ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა - ინტერვიუ ქეით ალენთან

პუბლიკა

მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური კონსულტანტი ქეით ალენი აშშ-ში 500-ზე მეტ გამარჯვებულ წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. თავისი საქმიანობის ფარგლებში ის ეხმარება მთავრობებს, ქალთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკეთესი კომუნიკაცია დაამყარონ როგორც პრესასთან, ასევე საზოგადოებასა თუ პოლიტიკოსებთან.

ალენს ქალთა პოლიტიკაში გაძლიერების მიმართულებით არაერთი ტრენინგი გაუმართავს და იყო კონსულტანტი აშშ-ის სხვადასხვა შტატსა და მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში, რომელთა შორისაა: მაროკო, იორდანია, ეგვიპტე, ხორვატია, უნგრეთი, ესპანეთი, ალჟირი, საფრანგეთი, მექსიკა და კუბა.

ამ ეტაპზე ის ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორია და  ლექციებს კითხულობს თანამედროვე საარჩევნო კამპანიის შესახებ. როგორც თავად ამბობს, ეს ასევე მოიცავს ორპარტიული სისტემის საფუძველზე არსებული ნეგატიური მოცემულობის შემცირებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „პუბლიკა“ ალენს თავის გამოცდილებასა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

როგორ არის საქართველოში ვიზიტი თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული?

საქართველოში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, როდესაც ტრენინგები ჩავატარე ქალებისთვის – ეს ქალები დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე არიან. მას შემდეგ კონტაქტი შევინარჩუნე, რადგან სიეტლში ვცხოვრობ და პატივს ვცემ ლამაზ გარემოს, კარგ ადამიანებს, პატრიოტ ადამიანებს. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ბედნიერებას განიჭებს.

დიახ, თქვენ ქალი პრეზიდენტი გყავთ, მაგრამ პარლამენტში ქალების მხოლოდ 18%-ია წარმოდგენილი, რაც არ არის კარგი მაჩვენებელი. თუ ქალების ჩართულობა, მინიმუმ, 30% არ არის, ეს საშუალოზე დაბალი მონაცემია.

ცენტრალური ევროპის თვალსაზრისით, აქ განათლების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია– ქალები დადიან სკოლაში, რასაც მოსდევს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება და მსგავსი ფაქტორების არსებობა, ხშირ შემთხვევაში, ნიშანია, რომ მეტი ქალი იქნება თანამდებობებზე და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ია, რაც არ არის საკმარისი.

რატომ ხდება ასე და რა შეიძლება გაკეთდეს ამის შესაცვლელად?

მე ვფიქრობ, როცა გყავს ქალი პრეზიდენტი, შენ შეიძლება თქვა: „აი, მისაბაძი მაგალითი, რომელიც გვჭირდება”; „აი, მე მყავს ქალი პრეზიდენტი, ეს საკმარისია”. მაგრამ შემდეგ ამას არ მოჰყვება პარტიებში ქალების წამყვან პოზიციებზე ან სხვადასხვა თემში მათი ლიდერებად დანიშვნა. რა ხდება, როცა ისეთ კანონებს განვიხილავთ, რასაც სჭირდება დისკუსიაში ქალების მონაწილეობა?

როცა ისეთ დემოკრატიულ სვლებს განიცდი, როგორიც საქართველოში ხდება, ქალები, მეტწილად, უკეთ გადმოსცემენ ამ გზავნილს – ქალები, რომელთაც სჯერათ თანამშრომლობის და არა მეტოქეობის, ქალები, რომლებსაც სჯერათ კითხვების დასმის მანამდე, სანამ სწორ პასუხებს არ მიიღებენ; ქალები, რომლებიც მიდიან და ესაუბრებიან ადამიანებს, რომელთა ხმებიც საკითხების განხილვის დროს წარმოდგენილი არ არის – მსგავსი საკითხები ის არის, რის ირგვლივ მსჯელობის დროსაც ქალების წარმომადგენლობა აქ, საქართველოში, ბევრად უკეთესი იქნებოდა. მხოლოდ რამდენიმე ქალი და პრეზიდენტი ვერ გეყოლება. ეს არ არის საკმარისი. ასეთი დეტალები საბოლოოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკის კეთების პროცესში – რომელ კანონებს მიიღებენ, თუ არ მიიღებენ.

მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ჯანსაღი რამ ხდება საქართველოში – მათ შორის გარემოსთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულება. მე კვლავ ვსტუმრობ ისეთ ქვეყნებს, სადაც მეუბნებიან, რომ ეს „ამერიკული ამბავია“ და „დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“, მაგრამ არა, ეს დიდი პრობლემაა და თქვენ ის მხედველობაში გაქვთ. ამიტომ აქ ძალიან ბევრ დადებითს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

თუმცა მინდა ვთქვა, რომ პროგრესი აქ ძალიან თვალსაჩინოა – მეტი ინკლუზიურობა, მეტი დემოკრატია, პოზიტივი და ნაკლები უკან, ძველ დროში  დაბრუნება.

