11 მარტს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.
„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
რა არის პანდემია?
პანდემია დაავადებათა სპეციალისტების ტერმინია, რომელსაც იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ეპიდემია არაერთ ქვეყანასა და კონტინენტზე ერთდროულად მიმდინარეობს.
პანდემია ეპიდემიისგან განსხვავებულია. ეპიდემია, როგორც წესი, ჰქვია სიტუაციას, როცა დაავადების აფეთქება უკონტროლო ხდება, მაგრამ ის მაინც ლოკალურად მიმდინარეობს ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე.
პანდემია კი, შეიძლება ითქვას, ამ ეპიდემიათა ერთობაა და, როგორც წესი, უფრო საშიშად ჟღერს, ვიდრე რეალურად არის. მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რამდენად მძიმეა და სასიკვდილო დაავადება. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას ასე აღწერს – „ახალი პათოგენის აფეთქება, რომელიც დედამიწის გარშემო მარტივად ვრცელდება“.
ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელებას – ცხოველიდან ადამიანისთვის გადადებიდან პანდემიამდე – 6 ჯგუფად ჰყოფდა. მათ შორისაა, ენდემური ინფექცია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას, ვირუსული აფეთქება და ეპიდემიაც.
ბოლო ეტაპი კი პანდემიაა, როცა დაავადება სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ ვრცელდება და ბევრ ადამიანზე ზემოქმედებს. თანაც, დაავადება ინფექციური უნდა იყოს, გადამდები. თორემ, როგორც წესი, დიდი რაოდენობით ადამიანზე მოქმედებს კიბოც, რომელიც პანდემიად ვერ ჩაითვლება.
აქამდე ჯანმო თავს იკავებდა ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოეცხადებინა, რადგან ორგანიზაციაში მიიჩნევდნენ, რომ მართალია, ვირუსის აფეთქება მიმდინარეობდა ჩინეთში, კორეაში, ირანსა და იტალიაში, თუმცა ლოკალურად. და ყველა მათგანი დაკავშირებული იყო პირველწყაროსთან.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ვირუსი 115 ქვეყანაზე მეტში დაფიქსირდა და ზოგიერთ მათგანში პარალელურად ადგილობრივი გავრცელებაც, ანუ ინფექციის მეორე ტალღა დაიწყო, ჯანმომ გადაწყვიტა ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოეცხადებინა.
მსოფლიოში ცნობილი პანდემიები იყო შავი ჭირი და ყვავილი, რომლებსაც ასობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა, ბოლო პანდემია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წელს გამოაცხადა, H1N1 ანუ ღორის გრიპი იყო. მას სიკვდილიანობის მცირე მაჩვენებელი ჰქონდა.
როგორ ხდება პანდემიის გამოცხადება?
The Telegraph-ის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიის გამოცხადების ფორმალური პროცედურა არ აქვს. თუმცა, 30 იანვარს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგაშო გახდა.
ეს ვირუსული აფეთქების კლასიფიკაციის უმაღლესი საფეხურია საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში. პანდემიად გამოცხადებაზე მეტად ვირუსთან ბრძოლის მიდგომაში ცვლილებები სწორედ ამ განცხადებამ შეიტანა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ჯანმო პანდემიის გამოცხადებისგან თავს იკავებდა, იყო ის, რომ ხალხში პანიკის დათესვის არ სურდა. ჯანმო აცხადებდა, რომ მიდგომა შეცვალეს და ვირუსის გავრცელების ფორმალურ კატეგორიებს არ გამოიყენებდნენ.
„ჩვენ კვლავ ვიყენებთ დამკვიდრებულ ტერმინებს და სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია პანდემიურად მოვიხესნიოთ, მაგრამ ოფიციალური კლასიფიკაცია არ მოხდება“, – ამბობდა The Telegraph-თან ჯანმოს პრესსპიკერი.
შესაბამისად, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, გუშინ ჯანმოს გენერალური დირექტორის დოქტორი ტედროსის მიერ ვირუსის გავრცელების ეპდიემურობიდან პანდემიურობაში გადასვლაზე საუბარი არა ფორმალური პროცედურის შედეგი ან დასაწყისი, არამედ უფრო სიტუაციის აღწერა იყო.
თუმცა, როგორც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების დირექტორმა მაიკ რაიანმა თქვა, სიტუაციის აღსაწერად პანდემიის გამოყენება დაგეგმილი იყო და ფართო კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.
„ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ უფრო აგრესიულ და ინტენსიურ მოქმედებებს ვირუსთან ბრძოლაში. ჩვენ გვესმის რა პასუხისმგებლობა ახლავს ამ ტერმინის გამოყენებას. თუმცა, გენერალურმა დირექტორმა ამ ტერმინის გამოყენებამდე მრავალსაათიანი კომპლექსური შიდა და გარე კონსულტაციები გაიარა “, – განაცხადა მაიკ რაიანმა.
როგორც The Guardian წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების კლასიფიკაცია ისედაც მაღალი იყო, პანდემიად გამოცხადება აიძულებს ჯანდაცვის სისტემებს, რომ გაამკაცრონ კონტროლი, უფრო სერიოზულად მოეკიდონ ვირუსის გავრცელებას და მეტი ფული მასთან საბრძოლველად.
