ქუთაისი (კინო) ქალაქია!

პუბლიკა

ავტორი: ლელა ოჩიაური

ფესტივალებია ის, რაც ნებისმიერ ქვეყანას, ქალაქს მიმზიდველს ხდის, სიცოცხლითა და ენერგიით ავსებს, ახალისებს, პერსპექტივასა და იმედს უჩენს, სულიერად და მატერიალურად ამდიდრებს.

საქართველოში ბევრი ფესტივალია, მათ შორის – კინოც. სხვადასხვა ფორმატის, კონცეფციის, თემატიკისა და ასე შემდეგ. ზოგი  უკვე ათეული წლებია მოქმედებს, ზოგი – შედარებით, ნაკლები. ახლახან მათ კიდევ ერთი  ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, შეემატა.

2021 წლის მაისის დასაწყისში, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, ნახევარწლიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისი ფესტივალი გაიხსნა, დევიზით „დატოვე შენი ნაკვალევი“, და თუ კინემატოგრაფისტების თავმოყრა არ მოხერხდა (რეალობიდან გამომდინარე), კინოთეატრ „საქართველოში“, შეიძლება ითქვას,  მსოფლიო კინომ მოიყარა თავი.

ფესტივალი ქუთაისში, საქართველოს კულტურის მთავარ ცენტრში და  მთავარ კინოქალაქში,  ქალაქში, საიდანაც იწყება ქართული კინოს ისტორია. და ფესტივალის მსვლელობისას ვნახეთ, რომ ის ბევრი ნიშნით აღმოჩნდა დროული და მნიშვნელოვანი.

სწორედ ეს და კიდევ არაერთი სხვა მიზეზი აღმოჩნდა კინომცოდნე ნინო მხეიძისთვის ინსპირაციის საფუძველი, როდესაც 2 წლის წინ კინოფესტივალის დაფუძნებისთვის მოქმედებას შეუდგა.

თუ თეატრი გასახდელიდან იწყება, კინო  გუნდის შეკვრით იბადება – გადამღები ჯგუფის გაერთიანებით. ეს კინოს არსებობის მთავარი პირობაა.

ფესტივალიც იგივეა და გუნდი ყველგან (პოლიტიკით დაწყებული, ყველაზე პატარა გაერთიანებით დამთავრებული) მთავარია. ესეც მიღებული „ჭეშმარიტებაა“.

ქუთაისის ფესტივალის გუნდიც, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი და მიმზიდველი იყო მისი არსებობისა და მიმდინარეობისთვის.

ჯერ ერთი, ისევ და ისევ, ურთიერთობებისა და შემდეგ, ერთიანობისა და  თანამოაზრეობის ფაქტორიდან გამომდინარე. და იმიტომაც, რომ მთავარი საყრდენი და „გამწევი ძალა“ ახალგაზრდები იყვნენ. სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა და არც ფესტივალი იქნებოდა ასე აწყობილი და არც ქუთაისში მათთან ერთად ყოფნა იქნებოდა ასე სასიამოვნო და ყველასთვის შედეგიანი.

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამქვეყნად ერთ-ერთი უპირველესი და ცხოვრებისთვის  აზრის მიმნიჭებელი და საფუძვლისმიმცემი – ურთიერთობებია და ქუთაისის ფესტივალი, პირველ რიგში, ურთიერთობების ფესტივალი აღმოჩნდა, ზოგადადაც და თუნდაც, პანდემიის გამო „დამშეული“ და ერთმანეთსა და კინოსდახარბებული კინოსაზოგადოებისთვის.

ახლა ისევ ფესტივალის ორგანიზატორებს  დავუბრუნდები.

