პროტესტის მე-15 დღე | „ფორმულას“ ოპერატორები სამართლებრივ დავას იწყებენ

პუბლიკა

3 თებერვალს გათავისუფლებული „ფორმულას“ ოპერატორები ყოფილი დამსაქმებლისგან თითქმის ორი კვირის განმავლობაში კომპრომისულ ნაბიჯს ელოდნენ. ისინი ათ დღეზე მეტია, ტელევიზიის შენობასთან ყოველდღიურად იკრიბებიან.

იმის საჩვენებლად, რომ ტელევიზიის პარალიზება მათი მიზანი არ ყოფილა, შუამავლის მეშვეობით, მაუწყებლის მენეჯმენტთან „დაზავებაც“ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ოპერატორების მიმართვის საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველმაც. 15 თებერვალს კი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ „ხელიდან იქნა გაშვებული შესაძლებლობა, მხარეებს შორის წამოჭრილი უთანხმოება გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, როგორც მშრომელების უფლებების, ისე ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს ინტერესების გათვალისწინებით“.

ოპერატორები სამართლებრივ დავას იწყებენ.

„საერთო ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ დროებითი დაზავება შევთავაზოთ… და სხვა დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ჩვენც ერთხმად დავთანხმდით. ამ დაზავებაში იგულისხმებოდა სამსახურში აღდგენა, ხოლო სხვა პრობლემებს, რომელთა გამოც გავიფიცეთ, სამომავლოდ სამსჯელოდ გადავდებდით. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ყველასთვის თვალნათელი გამხდარიყო, რომ ჩვენ არავითარი ტერორისტები და სუსის აგენტები არ ვიყავით“, – ამბობს ოპერატორი სუხო ელბაქიძე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აღნიშნავს, რომ გათავისუფლების შემდეგ ოპერატორებს არ ჰქონიათ მენეჯმენტთან პირდაპირი კომუნიკაცია სამსახურში აღდგენასა და „პრობლემებზე მოგვიანებით მსჯელობასთან“ დაკავშირებით.

„ისინი პროტესტის პარალელურად ითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, იმ პირობების შესრულებასთან ერთად, რომლებიც თავიდანვე გახდა მთელი ამ პროცესის წარმმართველი. ,,დაზავება’’ გულისხმობს კომპრომისზე წასვლას და თანამშრომლობის ახლიდან დაწყებას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროტესტის რეჟიმში გაჟღერებულ მოთხოვნებთან. ეს პარალელური პროცესი კი გამორიცხავს ე.წ დაზავების რეალურ შესაძლებლობას“, – ამბობს გუმბარიძე.

„ფორმულას“ დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან გათავისუფლებულ ოპერატორებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ყოფილა და „სამართლებრივად ამის ვალდებულებაც კი არ გვაქვს“. თუმცა, მისივე თქმით, ინდივიდუალურად შესაძლოა, განხილონ იმ ოპერატორების დაბრუნების საკითხი, რომლებიც „ფაქტობრივად არ მონაწილეობენ სამსახურებრივ ხელშეშლაში და მზაობას გამოთქვამენ თანამშრომლობაზე“.

ოპერატორების მხოლოდ ნაწილის სამსახურში აღდგენის საკითხი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის მიუღებელია და აღნიშნავენ, რომ ეს შეთავაზება შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციულია.

„ამაზე, რა თქმა უნდა, უარზე ვართ. რანაირად? 26 ვართ და 14 დაბრუნდეს, დაიწყოს მუშაობა და დანარჩენები სახლში წავიდნენ – ვერაფერი ვერ გამოვა მაგ საქმიდან […] როგორ შეიძლება 14 ნაკლებად აქტიური იყოს და დანარჩენი მეტად აქტიური, ეს ხომ აბსურდია. შეიძლება ეთქვათ, რომ ორი მეტად აქტიურობდა და დანარჩენი ნაკლებადო, მაგრამ როგორ შეიძლება, 16 არ აქტიურობდეს და 14 აქტიურობდეს“, – ამბობს ოპერატორი.