ამასთან, ჩემი ცხოვრების ბოლო 4 წელია, დიდ დროს ვუთმობ ახალგაზრდებს და მაქვს პატივი, მივიღო მათგან შენიშვნა და დავინახო, რომ რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არასწორია; რომ არ ვუსმენთ ახალგაზრდებს, არ ვატარებთ მათ შესახებ არავითარ სამეცნიერო კვლევას – ისწავლო მათგან ძალიან გეხმარება ზრდაში.

საქართველოში ვხედავ ახალგაზრდების პროტესტს, ახალგაზრდებს მთელ საინფორმაციო სივრცეში და ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე გყავთ ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ პოლიტიკაზე მათ გარშემო. ეს ძალიან დიდი საჩუქარია, შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ არ გიწევთ მათ ასწავლოთ, როგორ იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები.

თქვენს ბოლო ვიზიტთან შედარებით, ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ველზე ცვლილებებს?

ერთი რამ – ბევრი ქალია წამყვან პოზიციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს არაერთი ქალი ჰყავს ხელმძღვანელად. ძალიან ბევრი სხვადასხვა სფეროა, სადაც ქალებს ხელმძღვანელი როლები აქვთ შეთავსებული და ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ საქართველოში ესმით, რასაც აკეთებენ. მათ ესმით, რომ, როცა გაქვს ქალთა წარმომადგენლობა, შენ გყავს ადამიანები, რომლებმაც იციან თანამშრომლობა; რომლებიც არიან ინკლუზიურები; გყავს ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ასე უბრალოდ არ იღებენ, ამის ნაცვლად, მიდიან და ესაუბრებიან ადამიანებს მათი აზრის გასაგებად. საზოგადოებამ აქ ეს გაიაზრა – ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავიყვანოთ ქალები, რომლებსაც აქვთ თვალთახედვა და მოვაქციოთ ისინი იმ წრეში, სადაც პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩაეწერებიან.

თქვენ სხვადასხვა ქვეყანაში გიმუშავიათ, როგორია თქვენი გამოცდილება, რა შემთხვევებს ახლდა ყველაზე მეტი გამოწვევა და როგორ უმკლავდებოდით მათ?

16 წლის წინ რუანდაში ყოველი 5 ბავშვიდან 5 იღუპებოდა, დაბინძურებული წყლის გამო. როგორც კი რუანდის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა ასცდა 50%-ს, მაშინვე მოიშორეს კორუმპირებული პოლიციის განყოფილებები და ამის ნაცვლად მსოფლიოში საუკეთესო წყლის კონსულტანტები მიიყვანეს მის გასაწმენდად.

ქალებმა არა მხოლოდ დაიწყეს ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო პროგრამები, არამედ  4-5 წელიწადში ნახევრამდე დაიყვანეს ეს მონაცემები. როცა ქალები მონაწილეობენ პოლიტიკის შემუშავებაში, ისინი ფულს მიმართავენ იმისკენ, რაც ხალხს დაეხმარება.

როცა მე პირველად დავიწყე საქმიანობა, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების 30%-ში მე-8 კლასის შემდეგ გოგოებისთვის განათლების მიღება სავალდებულო არ იყო. ახლა ეს მონაცემი 2%-მდეა დასული. სკოლის დასრულება ნიშნავს, რომ მეტი გოგო მიდის კოლეჯში და ეს საკითხები გადამწყვეტია, როცა საქმე ისეთ ცვლილებებს ეხება, რომლებსაც მსოფლიოზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

თქვენ გიმუშავიათ პოლიტიკურ კამპანიებზე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია, მინდა გკითხოთ, რა ქმნის კარგ პოლიტიკურ კამპანიას? რა არის ის, რაზეც პარტიები უნდა ფოკუსირდნენ?

პირველ რიგში, შენ გჭირდება გზავნილი, რომელიც მიესადაგება იმ რეალობას, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. შენ ვერ ადგები და იტყვი, რომ „მოდი, დავრწმუნდეთ, ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვიქნებით მსოფლიოში“, – შენ უნდა დასვა შეკითხვა, როგორ დაგეხმარო, რომ შვილების საკვებით, ტანსაცმლით უზრუნველყოფა შეძლო? გზავნილი უნდა იყოს – როგორც დაგეხმაროთ?

შემდეგი ეს არის სწორ ადამიანებთან საუბარი – ქალები, ახალგაზრდები, ის ადამიანები, რომლებსაც ესმით ადამიანის უფლებათა დარღვევები.

მნიშვნელოვანია დროც – რიგ შემთხვევაში, კამპანია ცოტათი ადრე უნდა დაიწყოს, რადგან გზები, რითაც ინფორმაციას ვიღებთ, ახლა შეიცვალა იმასთან შედარებით, როცა მე ჟურნალისტი ვიყავი. რეალობა ის არის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს – შენი მიზანი უნდა იყოს ამ ხმაურის გაფილტვრა.

შესაბამისად, საჭიროა, გქონდეს სწორი გზავნილი, რომელიც შეესაბამება ადამიანების სულისკვეთებას და იმას, თუ რას განიცდიან. უნდა მიხვიდე სწორ ადგილებში, ადამიანებთან, რომლებიც ცვლილებებს ეძებენ, რომლებსაც რაღაც უკეთესი უნდათ. შემდეგ მათთან მისვლა ისე უნდა მოახერხო, რომ მათ დარჩეთ საკმარისი დრო ცვლილებებზე საფიქრალად.