მაშ ასე, გუნდი: კინომცოდნე ნინო მხეიძე – გენერალური დირექტორი, რეჟისორი ნინო ახვლედიანი – დირექტორი, მენეჯერი გიორგი ფხაკაძე – ფესტივალის მენეჯერი, ფინანსისტი ლალი ვაჩიბერიძე –  ფინანსური მენეჯერი და ახალგაზრდა კინომცოდნეები – დავით დავითიანი – ტექნიკური მენეჯერი, ლევან აბდუშელიშვილი – საკონკურსო ფილმების კოორდინატორი, გიორგი გეთიაშვილი – სტრატეგიული პროექტების მენეჯერი, ლევან ცხოვრებაძე – ქართული პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ჯავახიშვილი – სტუმრების კოორდინატორი, ალექსანდრე გაბელია, ლიკა გლურჯიძე და ნინი შველიძე – არასაკონკურსო პროგრამების კოორდინატორები და თეკლა ჯავახაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და უშრეტი ენერგიის წყარო.

მკაცრად განსაზღვრული მოვალეობებისა და ფუნქციების მიუხედავად, თითოეული მათგანი მართლა გუნდთან ერთად თუ გუნდურად მოქმედებდა და დახმარებასა თუ ვალდებულებების გადანაწილებას არ „თაკილობდა“, როდესაც ამას „საქმე ითხოვდა“.

ამ ჩამონათვალიდანაც ჩანს, რა მიმართულებებითა და ფორმატში მუშაობდა ფესტივალი და რამდენ სფეროს მოიცავდა – უშუალოდ პროდუქციიდან დაწყებული (ჩვენებების რამდენიმე სექცია), მომავალი განვითარების პერსპექტივების ხელშეწყობის, კინოში არსებული ვითარების, პროფესიის ნიუანსების შესწავლისა თუ ახალი უნარ-ჩვევების გამოყენების მიმართულებების ჩამოყალიბებით.

სამწუხაროდ, ფესტივალს ვერ დაესწრო რეზო გაბრიაძე, რომელსაც ფესტივალის პირველი პრიზი – საპატიო ოქროს დინოზავრი გადაეცა კინოხელოვნებაში გაწეული წვლილისთვის. გაბრიაძის შესახებ და მისი თანაავტორობით გადაღებული ბიოგრაფიულ -ავტობიოგრაფიული ფილმით, დრამატურგისა და რეჟისორის ქუთაისურ ბავშვობაზე, „ჰარი ჰარალე, დედაო“, გაიხსნა ფესტივალი. ფესტივალს ვერც რეჟისორი ლეო გაბრიაძე დაესწრო, რომელსაც ფილმის წარდგენის გარდა, ვორქშოფიც უნდა ჩაეტარებინა. სამაგიეროდ, მისმა ფილმმა ზუსტი და მოცულობითი ჟღერადობა შესძინა ფესტივალის მთელ მსვლელობას. ერთგვარ კამერტონად იქცა.

საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება 4 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად უწყვეტად (ხანმოკლე შესვენებებით, რეგულაციების დაცვის მიზნით) მიმდინარეობდა, კინოთეატრ „საქართველოს“ რამდენიმე დარბაზში სხვადასხვა პროგრამის წარდგენით.

ამდენად, ნებისმიერს, ნებისმიერ დროს (ჟიურის წევრების მიზნობრივ ვალდებულებებს თუ არ ჩავთვლით) ნებისმიერი დარბაზის კარი შეეძლო შეეღო და სასურველ პროგრამასა თუ ფილმს დასწრებოდა.

თუ სიტყვას გუნდურობასა და აწყობილად მუშაობაზე გავაგრძელებ, კინოთეატრის სტაფი, დირექტორის მეთაურობით, დარბაზების აღჭურვილობა, სერვისი და სხვა აუცილებელი კომპონენტი, ნამდვილად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნების სტანდარტებს და მუშაობის გეგმას, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.