„ფორმულას“ გენერალურ დირექტორს ვკითხეთ, რა კრიტერიუმებით არჩევენ და აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებას გათავისუფლებულ ოპერატორებთან, რაზეც მან გვიპასუხა, რომ „ეს არ ეხებათ იმ პირებს, რომლებიც არსებული თანამშრომლების ან სხვა პირების მიმართ განსაკუთრებული ბულინგითა და შეურაცხყოფებით გამოირჩევიან. ამ კრიტერიუმის შერჩევა არ ატარებს რაიმე სადამსჯელო ფორმას, არამედ მთელ ამ პროცესში ჩვენი მიზანია, თანაბრად გავითვალისწინოთ ორივე მხარის ინტერესი. ეს კი შეუძლებელია იმ ადამიანებთან მოლაპარაკების წარმოებით, რომლებსაც აქვთ არა თანამშრომლობის აღდგენის, არამედ სიტუაციის გამწვავების სურვილი“.

ტელეკომპანიიდან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა შრომის არასათანადო პირობებსა და მწირ ანაზღაურებაზე ვრცლად „მაუწყებელთან“ ინტერვიუში ისაუბრეს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მათი მონათხრობიდან:

„არ მინდოდა მეთქვა, რომ დაღლილი ვარ ან მშია

როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული ოპერატორი, სულხან ჭკადუა იხსენებს, „ფორმულაში“ ერთი წლის წინ მივიდა. ზაფხულში 6-თვიანი უხელფასო კონტრაქტი გაუფორმეს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი 500-ლარიანი ანაზღაურება დაუნიშნეს. იხსენებს, რომ სანამ ანაზღაურებას დაუნიშნავდნენ, კოლეგები თანხას უგროვებდნენ და ურიცხავდნენ. „აქ ასე ვუცხადებდით მხარდაჭერას ყველა უხელფასო თანამშრომელს“, – ამბობენ ოპერატორები.

„ამ 500 ლარით ვაკეთებდით იმაზე მეტს, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ზოგჯერ ისეც იყო, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ძალაც არ მქონდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი ჩემს საქმეს. შემდეგ დამირეკავდნენ, რომ ეს ასე რატომ გაქვს, მე სხვა მიზეზს ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა მეთქვა – დაღლილი ვარ ან მშია. ასეთი მიზეზების მე მრცხვენოდა […] უჭმელი რომ ხარ ოპერატორი და ვერაფერს რომ ვერ აკეთებ და, მაგალითად, ხარისხის კონტროლი რომ გირეკავს – სულხან, ეს ასე რატომ გაქვსო, შენ რომ ეუბნები სხვა მიზეზს და თავს იმცირებ ამით და რეალურ პრობლემაზე არ საუბრობ… რა ვიცი, მე დაფასება აქ ვერ ვნახე. […] ბიჭები წელიწადზე მეტია, რაც 500 ლარზე არიან და 1000 ლარიდან იწყება ხელფასებიო. ეს არის ჩვენი დამცირება და ჩვენზე გადაფურთხება“, – ამბობს ჭკადუა.

„თხოვნის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებით დაგვემუქრნენ“

როგორც კიდევ ერთი გათავისუფლებული ოპერატორი, საბა ოდიკაძე ამბობს, ანაზღაურებადი სტაჟიორი 6 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ანაზღაურება სტაჟირების დასრულების შემდეგ არ შეცვლილა – „სტაჟიორის ხელფასი დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვება ადამიანს“.

„თითქმის 2 წელი ვიმუშავე აქ და თითქმის ყოველთვე მქონდა სხვადასხვა ადამიანთან საუბარი და მპირდებოდნენ, რომ ჩემი შემოსავალი გაიზრდებოდა, რაც არ მომხდარა. ამან გამოიწვია ჩემი პირადი უკმაყოფილება, და არამარტო ჩემი, იმ ადამიანებისაც, რომლებიც ჩემსავით იყვნენ. […] აქ მთავარი იყო პასუხი ამ ჩვენს მოთხოვნაზე – თხოვნის შემდეგ დაგვემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით. რა ხელფასებზეა საუბარი, როცა აქ ვიღაცები გასაშვები გვყავს… ასევე ჩვენი უშუალო ხელმძღვანელების მხრიდან ცოტა ცინიკური დამოკიდებულება დავინახე“, – ამბობს საბა ოდიკაძე და დასძენს, რომ ხელმძღვანელის მხრიდან მუქარის შემცველმა საუბარმა იმხელა გაღიზიანება გამოიწვია, რომ ოპერატორებმა გაფიცვაზე ფიქრი სწორედ მაშინ დაიწყეს.

