ვუძღვნი თაკო თოლორდავას
აღორძინების ხანაში მოღვაწე ამ ხელოვანის, მონაზვნისა და თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩრდილში და დავიწყების მტვერი ჰქონდა წაყრილი. ხელოვნებათმცოდნეებმა ძალა არ დაიშურეს, რათა მზის სინათლეზე გამოეტანათ და საკადრისად წარმოეჩინათ მისი მდიდარი მემკვიდრეობა, ნათელი მოეფინათ მისი განუზომელი წვლილისათვის და აღედგინათ დრო-ჟამისაგან გახუნებული და დაზიანებული მისი ტილოები. იგი ერთ-ერთი პირველია იმ ფერმწერ ქალთა შორის, რომელთაც რენესანსის ეპოქაში ისახელეს თავი. ჯეინ ფორტიუნი იტალიაში მოგზაურობისას წააწყდა წიგნს, რომელშიც ნახსენები იყო მხატვარი ქალი, და პლაუტილა ნელი. უმალ წავიდა მუზეუმში მისი ნამუშევრების სანახავად. როგორც თავად იხსენებს, დარაჯმა უთხრა, აქამდე ერთი ადამიანიც კი არ მოსულა მისი ნახატების დასათვალიერებლადო. ჯეინი მონუსხული შესცქეროდა მის სურათებს. მიზნად დაისახა პლაუტილასა და იმ სხვა ქალთა ღვაწლის ჯეროვნად დაფასება, რომელთა სახელებიც ამოშალეს ისტორიიდან. სწორედ მისი დაფინანსებით დაიწყო ნელის ნამუშევართა აღდგენის პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თვით ჯეინი ვერ მოესწრო ამ დიდ დღესა და შრომის დაგვირგვინებას.
პულისენა მარგერიტა ნელი 1524 წელს დაიბადა ფლორენციაში, სან-ფელიჩეს მხარეში. სუსხიან იანვარში მოევლინა ქვეყნიერებას. არქივებს შემორჩა ცნობა იმის შესახებ, რომ მეტად შეძლებული მშობლები ჰყავდა. მისი მამა, პიერო დი ლუკა ნელი, ქსოვილებით მოვაჭრე იყო. ნაადრევად გარდაიცვალა გოგონას დედა, სახელად ფრანჩესკა დი პიერ მარია კალანდრი. ტოსკანა და მუჯელოს ისტორიული რეგიონი იყო პლაუტილას წინაპართა და მედიჩების სახელოვანი დინასტიის სამშობლო. ფლორენციაში, სან-ლორენცოში, დღემდე არსებობს ქუჩა, Via del Canto de’ Nelli. სწორედ ამ ოჯახის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი.
ყმაწვილქალი მეთოთხმეტე გაზაფხულს ითვლიდა, რაჟამს მონაზვნად აღიკვეცა და ამიტომაც, და პლაუტილა უწოდეს. იმ მხარეში მშობლებს წესად ჰქონდათ სწავლულ გოგონათა მონასტრებში გამწესება, რადგან არ სურდათ, დიდი მზითევი გაემზადებინათ მათთვის. ამ საზრუნავისა და საურავის თავიდან ასაცილებლად აღკვეცდნენ ხოლმე მონაზვნად განათლებულ ქალიშვილებს. ფლორენციაში, სან-მარკოში ცხოვრობდა და წმინდა კატერინა სიენელის სახელობის დედათა მონასტერში მსახურობდა. შემდგომში პრიორესას წოდებაც მიანიჭეს. ტაძარი დომინიკელთა ორდენსა და ჯიროლამო სავონაროლას ექვემდებარებოდა. ეს უკანასკნელი, ერთობ ფანატიკური ქადაგებები რომ სჩვეოდა, ხოტბას ასხამდა ღვთისმოსავ მხატვრებს, რელიგიურ სცენებს რომ გამოსახავდნენ; მონაზვნებს მოუწოდებდა, მუდამ გამოეყენებინათ ქრისტიანული, ბიბლიური მოტივები. აი, ამგვარად იქცა იქაურობა ხელოვან მონაზონთა სავანედ. მისმა დამაც სარწმუნოებას მიუძღვნა ცხოვრება (კოსტანცა ერქვა და და პეტრონილად მონათლეს) და სავონაროლას ბიოგრაფიაც დაწერა. პლაუტილა ნელის მონაზვნად შედგომამ მისცა საშუალება, ღვთისმოსაობის საბურვლით შეებურა და ოსტატურად შეენიღბა საკუთარი მისწრაფებანი და შეექმნა შედევრები, რამეთუ ფერმწერი ქალები (სეკულარულ სფეროშიც) განკვეთილნი იყვნენ ხელოვნების სამყაროდან. ამ ტიტულმა გაუღო ახალი სამყაროს კარიბჭე.