და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ახალგახსნილი სასტუმრო „მაგნოლია“, რომელმაც პირველ სტუმრებად სწორედ ფესტივალის მონაწილეები მიიღო და სრული კომფორტი და უსაფრთხო პირობები შეუქმნა, მიმზიდველია არა მარტო მდებარეობითა და ხედებით, არამედ სერვისის ისეთი ნიუანსებით, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა ადამიანურად იგრძნოს თავი. შეფმზარეულმა კი ყოველდღიური კულინარიული/სადეგუსტაციო  შოუები გამართა, რისთვისაც ყოველდღიური აპლოდისმენტები მიიღო სტუმრებისგან.

ლირიკული გადახვევის შემდეგ ისევ კინოს დავუბრუნდები.

ახალი (ბოლო 2 წლის) ფილმების ნახვის შესაძლებლობა დიდ ეკრანზე, კინოთეატრში, ერთწლიანი კარჩაკეტილობის შემდეგ, ნამდვილად დიდი ფუფუნება იყო და დღესასწაულის შეგრძნებას ბადებდა.

პროგრამა კი (რომლის გაცნობაც, ისევე, როგორც ინფორმაცია ჟიურის, მონაწილეების, ფილმების შესახებ – სპეციალური ბუკლეტისა და ბროშურის წყალობითაც იყო შესაძლებელი) რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა – ძირითადი და პარალელური – სხვადასხვა ჟანრის, ფორმისა და ქრონომეტრაჟის (1-5 წუთი, 10-30 წუთი) – ფილმები; სოფელ ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოწაფეების ანიმაციური ფილმები; რეტროსპექტივები მსოფლიო კინოს კლასიკიდან, შემდგომში დიდი და უკვე კლასიკოსებად აღიარებული რეჟისორების პირველი ფილმებიდან (ჟან ვიგო, ვიმ ვენდერსი, ჟერმენ დულაკი,  ჟან რუში, ჟან-პიერ მელვილი, ალის გი-ბლაშე, ალექსანდერ კლუგე, ვერნერ ჰერცოგი, ჩინური ფილმების ბლოკი, ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და, რა თქმა უნდა, მთელი ფესტივალის გვირგვინი – მიხეილ კობახიძის შედევრები, რომელთა ჩვენებაც მთელ დარბაზში, ყველა დამსწრის გაშლილი თეთრი ქოლგების „ექსპოზიციით“ გაიმართა და რომლის სახელობის პრიზის დაარსებაც გამოცხადდა, მომავალი ფესტივალებისთვის) და ახალი და უახლესი ქართული (ახალი თაობის) და უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამები, რომლებიც აჩვენებენ, თუ რა ტენდენციები, მიმდინარეობები, ინტერესები, თემები და პრობლემებია თანადროული უახლეს მსოფლიო კინოში და იმაშიც გვარწმუნებენ, რომ არც  ძველი და არც ახალი ქართული კინემატოგრაფი არცერთი ქვეყნისაზე ნაკლები არც ყოფილა და  არც დღესაა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამის შესაფასებლად სამი ჟიური მუშაობდა – მთავარი კონკურსის, 1-5-წუთიანი ფილმებისა და კრიტიკის.

„მთავარი“ ჟიურის წევრები – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე (თავმჯდომარე), რეჟისორი გელა ბაბლუანი, კინოოპერატორი ალექსეი ბერკოვიჩი, კინოოპერატორი გიორგი შველიძე, მხატვარი ანა კალატოზიშვილი; „1-5“ – რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე (თავმჯდომარე),  მსახიობი ქეთი ჩხეიძე, რეჟისორი მარი გულბიანი; კრიტიკის – კინომცოდნეები – გოგი გვახარია (თავმჯდომარე), ანუკა ლომიძე და სალომე კიკალეიშვილი.

ზუსტად, ერთიანი „ქვეტექსტური“ გამართულობით შერჩეული და შედგენილი პროგრამა კიდევ უფრო გაამდიდრა, სასარგებლოდ აქცია და ქართული კინოს მომავლისა და განვითარებისკენ წარმართა ვორქშოფებისა და მასტერკლასების ციკლმა, რომლებსაც ყოველდღე და ინტენსიურ რეჟიმში მართავდნენ კინოს სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლები და რომელთა ნაწილი – კინოთეატრ „საქართველოში“, ნაწილი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში და ნაწილი – ახალგახსნილ საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა.