„უფროსმა გვითხრა, მე სულ სხვა ფენომენი ვარო“

როგორც გიგა დანელია იხსენებს, ოპერატორები გაფიცვამდე თათბირის გამართვასა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ ხოლმე, თუმცა დასაქმებულთა მოტივაციის გასაზრდელად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ვეღარ ვგრძნობდით თავს სრულყოფილ თანამშრომლად. როცა ზემოთ, ნიუსრუმში ავდიოდით სამუშაო დროს, ხელმძღვანელის მხრიდან იყო ასეთი დამოკიდებულება – ასე თავისუფლად რომ დადიხართ, მეტნი ხართ? შესამცირებელია ანუ? სულ სტრესში ვიყავით“, – ამბობს ოპერატორი.

დანელიაც, კოლეგების მსგავსად, აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გაღიზიანება დირექტორის პასუხმა გამოიწვია და პროტესტის ფორმაც ამან განაპირობა.

„ბოლოს, როცა უკვე უფროსმა კატეგორიული უარი გვითხრა, ვკითხეთ – თქვენ ჩვენს ადგილას როგორ მოიქცეოდით? გაიღიმა და მე სულ სხვა ფენომენი ვარო! ეს ჩემთვის იმდენად დამამცირებელი აღმოჩნდა, რომ ამან გამოიწვია ჩემში ეს პროტესტი, თორემ აქ იმაზე არ იყო, კომპანიას… უჭირს… ხელფასები ნაწილ-ნაწილ ჩაგვრიცხვია, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ისევ აქ ვიყავით“, – ამბობს დანელია.

„ხელფასის 10%-ით მომატებაზეც უარი მივიღეთ“

როგორც ოპერატორი ჯეკო ნაკაიძე იხსენებს, კონკრეტული თანხით ხელფასის გაზრდაზე უარის შემდეგ, ოპერატორებმა დირექტორს ხელფასის 10%-ით გაზრდაც შესთავაზეს.

„დირექტორის პასუხი იყო შემდეგი – მოდი, ჩვენ აქ ხელფასების გაზრდაზე არ ვისაუბროთ, რადგან ოპერატორების გაშვებას ვგეგმავთ. დავსვით შეკითხვა: რატომ იგეგმება ოპერატორების გაშვება? – პროდუქტის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელიო. ოღონდ ვინაობა არ დაუკონკრეტებია. ასევე – „ფორმულას“ ოპერატორები, რომლებიც აქ დაფუძნების დღიდან ხართ, მათთვისაც განიხილება ხელფასების დაკლებაო. შემდეგ ოპერატორმა ჰკითხა, ერთი წუთი ჩვენს ადგილას რომ წარმოიდგინოთ თავი, ბატონო ზუკაო… და ვციტირებ დირექტორის ნათქვამს: მე ვარ სხვა მოვლენა და თქვენს ადგილას თავს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ…“, – ამბობს ოპერატორი ჯეკო ნაკაიძე.

მისვე თქმით, რომ არა პროტესტის „გარე ძალების მიერ მართულ პროცესად“ გამოცხადება, მოლაპარაკება უფრო გამარტივდებოდა.

„ფორმულას“ მედიასკოლა გაიარა ხალხმა, ფული გადაიხადა, უფასოდ არ უსწავლიათ. რატომ მოვიდნენ? სუსის აგენტობა კი არ უნდოდათ, ოპერატორობა უნდოდათ და ამიტომ მოვიდნენ“, – ამბობს ნაკაიძე.

„ფორმულას ადმინისტრაციამ ყველა შესაძლო გზა გამოიყენა“

საპირისპიროს ამტკიცებს არხის გენერალური დირექტორი. მისი თქმით, „ფორმულას“ ადმინისტრაციის მხრიდან მთელი პროცესის განმავლობაში იყო მოლაპარაკების მცდელობა, რომ დაბრუნებოდნენ სამუშაო პროცესს, შეესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულებები და უშუალო უფროსის დავალებები, „ხოლო მათი მოთხოვნები სხვა ფორმატში განგვეხილა, მათ შორის ინდივიდუალურადაც. თუმცა აღნიშნულმა პირებმა პროტესტი გააგრძელეს კომპანიისთვის სრულად მიუღებელი ფორმით. მათი მხრიდან წამოსული ულტიმატუმი და საქმიანობაში ხელშეშლა სრულად მიუღებელი ფორმა იყო არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ კოლეგიალურადაც“.