თუმცა, თუ პანდემიის გამოცხადება ცნობიერების ამაღლების ნაცვლად, პანიკას გაამძაფრებს, შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ.
ამასთან 2009 წელს, როცა ჯანმომ „ღორის გრიპი“ პანდემიად გამოაცხადა, სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის უწყებებმა გადამეტებული ზომების მიღება და დიდი თანხის ხარჯვა დაიწყეს. ვირუსი კი მძიმე არ ყოფილა და მოგვიანებით ჯანმო ქვეყნებმა არამიზნობრივი ხარჯვის წახალისებაში დაადანაშაულეს. იმავეს ფიქრობენ კორონავირუსზეც, რადგან მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.
ცვლის თუ არა რაიმეს პანდემიის გამოცხადება?
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა თავის განცხადებაში ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა ვირუსის აფეთქება პანდემიად მოეხსენიებინა. ტედროსის თქმით, ის შეშფოთებულია მსოფლიოს გარშემო ვირუსთან ბრძოლაში სხვადასხვა ადგილებში გამოჩენილი გულგრილობით.
შესაბამისად, როგორც ჩანს, ჯანმოს გენერალურ დირექტორს სახელმწიფოებზე ზეწოლის მოხდენა და ვირუსთან ბრძოლის გააქტიურება სურდა. თუმცა, ტედროსმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაციის პანდემიად მოხსენება ჯანმოს მიდგომას არ ცვლის.
„სიტუაციის პანდემიად მოხსენება არ ცვლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებას ვირუსთან მიმართებით. ასევე არ ცვლის იმას, თუ რას აკეთებს ჯანმო და რა უნდა ქნან სხვა ქვეყნებმა პანდემიის შესაჩერებლად.
მე ყველა ქვეყანას შევახსენებ, რას მოვუწოდებდით: გაააქტიურეთ და გაზარდეთ საგანგებო ზომები; გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს ხალხთან რისკებსა და ვირუსისგან თავის დაცვაზე; იპოვეთ, მოაქციეთ იზოლაციაში და უმკურნალეთ ყველა პაციენტს, ვისაც COVID-19 აქვს და გამოიკვლიეთ მასთან კონტაქტში მყოფი პირები. მზად გქონდეთ საავადმყოფოები და ჩაუტარეთ დამატებითი სწავლებები მედიცინის მუშაკებს. ყველამ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
კინგსის კოლეჯის მედიცინის დოქტორი და მკვლევარი ნათალი მაკდერმოტი The Telegraph-თან ამბობს, რომ ტერმინის შეცვლა რაიმე პირდაპირი ცვლილებების გატარებას არ გულისხმობს. ეს არის შეხსენება უსაფრთხოების იმ ზომებისა, რომლებზეც ჯანმო ბოლო ხანებში აქცენებს აკეთებდა.
„თუმცა, პანდემიის გამოყენება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რამდენად მნიშვნელოვანია, მსოფლიოს გარშემო ქვეყნებმა იმუშაონ კოორდინირებულად და ერთად გაუმკლავნდნენ ამ გამოწვევას“, – ამბობს მაკდერმოტი ბრიტანულ გამოცემასთან.
ამასვე ამბობს მედიცინის პროფესორი პოლ ჰანთერი The Telegraph-თან. „არავინ აცხადებს პანდემიას. მათ შორის არც ჯანმო. ეს არის უბრალოდ ვირუსის გავრცელების ბუნების აღწერა. რას დაუძახებს მას ჯანმო – ეპიდემიას თუ პანდემიას, ამას პირდაპირი შედეგები არ მოჰყვება.
უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიგა 30 იანვარს, როცა ვირუსული აფეთქება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგაშოდ გამოცხადდა“, – ამბობს ჰანთერი.
ასე რომ, პანდემიის გამოცხადების მიზანია, წაახალისოს ქვეყნები კოორდინაციისა და კონტროლის გამკაცრებისკენ, მაგრამ არ დათესოს პანიკა ხალხში. „არ ვისურვებდით, რომ დაიწყოს საკვებისა და საწვავის პანიკური მომარაგება, როცა მოსახლეობის 95%-თვის ეს უბრალო გაციებასავით იქნება“, – ამბობს The Guardian-თან ქუინსლენდში მენზისის ჯანმრთელობის ინსტიტუტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი პროფესორი ნაიჯელ მაკმილანი. მაგრამ პანდემია ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ფრენების შეწყვეტა საკმარისი აღარ არის და ოფიციალურმა პირებმა შემდეგი ფაზებისთვის მზადება უნდა დაიწყონ.
„ეს მოიცავს საავადმყოფოების მზადებას პაციენტების დიდი ტალღისთვის, ანტივირუსული პრეპარატების საკმარისი მარაგის შექმნას და რჩევების მიცემას საზოგადოებისთვის, რომ იფიქრონ სახლში დარჩენაზე, სოციალურ დისტანციასა და საზოგადოებრივი თავყრილობებისგან თავის შეკავებაზე“, – დასძენს მაკმილანი.