Scholarly/Lakoff_Gulf_Metaphor_1.html
5 https://www.instagram.com/p/Ca2Sl2ZMnkO/
6 https://www.instagram.com/kawuart/?utm_source=ig_embed&ig_rid=64ebaf63-3602-452b-a946-6a8c5b7701ac
https://www.instagram.com/p/Cah42rfsKt5/
7 https://www.hrw.org/news/2022/04/03/ukraine-apparent-war-crimes-russia-controlled-areas
8 https://www.instagram.com/p/CcAgIMmK_dl/?hl=en&img_index=1
9 Idea and execution: @bertatil , @neringarekasiute , @rutamei , @aura.aurau
Photo & Video: Neringa Rekašiūtė, Berta Tilmantaitė, Mindaugas Drigotas, Andrius Repšys, Karolis Pilypas Liutkevičius, Music: Viktoras Urbaitis
10 “The bloody pond emphasizes Russia’s responsibility for committing war crimes against Ukrainians. Swimming, performed by Lithuanian Olympian Rūta Meilutytė, symbolizes the need for continuous effort to fight through.” – https://www.instagram.com/p/CcAgIMmK_dl/?hl=en&img_index=1
13 on April 13, the French president said: “I would be careful with such terms today because those two nations, Ukrainians and Russians, are brothers.“ https://news.err.ee/1608568123/protesters-again-gather-in-front-of-german-and-french-embassies-in-tallinn