„ამის მიუხედავად, კომპანიის ადმინისტრაციამ ყოველდღიურ რეჟიმში გათავისუფლებამდე გამოიყენა ყველა შესაძლო გზა თანამშრომლობის შესანარჩუნებლად. ეს გამოიხატა მათთვის მიცემულ გონივრულ ვადებშიც, რომ დაბრუნებოდნენ სამუშაო სივრცეებს, რაც ასევე არ შესრულდა და სწორედ ამას მოჰყვა გათავისუფლება“, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

„25 ადამიანის სამსახურიდან გაშვება პრობლემურია“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პროგრამის დირექტორი, სალომე შუბლაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას ჯერ ბოლომდე, სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმის მასალები, „მაგრამ მაინც მიგვაჩნია, რომ დათხოვნა არის პრობლემური“.

„თვითონ ამ ბრძანების უკანონობის საკითხს დაადგენს სასამართლო, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ პროტესტს, ითხოვენ უკეთეს სამუშაო პირობებს, ექვემდებარებიან გათავისუფლებას – ეს უკვე გარკვეული დისკრიმინაციის ნიშნებსაც შეიძლება შეიცავდეს. სახალხო დამცველის განცხადებასაც ნახავდით, რომ აქ შეიძლება იყოს განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციის ელემენტები“, – ამბობს სალომე შუბლაძე.

მეორე მხრივ, შუბლაძე აღნიშნავს, რომ შეიძლება „ახსნადი იყოს, თუ რამ გამოიწვია ასეთი ხისტი პასუხი. კომპანია ამბობს, რომ ის ზიანდებოდა ამ პროცესით და მას უჭირდა საინფორმაციო გამოშვების ეთერში უწყვეტად გაშვება. მოუწია დამატებითი ზომების მიღება. ამიტომ ეს პოლიტიკური კონტექსტი და ის კონტექსტი, რომელშიც უწევს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიას მუშაობა, ესეც გვესმის და ვითვალისწინებთ ამ გარემოებას, რომ ზოგადად ჭირს ასეთი ტელეკომპანიის მუშაობა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისგან, რომ შრომითი უფლებები იყოს დაცული“.

მისივე თქმით, უმჯობესია დამსაქმებლებში მეტი მიმღებლობა იყოს გაფიცვის მიმართ და ის არა „საბოტაჟად“, არამედ აღიქვან მშრომელების ხელთ არსებულ მექანიზმად, რომლითაც ისინი კოლექტიურად მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

„ერთი რამ არის ცხადი – ეს [სახელფასო] სისტემა ბოლომდე სამართლიანი და ნათელი არ ყოფილა არც თანამშრომლებისთვის… ისედაც რომ შევხედოთ, ძალიან დიდი სხვაობებია თუნდაც ხელფასებს შორის. ეს ერთი, და მეორე – როდესაც თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ეს ანაზღაურება არ არის მისი შრომის შესაბამისი და ითხოვს გაზრდას, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ავტომატურად უნდა დაუკმაყოფილდეს. თუმცა ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია დამსაქმებლის მხრიდან. ეს ამ შემთხვევაში ვერ დავინახეთ, იმიტომ, რომ იყო კატეგორიული უარი, არც კი განიხილებოდა ეს საკითხი მენეჯმენტის მხრიდან და აქ ოპერატორები ასევე საუბრობენ ერთგვარ უთანასწორობაზე ტელევიზიის შიგნით სხვადასხვა თანამშრომელს შორის და რომ ფინანსური კრიზისი მხოლოდ მათ ეხებათ და არ ეხებათ სხვებს“, – ამბობს შუბლაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 15 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დამსაქმებელსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის ვერ შედგა, სამსახურიდან მასობრივად დათხოვნილი ოპერატორების ნაწილი საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზებით შეეცდება. მათი ნაწილის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს. ამ პროცესში ასევე ჩართული არიან სხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები და პროფესიული გაერთიანებები.