ახალგაზრდა მხატვარს მრავალი მეცენატი მოევლინა მფარველად. ბედმა გაუღიმა – არაერთმა მდიდარმა და გამოჩენილმა ბანოვანმა გაუწოდა დახმარების ხელი. ხატავდა უზარმაზარ ნახატებს, ქმნიდა მინიატურებს. ცნობილი მხატვრის, არქიტექტორისა და ხელოვნების ისტორიკოსის, ჯორჯო ვაზარის, ცნობით, ფლორენციელთა სახლები სავსე იყო პლაუტილასა და სხვა ღვთისმოსავი ქალების ნახატებით. სათვალავი აგერეოდათ, იმდენი ტილო იყო ჩამოკიდებული კედლებზე. მათზე საუბარიც კი მოგქანცავდათ. დომინიკელთა ორდენის წევრის, ისტორიკოსისა და სავონაროლას ერთგული შეგირდის, ფრა სერაფინო რაცის თქმით, სანტა კატერინას ტაძარში მოღვაწე ნელის მრავალი მოწაფე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ: და პრუდენცა კამბი, და აგატა ტრაბალეზი, და მარია რუჯიერი, და ვერონიკა, და დიონიზია ნიკოლინი და თვით სერაფინოს და, მარია ანჯელიკა რაცი. ეს უკანასკნელი მხატვარი და სკულპტორი გახდა. სერაფინო აღნიშნავს, რომ იგი ამზადებდა ჩინებულ ფიგურებს, მუშაობდა ტერაკოტათი (ასე ეწოდება მოუჭიქავი, გამომწვარი თიხისაგან გამოძერწილ ფერად ნაკეთობას), ქმნიდა მადონას, წმინდანების, იესოსა და ანგელოზების დაუვიწყარ სახეებს და დიდ წარმატებას მიაღწია. მისი ნახელავი სან-დომენიკოს სამლოცველოშიც წაიღეს. ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება, მადონასა და ჩვილი იესოს სკულპტურა, სან-მარკოს ეკლესიას ამშვენებდა. ხელოვნების ისტორიკოსი, კეტრინ ტიურილი, წერს, რომ ეს ქალი ძალზე აქტიურად მოღვაწეობდა სამოციან წლებში.