სცენარის განვითარების ვორქშოფის მენტორები იყვნენ: დრამატურგი ბესო ოდიშარია და რეჟისორები – ლევან კიტია და გელა ბაბლუანი; კინოოპერატორისა და კინოგანათების ხელოვნების მიმართულებით – ალექსეი ბერკოვიჩი;  ფოტოხელოვნებისა და ფოტოგამოსახულების თემაზე – გურამ წიბახაშვილი.

შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მედიაქვეპროგრამების კოორდინატორმა, კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძემ გამართა პანელდისკუსია ორგანიზაციის მუშაობისა და მის პროგრამებში ჩართულობის შესახებ.

გელა ბაბლუანს ფესტივალზე, ჟიურის წევრობისა და მასტერკლასის ჩატარების გარდა, კიდევ ერთი ფუნქცია ჰქონდა – საზოგადოებას გააცნო საქართველოში ფრანგული კინოსკოლის პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, მალე ამოქმედდება.

ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა, რომ არა საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო „დატოვე შენი ნაკვალევის“ ძირითადი ფინანსური მხარე.

ფესტივალს გვერდში დაუდგნენ – საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ფრანგული და  გოეთეს ინსტიტუტები – სწორედ მათი წყალობით გახდა შესაძლებელი ფრანგული და გერმანული ფილმების  რეტროსპექტივის გამართვა. მხარდამჭერთა შორის იყვნენ – შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი, „თიბისი კონცეპტი“, „ვაზიანის მეღვინეობა“, ABK Communication, GMI Rights Menegment.

საერთოდ, ცუდი ტონია და ყოველთვის ვერიდები ხელისუფლების ამა თუ იმ რგოლის ქებასა თუ „წახალისებას“, რადგან მტკიცედ მწამს, რომ საზოგადოებასა თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა აქტივობაზე ზრუნვა ხელისუფლების მოვალეობაა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – ზვიად შალამბერიძის, ქუთაისის მერის – იოსებ ხახალეიშვილის, მერიის თანამშრომლებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა რომ არა, ფესტივალი ან არ (ვერ) ჩატარდებოდა, ან არ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. და აშკარად იგრძნობოდა, რომ ისინი მოვალეობას კი არ იხდიდნენ, გულწრფელად და პირადი დამოკიდებულებით ფაქტის მნიშვნელობისა და კინოს სიყვარულით შეუწყვეს ხელი ფესტივალს.

ფესტივალი 12 მაისს დაიხურა იქ, სადაც გაიხსნა – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. გამარჯვებულებს პრიზები, პრემიები, ჯილდოები გადაეცათ – „ოქროს დინოზავრი“ – პრიზი საუკეთესო ფილმისთვის – „ო, დე!“ (საფრანგეთი), „ოქროს დინოზავრი“ – პრიზი საუკეთესო რეჟისურაში – ირინე ჟორდანიას, ფილმისთვის „მარქსის ქუჩა 12“ (საქართველო); პრიზი განსაკუთრებული ვიზუალური გადაწყვეტისთვის „ნავსაყუდელი“, რეჟისორი ელენა გრიჯო (იტალია); ჟიურის სპეციალური პრიზი – თორნიკე ბზიავას ფილმს „თევზაობა“ (საქართველო); 1-5-წუთიანი ფილმების პროგრამაში, პრიზი „ოქროს ნაკვალევი“ მიიღო ფილმმა „კანკალი“ (ინდოეთი).

გამარჯვებულებსა და დაჯილდოებულებს შორის, ძირითადი საკონკურსო პროგრამების გარდა, ფესტივალზე სხვადასხვა ვორქშოფისა თუ პროექტის მონაწილეებიც აღმოჩნდნენ.

