სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საზოგადო მოღვაწეები ყურადღებას ამახვილებდნენ იყო სომხებსა და ქართველებს შორის არსებული კულტურული თანამშრომლობა. ინტელიგენციის წარმომადგენლები მართავდნენ საერთო სომხურ-ქართულ სპექტაკლებს, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს ზოგიერთ ლიტერატურულ წამოწყებაში. ბევრი განათლებული სომეხი ფლობდა ქართულ ენას და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიებაში, მაგალითად, ასეთი ყოფილა გაზეთ „დროების” საიუბილეო თარიღის აღნიშვნა.
„ხალხიდან წარმომდგარი ურთიერთი ძმობის სულისკვეთება აღაფრთოვანებს ხოლმე ორივე ეროვნების განათლებულ ფენებსაც”, – წერდა იაკობ გოგებაშვილი.
საერთო ისტორიის გამოხატულებად იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა ის, რომ თარგმნილ საუკეთესო სომხურ პიესებს აღტაცებაში მოჰყავდა ქართველი მაყურებელი, რადგანაც ისინი ნიჭიერად გადმოცემულ საკუთარ გამოცდილებას ხედავდნენ მათში.
„მიუხედავად ენისა და სარწმუნოების განსხვავებისა, ქართველები და სომხები წარმოშობით ახლო მონათესავე ეროვნებებია და ცხოვრების მთელი წყობით მათ შორის საოცარი მსგავსებაა”.
1879 წლის თებერვლის „შინაურ მიმოხილვაში” ილიამ მადლიერებით აღნიშნა, რომ გრიგორ არწრუნმა თავის დიდ ქარვასლაში სივრცე დაუთმო ქართულ და სომხურ მუდმივმოქმედ თეატრს, მაშინ როდესაც ქალაქში მცხოვრები ქართულ არისტოკრატიას არ სურს დედა ენაზე საუბარი.
„უფ. არწრუნმა ამ ბოლოს დროს თავის დიდს ქარვასლაში გამართა კერძო თეატრი. ამ შემთხვევამ ფრთა შეასხა იმ დიდი ხნის სურვილს, რომ სამუდამო სომხური და ქართული სცენა გაიმართოს. აქაური სომხები დიდის გულმოდგინებით მოეკიდნენ სომხურის სცენის საქმეს და ამბობენ, პირველ გასაწყობად ათასი თუმანი ფული შეაგროვესო და კიდევაც აგროვებენო. არც ქართველობამ დაიკრიფა გულზედ ხელი. ქართველობის მოყვარენიც ამასვე ცდილობენ და არ ვიცით, რა მადლობა უნდა გადაუხადოს ქართველობამ იმ კაცთ, რომელთ მეოხებითაც ამ ბოლოს დროს ჩვენში გაძლიერდა სამუდამო ქართულის სცენის დადგენის სურვილი და ფეხი აიდგა კიდეც, რომ სისრულეში მოვიდეს… ამას გარდა, სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა”.
ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ თეატრი საერთო ეროვნული მიზნების განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს. მოქალაქეების თვალსაწიერი უნდა გააფართოვოს, უნდა აუმაღლოს ლიტერატურული გემოვნება, უნდა დააფიქროს მის გარშემო მიმდინარე საზოგადოებრივ საკითხებზე. და რაც მთავარია, თეატრმა უნდა გააცოცხლოს ქართული ენა. თეატრში უნდა იდგმებოდეს მაღალმხატვრული ღირებულების, მაგალითად, შექსპირისა და მოლიერის, პიესები და არ უნდა იქცეს სამიკიტნოდ.
კატკოვის პასუხად დაწერილ წერილში ილია ჭავჭავაძემ ქართველების ინტერესებთან ერთად სომხების ინტერესები დაიცვა. მიხეილ კატკოვის გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტიში” გამოქვეყნებულა სტატია, რომელიც ქართველებისა და სომხების სეპარატისტულ მისწრაფებებს შეეხო. გაზეთმა დაწერა, რომ როდესაც სომხები და ქართველები დგამდნენ წარმოდგენებს, თეატრი კარგად გამთბარი და განათებული იყო, ხოლო როდესაც რუსული წარმოდგენა იდგმებოდა, თეატრი გაყინული ყოფილა.
კიდევ ერთი არგუმენტის მიხედვით, ქართულ და სომხურ თეატრებში ხალხი ხშირად დადიოდა, ხოლო რუსულ წარმოდგენებს მაყურებელი თითქმის არ ჰყოლია. ქართველებმა სპექტაკლ „სამშობლოს” გადმომკეთებელი დიდი პატივით მიაცილეს შინ, ხოლო სომხებმა მრავალი საჩუქარი მიართვეს სომეხ მსახიობ ქალ აზნივ რაჩიას.
ილია ჭავჭავაძემ „მოსკოვსკიე ვედომოსტის” პასუხად მიუგო, რომ თეატრის გათბობა ვერ ჩაითვლება სეპარატიზმად, ქართველებმა რომ მოწონებული თხზულების ავტორს პატივი მიაგონ, ხოლო სომხები საყვარელ მსახიობს მიეგებონ – აქ სეპარატიზმი რა მოსატანიაო.
„რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური, ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მათ წინაშე უქმია!”.
ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ჯობდა კორესპონდენტს აქაური რუსებისთვის შეეწამებინა სეპარატიზმი, ეს უფრო დასაბუთებული იქნებოდა, რადგანაც მიუხედავად მთავრობის ფინანსური მხარდაჭერისა, რუსულ თეატრს არ ჰყავს მაყურებელი. ილიას მიაჩნია, რომ მასხარა კატკოვი პასუხის ღირსი არც იყო და მხოლოდ იმიტომ უპასუხა, რომ გაზეთმა აბუჩად აიგდო მთელი ერი.