იმ პატრიარქალურ ხანაში პლაუტილას სქესის გამო არ ჰქონდა აკადემიურ წრეებში შეღწევის, უმაღლესი განათლების მიღებისა და ფორმალურ გარემოში დაოსტატების უფლება. ავტოდიდაქტი იყო. დამოუკიდებლად შეისწავლა იტალიელი მანიერისტის, ბრონზინოსა და აგრეთვე, გვიანდელი რენესანსის წარმომადგენლის, ფლორენციულ სკოლაში დახელოვნებული ფერმწერის, ანდრეა დელ სატროს, ნახატები. უოსტატო შეგირდობის პირველ ხანებში ფრა ბართოლომეოს ნამუშევართა ასლებს ამზადებდა და ხელს იწაფავდა. შთაგონებით აღვსილმა გადაწყვიტა, თავადაც შეექმნა შედევრები. აღსანიშნავია, რომ სავონაროლა კლასიცისტური ესთეტიკის გულმხურვალე დამცველი და ფრა ბართოლომეოს დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ამ უკანასკნელმა საკუთარი ნაშრომები დაუტოვა მოწაფეს, ფრა პაოლინოს, რომელმაც, მისივე თქმით, ეს ნახატები გადასცა ერთ მონაზონს, რომელსაც „ხატვა შეეძლო“ და წმინდა კატერინას ტაძარში მსახურობდა. ნელი არღვევდა იმ დროებაში დამკვიდრებულ პრაქტიკას და საკუთარ სახელს აწერდა ტილოებს. ასე აბოლოებდა ხელმოწერას: “Pregate per la pittrice!” („ილოცეთ მხატვარი ქალისათვის!“). ეს იყო მისი საყვარელი ფრაზა. ეს ნაბიჯი ნათლად მიგვანიშნებს, რომ ჰქონდა ხელოვნების ისტორიაში კვალის დატოვების დიდი ამბიცია. სურდა, მიუხედავად გაბატონებული ფემინოფობიისა, საკადრისად დაეფასებინათ მისი, როგორც შემოქმედის როლი. მუდამ ესწრაფვოდა იმ დარგში დამკვიდრებასა და საკუთარი სტატუსის გამყარებას.
უთუოდ უნდა ითქვას, რომ მისი შემოქმედება მრავალი ასპექტითაა გამორჩეული. პლაუტილას მანერა დიდად განსხვავდება თვით იმ მხატვართა სტილისაგან, რომელთა ქმნილებებსაც ესოდენ დიდი ინტერესით შეისწავლიდა. ეს პიონერი ფლორენციელი შემოქმედი განირჩევა ძლიერი ექსპრესიით, ნახატზე გამოსახულთა უსაზღვრო პათოსით, გრძნობათა მეტისმეტი სიმძაფრით, პერსონაჟთა ძალზე მეტყველი სახეებით. ჯეინ ფორტიუნი ხოტბას ასხამს პლაუტილას ტილოს, რომელსაც „მიცვალებული ქრისტეს დატირება“ ეწოდება; აღწერს, რაოდენ დიდი სიმძაფრითა და ემოციით აღბეჭდა ავტორმა ბიბლიურ პერსონაჟთა მწუხარება, ვარამი და ურვა; რა დიდოსტატურად გამოსახა მათი ცრემლის ნიაღვარი, ჩაწითლებული თვალები და სხვა დეტალები, უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს ნაშრომის რთული კომპოზიციისა და ექსპრესიული ობერტონებისათვის. ეს ნახატი სან-მარკოს მუზეუმშია დაცული. ამ დიდებულმა ტილომ ისე შთააგონა ავტორი, ჯონათან ნელსონი, ნარკვევთა კრებულის გამოქვეყნება განიზრახა. „Plautilla Nelli: The Painter-Prioress of Renaissance Florence“ – აი, ასეთი სათაური აქვს მის წიგნს. მასში თავმოყრილ ტექსტებში ხელოვნებათმცოდნენი და დარგის გამოჩენილი სპეციალისტები დაწვრილებით განიხილავენ მხატვრის მთელ შემოქმედებასა და ეპოქის ისტორიულ კონტექსტს. სწორედ ქალები არიან „ქრისტეს დატირების“ დომინანტი პერსონაჟები. მამრობითი სქესის წარმომადგენელნი მეორე პლანზე არიან. ქალთა ფიგურები კაცებისაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავი და გამომსახველობითია. ორი ქალი ჩაჩოქილა ქალწული მარიამის გვერდით; მაცხოვარი ასვენია ცივ, ოთხკუთხა ქვაზე, ჯვარცმული და ვნებული ღმერთკაცის საფლავის ალეგორიად რომ გვევლინება. ფემინური სახეები მეტად რეალისტური მანერითაა აღბეჭდილი. მუხლმოდრეკილი, ლამის მიწაზე გართხმული მარიამ მაგდალინელი იესოს ფეხებს ეამბორება. მათ მიღმა მოჩანს იერუსალიმი, კოშკურები, მტკიცედ ნაგები გალავნები და გოლგოთა, რომელზეც სამი ჯვარი აღმართულა. ვხედავთ ორ წამებულ ავაზაკს და იმ რამდენიმე ქვეითსა და ცხენოსანს, გოლგოთის ბილიკებს რომ მიუყვება. მოპირდაპირე მხარეს მოჩანს ფერდობი, რომელზეც ციხე-სიმაგრე წამოჭიმულა. ფართო პეიზაჟი ძალზე თვალწარმტაცია და მომნუსხველი დეტალებითაა დახუნძლული. უშველებელი ღრუბლები მიცურავენ ცის ტატნობზე. შორს იკვეთება ცისფრად დაფერილი სერების, ბექობებისა და გორაკების მთელი ჯაჭვი.