სცენარის განვითარების ვორქშოფის გამარჯვებულად დასახელდნენ და გადაეცათ „თიბისი კონცეპტის“ პრემია 1000 ლარი – იზა თითბერიძეს პროექტისთვის „ჩვენ და ისინი“ და ლევან შუბაშვილს პროექტისთვის „თვის ბოლოს“.

სტუდიები „სოუითგოუზ“ და „ნიუდოკფილმი“, პოსტპროდუქციის ეტაპზე სამონტაჟო სტუდიითა და სტუდიურ მომსახურებას გაუწევენ, სცენარების განვითარების ვორქშოფის ორ მონაწილეს, საბა ქარელს სცენარისთვის – „მეორე მხარე“ და ლევან ჭყონიას სცენარისთვის –  „ზღაპარი“.

მოულოდნელი და „გაუთვალისწინებელი“ (თუმცა, სრულიად დამსახურებული) იყო ალექსეი ბერკოვიჩის (ოპერატორ, დიდი ჟიურის წევრ და ტექნიკის კომპანია „დედო ვაიგერტის“ წარმომადგენლის) მიერ – „გამომსახველობით თხრობაში შუქ-ჩრდილის განსაკუთრებული შეგრძნებისთვის“ – ოპერატორ გიორგი შველიძის დაჯილდოება.

გამოსათხოვარი, სამადლობელი გამოსვლებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს საზოგადოებას პრემირებული ფილმების პროგრამა წარუდგინეს და ფესტივალიც დახურულად გამოცხადდა.

ფესტივალი დამთავრდა. და როგორც ყველაფერ კარგის, გამორჩეულისა და ძვირფასად ქცეულის დასრულებას, განშორების სევდა ახლავს, ქუთაისშიც სევდამ დაისადგურა.  მაგრამ განშორებას ახლავს სიხარულიც, რომ ეს ყველაფერი მოხდა და ახლავს იმედიც, რომ ყველაფერი კარგადაა და უფრო კარგად იქნება.

ეს ფესტივალი – როგორც ქუთაისში, კერძო თუ ოფიციალურ საუბრებში არაერთხელ ითქვა  – კარგი იყო პირველისთვის და კარგი იყო პანდემიის პირობებში. ვერაფრით დავეთანხმები ამ პოზიციას, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფესტივალი თავისთავად იყო კარგი – საინტერესო, დატვირთული, საჭირო, სასარგებლო, მშვენივრად ორგანიზებული, სტუმართმოყვარე, კეთილგანწყობილი და პროფესიონალური.

ფესტივალის მთავარი კონცეფცია, გზავნილი და სლოგანი – „დატოვე შენი ნაკვალევი“, ამ თემის მშვენიერი ვარიაცია „კინოფირდინოზავრიანი“ ლოგო, პრიზი – სტილიზებულ-პლასტიკური დინოზავრი და ნაფეხურის მინიატრული სტატუები – უშუალო და პირდაპირ კავშირშია ქუთაისთან – როგორც დინოზავრის უძველეს ანაბეჭდთან სათაფლიაში, როგორც სიცოცხლის არსებობის უძველეს ნაკვალევთან ჩვენს სამშობლოში; როგორც კინოს პირველ ანაბეჭდებთან, ვასილ ამაშუკელის წყალობით და კიდევ მრავალ სხვა კვალთან, ჩვენმა წინაპრებმა რომ დატოვეს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიც ახალი და პირველი კინოანაბეჭდია ქუთაისში, XXI საუკუნეში, დინოზავრებიდან მილიონი და ვასილ ამაშუკელიდან 100 წლის შემდეგ, რომელიც, იმედია,  გააგრძელებს გზის გაკვალვა/გაკვლევას და კიდევ ბევრ ნაფეხურს დატოვებს.