თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე მძაფრი და ანტიმილიტარისტული გზავნილი უკრაინული დასის, „დახ დოთერსისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქციას – „სიკვდილის როკვას“ უკავშირდება.
სპექტაკლის სახელწოდება „სიკვდილის როკვა“, რომელიც მელომანებს სენ–სანსის მუსიკალური შედევრის სახელწოდებასაც გაახსენებს, სინამდვილეში ყველაზე მეტად გვაახლოებს რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში დაწყებულ ომთან, რომელსაც, ჯერჯერობით, დასასრული არ უჩანს. ლტოლვილი უკრაინული დასი კიევიდან „დახ დოთერს“ (უკრაინულად „სახურავის ქალიშვილები“) და მისი დამაარსებელი, რეჟისორი ვლად ტროიცკი ქმნიან დრამატულ–მუსიკალურ წარმოდგენას ექსტრემალურ, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქალების შინაგან სიძლიერესა და გაუტეხელ სულზე.
მაყურებელი ამ სპექტაკლით უფრო მეტს შეიტყობს ამ ქალების ტრაგედიების შესახებ; ასევე, თავად უკრაინაში ლტოლვილებად ქცეულ მილიონობით ადამიანზე, ვიდრე ათობით საინფორმაციო რეპორტაჟის ნახვისას. თუმცა ეს არ არის ბოლო დროს მოდური „დოკუმენტური თეატრის“ პრინციპით აგებული წარმოდგენა, რომელიც მხოლოდ შოკის მომგვრელ ისტორიებს გაგვაცნობს. ეს უფრო იმ ადამიანთა ვიზუალურ–ფსიქოლოგიური კარდიოგრამაა, რომელთა „ფეხები ფესვებისგან განსხვავებით, მიწის ზემოთაა მოქცეული, გამომშრალი და მსხვრევადი“ (როგორც წარმოდგენის ტექსტშია ნათქვამი).
სცენაზე ექვსი ქალია. „დახ დოთერსის“ მამაცი და ნიჭიერი მსახიობები თან მღერიან და დრამატულ მონოლოგებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრასაც უხამებენ. არტისტი–შემსრულებლები ბოლომდე „გაშიშვლებული“ ნერვული მგრძნობელობით საუბრობენ ომის საშინელებებსა და ძალადობაზე. სამშობლოდან აყრილი ქალები ამაყად და ამავე დროს, დაუფარავი დრამატიზმით გვიმხელენ პირად ისტორიებს გადასახლებაზე, განდევნასა თუ გაუპატიურებებზე, რაც უკრაინის ოკუპაციას და ამ ომს თან სდევს.
„სიკვდილის როკვა“ თავისი“ სიმღერებით, მონოლოგებითა და მუსიკით გადაჯაჭვულია ბიბლიური „იობის წიგნის“ ფრაგმენტებთან, რომლის ციტირებასაც საათნახევრიანი სანახაობის განმავლობაში რამდენჯერმე მოისმენთ. ბიბლიური ტექსტი, პოლიტიკური კაბარე, დრამატული მონოლოგები და ფოლკლორული მუსიკალური თემები ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, მათი განცალკევება, დანაწევრება შეუძლებელია. თუმცა პირადი ისტორიები, რომლებსაც მსახიობები გვამცნობენ, გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ომისა და მშვიდობის პოლიფონიურ თხრობაში შეიძლება ჩაეტიოს.
გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდნები, რომლებსაც ომს გამოქცეული ქალები ხან სცენაზე დაათრევენ და ხან ტვირთივით ეზიდებიან, არამხოლოდ ლტოლვილობას, მუდმივ ხეტიალსა და გადაადგილებას აღნიშნავს მეტაფორულად. ფინალურ სცენებში უკვე გახსნილი ჩემოდნებიდან ათასგვარი ნივთი, ფერი თუ ყვავილი გამოანათებს… ასე რომ, დრამატული ქრონიკიდან სპექტაკლი მოულოდნელად იქცევა მუსიკალურ იგავად, რომელსაც უკრაინული ფოლკლორი, პოლიტიკური შინაარსის ზონგები და„ფრიკ კაბარეს“ ჟანრი სრულიად სხვა განზომილებას ანიჭებს.
მოკლედ, „სიკვდილის როკვა“ მოულოდნელი თხრობით, სოციალურ–მუსიკალური ენით თუ მიმდინარე საომარი კონტექსტით, პოლიტიკურ კაბარედ შეიძლება განვიხილოთ.
უკრაინელი ხელოვანები – ვლად ტროიცკი, ტატიანა ტროისკა და „დახ დოთერსის“ მსახიობები ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2022 წლის მარტში ჩავიდნენ საფრანგეთში, კერძოდ, ნორმანდიაში. ლტოლვილობაში შექმნეს მათ ახალი თეატრალური და მუსიკალური სპექტაკლი, რომელმაც უკვე მოიარა მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და ახლა უკვე „სიკვდილის როკვა“ თბილისის ფესტივალს ეწვია.
უკრაინული თეატრალური და მუსიკალური ჯგუფი „დახ დოთერს“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა „freak cabaret“ ჟანრით, თეატრალურ წარმოდგენებს დიდი ხანია, მართავს. მათი ერთ–ერთი პირველი სპექტაკლი კიევის „გოგოლ–ფესტზე“ გაიმართა. დასს დაარსების დღიდან ვლად ტროიცკი ხელმძღვანელობს.
„იუთუბ არხზე“ ჯგუფ „დახ დოთერსს“ პოპულარობა მოუტანა პოლიტიკურ–სოციალური შინაარსის კლიპმა Rozy/Donbass, რომელიც აერთიანებს შექსპირის სონეტებს, პოლიტიკური შინაარსის სატირას, უკრაინულ ხალხურ სიმღერებს. ჯგუფი სპექტაკლებში ასევე იყენებს იოსეფ ბროდსკის, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩარლზ ბუკოვსკის, მიხაილ სემენკოს, იური ანდრუხოვიჩის ტექსტებს. ტექსტებიც შესაბამისად ინტერნაციონალურია: უკრაინული, ინგლისური, ფრანგული, რუსული. გერმანული…
სპექტაკლის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს: კონტრაბასს, ჩელოს, ფორტეპიანოს, გიტარას, ვიოლინოს, დასარტყამს. ქსილოფონს, აკორდეონსა და ტამბურინს. მეტიც, მუსიკოსები არ არიან „მიბმულნი“ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე და ადვილად ცვლიან მათ.