პლაუტილას თითქმის ყველა ნამუშევარი მონუმენტურია. ეს დიდ გაოცებას იწვევდა იმ პატრიარქალურ ერაში. უკვირდათ, ქალს რომ შეეძლო ესოდენ რთული სამუშაოს შესრულება. ჯორჯო ვაზარი რამდენიმე ფერმწერი და სკულპტორი ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიმოიხილავს თავის წიგნში, რომელიც ასეა დასათაურებული: „Le vite de’ più eccellenti pittori, scultori e architettori“ („ყოვლად ბრწყინვალე მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი“). მათ შორისაა პლაუტილაც. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ამ თვითნასწავლის საკვირველ ოსტატობაზე, მისი ნახატების რელიგიურ მოტივებზე, უწოდებს ვირტუოზს, აღწერს, რარიგ ცხოვლად გამოსახავდა გმირთა სულიერ მდგომარეობას, რა თვალსაჩინო იყო მათ სახეებზე აღბეჭდილი კაეშანი, ნაღველი და დარდი, რაოდენ აშკარად ეტყობოდათ სევდის დამღა. ვაზარი დასძენს, რომ ამ მონაზვნის რამდენიმე ნამუშევარი საზღვარგარეთ გაიგზავნა, რომ დიდად აფასებდნენ მის ნიჭს, რომ მისი მრავალი ტილო ამკობდა წარჩინებულ და სახელმოხვეჭილ ბატონთა სახლების კედლებს, რომ მისი შემოქმედება სულაც არ იყო შემოფარგლული რელიგიითა და ტრადიციული, კათოლიკური ხატწერის ჩარჩოებით, რომ რაკი ქალად დაიბადა, არ მიეცა ფორმალურ გარემოში დაოსტატების, ცოდნის მიღებისა და გამოწრთობის შანსი (ასე რომ მომხდარიყო და ჰქონოდა უფლება, კაცების დარად დასწაფებოდა ცოდნას და ფერწერისათვის მიეძღვნა მთელი ცხოვრება, კიდევ უფრო სასწაულებრივ და გასაოცარ ტილოებს დახატავდა, მაგრამ რაკი არ გახლდათ მამრობითი სქესის წარმომადგენელი, მოკლებული იყო ამ პრივილეგიას); რომ ხელოვანი ქალები არახელსაყრელ მდგომარეობაში იყვნენ და არ ჰქონდათ წინსვლისა და განვითარების ისეთი შესაძლებლობა, როგორიც მათ კოლეგებს. გარდა ამისა, ნელის ეკრძალებოდა შიშველი მამაკაცი მოდელების ნატურიდან ხატვა და ამიტომაც, მის მამრ პერსონაჟებს (ქრისტეს მოწაფეებს, თვით მაცხოვარსა და წმინდანებს) „ფემინური ნაკვთები და ნიშან-თვისებები“ აქვთ. თავად ვაზარიც უსვამს ხაზს ამ მნიშვნელოვან დეტალს: პლაუტილას არ ჰქონდა კაცის ანატომიის შესწავლის უფლება. ამიტომაც, ქალთა სახეები ბევრად უფრო რეალისტური და ზუსტი გამოსდიოდა. ვინჩენცო ფორტუნატო მარჩეზე ხსნის, რატომ აწყდებოდა დაბრკოლებას ეს ხელოვანი მამაკაცის სხეულის ხატვისას; როგორ უშლიდა გაბატონებული ტრადიცია ხელს, დაკვირვებით, გულდასმით შეესწავლა საპირისპირო სქესი.
