ქალები სიკვდილის ზღვარზე და სიცოცხლის სადარაჯოზე

დავით ბუხრიკიძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე  მძაფრი და ანტიმილიტარისტული გზავნილი უკრაინული დასის, „დახ დოთერსისადა ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქციას – „სიკვდილის როკვასუკავშირდება.

სპექტაკლის სახელწოდებასიკვდილის როკვა“, რომელიც მელომანებს სენსანსის მუსიკალური შედევრის სახელწოდებასაც გაახსენებს, სინამდვილეში ყველაზე მეტად გვაახლოებს რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში დაწყებულ ომთან, რომელსაც,  ჯერჯერობით, დასასრული არ უჩანს. ლტოლვილი უკრაინული დასი კიევიდანდახ დოთერს“ (უკრაინულადსახურავის ქალიშვილები“) და მისი დამაარსებელი, რეჟისორი ვლად ტროიცკი ქმნიან დრამატულმუსიკალურ წარმოდგენას ექსტრემალურ, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქალების შინაგან სიძლიერესა და გაუტეხელ სულზე.

მაყურებელი ამ სპექტაკლით უფრო მეტს შეიტყობს ამ ქალების ტრაგედიების შესახებ; ასევე, თავად უკრაინაში ლტოლვილებად ქცეულ მილიონობით ადამიანზე, ვიდრე ათობით საინფორმაციო რეპორტაჟის ნახვისას. თუმცა ეს არ არის ბოლო დროს მოდურიდოკუმენტური თეატრისპრინციპით აგებული წარმოდგენა, რომელიც მხოლოდ შოკის მომგვრელ ისტორიებს გაგვაცნობს. ეს უფრო იმ ადამიანთა ვიზუალურფსიქოლოგიური კარდიოგრამაა, რომელთაფეხები ფესვებისგან განსხვავებით, მიწის ზემოთაა მოქცეული, გამომშრალი და მსხვრევადი“ (როგორც წარმოდგენის ტექსტშია ნათქვამი).

სცენაზე ექვსი ქალია. „დახ დოთერსისმამაცი და ნიჭიერი მსახიობები თან მღერიან და დრამატულ მონოლოგებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრასაც უხამებენ. არტისტიშემსრულებლები ბოლომდე  გაშიშვლებულინერვული მგრძნობელობით საუბრობენ ომის საშინელებებსა და ძალადობაზე. სამშობლოდან აყრილი ქალები ამაყად და ამავე დროს, დაუფარავი დრამატიზმით გვიმხელენ პირად ისტორიებს გადასახლებაზე, განდევნასა თუ გაუპატიურებებზე, რაც უკრაინის ოკუპაციას და ამ ომს თან სდევს.

სიკვდილის როკვათავისისიმღერებით, მონოლოგებითა და მუსიკით გადაჯაჭვულია ბიბლიურიიობის წიგნისფრაგმენტებთან, რომლის ციტირებასაც  საათნახევრიანი სანახაობის განმავლობაში რამდენჯერმე მოისმენთ. ბიბლიური ტექსტი, პოლიტიკური კაბარე, დრამატული მონოლოგები და ფოლკლორული მუსიკალური თემები ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, მათი განცალკევება, დანაწევრება შეუძლებელია. თუმცა პირადი ისტორიები, რომლებსაც მსახიობები გვამცნობენ, გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ომისა და მშვიდობის პოლიფონიურ თხრობაში შეიძლება ჩაეტიოს.

გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდნები, რომლებსაც ომს გამოქცეული ქალები ხან სცენაზე დაათრევენ და ხან ტვირთივით ეზიდებიან, არამხოლოდ ლტოლვილობას, მუდმივ ხეტიალსა და გადაადგილებას აღნიშნავს მეტაფორულად. ფინალურ სცენებში უკვე გახსნილი ჩემოდნებიდან ათასგვარი  ნივთი, ფერი თუ ყვავილი გამოანათებს  ასე რომ, დრამატული ქრონიკიდან სპექტაკლი მოულოდნელად იქცევა მუსიკალურ იგავად, რომელსაც უკრაინული ფოლკლორი, პოლიტიკური შინაარსის ზონგები დაფრიკ კაბარესჟანრი სრულიად სხვა განზომილებას ანიჭებს.

მოკლედ,  სიკვდილის როკვამოულოდნელი თხრობით, სოციალურმუსიკალური ენით თუ მიმდინარე საომარი კონტექსტით, პოლიტიკურ კაბარედ შეიძლება განვიხილოთ.

უკრაინელი ხელოვანებივლად ტროიცკი, ტატიანა ტროისკა დადახ დოთერსისმსახიობები ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2022 წლის მარტში ჩავიდნენ საფრანგეთში, კერძოდ, ნორმანდიაში. ლტოლვილობაში შექმნეს მათ ახალი თეატრალური და მუსიკალური სპექტაკლი, რომელმაც უკვე მოიარა მრავალი საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი და ახლა უკვესიკვდილის როკვათბილისის ფესტივალს ეწვია

უკრაინული თეატრალური და მუსიკალური ჯგუფიდახ დოთერს“,  რომელიც ძალიან პოპულარული გახდა „freak cabaret“ ჟანრით, თეატრალურ წარმოდგენებს დიდი ხანია, მართავს. მათი ერთერთი პირველი სპექტაკლი კიევის გოგოლფესტზეგაიმართა. დასს დაარსების დღიდან ვლად ტროიცკი ხელმძღვანელობს.

იუთუბ არხზეჯგუფ „დახ დოთერსსპოპულარობა მოუტანა პოლიტიკურსოციალური შინაარსის კლიპმა Rozy/Donbass, რომელიც აერთიანებს შექსპირის სონეტებს, პოლიტიკური შინაარსის სატირას, უკრაინულ ხალხურ სიმღერებს. ჯგუფი სპექტაკლებში ასევე იყენებს იოსეფ ბროდსკის, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩარლზ ბუკოვსკის, მიხაილ სემენკოს, იური ანდრუხოვიჩის ტექსტებს. ტექსტებიც შესაბამისად ინტერნაციონალურია: უკრაინული, ინგლისური, ფრანგული, რუსული. გერმანული

სპექტაკლის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს: კონტრაბასს, ჩელოს, ფორტეპიანოს, გიტარას, ვიოლინოს, დასარტყამს. ქსილოფონს, აკორდეონსა და ტამბურინს. მეტიც, მუსიკოსები არ არიან მიბმულნიკონკრეტულ ინსტრუმენტებზე და ადვილად ცვლიან მათ.