„როცა და პლაუტილამ მოიწადინა შიშველი ქრისტეს დახატვა, მამაკაცის სხეულის ნაცვლად დააკვირდა ერთი განსვენებული მონაზვნის ცხედარს. იმ ტაძრის მონაზვნები ხშირად ამბობდნენ, რომ ნელიმ ქრისტეს ნაცვლად ქრისტი დახატა!“ – წერს ავტორი ნაშრომში, რომლის სათაურიცაა „Memorie dei più insigni pittori, scultori e architetti domenicani“. აღსანიშნავია, რომ ვაზარის ეს ჩინებული ტექსტი, შესანიშნავად რომ ააშკარავებს ხელოვან ქალთა დისკრიმინაციასა და პატრიარქალურ სამყაროში გაბატონებულ უთანასწორობას, მთარგმნელმა, გასტონ დე ვერემ, განგებ დაამახინჯა. სექსისტური ცრურწმენებით შეპყრობილმა, იმგვარად შეცვალა და გააუკუღმართა ხელოვან ქალთა შესახებ დაწერილი მონაკვეთები, რომ ვაზარი მიზოგინად გამოიყვანა და საერთოდ ასცდა დედანს. საბედნიეროდ, ხელმეორედ ითარგმნა ეს ნაწყვეტები (სხვა მთარგმნელმა იტვირთა ეს საქმე) და მკითხველებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, წაიკითხონ იტალიური დედნის ერთგული, სანდო და მაღალი ხარისხის თარგმანი.
ქალმა დახატა უზარმაზარი ტილოები, დაამზადა ხის ლუნეტები, წიგნების ილუსტრაციები… მისი „ქრისტეს დატირება“ ჟამთასვლისაგან წამხდარი იყო, მაგრამ პროფესიონალებმა სკრუპულოზური სიზუსტით აღადგინეს. მისმა ფუნჯმა შექმნა ეს და სხვა შედევრები: „Santa Caterina che riceve la visione di Cristo“, „Consegna del Rosario a San Domenico“, „Madonna Addolorata“, „ჯვარცმა“, „საიდუმლო სერობა“, „Busto di giovane donna”, „Testa di giovane”, „Figura maschile inginocchiata”, „Annunciazione“, „Santa Caterina da Siena”, „მოგვთა თაყვანისცემა“, „სულთმოფენობა“… ეს უკნასკნელი პერუჯას რეგიონის სან-დომენიკოს ბაზილიკაშია. 2007 წელს მისი ცხრა ნახატის აღდგენა მოხერხდა. მეთექვსმეტე საუკუნის სამოციან წლებში დახატული „საიდუმლო სერობა“ უდავოდ მონუმენტური მნიშვნელობის ნაშრომია (დაახლოებით, ოცდაერთი ფუტის სიგრძისაა). ოთხი წელი დასჭირდა რეფლექტოგრაფიული მეთოდის დახმარებით მის სრულად აღდგენას. სწავლულებმა ვირტუოზულად მოაშორეს ამ შედევრს საუკუნეთა მტვერი და ჭუჭყი.
როგორც იქნა, სანტა მარია ნოველას მუზეუმსა და სან-მარკოში გამოიფინა ეს მაგნუმ ოპუსი. მის გვერდით ჩამოკიდეს ალესანდრო ალორის იმავე სახელწოდების ტილო. მართლაც თვალსაჩინოა ამ ორ ნამუშევარს შორის გამოკვეთილი სხვაობა. ჯვარცმისთვის განწირული მესიაა ალესანდროს ნახატის შუაგულში. სწორედ მაცხოვარია ის „ღერძი“, რომელიც იპყრობს მნახველის ყურადღებას, ხოლო ნელის ნახატზე გამოსახული ყველა პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია. ნახატს არა აქვს ერთი „სიმძიმის ცენტრი“. ღმერთი არაა დომინანტური ფიგურა, ყველას რომ ჩრდილავს. ყველა მოწაფე ატყვევებს თვალს. ყველა მათგანის ჟესტი და სახე მრავლისმეტყველია. ფერმწერმა არად ჩააგდო იმხანად გაბატონებული კიდევ ერთი „დაუწერელი კანონი“ და იუდასაც თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა. ჩანს, როგორ ჩაუბღუჯავს ვერცხლით გატენილი ქისა, მესიის გაცემის სანაცვლოდ რომ მისცეს. მაცხოვარი თავზე ეალერსება იოანეს, რომელსაც, ხელოვნებათმცოდნეთა თქმით, მეტად ქალური ნაკვთები აქვს.
პლაუტილას არასოდეს დაუშურებია ძალ-ღონე მიზნის მისაღწევად. მუდამ გაბედულად იკაფავდა გზას. ცდილობდა შემოქმედებით სამყაროში ადგილის დამკვიდრებას. არღვევდა იმ „ნორმას“, რომლის თანახმადაც, მონაზონ ქალებს მხოლოდ უბრალო მინიატურები, ტერაკოტასგან გამოძერწილი პაწია ფიგურები, უმნიშვნელო ხის ნაკეთობები და წიგნების ილუსტრაციები უნდა შეექმნათ. როცა დახატა ვეება ტილო და საკუთარი სახელიც წააწერა, ეს იმის აშკარა ნიშანი იყო, რომ არ სურდა ამა სოფლიდან უსახელოდ წასვლა და ჰქონდა ხელოვნების ისტორიაში შესვლის ამბიცია; რომ კარგად იცოდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მხატვარ მამაკაცებს, მათი დიადი გილდიის წევრი იყო, თვალმიუწვდენელ პარნასზე დაედო ბინა სხვა მეტრების გვერდით და ამიტომ ითხოვდა ჯეროვან აღიარებას. მიაღწია კიდეც მიზანს. მართალია, სიცოცხლეშივე ისე დაუფასეს მიღწევები, როგორც დიდოსტატს შეეფერებოდა, თუმცა, გარდაცვალების შემდეგ მტვერმა დაფარა მისი ნამოღვაწარი. მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ასე დავიწყებული და ბნელ არქივებში ჩაკარგული, მაგრამ როგორც იქნა, აღადგინეს მისი ბრწყინვალე ნამუშევრები, გამოიკვლიეს მისი ცხოვრება, შეისწავლეს მისი შემოქმედება და დღის სინათლეზე გამოიტანეს მისი შედევრები.
სანტა მარია ნოველას ბაზილიკაში გამართული ცერემონიისას, ფლორენციის მერმა, დარიო ნარდელამ, აღნიშნა: „ხელოვნების ისტორია არ არის მხოლოდ მამაკაცების საკუთრება. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს პროტაგონისტი ქალები. ნელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მათ შორის“.
აი, ასეთი გზა განვლო ფლორენციული მონასტრიდან დიდების მწვერვალამდე ამ ვირტუოზმა, რომელიც 1588 წელს გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ მარადიულ სიცოცხლეს ეზიარა დანატოვარი ულევი საუნჯის წყალობით.